სოციალურ ქსელში ანონიმურად მოქმედი Facebook-გვერდები „ნაცებს რაა?“ და „ტერენტი გლდანელი“, ასევე სხვადასხვა TikTok ანგარიში (1; 2), არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ დირექტორის - ეკა გიგაურის, სენატში გამოსვლის ვიდეოს ავრცელებს. ვიდეოს ქართულენოვანი თარგმანი ადევს, სადაც თარჯიმანი ამბობს: „თუ შეიძლება შემოიღეთ სანქციები“. ვიდეოს მონაკვეთი მანიპულაციურია და ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს ეკა გიგაური საქართველოს დასანქცირებას ითხოვს (არქივირებული ბმული).

2024 წლის 12 სექტემბერს აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში საქართველოსთან დაკავშირებით მოსმენა გაიმართა, სადაც ეკა გიგაურმა ე.წ. „რუსულ კანონზე“ ისაუბრა. გავრცელებული ვიდეოც ამ მოხსენებიდანაა აღებული. თუმცა ის იმგვარადაა მოჭრილი, რომ მომხმარებლები შესაძლოა, შეცდომაში შეიყვანოს.

სინამდვილეში, თარგმანის პარალელურად, უკანა ფონზე ეკა გიგაურის საუბარი ისმის, სადაც ამბობს: „not the people of Georgia” - არა ქართველი ხალხი. ეს ნაწილი გამოსვლის სრულ ვერსიაში 51:54 წუთიდან იწყება. სენატორ კრისტოფერ კუნსის შეკითხვაზე: „კიდევ რა შეგვიძლია გავაკეთოთ ერთად, რათა დავრწმუნდეთ, რომ არსებობს უფრო ფართო გლობალური ბიძგი კორუფციასთან ბრძოლისა და დემოკრატიის ხელშეწყობისთვის?“ ეკა გიგაური რამდენიმე საკითხზე საუბრობს, მათ შორის, ამბობს: „გთხოვთ, შემოიღოთ სანქციები ინდივიდუალური პირების და არა ქართველი ხალხის წინააღმდეგ, რადგან ისინი [ქართველი ხალხი] იბრძოდნენ დემოკრატიისთვის და დაამტკიცეს, რომ საკმაოდ წარმატებულად“.

გარდა ამისა, Facebook -გვერდის მიერ გავრცელებულ ვიდეოს „მთავარი არხის“ დიზაინი აქვს. „ფაქტ-მეტრმა“ ამ ვიდეოს სრული ვერსია მოძებნა. თუ ვიდეოს სრულად მოვუსმენთ (იხ. 21:42-დან), ვნახავთ, რომ თარგმანი აქ არ წყდება და სრულდება ზემოხსენებული ტექსტით: „თუ შეიძლება, შემოიღეთ სანქციები, რომლებიც იქნება ინდივიდუალური და არ იქნება საქართველოს ხალხის წინააღმდეგ“.

შესაბამისად, გავრცელებული ვიდეო იმგვარადაა მოჭრილი, რომ ეკა გიგაურის ნათქვამს მნიშვნელობას უცვლის. რეალურად, მან არა საქართველოსა და ქართველი ხალხის, არამედ კანონის მიღებაში მონაწილე კონკრეტული პირების დასანქცირება მოითხოვა.

---------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5669 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია