29-31 აგვისტოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართა განმწესრიგებელი სხდომა საქმეზე „საქართველოს პრეზიდენტი, ა(ა)იპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“, ა(ა)იპ „უფლებები საქართველო“, ა(ა)იპ „სამოქალაქო საზოგადოების ფონდი“ და სხვები (სულ 122 მოსარჩელე), საქართველოს პარლამენტის წევრები: თამარ კორძაია, ანა ნაცვლიშვილი, ლევან ბეჟაშვილი და სხვები (სულ 38 დეპუტატი), შპს „საინფორმაციო ცენტრების ქსელი“ და ა(ა)იპ „სტუდია მონიტორი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელები №1828, №1829, №1834, №1837).
წარმოდგენილი კონსტიტუციური სარჩელებით სადავოდ არის გამხდარი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონი.
სადავო კანონის კონსტიტუციით გარანტირებულ ძირითად უფლებებთან შეუსაბამობის გარდა, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიღება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის ძირითად პრინციპებს და აბრკოლებს საქართველოს ევროპის კავშირში გაწევრიანების პროცესს, რითაც იგი არღვევს საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით განსაზღვრულ ვალდებულებას.
სარჩელის აღნიშნულ ნაწილთან დაკავშირებით, განმწესრიგებელ სხდომაზე მოპასუხე მხარემ (საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლებმა) საპასუხო არგუმენტები გააჟღერა, რაც, მოპასუხე მხარის მტკიცებით, ადასტურებდა, რომ არ არსებობდა საფუძველი, სარჩელის ის ნაწილი არსებითად განსახილველად მიღებულიყო, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლთან შეუსაბამობაზე მიუთითებდა. თუმცა აღნიშნული არგუმენტები ფაქტობრივად მანიპულაციურ მტკიცებებს ეყრდნობოდა.
კერძოდ, სხდომაზე მოპასუხე მხარის მიერ შემდეგი მტკიცებები გაჟღერდა (სრული ვერსია იხილეთ ბმულზე):
1) „პირველი - ამ მუხლზე საუბრისას აღვნიშნავთ, რომ, რა თქმა უნდა, ეს არ არის მხოლოდ დეკლარაციული ხასიათის მუხლი. მას გააჩნია და შეიძლება, შეიძინოს კიდეც ქმედითი სამართლებრივი დატვირთვაც. ოღონდ, აქ აუცილებელია, ზღვარი გაივლოს - ფარგლები, ანუ, საიდან იწყებს მოქმედებას კონსტიტუციის 78-ე მუხლი, რა შემთხვევები ექცევა და რასაც დღეს განვიხილავთ: კანონის მიღება, ცალკე აღებული, უნდა შეფასდეს ეს, თუ - არა, საერთოდ 78-ე მუხლთან მიმართებით. კლასიკური ნიმუში, რაც იქნება 78-ე მუხლის დარღვევა: როდესაც წარმოვიდგინოთ ასეთი დაშვება, ჩვენ მაგალითებით აგიხსნით, რომ სასამართლოსთვის უკვე გასაგები იყოს. აი, წარმოვიდგინოთ ასეთი შემთხვევა: NATO-ში გაწევრიანებაზე იყოს კონკრეტული ხელშეკრულება და უფლებამოსილმა პირმა ხელი არ მოაწეროს; ოღონდ დათქმა მოქმედებს - არ უნდა არსებობდეს საპირისპირო ინტერესი სახეზე. თვითმიზნური როდესაც იქნება ასეთი ქმედება და ღირებული ლეგიტიმური მიზანი არ იქნება ამ ხელის არმოწერაზე განპირობებული - რა თქმა უნდა, დაარღვევს, ცალსახად, 78-ე მუხლს და ეს შეიძლება იყოს უკვე [დარღვევა], სხვა მექანიზმების ჩართვის საჭიროებას აყენებდეს დღის წესრიგში. მაგრამ იგივე ხელის არმოწერა: მოდი წარმოვიდგინოთ, რომ არსებობს ხელშეკრულება, დათქმული პუნქტით - ხელს მოაწერ და მიგიღებ კონკრეტულ ორგანიზაციაში, თუ დათმობ კონკრეტულ ტერიტორიას, მაგალითად, რამდენიმე რეგიონს. ამ შემთხვევაში ხელის არმოწერა, რა თქმა უნდა, 78-ე მუხლს არც ერთ შემთხვევაში არ დაარღვევს, იმიტომ რომ ხელის არმოწერას გააჩნია ღირებული მიზანი და არ არის თვითმიზნური ხასიათის“.
„შესაბამისად, ჩვენ 78-ე მუხლზე როდესაც ვსაუბრობთ, საკმაოდ ფრთხილად უნდა მივუდგეთ და არ უნდა დავუშვათ საკონსტიტუციო სასამართლო, რასაც მოსარჩელე მხარე ითხოვს, პოლიტიკური შეფასების ნაწილში შევიდეს. 78-ე მუხლს ექნება ქმედითი ხასიათი, იმ შემთხვევაში, როდესაც სახეზე გვექნება თვითმიზნური ქმედება და ამის კლასიკური მაგალითი მე გითხარით: როდესაც, მაგალითად, NATO-ში გაწევრიანებაზე არ მოაწერ ხელს, ისე, როდესაც არ გექნება საპირწონე ინტერესები, მაგრამ თუ ხელს არ აწერ, იმიტომ რომ გაწევრიანების საპასუხოდ მოგიწევს, თუნდაც, ტერიტორიების დათმობა, ამ შემთხვევაში ჩვენ თვითმიზანზე ვერ ვისაუბრებთ და ვიღაც გამოვიდეს და ამტკიცოს, რომ არმოწერა, ცალკე აღებული ფაქტი, იმ მნიშვნელოვანი ღირებული ლეგიტიმური მიზნის გათვალისწინების გარეშე დარღვევას წარმოადგენს, რა თქმა უნდა, არასწორი იქნება და ეს იყო ცალსახა.
აქ ფარგლებია საჭირო, რომ დაადგინოს საკონსტიტუციო სასამართლომ: თუ არის თვითმიზნური, რა თქმა უნდა, ეს დაექვემდებარება შეფასებას... ჩვენ არ უნდა შევიდეთ პოლიტ[იკურში], ვინაიდან ეს მუხლი, რა თქმა უნდა, სამართლებრივთან ერთად, რა თქმა უნდა, პოლიტიკური პროცესია ხო, გაწევრიანების გზა, ანუ ეს ფაქტია. ეს არის პოლიტიკურ-სამართლებრივი პროცესი, რა თქმა უნდა. უბრალოდ, აქ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ფარგლები დადგინდეს სწორად, რაც ბატონმა მერაბმა და ქალბატონმა ევამ, რაც იკითხეს მოსარჩელეების სიტყვის გამოსვლისას, რომ არ მოხდეს ყველა შემთხვევა, იგივე კანონის მიღება, აპრიორი ნიშნავდეს 78-ე მუხლთან მიმართებით შეფასების დაყენების საკითხს, აყენებდეს დღის წესრიგში, ხო. ამიტომ აქ მნიშვნელოვანია ერთი, რომ ფარგლები დადგინდეს, და ჩვენი პოზიცია იყო, რომ აქ თვითმიზნობასთან საერთოდ შემხებლობა არ გვქონია და ღირებულ, ლეგიტიმურ, საჯარო მიზნებს ემსახურებოდა“…
„...78-ე მუხლი, რა თქმა უნდა, უნდა იყოს გათვალისწინებული სხვა დებულებებთან მიმართებითაც და როდესაც არის თვითმიზნური, და ამის კლასიკური მაგალითი მე თქვენ დაგისახელეთ. ასევე შეიძლება თეორიულად მოვიყვანოთ, მაგალითად ასოცირების შეთანხმების გაუქმება, რომელიც არის ოფიციალური დოკუმენტი. ევროპული ინტეგრაციის გზისკენ გზამკვლევი დავარქვათ. შესაბამისად, თუ გაუქმება[ს ეხება საქმე] აქაც, რა თქმა უნდა, სახეზეა [თვითმიზნობრიობა] და დღის წესრიგში დადგება, რა თქმა უნდა, 78-ე მუხლთან მიმართებით შეფასების საჭიროება. მაგრამ ჩვენ ვსაუბრობთ აქ კანონზე, რომელსაც აქვს მნიშვნელოვანი ღირებული ლეგიტიმური მიზნები. ეს ჩვენ დაგისახელეთ და საპირწონედ რა გვაქვს? მხოლოდ მოსარჩელე მხარეების შიშები, რომ სტიგმატიზაციას იწვევს, და კიდევ ერთხელ დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ სტიგმატიზაციას, ვინც ახდენს ამ კანონის, ამ რეესტრის, ამ სიტყვების და ა.შ., არიან თავად მოსარჩელეები. ხვალ კიდევ ერთხელ გამოჩნდება, როდესაც იუსტიციის სამინისტრო გამოვა, ვნახავთ, რამდენმა ორგანიზაციამ მიმართა ამ რეესტრში დარეგისტრირების მოთხოვნით, და, ბუნებრივია, ახლა ხო აქვთ შემხვედრი ინტერესი. ეს ორგანიზაციები იტყვიან, რომ არაა სტიგმატიზაციის გამომწვევი. ამიტომ 78-ე მუხლთან მიმართებით როდესაც აყენებს საკითხს, უნდა მიუდგე საკმაოდ სიფრთხილით და უნდა დააყენო ისეთი საკითხები, რომლებსაც აქვთ თვითმიზნური ხასიათი. მე თქვენ გითხარით, მაგალითად: არ აწერ NATO-ში [გაწევრიანების] ხელშეკრულებას, თუკი არა გაქვს საპირისპირო ინტერესი. კი, ბატონო, შეფასებადია, უქმდება ასოცირების შეთანხმება - კი, ბატონო, შეფასებადია. ესე ყველა კანონზე, ნებისმიერ საკითხზე დააყენო [არაა სწორი]. აქ საუბარია მხოლოდ პოლიტიკოსების განცხადებებზე დაყრდნობით 78-ე მუხლის კონსტიტუციურობის შეფასება და საკონსტიტუციო სასამართლოს მოსთხოვო, პოლიტიკოსების განცხადებები მიიღოს აპრიორი მოცემულობად, რომ საფრთხე ექმნება 78-ე მუხლს, პრინციპულად არასწორია და ამ ფაქტორის გათვალისწინებით, ჩვენ ვთვლით, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ ამ ნაწილში არ უნდა მიიღოს არსებითად განსახილველად ეს საკითხი. 78-ე მუხლის მოქმედება არ ჩაერთვება, როდესაც კონკრეტულ გადაწყვეტილებას აქვს მიზანი ლეგიტიმური. ამ შემთხვევაში ჩვენ დაგისახელეთ და არ გვაქვს თვითმიზნური ხასიათის რეგულირება, ქმედება თუ ასე შემდეგ.
შესაბამისად, მე მგონი, გამწესრიგებლის ფარგლებში ახსნა-განმარტების ეტაპზე რაც საჭირო იყო ამ მუხლებთან დაკავშირებით, მე ძირითადი მოგახსენეთ. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო 78-ე მუხლთან მიმართებით, არ გახსნის იმ ფანჯარას, რაც მოსამართლეების მხრიდან უკვე კითხვის ფარგლებშიც გამოჩნდა, რა თქმა უნდა, რომ ყველაფერზე, ყველა კანონის მიღებაზე შეეძლოს შესაბამის სუბიექტებს იდავოს და დღის წესრიგში დააყენოს 78-ემუხლთან მიმართების საკითხი. ამ მუხლს აქვს დიდი დატვირთვა, დეკლარაციული არ არის - ეს პოზიცია მიიღეთ - აქვს სამართლებრივი დატვირთვა ოღონდ იმ საკითხებთან, რომელიც მართლა აყენებს საჭიროებას ამ საკითხის შეფასების. და არც ერთ შემთხვევაში პოლიტიკოსების, რომელი ქვეყნის წარმომადგენელიც გინდა იყოს, არ უნდა მივიღოთ მოცემულობა. ჩემ მიერ წარმოდგენილმა არგუმენტებმა დარწმუნებული ვარ, რომ სასამართლოს დაანახა რომ პოლიტიკოსის განცხადება არ აყენებს სამართლებრივ შედეგს, და ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო სამართლებრივი თვალსაზრისით 78-ე მუხლთან მიმართებით არ მიიღებს საკითხს არსებითად განსახილველად, რადგან ეს მუხლი ზღვარდადებულია სუვერენიტეტის დაცვის მიზნით, რაზეც ჩვენ უკვე დეტალურად ვისაუბრეთ“.
აღნიშნული მონაკვეთიდან „ფაქტ-მეტრი“ განცხადებაში ორ ნაწილს შეაფასებს - 1) რამდენად ჰქონდა ლეგიტიმური და ღირებული მიზანი (მათ შორის, 78-ე მუხლის საპირწონე) „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს, და 2) რამდენად იყო ამ შემთხვევაში 78-ე მუხლის კონტექსტში თვითმიზნობრიობასთან შემხებლობა და თუ არსებობდა კანონის მიღება/არმიღების მიმართება/მიზნობრიობა 78-ე მუხლთან მიმართებით (სტიგმატიზაციასთან დაკავშირებული მსგავსი მტკიცებები „ფაქტ-მეტრმა“ სხვა სტატიებში უკვე გადაამოწმა, მაგალითად დეტალურად იხილეთ აქ; ხოლო პოლიტიკოსების განცხადებების შესახებ მტკიცება ამავე სტატიაში ქვემოთ იქნება განხილული).
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიზანს უშუალოდ კანონის პირველი მუხლი - „კანონის მიზანი და მოქმედების სფერო“ - განმარტავს. კერძოდ, პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ეს კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად აწესრიგებს სუბიექტის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციასა და უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის საქმიანობის გამჭვირვალობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს“. კანონის მიზნობრიობას ეხება კანონის განმარტებითი ბარათის ა.ა.ა პუნქტი, რომლის თანახმად, „კანონპროექტის მიზანია უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა. აქედან გამომდინარე, აუცილებელია ისეთი საკანონმდებლო აქტის მიღება, რომელიც განსაზღვრავს უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის ცნებას და შესაბამისი სუბიექტების უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციასა და მათი საქმიანობის გამჭვირვალობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს მოაწესრიგებს. ამასთანავე, მნიშვნელოვანია, რომ ეს საკანონმდებლო აქტი მხოლოდ ინფორმირების მიზანს ემსახურებოდეს და მან უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრირებულ სუბიექტებს არ შეუზღუდოს ჩვეული საქმიანობის განხორციელება“. შესაბამისად, კანონის ტექსტისა და განმარტებითი ბარათის მიხედვით, კანონის მიზანი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფაა და კანონს მხოლოდ ინფორმირების მიზანი აქვს.
აქედან გამომდინარე, მოპასუხე მხარის მტკიცება, რომ კანონს „სუვერენიტეტის დაცვის“ მიზანი აქვს, კანონისა და მის განმარტებითი ბარათის ტექსტში არ დასტურდება. სუვერენიტეტის დაცვის მიზანი არ გამომდინარეობს არც ზოგადად კანონპროექტის შინაარსით და გაუგებარია, სუვერენიტეტის დაცვა როგორ იქნება მიღწეული აღნიშნული კანონპროექტით. ზოგადად, კანონის მიზნად პოლიტიკოსების მიერ სხვა მიზნებიც სახელდებოდა, მაგალითად „შავი ფულის გამოაშკარავება“ ან რევოლუციის/სახელმწიფო გადატრიალების აღკვეთა (შესაძლოა, სუვერენიტეტის დაცვაც მოპასუხე მხარემ რევოლუციის კონტექსტში იგულისხმა). სინამდვილეში, „ქართული ოცნების“ კანონპროექტი მიზნად ისახავს იმ ორგანიზაციების „უცხოეთის ინტერესების გამტარებლად“ გამოცხადებას, რომლებიც საკუთარ დაფინანსებას „უცხო ძალისგან“ იღებენ. ამ კანონის მოქმედების ქვეშ ყველა ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია და მედიების ის ნაწილი ექცევა, რომლებიც დაფინანსებას „უცხო ძალისგან“ იღებენ.
კანონის მიხედვით, უცხო ძალა არის: „უცხო სახელმწიფოს ხელისუფლების შემადგენელი პირი, ფიზიკური პირი, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე, იურიდიული პირი, რომელიც არ არის დაფუძნებული საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე და ისეთი ორგანიზაციული წარმონაქმნი ან პირთა სხვა სახის გაერთიანება, რომელიც დაფუძნებულია უცხო სახელმწიფოს ან/და საერთაშორისო სამართლის საფუძველზე“. აქედან გამომდინარე, კანონი შეეხება ყველა იმ ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციასა თუ მედიაორგანიზაციასაც, რომლებიც დაფინანსებას აშშ-დან, ამერიკული ფონდებიდან, ევროკავშირიდან, ევროპული ფონდებიდან თუ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოდან იღებს.
ბუნებრივია, ამგვარი დაფინანსება, განსაკუთრებით, ამერიკული თუ ევროპული სახელმწიფოების მხრიდან მომდინარე დაფინანსება, მკაცრ კონტროლს ექვემდებარება, პირველ ეტაპზე, დაფინანსების გამცემ სახელმწიფოში, ხოლო შემდგომ - საქართველოში. „შავი ფული“ ნიშნავს ფულს, რომელიც გამომუშავებულია არალეგალური გზებით, ან რომელზეც დამალულია/გადახდილი არაა გადასახადები. თავის მხრივ, გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ბიურო ფულის გათეთრებას განმარტავს, როგორც არალეგალური წარმოშობის ფინანსური აქტივების შენიღბვის პროცესს. ქართული კანონმდებლობით, შავი ფულის შემოტანა ან შავი ფულის გათეთრება ისედაც აკრძალული საქმიანობაა (სსკ მუხლი 194) დასავლური პარტნიორების მხრიდან მიღებული დაფინანსება, ძირითადად, პარტნიორი ქვეყნების გადასახადის გადამხდელთა ფულია. შესაბამისად, ფული, რომელიც გადასახადის გზით ლეგალურად არის აკრეფილი და შემდგომ, საერთაშორისო შეთანხმებების შესაბამისად, გრანტად არის გაცემული, ვერ იქნება „შავი ფული“, ვინაიდან, თავისი შინაარსით, შავი ფული არალეგალურ წარმომავლობას გულისხმობს.
არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება საქართველოში ოფიციალური გზებით - გადარიცხვით შემოდის. ყველა ეს ფინანსური რესურსი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად იბეგრება. ამ ფულის მიმღები ორგანიზაციები კი, თანხის განკარგვისას, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოში მოქმედ ყველა გადასახადს იხდიან. აღნიშნულისთვის თავის არიდება უკვე მოქმედი კანონმდებლობით ისჯება (სსკ მუხლი 218).
საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონი დასავლური გრანტებით დაფინანსებულ ყველა ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციას უცხოეთის ინტერესების გამტარებლად აცხადებს. კანონი შავი ფულისა თუ ფულის გათეთრების ფაქტების გამოვლენისა და აღკვეთისთვის ბერკეტს არ ქმნის.
ასევე არ იქმნება რაიმე არსებითი ბერკეტი სახელმწიფოს გადატრიალების/რევოლუციის აღსაკვეთად - მსგავსი საქმიანობა კი ისედაც დასჯადია (მუხლი 315 - საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის მიზნით ამბოხისა და შეთქმულების ორგანიზება).
თუმცა, პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილის, განმარტებით, საუბარი „საგადასახადო მნიშვნელობით“ „შავ ფულს“ არ ეხება, არამედ გულისხმობენ „შავ ფულს“, „რომელიც უცნობია ჩვენი საზოგადოებისთვის და ისე იხარჯება, იმისთვის, რომ თავს მოახვიონ გარკვეული აზრები“. მაგრამ აღნიშნული განმარტება საკმაოდ ბუნდოვანია და პირიქით, მიანიშნებს, რომ ეს მიზანი რაიმე აკრძალულ ან არალეგალურ საქმიანობას საერთოდ არ ეხება. შესაბამისად, მოცემული ინტერპრეტაციით „შავ ფულთან“ ბრძოლა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების ლეგიტიმურ მიზნად ვერ გამოდგება, მით უმეტეს, იმ ფონზე, რომ, ვენეციის კომისიის თანახმად, კანონი შეზღუდვებს აწესებს გამოხატვის თავისუფლების, გაერთიანების თავისუფლების და პირადულობის დაცვის სფეროებში.
კანონის ლეგიტიმურობის საკითხი შეაფასა ვენეციის კომისიამაც. კომისიის მოსაზრების თანახმად, კანონის მიერ პირველ პუნქტში განსაზღვრული მიზანია უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა და განმარტებით ბარათიც კანონის ერთადერთ მიზნად გამჭვირვალობას ასახელებს. ამ მხრივ, ვენეციის კომისია აღნიშნავს, რომ ასოციაციის მუშაობის საჯაროობა ან გამჭვირვალობა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ან საერთაშორისო პაქტში სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ ასოციაციების თავისუფლების შეზღუდვის ლეგიტიმურ მიზნებს შორის არ სახელდება.
ასოციაციის თავისუფლების შეზღუდვის მიზნით დაფინანსების გამჭვირვალობა მხოლოდ სხვა ლეგიტიმურ მიზნებთან მიმართებით შეიძლება, თუმცა კანონი მსგავს მიზნებს არ ასახელებს. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს თანახმად (Ecodefence v. Russia, no. 9988/13), სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გამჭვირვალობის გაზრდა შესაძლოა ლეგიტიმური მიზანი იყოს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზანთან მიმართებით, თუმცა სასამართლომ ასევე ხაზი გაუსვა, რომ აღნიშნული ლეგიტიმური მიზნების მასშტაბი ვიწროდ უნდა განიმარტოს. ამ მხრივ, ვენეციის კომისიამ განმარტა, რომ უშუალოდ გამჭვირვალობის გაზრდა არ წარმოადგენს ლეგიტიმურ მიზანს, არამედ შეიძლება წარმოადგენდეს საშუალებას სხვა ლეგიტიმური მიზნისთვის (მაგალითად, საზოგადოებრივი წესრიგი, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების თავიდან არიდება; უცხოური პოლიტიკური გავლენის პრევენცია - თუმცა არაა მართებული კანონის ფარგლებში ყველა საგარეო დაფინანსება საგარეო გავლენად იქნას აღქმული).
ასევე, ვენეციის კომისიის თანახმად, გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება აუცილებელი კომპონენტია კარგი საჯარო მმართველობისთვის, მაგრამ არა კერძო ასოციაციებისთვის, თუ ისინი საჯარო (ბიუჯეტის) ფინანსებით არ ფინანსდებიან ან არ ასრულებენ დემოკრატიისთვის აუცილებელ ფუნქციებს, როგორც პოლიტიკური პარტიები. ვენეციის კომისია ასევე დაეყრდნო ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს გადაწყვეტილებას უნგრულ კანონთან დაკავშირებით. კერძოდ, სასამართლოს თანახმად, ასოციაციების გამჭვირვალობის გაზრდა ლეგიტიმური მიზანი შეიძლება იყოს, თუმცა ის ვერ ამართლებს ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანონმდებლობას, რომელიც აკეთებს დაშვებას, რომ ნებისმიერი გარე დაფინანსება შესაძლოა ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური ინსტიტუტებისათვის რისკის შემცველი იყოს. საბოლოო ჯამში, ვენეციის კომისიამ დაასკვნა, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი ლეგიტიმურობის წინაპირობას ვერ აკმაყოფილებს.
შესაბამისად, მოპასუხე მხარის მტკიცება, რომ კანონის მიღებას ლეგიტიმური და ღირებული საჯარო მიზანი ჰქონდა, რეალობას არ შეესაბამება. კანონში დასახელებული უცხოური გავლენის გამჭვირვალობის მიზანი ცალკე აღებული ლეგიტიმურობის ტესტს საერთოდ ვერ გადის, მით უმეტეს, ღირებულების მიხედვით - ის არ არის საკმარისად ღირებული, რამდენადაც კონსტიტუციით (78-ე მუხლით) გათვალისწინებული მიზნის მიღწევა.
რაც შეეხება კანონის მიღება/არმიღების მიმართებას 78-ე მუხლთან, აღსანიშნავია, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ვრცელი პროცედურაა, რომელიც ერთ დოკუმენტზე ხელმოწერით არ ხდება (როგორ გამარტივებულ მაგალითზე დაყრდნობითაც მსჯელობდა მოპასუხე მხარე).
ევროკავშირში გაწევრიანების ეტაპები დეტალური ჩაშლის გარეშე შემდეგია: გაწევრიანების შესახებ აპლიკაციის გაკეთება, ევროპული პერსპექტივის აღიარება, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება, გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნა, გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები და მოლაპარაკებებში ყველა თავის (ამჟამად 35 თავი) დახურვა, გაწევრიანების შესახებ ევროკავშირის მიერ გადაწყვეტილების მიღება.
საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ევროპული საბჭო, რომელიც შედგება ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის სახელმწიფოს/მთავრობის მეთაურებისგან. გადაწყვეტილება მიიღება ევროპული საბჭოს სხდომაზე ერთსულოვნად - ე.ი. თუ ერთი წევრი მაინც წინააღმდეგი იქნება, გადაწყვეტილება მიღებული არ იქნება. ამ პროცესში ასევე მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, რომელიც საბჭოში ხმის უფლებით არ სარგებლობს, მაგრამ თავმჯდომარეობს საბჭოს სხდომებს და ევროკავშირს წარმოადგენს საერთაშორისო ასპარეზზე.
ევროპული საბჭო გადაწყვეტილებას იღებს ევროკომისიის რეკომენდაციის საფუძველზე. ევროკომისია გაფართოების პოლიტიკაში ჩართულ ქვეყნებზე ყოველწლიურად აქვეყნებს ანგარიშს (ე.წ. გაფართოების ანგარიშს), რომელზე დაყრდნობითაც ის რეკომენდაციას აძლევს ევროპულ საბჭოს. ამ პროცესში მნიშვნელოვანი როლი ენიჭებათ გაფართოებისა და სამეზობლო საკითხებში ევროკომისარს, რომლის დაქვემდებარებაში მყოფი დეპარტამენტებიც შეიმუშავებენ აღნიშნულ ანგარიშს, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში, რომელიც არის ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი და ამავდროულად, თავმჯდომარეობს ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა საბჭოს (შედგება ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრებისგან) და აკოორდინირებს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებულ საკითხებს, და ასევე ევროკომისიის პრეზიდენტს (და შესაძლოა, სხვა ევროკომისრებსაც, მაგალითად, ევროკომისიის სხვა ვიცე-პრეზიდენტებს).
ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი საქართველომ 2022 წელს გააკეთა და 2022 წელს საქართველოს ევროპული პერსპექტივა მიენიჭა და შესასრულებლად 12 პრიორიტეტი განესაზღვრა. 2023 წლის ნოემბერში ევროკომისიამ რეკომენდაცია გაუწია საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების შესახებ, იმის გათვალისწინებით, რომ ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 9 ნაბიჯი გადაიდგმებოდა. რეკომენდაციაზე დაყრდნობით, 2023 წლის 14 დეკემბერს ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების შესახებ იმ პირობით, რომ შესრულდებოდა ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 9 ნაბიჯი.
აღნიშნული 9 ნაბიჯი ევროკავშირის მიერ გამოცემული ოფიციალური დოკუმენტითაა გათვალისწინებული. საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ, განმარტა, რომ 9 ნაბიჯთან დაკავშირებით მიღწეული პროგრესის საფუძველზე მოხდებოდა გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკების დაწყებაზე გადასვლა. გერმანიის ელჩს, პეტერ ფიშერს (ისევე როგორც ევროკავშირისა და წევრი სახელმწიფოების სხვა წარმომადგენლებსაც), იგივე პოზიცია ჰქონდა: მისი განცხადებით, საქართველოსთვის მიმდინარე წლის დეკემბერში ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე მოლაპარაკებების გახსნა შესაძლებელი იყო, თუ საქართველოს 9 ნაბიჯის შესრულების პროცესში პროგრესი ექნებოდა. ფაქტს, რომ საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება 9 ნაბიჯის შესრულებასთან იყო დაკავშირებული, ადასტურებდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძეც. 2024 წლის 20 თებერვალს ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან საუბრის შემდეგ, მისი განცხადებით, საქართველო აგრძელებდა მუშაობას 9 პრიორიტეტის შესასრულებლად, რათა ყველა პრიორიტეტი შესრულებულიყო და საბოლოო ჯამში, მოლაპარაკებები გახსნილიყო. საქართველოს სამთავრობო პროგრამაც ითვალისწინებდა ევროკავშირთან მოლაპარაკებების გასახსნელად აქტიურ მუშაობას, მათ შორის ევროკომისიის მიერ განსაზღვრული ძირითადი ნაბიჯების შესასრულებლად. ევროკავშირი იმედს გამოთქვამდა, რომ სწრაფად მოხდებოდა 9 ნაბიჯის შესრულება და გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნა.
შესაბამისად, ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყება ოფიციალურად არის დაკავშირებული 9 ნაბიჯის შესრულებასთან. გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკების გახსნა კი ევროკავშირში გაწევრიანების აუცილებელი წინაპირობაა. შესაბამისად, 9 ნაბიჯის შესრულების საკითხი ბუნებრივია, რომ კონსტიტუციის 78-ე მუხლთან მიმართებით იქნას განხილული.
ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების თანახმად, კანონპროექტი ეწინააღმდეგება 9 ნაბიჯს (მაგალითად, სამოქალაქო საზოგადოების თავისუფლად მოქმედებისა და ჩართულობის, ევროკავშირისა და მისი ღირებულებების შესახებ დეზინფორმაციასთან ბრძოლის და პოლარიზაციის კუთხით) და ევროკავშირის ღირებულებებს, და საქართველოს გაწევრიანების გზაზე სერიოზულ დაბრკოლებას შეუქმნიდა. პეტერ ფიშერის თანახმად, აღნიშნული კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, გერმანია მხარს არ დაუჭერდა საქართველოსთვის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნას (გადაწყვეტილების მიღებას კი ევროკავშირის ყველა წევრის თანხმობა სჭირდება).
ევროპული საბჭოს 2024 წლის 27 ივნისის დასკვნებში (ევროკავშირის ოფიციალური დოკუმენტი) აღნიშნულია, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი“ წარმოადგენს უკუსვლას კანდიდატის სტატუსის რეკომენდაციაში კომისიის მიერ განსაზღვრულ ნაბიჯებთან (იგულისხმება 9 ნაბიჯი) მიმართებით. ევროპულმა საბჭომ საქართველოს მთავრობას კურსის შეცვლის გზით მისი ზრახვების განმარტებისკენ მოუწოდა, რადგან არსებული კურსი აზიანებს საქართველოს გზას ევროკავშირისკენ და დე ფაქტო იწვევს გაწევრიანების პროცესის შეჩერებას. ევროპული საბჭოს დასკვნებზე დაყრდნობით, საქართველოში ევროკავშირის ოფიციალურმა წარმომადგენელმა დამატებითი განმარტებები გააკეთა, რომ, ევროპული საბჭოს დასკვნის თანახმად, ევროკავშირის ლიდერებმა საქართველოს გაწევრიანების პროცესი შეაჩერეს, რადგან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი 9 ნაბიჯისგან უკუსვლას წარმოადგენდა, 9 ნაბიჯის შესრულებაში მხოლოდ უმნიშვნელო პროგრესი იყო და მიმდინარეობდა ანტიდასავლური და ანტიევროპული რიტორიკა.
შესაბამისად, აღნიშნულ ფაქტებზე დაყრდნობით, კანონის 78-ე მუხლთან მიმართებით ლოგიკური ჯაჭვი შემდეგნაირად გამოიყურება:
- ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნა წარმოადგენს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის აუცილებელ წინაპირობას,
- აღნიშნული კანონის არმიღება წარმოადგენდა ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების წინაპირობების (9 ნაბიჯის) შესრულებისთვის საჭირო ნაბიჯს
- კანონის მიღებამ, როგორც ეს ევროპული საბჭოს დასკვნებშია აღნიშნულია, გამოიწვია საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერება,
- საქართველოს კონსტიტუციით, კონსტიტუციურ ორგანოებს ევალებათ თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა ევროკავშირში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად,
- როგორც ამას მოპასუხე მხარეც ამტკიცებს, თუ ქმედებას აქვს მიზნობრიობა საქართველოს ევროკავშირში გასაწევრიანებლად, მაშინ ის 78-ე მუხლთან მიმართებით უნდა იქნას განხილული, თუ არ არსებობს სხვა ლეგიტიმური მიზანი და ასეთ შემთხვევაში ქმედება 78-ე მუხლით გათვალისწინებულ მიზანთან მიმართებით თვითმიზნური ხდება,
- კანონის მიერ დასახელებული მიზანი ვერ გადის ლეგიტიმურობის ტესტს და არ წარმოადგენს ლეგიტიმურ ან ღირებულ საჯარო მიზანს, განსაკუთრებით კონსტიტუციით გათვალისწინებული მიზნის მიღწევასთან შედარებით,
- შესაბამისად, საკითხი თვითმიზნურად შესაძლებელია იქნას განხილული 78-ე მუხლთან მიმართებით.
აქედან გამომდინარე, არასწორია მოპასუხე მხარის მტკიცება იმ ნაწილშიც, რომ კანონის არმიღებას/გაუქმებას 78-ე მუხლის კონტექსტში ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მიზნობრიობა/მიმართება არ აქვს - როგორც გამოჩნდა, საკითხები პირდაპირაა დაკავშირებული; და რომ კანონის არმიღება/გაუქმება თვითმიზნური ხასიათის მატარებელი არაა ევროკავშირში გასაწევრიანებლად - ევროკავშირში გაწევრიანებისთვის აუცილებელი ნაბიჯის - გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნის - შესასრულებლად კანონის გაუქმებას/არმიღებას პირდაპირ მიზნობრიობა აქვს, ხოლო კანონის დასახელებული მიზანი ლეგიტიმურობის ტესტს ვერ გადის - შესაბამისად, კანონის გაუქმებას/არმიღებას თვითმიზნური ხასიათი აქვს 78-ე მუხლთან მიმართებით.
2) „მთავარი არგუმენტი რატომაც არის 78-ე მუხლთან საკითხის არშეფასების საჭიროება, რატომ არ დგება დღის წესრიგში. ოთხივე სარჩელში, ამ მუხლთან მიმართებით, ყველგან არის მოხმობილი პოლიტიკოსების განცხადებები. ერთი რაღაც მონაკვეთი არ არის, რომ სამართლებრივი კუთხით იყოს მსჯელობა განვითარებული. ყველგან არის პოლიტიკოსების მიერ გაკეთებული განცხადებები. პოლიტიკოსების მიერ გაკეთებულ განცხადებებთან საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკა არ აქვს, რა დოზით შეიძლება იყოს გათვალისწინებული, მაგრამ ვთვლით, რომ აქ რელევანტურია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომა გამოვიყენოთ, რომელსაც იყენებს ზოგადად პოლიტიკოსის მიერ გაკეთებული განცხადება სასამართლოსთვის რა ღირებულების მატარებელი შეიძლება იყოს. მოსარჩელეები, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ითხოვენ პოლიტიკოსების მიერ გაკეთებულ განცხადებას მიენიჭოს მტკიცებულებითი ძალა საკონსტიტუციო სასამართლოსთვის. ამას ითხოვენ რეალურად, რაც პრინციპულად არასწორია ჩვენი გაგებით კონსტიტუციის 78-ე მუხლის განმარტების კონტექსტში. მაგალითად ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს.. მე სხვა ქვეყნების პრეცედენტებზე არ გადავალ, ჩვენ საქართველოს წინააღმდეგ, საქმეებშიც ბევრი, ბევრია, ეს მსჯელობა, განვითარებული, და დავასახელებ ამ საქმეებს. ეს არის ახალაია საქართველოს წინააღმდეგ, 2022 წლის 7 ივნისის განჩინება. შემდეგია უგულავა, საქართველოს წინააღმდეგ, 2023 წლის 9 მაისის გადაწყვეტილება. შემდეგი არის მელია, საქართველოს წინააღმდეგ, 2023 წლის, 12 დეკემბრის გადაწყვეტილება და სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ, 2024 წლის 23 მაისის გადაწყვეტილება.
ყველა ამ საქმეში ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მოუწია, შეეფასებინა პოლიტიკოსების მიერ გაკეთებულ განცხადებებს რა ღირებულება შეიძლება [ჰქონდეს] და საერთოდ აქვს, თუ - არა ღირებულება სასამართლოსთვის. მაგალითად, ახალაია საქართველო წინააღმდეგ - აქ საინტერესოა, რომ განჩინებით მოხდა არმიღება, ანუ იმდენად აბსურდული იყო სასარჩელო მოთხოვნა, რომ საერთოდ არსებითზე არც იმსჯელა ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ. მოსარჩელე ეყრდნობოდა, NATO-ს გენერალური მდივნის განცხადებებს. ასევე იყო სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებები და ასე შემდეგ, რომ თითქოს მის, მოსარჩელის წინააღმდეგ დაწყებულ სისხლის სამართლებრივ დევნას ჰქონდა მხოლოდ პოლიტიკიდან მისი ჩამოშორების მიზანი. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საკმაოდ საინტერესო განმარტება გააკეთა: საერთაშორისო პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ გაკეთებული განცხადებების მტკიცებულებით ძალასთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, რომ იმ საკითხის შეფასების პროცესში ეროვნული ხელისუფლების ორგანიზაციებს ჰქონდათ, თუ - არა არასწორი მიზნები, პოლიტიკოსისთვის კონვენციით დაცული უფლებების შეზღუდვის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო საქმის კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებს და იმ განცხადებების სიფრთხილით გათვალისწინება უნდა მოხდეს, რომელსაც შეიძლება გავლენა ჰქონოდა. ამ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკოსების საკმაოდ მკვეთრი განცხადებები იყო, საქმეში წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე კონვენციის მე-18 მუხლის დარღვევა არ დადგინდა. ამიტომ პოლიტიკური ფიგურების გაკეთებული განცხადებები სამართლებრივი თვალსაზრისით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის იყო აბსოლუტურად არაფრის მომცემი და საერთოდ არ გაითვალისწინა.
შემდეგი უგულავას საქმე - აქაც ანალოგიური თემა იყო. განმცხადებელი ჩიოდა, რომ მისი გასამართლება მისი პოლიტიკური ცხოვრებიდან ჩამოშორების მიზნით განხორციელდა. ამის დასტურად, მოსარჩელე უთითებდა საერთაშორისო ორგანიზაციის განცხადებებზე და ამტკიცებდა, რომ ოფიციალურ დოკუმენტებს წარმოადგენდა მაღალი ევროპული თანამდებობის პირების პოზიციას, რა განცხადებებიც იყო წარდგენილი. აქაც საინტერესო განმარტება გააკეთა ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ და ეს არის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება: ვინაიდან პოლიტიკური პროცესი და სასამართლო პროცესი ერთმანეთისგან ფუნდამენტურად განსხვავდება, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ თავისი გადაწყვეტილება დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად, სამართლებრივი გაგებით მტკიცებულებებზე დაყრდნობით და რელევანტური ფაქტების საკუთარი შეფასების საფუძველზე უნდა გადაწყვიტოს. ამ შემთხვევაშიც, მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელე უთითებდა პოლიტიკოსების განცხადებებს და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების განცხადებებს, საერთოდ არ გაითვალისწინა და ამ საქმეშიც მე-18 მუხლის დარღვევა არ დადგინდა.
