სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელი Дженни Бурджанадзе, რომლის გავრცელებული დეზინფორმაცია „ფაქტ-მეტრს“ აქამდეც არაერთხელ გადაუმოწმებია (1, 2, 3, 4), პენტაგონის პრესსპიკერის, პატრიკ რაიდერის ვიდეოს აქვეყნებს (დაარქივებული ბმული) სათაურით: „შეერთებული შტატები მხარს უჭერს რუსეთის „ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნებას“ და მუშაობს „მისი სუვერენიტეტის დასაცავად.“ - თქვა პენტაგონის სპიკერმა_ პატრიკ რაიდერმა_ თავის ბრიფინგზე. P.S.როგორ არ სრცხვენიათ ამ ვირთხებს?! ფიცი მწამს და რეალობა მაკვირვებს. "გაეროს," "ნატო"-ს და დასავლეთის სახელმწიფოს წარომადგენლები ,ამერიკის მმართველებზე რომ არაფერი ვთქვათ, ჰიპერ შიზოფრენიით არიან დაავადებულები.“.

რეალურად, სათაურში აღნიშნული მტკიცება მანიპულაციურია. ვიდეო 2024 წლის 12 სექტემბერს ჩატარებული პრესკონფერენციიდან არის აღებული და მასში პატრიკ რაიდერი აშშ-ის თავდაცვისა და სამხედრო საკითხების შესახებ საუბრობს, მათ შორის, უკრაინის ომის საკითხებზეც. ვიდეოს იმ კონკრეტულ ნაწილში, რომელიც Facebook-მომხმარებელმა გაავრცელა, გენერალი რაიდერი ამბობს, რომ „ჩვენ ორიენტირებული ვართ იმაზე, რომ რუსეთს მიეცეს საშუალება დაიცვას საკუთარი სუვერენიტეტი და შეაჩეროს სამომავლოდ რუსული აგრესია...დავრწმუნდეთ, რომ მათ აქვთ შესაბამისი საჰაერო თავდაცვითი შესაძლებლობები, რომ დაიცვას კრიტიკული ინფრასტრუქტურა, როგორიცაა ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა, რომელიც, როგორც ვიცით, რუსეთის სამიზნეა...“ (“what we're focused on, it's on enabling Russia to defend its sovereignty and deter future Russian aggression, so both urgent needs and long term needs, and as we go into the winter, making sure that they have the capabilities from an air defense standpoint to protect critical infrastructure, like energy infrastructure, which we know the Russians are targeting”).

მთლიანი პრესკონფერენციის გათვალისწინებით, მტკიცება, რომ ვიდეოში გენერალი აშშ-ის მიერ რუსეთის ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნებაზე საუბრობს, მანიპულაციურია, რადგან არ ითვალისწინებს გენერალ რაიდერის გამოსვლის ზოგად კონტექსტს. მთლიანი კონტექსტის მიხედვით, ცხადი ხდება, რომ პენტაგონის პრესსპიკერმა მექანიკური შეცდომა დაუშვა და რეალურად, უკრაინაზე საუბრობს და არა რუსეთზე. საინტერესოა, რომ Facebook-მომხმარებლის მიერ გავრცელებულ ვიდეოშიც აღნიშნულია, რომ პენტაგონის პრესსპიკერმა პატრიკ რაიდერმა ბრიფინგზე უკრაინა და რუსეთი ერთმანეთში აურია. თუმცა, პოსტის ავტორი სათაურში ამ კონტექსტს უგულებელყოფს და ამტკიცებს, პრესსპიკერი ვიდეოს კონკრეტულ მომენტში რუსეთის ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნებაზე საუბრობდა.

ამრიგად, სათაურში აღნიშნული მტკიცება მდარია.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.