შემდეგი საქმე, რაც არის რელევანტური: მელია საქართველოს წინააღმდეგ საქმის ფაქტობრივი გარემოებების აღწერის დროს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, გადაწყვეტილების 56-ე პარაგრაფში, აღნიშნა, რომ მელიას დაკავების შემდეგ ეროვნული არასამთავრობო ორგანიზაციების, საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების, დიპლომატების, უცხო სახელმწიფოს ხელისუფლებისა და ინსტიტუტების წარმომადგენლების, ასევე სხვა საერთაშორისო ფიგურების მიერ არაერთი განცხადება გაკეთდა, და ამ განცხადებით ისინი, მათ შორის, მოსარჩელის დაკავების ფორმას აკრიტიკებდნენ, პოლიტიკოსებზე და მათ შორის ეროვნულ არასამთავრობო ორგანიზაციებზეა საუბარი. ასევე ხელისუფლებას პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულებისა და ქვეყანაში ისედაც დაძაბული პოლიტიკური გარემოს უფრო მეტად დაძაბვის შესახებ აფრთხილებდნენ. და ამ ფაქტობრივი გარემოების შეფასების შემდეგ, გადაწყვეტილების 64-ე პარაგრაფში, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ყურადღება გაამახვილა ეროვნული სასამართლოების მიერ მელიასთვის შეფარდებული გირაოს თანხის გადახდის ფაქტთან დაკავშირებით, რომელიც ევროკავშირმა, როგორც იცით, ყველასთვის ცნობილია ეს ფაქტიც, ევროკავშირმა გადაიხადა. სხვა, რა იყო ამ საქმეზე, ამ განცხადებების ფონზე, სასამართლოს მიდგომა? ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომა - 140-ე პარაგრაფი. ისიც მართალია, რომ 2021 წლის 17 თებერვლის განჩინებამ სხვადასხვა პირი და ორგანიზაცია დაარწმუნა, თითქოს ამ განჩინების მიღება მოსარჩელის პოლიტიკური სცენიდან ჩამოშორებას ისახავდა მიზნად. ამასთანავე მოსარჩელის დაკავების აღსრულების ფორმა ფართოდ იქნა გაკრიტიკებული. მიუხედავად ამისა, სასამართლომ საკითხი მერაბიშვილის საქმეზე რა სტანდარტიც დაადგინა, ზემოთ რაც წავიკითხე, დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად სამართლებრივი გაგებით, მტკიცებულებებზე დაყრდნობით და რელევანტური ფაქტების საკუთარი შეფასების საფუძველზე უნდა გადაწყვიტოს. საერთაშორისო პოლიტიკოსების მიერ გაკეთებული განცხადებების, კრიტიკულის მათ შორის, განცხადებების მიუხედავად ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს ამ საქმეზე დარღვევა არ დაუდგენია. და ბოლო საქმე, რაც ამ საკითხთან არის რელევანტური: სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ - ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გადაწყვეტილების 158-ე პარაგრაფში აღნიშნა, რომ კონვენციის მე-18 მუხლიდან გამომდინარე მოსარჩელის მტკიცებით მისი გასამართლება მისი პოლიტიკური ცხოვრებიდან ჩამოშორების მიზნით განხორციელდა. ამის დასტურად მოსარჩელე უთითებდა საერთაშორისო ორგანიზაციების წამყვანი ფიგურების, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ამერიკის შეერთებული შტატების სენატორების, NATO-ს გენერალური მდივნის და სხვადასხვა ევროკომისრის მიერ გაკეთებულ განცხადებებზე. აქაც იმ შეფასების, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 161-ე პარაგრაფში აღნიშნა, რომ იმ საკითხის შეფასებისას ეროვნული ხელისუფლების ორგანოებს ჰქონდა თუ არა არასწორი მიზნები პოლიტიკოსისთვის კონვენციით დაცული უფლებების შეზღუდვის დროს, უნდა მიუდგეს ფრთხილად და გაითვალისწინოს მხოლოდ სამართლებრივი გაგებით მტკიცებულებები და შესაბამისად ამ საქმეშიც დარღვევა არ დადგინდა.
ამრიგად, რომ შევაჯამოთ, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს აქვს მარტივი მიდგომა: პოლიტიკოსების განცხადებას სამართლებრივი თვალსაზრისით არ გააჩნია არანაირი ძალა და ის ვერ გახდება კონვენციით გარანტირებული უფლებები“. ...
... „განმარტების ფარგლებში აჩვენა, რომ შეჩერების წინაპირობები, რაც გაქვთ თქვენ დადგენილი მოსარჩელე მხარეს, შეჩერების გასამართლება გასამართლებლად ესახება მხოლოდ პოლიტიკური გამართლებისთვის კი ეს ესახება მხოლოდ პოლიტიკოსების განცხადებები, რეალური სამართლებრივი არგუმენტი ჩვენ ვერ მოვისმინეთ და იმედი გვაქვს, რომ სასამართლო ამ ფაქტორსაც მიიღებს მხედველობაში“.
მოპასუხე მხარის აღნიშნული მტკიცება, რომ მოცემული საქმის განხილვისას საკონსტიტუციო სასამართლომ სტრასბურგის სასამართლოს საქართველოსთან დაკავშირებულ ქეისებზე დაყრდნობით პოლიტიკოსების განცხადებები მხედველობაში არ უნდა მიიღოს, მანიპულირებას წარმოადგენს. დასახელებულ მაგალითებს მოპასუხე მხარე განიხილავს საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლთან მიმართებით, თუ რამდენად დასაშვებია მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი სხვადასხვა განცხადებები, როგორც სამართლებრივი მტკიცებულებები. აღნიშნულ საკითხთან კი მოპასუხის წარმოდგენილი მაგალითები სრულიად არარელევანტურია, და შესაბამისად, მის მიერ გამოტანილი დასკვნა, რომ 78-ე მუხლთან მიმართებით მტკიცებულებებად წარმოდგენილი განცხადებები განხილული არ უნდა იყოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკიდან გამომდინარე - მცდარი.
პირველი რიგში აღსანიშნავია, რომ 78-ე მუხლით გათვალისწინებული საკითხები - საქართველოს სრული ინტეგრაცია (გაწევრიანება) NATO-ს და ევროკავშირში - სამართლებრივთან ერთად პოლიტიკური საკითხებია. თავად მოპასუხე მხარემაც მის გამოსვლაში დაადასტურა, რომ 78-ე მუხლი პოლიტიკურ-სამართლებრივ პროცესს მოიცავს. ხოლო მოპასუხე მხარის მიერ წარდგენილ მაგალითებში საუბარია ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ადამიანის უფლებების დარღვევის განხილვის საქმეებთან დაკავშირებით. ბუნებრივია, ადამიანის უფლების დარღვევას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო პოლიტიკური შეხედულებებისა და პოლიტიკოსების პოზიციებისგან დამოუკიდებლად განიხილავს და ამ შემთხვევაში, პოლიტიკოსების განცხადებები რელევანტური სამართლებრივი არგუმენტები ვერ იქნებოდა. თუმცა 78-ე მუხლის კონტექსტში საქმე არა ადამიანის უფლებების პოტენციურ დარღვევაზე და პოლიტიკოსების მიერ ამ პოტენციური დარღვევების შეფასებებს, არამედ ისეთ პოლიტიკურ-სამართლებრივ პროცესს ეხება, როგორიც ევროკავშირში გაწევრიანებაა. სტატიაში ზემოთ უკვე შეჯამებულია, თუ რა პოლიტიკური პროცესის საფუძველზე იღებენ ევროკავშირი და ევროკავშირის ინსტიტუტები საქართველოს გაწევრიანებაზე და გაწევრიანების პროცესთან დაკავშირებულ საკითხებზე გადაწყვეტილებებს.
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე და გაწევრიანების პროცესის სხვადასხვა ეტაპზე მიღებული გადაწყვეტილებები სწორედ პოლიტიკოსების მიერ მიღებულ პოლიტიკური პროცესში მიღებულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას წარმოადგენს. გაწევრიანების პროცესში გადაწყვეტილების მიღებაში კი ჩართულები არიან ევროკავშირის ინსტიტუტები (მაგალითად, ევროკომისია და ევროპული საბჭო) და წევრი ქვეყნები, რომლებიც წარმოდგენილი არიან ევროპულ საბჭოში და გაწევრიანებისთვის თითოეული მათგანის მხარდაჭერაა საჭირო.
სახელმწიფოებისა და ინსტიტუტების ოფიციალური პირების მიერ გაკეთებული განცხადებები წარმოადგენს არამხოლოდ მათი, როგორც პოლიტიკოსების ინდივიდუალურ განცხადებებსა და მოსაზრებებს, არამედ სახელმწიფოებისა და ინსტიტუტების ოფიციალურ პოზიციას. ეს ცხადია ევროკავშირში არსებული გადაწყვეტილების მიღების პროცესიდან გამომდინარე, განსაკუთრებით როდესაც გადაწყვეტილება გაწევრიანების პროცესს ეხება, და ასევე დასტურდება საერთაშორისო სამართლებრივი პრაქტიკით. საგულისხმოა, რომ მოპასუხე მხარე არ ასახელებს საერთაშორისო სამართლიდან არც ერთ საქმეს, როდესაც პოლიტიკოსების მიერ გაკეთებული განცხადებები საერთაშორისო სასამართლოებმა მტკიცებულებად მიიჩნევს და გაურკვეველი მიზეზით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ არსებულ ცალკეულ საქმეებს განიხილავს. აღნიშნული სასამართლო ადამიანის უფლებებზე ფოკუსირდება და საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლთან, რომელიც პოლიტიკურ-სამართლებრივ პროცესს შეეხება, არსებითი შინაარსობრივი შემხებლობა არ აქვს.
ამ მხრივ, შესაძლებელია, რამდენიმე რელევანტური ქეისის განხილვა. მაგალითად, საერთაშორისო სამართალში ერთ-ერთ მნიშვნელოვან საქმეში, რომელიც ამ მხრივ შემდგომში საერთაშორისო სამართლებრივი პრაქტიკა განსაზღვრა - აღმოსავლეთ გრენლანდიის სტატუსთან დაკავშირებით დანიასა და ნორვეგიას შორის მიმდინარე დავაში - 1933 წელს საერთაშორისო სამართლის მუდმივმოქმედმა სასამართლომ (რომელმაც საფუძველი ჩაუყარა გაერო-ს საერთაშორისო სასამართლოს) დაადგინა, რომ ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ გაკეთებული საჯარო განცხადება სასამართლოს მიერ ინტერპრეტირებულ იქნა, როგორც ოფიციალური განცხადება და, შესაბამისად, სამართლებრივად სავალდებულო - ე.ი. სასამართლომ ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრის (პოლიტიკოსის) განცხადება ქვეყნის ოფიციალურ განცხადებად მიიჩნია, რომელსაც სამართლებრივი ძალა გააჩნდა და მტკიცებულების სახით იქნა განხილული. აღნიშნულმა საქმემ დაადგინა, რომ სახელმწიფოს წარმომადგენლების (მაღალჩინოსნების) მიერ გაკეთებული განცხადებები, თუნდაც ეს არაფორმალურ გარემოში ყოფილიყო, სამართლებრივ წონას ატარებდა და სამართლებრივ ვალდებულებებს წარმოშობდა. ასევე საერთაშორისო სამართლებრივი პრაქტიკის განსაზღვრის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ქეისი იყო ბირთვული ტესტირების საქმე ავსტრალიასა და საფრანგეთს შორის. ამ შემთხვევაში მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ 1974 წელს დაადგინა, რომ საფრანგეთის მთავრობის ოფიციალური პირების, მათ შორის, საგარეო საქმეთა მინისტრის, მიერ გაკეთებული საჯარო განცხადებები საფრანგეთის ოფიციალურ პოზიციას წარმოადგენდა, თუნდაც ის პრესასთან არაფორმალურ ან/და დიპლომატიისთვის არატრადიციულ ვითარებაში იყო გაკეთებული. შესაბამისად, აღნიშნულ საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილებითაც დადგინდა, რომ სახელმწიფოს ოფიციალური პირების (მათ შორის საგარეო საქმეთა მინისტრის) მიერ გაკეთებული განცხადებები სამართლებრივ პასუხისმგებლობას წარმოშობდნენ და ისინი სასამართლოსთვის დასაშვები მტკიცებულებები იყო. სახელმწიფოს/მთავრობის მეთაურების, საგარეო საქმეთა მინისტრების, რელევანტურ საკითხებთან მიმართებით შესაბამისი მინისტრების განცხადებების გარდა, სახელმწიფოს/ინსტიტუტის ოფიციალურ პოზიციად მიიჩნევა სხვა ოფიციალური პირების განცხადებებიც, განსაკუთრებით კი ელჩებისა, ვინაიდან ისინი სახელმწიფოს ოფიციალური აკრედიტებული წარმომადგენლები არიან (მაგალითად, იხილეთ ახალი ზელანდია საფრანგეთის წინააღმდეგ 1990 წლის საქმე (განიხილა გაერო-ს გენერალური მდივნის დანიშნულმა საარბიტრაჟო ტრიბუნალმა; მიიჩნევა საერთაშორისო საჯარო სამართლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საქმედ) და სხვა მსგავსი ქეისები).
ევროკავშირი მართალია, არ არის სახელმწიფო, თუმცა აქვს სამართლებრივი სტატუსი და მისი ინსტიტუტები გარკვეულ ძალაუფლებას ფლობენ და ახორციელებენ - შესაბამისად, ევროკავშირის ოფიციალური წარმომადგენლებიც ევროკავშირის და მისი ინსტიტუტების სახელით ლაპარაკობენ. მაგალითად, მიუხედავად იმისა, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, ევროკომისიის პრეზიდენტი და ევროკომისრები პოლიტიკური ფიგურები არიან და პოლიტიკური პროცესის შედეგად ინიშნებიან პოზიციებზე, დანიშვნის შემდგომ ისინი შესაბამის ინსტიტუტებს წარმოადგენენ და მათი პოზიციებიც, შესაბამისად, ინსტიტუტების ოფიციალურ პოზიციებს წარმოადგენს. იგივე პრინციპი მოქმედებს ევროკავშირის ელჩების შემთხვევაშიც - ელჩები წარმოადგენენ ევროკავშირს და ახმოვანებენ ევროკავშირის პოზიციებს. ისეთ შემთხვევაში, თუ ევროკავშირის ან რომელიმე სახელმწიფოს ოფიციალური წარმომადგენელი ისეთ პოზიციას აჟღერებს, რომელიც არ შეესაბამება სახელმწიფოსა თუ ინსტიტუტის ოფიციალურ პოზიციას, მაშინ სახელმწიფო/ინსტიტუტი აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტებას გააკეთებს; წინააღმდეგ შემთხვევაში, აშკარაა, რომ სახელმწიფოს/ინსტიტუტის მიერ გაკეთებული განცხადება ოფიციალურ პოზიციად უნდა იქნას მიჩნეული, რომელიც, საერთაშორისო სამართლებრივი პრაქტიკის გათვალისწინებით, სამართლებრივი ფასის მატარებელია და სასამართლოების მიერ სამართლებრივ მტკიცებულებადაც განიხილება.
შეჯამებისთვის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ პოლიტიკოსების და ოფიციალური თანამდებობის პირების მიერ გაკეთებული განცხადებები, რაზეც მოპასუხე მხარე აპელირებდა, სასამართლომ სამართლებრივ მტკიცებულებებად არ მიიჩნია, არა იმიტომ რომ ზოგადად პოლიტიკოსის განცხადებებს საერთაშორისო სამართალი მტკიცებულების ძალას არ ანიჭებს, არამედ რადგან ადამიანის უფლებათა დარღვევის შესახებ გადაწყვეტილების მიღება მათ კომპეტენციაში არ შედიოდა და სასამართლოს ეს საკითხები პოლიტიკური შეფასებებისა თუ განცხადებებისგან განცალკევებით უნდა განეხილა. საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლი შეეხება ევროკავშირში (და NATO-ში) საქართველოს გაწევრიანებას, რაც პოლიტიკურ-სამართლებრივი პროცესია და ევროკავშირის შესაბამისი ინსტიტუტების და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების კომპეტენციაში შედის აღნიშნულთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება. ინსტიტუტებისა და სახელმწიფოების ოფიციალურ პოზიციებს კი მათი წარმომადგენლები - მინისტრები/კომისრები, მთავრობის/კომისიის მეთაურები/ სახელმწიფოს/ევროპული საბჭოს მეთაურები, ელჩები, საგარეო საქმეთა მინისტრები და სხვა რელევანტური მაღალი თანამდებობის პირები - აფიქსირებენ. ოფიციალური პირების მიერ გაკეთებული განცხადებები კი საერთაშორისო სამართალში სამართლებრივი წონის მატარებელია და როცა განცხადებები განსახილველ საკითხთან დაკავშირებით კომპეტენციის მქონე პირის/ორგანოს მიერაა გაკეთებული, ისინი სამართლებრივ მტკიცებულებებად განიხილება, როგორც ამას ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო სამართლებრივი პრაქტიკა ადასტურებს. მსგავსი შემთხვევაა სწორედ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების თემა - აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილების მიღებაში ჩართულები არიან ევროკავშირის ინსტიტუტები და ევროკავშირის წევრი ქვეყნები. შესაბამისად, მათი ოფიციალური პოზიციები - ამ შემთხვევაში კი, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის ევროკავშირში მოლაპარაკებების გახსნასთან შეუთავსებლობა - სასამართლოსთვის რელევანტურ მტკიცებულებებს/არგუმენტებს წარმოადგენს.
3) „...ვიდრე ამ [ევროპარლამენტის] რეზოლუციაზე გადავალ, სასამართლომ იმედია ყურადღება მიაქცია. პრეზიდენტის წარმომადგენლის და პარლამენტის წევრების წარმომადგენლის პოზიცია იყო საპირისპირო ერთმანეთისგან. და რას ვგულისხმობ? პრეზიდენტის წარმომადგენელი გამოვიდა და ცალსახად თქვა, რომ პროცესი გაჩერებულია, ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია, რაც, რა თქმა უნდა, სიმართლეს არ შეესაბამება. გამოვიდა პარლამენტის წევრის წარმომადგენელი, ქალბატონი თამარი იყო, და შემდეგი რაღაც გააკეთა, შემდეგი განმარტა, რომ, თუ კანონი არ გაუქმდება, პროცესი შეჩერდება. ანუ ამ თვალსაზრისით პროცესი შეჩერებულია, თუ არ არის შეჩერებული, პრეზიდენტის წარმომადგენელსა და პარლამენტის წარმომადგენლები, ეს პარლამენტის ოპოზიციური დეპუტატების წარმომადგენლებს შორის არის წინააღმდეგობა.
და, ბუნებრივია, ამ შემთხვევაში რეალობა არის შემდეგი: რომ პროცესი არ არის შეჩერებული. რა დასკვნაზეც მიუთითებენ, ევროპული საბჭოს დასკვნა, 2024 წლის 27 ივნისის დასკვნა (1524) 36-39-ე პარაგრაფები ეხება საქართველოს ნაწილს, იმ დასკვნებს, რაც არის გამოტანილი. აქ საუბარია, რომ ხელისუფლება თუკი არ ახსნის კანონის შესაბამის მიზნებს, ამან შეიძლება გამოიწვიოს შეჩერება ევროინტეგრაციის პროცესის, რაც დე ფაქტო გაწევრიანების პროცესი შეჩერებას გამოიწვევს. ეს წერია. ახლა გადავიდეთ 39-ე პუნქტში და სად იმსხვრევა მოსარჩელეების აგებული ლოგიკა, თითქოს ეს დასკვნა უნდა მივიღოთ მოცემულობად, რომ ევროინტეგრაციის პროცესი არის გაჩერებული. ვციტირებ (ეს დასკვნა ხელმისაწვდომია საჯაროდ, იმედია და დარწმუნებული ვარ სასამართლოც გაეცნობა), 39-ე პუნქტი: „ევროპული საბჭო კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. იგი იმეორებს თავის ურყევ სოლიდარობას ქართველ ხალხთან და მზადყოფნას, განაგრძოს ქართველების მხარდაჭერა ევროპული მომავლისკენ მიმავალ გზაზე“.
ანუ პირდაპირ განაცხადა, რომ ევროპული საბჭო მხარს უჭერს ევროპული გზისკენ სვლაში საქართველოს და ქართველ ხალხს. ანუ პროცესის შეჩერება არის გამორიცხული. როგორ შეიძლება, პროცესი იყო შეჩერებული და ორი პუნქტის ქვემოთ წერდე, რომ მხარს გიჭერ ამ გზაზე. ხომ გამორიცხულია, მით უმეტეს, იმ პირობებში, როდესაც გაეცნობით ამ დასკვნას, 36-ე პუნქტში წერია არა - შეჩერება, არამედ, თუ არ იქნება არგუმენტები შესაბამისი წარმოდგენელი, დე ფაქტო შეიძლება გამოიწვიოს. ამიტომ, რაც წარმოაჩინა პრეზიდენტის წარმომადგენელმა, მე სხვაზე ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ ოპოზიციის წარმომადგენლებს არ უთქვამთ ეგ, რომ შეჩერდა, იყო რომ, თუ კანონი არ გაუქმდება, საკონსტიტუციო სასამართლოსთან... ...ეს პრინციპული საკითხია, იმიტომ რომ შეჩერებას აგებენ 78-ე მუხლზე და ამას საზოგადოება უყურებს და წარმოაჩინეს, რომ ევროინტეგრაციის პროცესი არის შეჩერებული. არაფერი შეჩერებული არ არის. არა, რა თქმა უნდა, არ არის შეჩერებული.
მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე მხარე ევროპული საბჭოს დასკვნის არასწორ ინტერპრეტაციას აკეთებს, რომელიც ფაქტობრივად არასწორია და მასზე დაყრდნობით გამოაქვს დასკვნა, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერებული არ არის და შესაბამისად, 78-ე მუხლთან მიმართებით აღნიშნული საკითხის განხილვა რელევანტური არაა.
ევროპული საბჭოს 2024 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ (36-ე პუნქტი) „ევროპული საბჭო საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სერიოზულ შეშფოთებას გამოხატავს. კერძოდ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ მიღებული კანონი კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ ევროკომისიის რეკომენდაციაში მითითებულ ნაბიჯებთან მიმართებაში უკუსვლას წარმოადგენს. ევროპული საბჭო მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, სიცხადე შეიტანოს თავის განზრახვებში არსებულ მოქმედებათა კურსის ცვლილების საშუალებით, რაც საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზას და გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად გაჩერებამდე მიჰყავს“ (ქართული თარგმანი აღებულია ევროკავშირის ვებგვერდიდან; ინგლისური ორიგინალი სრულად იხილეთ ბმულზე, ხოლო შეჩერებასთან დაკავშირებული ნაწილი ქვემოთაა განხილული).
37-ე პუნქტში ვკითხულობთ: „ევროპული საბჭო მოუწოდებს, რომ საქართველოში შეწყდეს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების, პოლიტიკური ლიდერების, სამოქალაქო აქტივისტებისა და ჟურნალისტების მიმართ დაშინების, მუქარისა და ფიზიკური თავდასხმის მზარდი შემთხვევები. საბჭო კვლავ აღნიშნავს, რომ ნებისმიერი ქვეყნისთვის, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მიისწრაფვის, არსებითია იმ ღირებულებებისა და პრინციპების პატივისცემა, რომელსაც ევროკავშირი ეფუძნება“.
38-ე პუნქტი: „ევროპული საბჭო მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას უზრუნველყოს, რომ საპარლამენტო არჩევნები ამ შემოდგომაზე იყოს თავისუფალი და სამართლიანი და მხარს უჭერს პარტნიორების მხრიდან არჩევნებზე გრძელვადიან და მოკლევადიან სიღრმისეულ დაკვირვებას. საბჭო სიტუაციაზე ყურადღებით დაკვირვებას განაგრძობს“.
39-ე პუნქტი: „ევროპული საბჭო კვლავ ადასტურებს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ის კიდევ ერთხელ გამოხატავს მტკიცე სოლიდარობას საქართველოს მოსახლეობისადმი და მზაობას განაგრძოს მისი მხარდაჭერა ევროპული მომავლისკენ მიმავალ გზაზე“.
36-ე პუნქტში მკაფიოდ არის განმარტებული, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი 9 ნაბიჯთან მიმართებით, რომელიც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისას შესახებ ევროკომისიის რეკომენდაციით განსაზღვრულ გადასადგმელ ნაბიჯებს და ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებისთვის შესასრულებელ წინაპირობას წარმოადგენს, უკუსვლას წარმოადგენს. როგორც ზემოთაა განხილული, 9 ნაბიჯის, როგორც გაწევრიანების პროცესში წინსვლის აუცილებელი ინსტრუმენტის, საწინააღმდეგო ქმედება 78-ე მუხლთან მიმართებით შესაძლოა შეფასდეს, განსაკუთრებით აღნიშნული კანონის შემთხვევაში, რომლის მიზანიც ლეგიტიმურობის ტესტს ვერ აკმაყოფილებს, და ამიტომ, კანონის გაუქმება 78-ე მუხლთან მიმართებით თვითმიზნურად შესაძლოა იქნას განხილული.
36-ე პუნქტში შემდგომ ასევე მკაფიოდ წერია, რომ საქართველოს ხელისუფლების არსებულ მოქმედებათა კურსს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად გაჩერებამდე მიჰყავს (დე ფაქტო გაჩერებას იწვევს).
39-ე პუნქტი აღნიშნულ ჩანაწერთან წინააღმდეგობაში არ მოდის და როგორც ამას მოპასუხე მხარე ამტკიცებს, არ მიუთითებს, რომ გაწევრიანების პროცესი არ შეჩერებულა. 39-ე პუნქტში 1) გამოხატულია მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი - რაც გაწევრიანების პროცესთან ამ შემთხვევაში პირდაპირ კავშირში არაა და მიუთითებს, რომ პუნქტი ზოგადად, საქართველოსთან მიმართებით ცალკეულ მხარდამჭერ პოზიციებს შეეხება; 2) გამოხატულია მტკიცე სოლიდარობა საქართველოს მოსახლეობისადმი - ცალკე აღებული არც ეს ჩანაწერი საუბრობს გაწევრიანებაზე და ის 36-ე პუნქტზე მეტად ან 36-ე პუნქტთან ერთად 37-ე პუნქტთან ერთობლიობაში შეიძლება იქნას წაკითხული, სადაც საუბარია, რომ საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება, პოლიტიკური ლიდერები, სამოქალაქო აქტივისტები და ჟურნალისტები დაშინების, მუქარისა და ფიზიკური თავდასხმის მსხვერპლი არიან და შესაბამისად, სოლიდარობის გამოხატვაც სწორედ აღნიშნულ კონტექსტშია ლოგიკური; 3) გამოხატულია მზაობა განაგრძოს საქართველოს მოსახლეობის მხარდაჭერა ევროპული მომავლისკენ მიმავალ გზაზე - ეს ჩანაწერი გაწევრიანების პროცესს ეხება, თუმცა არანაირად არ მიუთითებს, რომ ამჟამად ხელისუფლების მოქმედებათა კურსის გამო საქართველოს გაწევრიანების პროცესი შეჩერებული არაა. აღნიშნული ჩანაწერი ებმევა საქართველოს მოსახლეობისადმი სოლიდარობის გამოხატვას, რომელიც 37-ე პუნქტის მიხედვით დაშინების, მუქარისა და ფიზიკური თავდასხმების მზარდი შემთხვევების მსხვერპლია.
ევროპულის საბჭოს გადაწყვეტილების აღნიშნული ოთხი პუნქტის ლექსიკაში შესამჩნევია, რომ 36-ე პუნქტში ცალკეა განხილული „საქართველოს ხელისუფლება“, რომლის მოქმედებათა კურსიც ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დე ფაქტო შეჩერებას იწვევს, და „საქართველოს მოსახლეობა“, რომელსაც ევროკავშირი მტკიცე სოლიდარობას უცხადებს და გამოხატავს მზაობას, განაგრძოს მისი მხარდაჭერა ევროპული მომავლისკენ მიმავალ გზაზე. 39-ე პუნქტზე საუბრისას მოპასუხე მხარე ამახინჯებს ევროპული საბჭოს გადაწყვეტილების ტექსტს და აცხადებს, რომ „ევროპულმა საბჭომ“ პირდაპირ განაცხადა, რომ „მხარს უჭერს ევროპული გზისკენ სვლაში საქართველოს და ქართველ ხალხს“. ამაზე დაყრდნობით კი ამბობს, რომ პროცესის შეჩერება არის გამორიცხული, რადგან ორი პუნქტის ქვემოთ წერია, რომ „მხარს გიჭერ ამ გზაზე“. რეალურად 39-ე პუნქტის შესაბამის ნაწილში საუბარია არა „საქართველოსა და ქართველ ხალხზე“, არამედ მხოლოდ „ქართველ ხალხზე“, ხოლო „საქართველოს ხელისუფლებაზე“ ცალკე საუბარია 36-ე პუნქტში. ლოგიკურია, ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებაში ხელისუფლება და ხალხი სხვადასხვა პუნქტში სხვადასხვა კონტექსტში არ იქნებოდა მოხსენიებული, თუ ევროკავშირი ამ შემთხვევაში ტერმინებს ურთიერთშემცვლელად იყენებდა.
ასევე არასწორია მტკიცება, თითქოს 39-ე პუნქტში წერია, რომ ევროპული საბჭო უშუალოდ და ამ მომენტში გაწევრიანების პროცესში მხარდაჭერას გამოხატავს - 36-ე პუნქტში სწორედ გაწევრიანების პროცესის შეჩერებაზეა საუბარია, ხოლო 39-ე პუნქტში არა ზუსტად იმავეში მხარდაჭერაზეა ჩანაწერი, არამედ გამოხატულია საქართველოს მოსახლეობისთვის ევროპული მომავლისკენ მიმავალ გზაზე მხარდაჭერის გაგრძელების მზაობა, რაც თვისობრივად იმავეს არ ნიშნავს. შესაბამისად, 39-ე პუნქტში საქართველოს მოსახლეობისადმი მხარდაჭერის გაგრძელების მზაობის გამოხატვა ვერ იქნება აღქმული დასტურად, რომ 36-ე პუნქტში ნახსენები საქართველოს ხელისუფლების ქმედებების შედეგად გაწევრიანების პროცესის ფაქტობრივ გაჩერებამდე მიყვანა არ ნიშნავს გაწევრიანების პროცესის შეჩერებას.
ევროპული საბჭოს 2024 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით და მასზე დაყრდნობით, საქართველოში ევროკავშირის ოფიციალურმა წარმომადგენელმა დამატებითი განმარტება გააკეთა, რომლის თანახმადაც: „27 ივნისს, ევროკავშირის ლიდერებმა, პრეზიდენტებმა და პრემიერ-მინისტრებმა ბრიუსელში შეხვედრა გამართეს და მათ მიიღეს რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ... ისინი ასევე შეთანხმდნენ, შეეჩერებინათ ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პროცესი. ეს ძალიან გარკვევითაა ნათქვამი ევროპული საბჭოს დასკვნაში. წაიკითხეთ ის ძალიან ყურადღებით. ევროკავშირის ლიდერებისთვის გაურკვეველია საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების განზრახვა. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი აშკარად უკუსვლაა 9 ნაბიჯისგან. ასევე, ანტიდასავლური, ანტიევროპული რიტორიკა სრულად შეუთავსებელია ევროკავშირში გაწევრიანების გაცხადებულ მიზანთან. სამწუხაროდ, ამ დროისთვის, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება შეჩერებულია“.
შემდგომ ევროკავშირს არ გაუკეთებია რაიმე განცხადება, რომ მისმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა აღნიშნული განმარტების გაკეთების დროს რაიმე შეცდომა დაუშვა ან ევროკავშირმა პოზიცია შეიცვალა. ასევე, ევროკავშირის ელჩის განმარტებით, „საქართველოს პარლამენტის მიერ ბოლო დროს მიღებულმა გადაწყვეტილებებმა, ისევე როგორც უმნიშვნელო პროგრესმა 9 ნაბიჯთან დაკავშირებით“ „გამოიწვია ევროკავშირის ლიდერების გადაწყვეტილება, შეეჩერებინათ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი“. მან დაამატა, რომ „ევროკავშირის ლიდერებისთვის გაურკვეველია საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების რეალური ზრახვები. ჯერ კიდევ შესაძლებელია, ყველაფერი შეიცვალოს, მაგრამ დრო იწურება“. ეს შესაძლოა, გარკვეულწილად აღქმული იყოს, როგორც 39-ე მუხლში გამოხატული მზაობისა, განაგრძოს საქართველოს მოსახლეობის მხარდაჭერა ევროპული მომავლისკენ მიმავალ გზაზე.
ევროკავშირის ოფიციალური წარმომადგენლის განცხადება, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია, ცალკე აღებულიც კი საკმარისია იმისთვის, რომ ეს ევროკავშირის ოფიციალურ პოზიციად იქნას მიჩნეული, რომ ევროკავშირმა საქართველოს გაწევრიანების პროცესი შეაჩერა. ხოლო ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებაში არსებული ჩანაწერის („ევროპული საბჭო მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, სიცხადე შეიტანოს თავის განზრახვებში არსებულ მოქმედებათა კურსის ცვლილების საშუალებით, რაც საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზას და გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად გაჩერებამდე მიჰყავს“) განმარტების ფონზე, ევროკავშირის ოფიციალური წარმომადგენლის განცხადება, რომ სწორედ ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებით საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერდა, საკითხს მეტად მკაფიოს, ცალსახას და არაორაზროვანს ხდის.
დამატებით შეიძლება აღინიშნოს საკითხთან დაკავშირებით მოპასუხე მხარის მიერ გაკეთებული განცხადებების არაზუსტი ნაწილები 36-ე პუნქტთან მიმართებით (მოპასუხე მხარის მიერ 39-ე პუნქტის არასწორი ინტერპრეტაცია დეტალურად უკვე ზემოთ არის განხილული). მოპასუხე მხარე საკითხზე საუბრისას აცხადებს: „აქ [ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებაში] საუბარია, რომ ხელისუფლება თუკი არ ახსნის კანონის შესაბამის მიზნებს, ამან შეიძლება გამოიწვიოს შეჩერება ევროინტეგრაციის პროცესის, რაც დე ფაქტო გაწევრიანების პროცესი შეჩერებას გამოიწვევს. ეს წერია... ...როდესაც გაეცნობით ამ დასკვნას, 36-ე პუნქტში წერია არა - შეჩერება, არამედ, თუ არ იქნება არგუმენტები შესაბამისი წარმოდგენილი, დე ფაქტო შეიძლება გამოიწვიოს“.
აღნიშნულ განცხადებაში არაერთი ფაქტობრივი უზუსტობაა. მოპასუხე მხარე 36-ე მუხლს არ ციტირებს, თუმცა 39-ე მუხლის ციტირებიდან გამომდინარე ჩანს, რომ მხარე ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებულ თარგმანს არ ეყრდნობა, რომლის ხელმძღვანელობაც ყველაზე ლოგიკურია. ნებისმიერი ტიპის თარგმანის შემთხვევაში, მსგავსი ჩანაწერები 36-ე პუნქტში არ გვხვდება. კერძოდ, მოპასუხე მხარის მტკიცებით, 36-ე პუნქტში „საუბარია, რომ ხელისუფლება თუკი არ ახსნის კანონის შესაბამის მიზნებს, ამან შეიძლება გამოიწვიოს შეჩერება ევროინტეგრაციის პროცესის, რაც დე ფაქტო გაწევრიანების პროცესის შეჩერებას გამოიწვევს“. მსგავსი ჩანაწერი 36-ე პუნქტში საერთოდ არ არსებობს. როგორც უკვე ზემოთ აღნიშნულია, 36-ე პუნქტში წერია: „ევროპული საბჭო საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სერიოზულ შეშფოთებას გამოხატავს. კერძოდ, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” მიღებული კანონი კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ ევროკომისიის რეკომენდაციაში მითითებულ ნაბიჯებთან მიმართებაში უკუსვლას წარმოადგენს. ევროპული საბჭო მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, სიცხადე შეიტანოს თავის განზრახვებში არსებულ მოქმედებათა კურსის ცვლილების საშუალებით, რაც საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზას და გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად გაჩერებამდე მიყავს“. ხოლო ინგლისურ ორიგინალში ტექსტი შემდეგია: “The European Council expresses its serious concern regarding recent developments in Georgia. In particular, the law adopted on transparency of foreign influence represents backsliding on the steps set out in the Commission’s recommendation for candidate status. The European Council calls on Georgia’s authorities to clarify their intentions by reversing the current course of action which jeopardises Georgia’s EU path, de facto leading to a halt of the accession process.”
როგორც ტექსტის ციტირებიდან ჩანს, ევროპული საბჭო კანონთან მიმართებით მხოლოდ იმას აცხადებს, რომ ის კომისიის მიერ განსაზღვრული რეკომენდაციების უკუსვლას წარმოადგენს და ის ხელისუფლებას კანონის შესაბამისი მიზნების ახსნას არ სთხოვს. ასევე კანონის მიზნების ახსნაზე არაა დამოკიდებული გაწევრიანების პროცესის შეჩერება. 36-ე პუნქტში წერია, რომ ხელისუფლების არსებულ მოქმედებათა კურსს გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად გაჩერებამდე მიჰყავს და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს „სიცხადე შეიტანოს თავის განზრახვებში არსებული მოქმედებათა კურსის ცვლილების საშუალებით“. შესაბამისად, მოთხოვნილია მოქმედებათა კურსის ცვლილება და არა კანონის მიზნების ახსნა, რომელზეც გაწევრიანების პროცესის შეჩერებაა დამოკიდებული.
შემდგომ მოპასუხე მხარე აცხადებს, რომ „36-ე პუნქტში წერია არა - შეჩერება, არამედ, თუ არ იქნება არგუმენტები შესაბამისი წარმომადგენელი, დე ფაქტო შეიძლება გამოიწვიოს“. 36-ე პუნქტში საერთოდ არ არის ნახსენები კანონთან (ან სხვა რამესთან) დაკავშირებით არგუმენტების წარმოდგენა და განცხადების ეს ნაწილი ტყუილია. რეალურად, ევროპული საბჭოს მოწოდებაა საქართველოს ხელისუფლების მიერ მოქმედებათა კურსის ცვლილების საშუალებით თავის განზრახვებში სიცხადის შეტანა.
ასევე, მოპასუხე მხარე ამტკიცებს, რომ 36-ე პუნქტში გაწევრიანების პროცესის პოტენციურად მომავალში შეჩერებაზეა საუბარი (ეს კი თითქოს არგუმენტების წარდგენაზეა დამოკიდებული, რაც ტყუილია). თუმცა რეალურად, ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებულ თარგმანში ვკითხულობთ: „...გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად გაჩერებამდე მიჰყავს“. ე.ი., გადაწყვეტილება მოცემულია ახლანდელ, აწმყო დროში (ზმნის სერიებისა და მწკრივების მიხედვით, პირველი სერიის პირველი მწკრივი, დაესმის კითხვა „რას შვრება?“) და არა - მომავალში. მომავლის შესატყვისი ფორმულირება ქართულში იქნებოდა: „პროცესის ფაქტობრივ გაჩერებამდე მიიყვანს“. უშუალოდ ინგლისურ ორიგინალზე დაყრდნობის შემთხვევაშიც აშკარაა, რომ საუბარი არაა მომავალში პოტენციურად შეჩერების გამოწვევაზე: ინგლისურში გამოყენებულია ტერმინი: “leading to a halt”, რაც არის ახლანდელი (present) დროის გამომხატველი ფორმა და ასახავს უკვე მიმდინარე მოვლენას (present participle) და არა მომავალში პოტენციურად დასაშვებ მოვლენას. მოპასუხე მხარის მიერ გაჟღერებული ფორმულირებისთვის შესაბამისი იქნებოდა “will lead to a halt” (გამოიწვევს შეჩერებას) ან “may lead to a halt” (შეიძლება გამოიწვიოს შეჩერება). შესაბამისად, მოპასუხე მხარის მტკიცება ამ ნაწილში არასწორია.
როგორც ზემოთ აღნიშნულია, ევროკავშირის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განმარტა ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება და მისი მოპასუხე მხარის მიერ მისი ალტერნატიული ინტერპრეტაციის წარმოჩენა, რომელიც ფაქტობრივ შეცდომებსა და ტყუილებზეა დაფუძნებული, არასწორი და არასერიოზულია.
საბოლოო ჯამში, მოპასუხე მხარის მტკიცება და დასკვნა - რომ მოსარჩელე მხარე თავის სარჩელს 78-ე მუხლთან დაკავშირებით იმ თითქოს არასწორი დაშვებაზე აგებს, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია და რეალურად, პროცესი შეჩერებული არაა, რის გამოც სარჩელიც არარელევანტურია - ფაქტობრივად არასწორია, რადგან ის შეცდომებსა და ტყუილებს ეფუძნება და როგორც ევროპულის საბჭოს გადაწყვეტილებაში არსებული ჩანაწერის, ისევ ევროკავშირის ოფიციალური წარმომადგენლის მიერ აღნიშნული ჩანაწერის განმარტებას ეწინააღმდეგება.
რედაქტორის შენიშვნა:საკონსტიტუციო სასამართლოში აღნიშნულ საქმეზე „ფაქტ-მეტრის“ მშობელი ორგანიზაცია „საქართვლოს რეფორმების ასოციაცია“ აგრეთვე მოსარჩელეა.