ირაკლი კობახიძე: გასული 4 წლის განმავლობაში 350 ათას ადამიანს დავეხმარეთ სიღარიბის დაძლევაში

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ირაკლი კობახიძის განცხადება არის ნახევრად სიმართლე.

პრემიერ-მინისტრი აბსოლუტური სიღარიბის სტატისტიკურ მონაცემებზე საუბრობს, რომელიც აჩვენებს, მოსახლეობის რა ნაწილი ცხოვრობს საარსებო მინიმუმს ქვემოთ, ანუ უკიდურეს გაჭირვებაში. მისი განცხადება, პირველ რიგში, საჭიროებს განმარტებას, რომ საუბარია აბსოლუტურ სიღარიბეზე და არა ზოგად სიღარიბეზე.

ამასთან, პრემიერი შესადარებლად 2020 წელს, ანუ პანდემიურ პერიოდს იღებს, როდესაც ქვეყანაში აბსოლუტურ სიღარიბეში მცხოვრები მოსახლეობის რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. თუ პანდემიამდე პერიოდს, ანუ 2019 წელს შევადარებთ, აბსოლუტური სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის წილი 19.5%-დან 11.8%-მდე, დაახლოებით 288.9 ადამიანით არის შემცირებული.

ამასთან, ირაკლი კობახიძე განცხადებაში უგულებელყოფს იმ ფაქტს, რომ ბოლო წლებში, აბსოლუტური სიღარიბის შემცირების პარალელურად, რეკორდულად გაიზარდა სოციალურად დაუცველთა რაოდენობა. მოსახლეობის 18.4% (680,833 ადამიანი) სახელმწიფოსგან საარსებო შემწეობას იღებენ. თავის მხრივ, სოციალურად დაუცველთა რაოდენობის და ფულადი სოციალური დახმარებების ზრდას აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებლის შემცირებაზე პირდაპირი გავლენა ჰქონდა, რადგან თუ ადამიანს გააჩნია არსებობისთვის აუცილებელი მინიმუმი, ის აბსოლუტური სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფთა სტატისტიკაში არ ხვდება.

აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებლის შემცირების იმგვარად ინტერპრეტირება, თითქოს მოსახლეობამ სიღარიბე დაძლია, მანიპულაციურია და არ ასახავს ობიექტურ რეალობას.

ამრიგად, „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ირაკლი კობახიძის განცხადება არის ნახევრად სიმართლე.

ანალიზი

10 სექტემბერს „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის პრეზენტაციაზე, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გასული 4 წლის ერთ-ერთ მიღწევად სიღარიბის შემცირება დაასახელა. მისი განცხადებით: „350 ათას ადამიანს დავეხმარეთ სიღარიბის დაძლევაში“.

პრემიერი განცხადებისას, აბსოლუტური სიღარიბის სტატისტიკურ მონაცემებს ეყრდნობა, რომელსაც „საქსტატი“ აწარმოებს. აბსოლუტური სიღარიბე აჩვენებს, მოსახლეობის რა ნაწილს არ გააჩნია საარსებო მინიმუმი, ანუ უკიდურეს სიღატაკეში ცხოვრობს. მოქალაქეების რიცხვი, რომლებიც აბსოლუტური სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობდნენ, მართლაც შემცირდა, თუმცა მტკიცება, თითქოს მოსახლეობის ამ ნაწილმა სიღარიბე დაძლია, არ ასახავს ობიექტურ რეალობას, რადგან უმეტესწილად ისინი კვლავ რჩებიან მოწყვლად ჯგუფად - ზოგად სიღარიბეში.

საქსტატის მონაცემებით, 2023 წელს საქართველოში სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის წილი 11.8%-ს შეადგენს, ანუ დაახლოებით 435.9 ათასი ადამიანი უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს და არსებობისთვის აუცილებელი მინიმუმი არ გააჩნია.

პრემიერი სიღარიბის მაჩვენებელზე საუბრისას, 2023 წლის მონაცემს 2020 წლისას ადარებს. ამ პერიოდში აბსოლუტური სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის წილი 21.3%-დან 11.8%-მდე, დაახლოებით 358.3 ათასი ადამიანით შემცირდა.

აქვე უნდა განვმარტოთ, რომ 2020 წელი არის პანდემიური წელი, როდესაც სამუშაო ადგილებისა და შემოსავლის დაკარგვა განსაკუთრებით მწვავე პრობლემა იყო, რასაც გამაღარიბებელი ეფექტი ჰქონდა. აბსოლუტური სიღარიბის დონე 1.8 პროცენტული პუნქტით გაიზარდა, ანუ დამატებით 69 ათასზე მეტი ადამიანი აბსოლუტურ სიღარიბის ზღვარს მიღმა აღმოჩნდა.

აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელს თუ პანდემიამდე პერიოდის, ანუ 2019 წლის მონაცემებს შევადარებთ, აბსოლუტური სიღარიბეში მცხოვრები მოსახლეობა 19.5%-დან 11.8%-მდე, დაახლოებით 288.9 ადამიანით არის შემცირებული.

გრაფიკი 1: სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობა და მათი წილი მთლიან მოსახლეობასთან

წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური; ავტორის გამოთვლები

ბოლო წლებში აბსოლუტური სიღარიბის დონის შემცირების პარალელურად, მკვეთრად გაიზარდა სოციალურად დაუცველთა ანუ საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა. სოციალურად დაუცველთა რაოდენობის და ფულადი დახმარებების ზრდას აბსოლუტური სიღარიბის დონის შემცირებაზე პირდაპირი გავლენა ჰქონდა, რადგან თუ ადამიანს გააჩნია არსებობისთვის აუცილებელი მინიმუმი, ის აბსოლუტური სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფთა სტატისტიკაში არ ხვდება.

სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, ქვეყანაში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა რეკორდულად არის გაზრდილი. 2019 წლის ბოლოს 427,373 მოქალაქე იყო სოციალურად დაუცველი (საარსებო შემწეობის მიმღები), რაც მთლიანი მოსახლეობის 11.5%-ს შეადგენდა. 2020 წლიდან ქვეყანაში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა იზრდება და 2024 წელს რეკორდულ მაჩვენებელს აღწევს. 2024 წლის აგვისტოს მონაცემებით, საარსებო შემწეობის მიმღები არის ჯამში, 680,833 ადამიანი, რაც მთლიანი მოსახლეობის 18.4%-ს შეადგენს. ანუ, 2020-2024 წლებში სოციალურად დაუცველთა რაოდენობა 253,460 ადამიანით არის გაზრდილი. (იხ. გრაფიკი)

ის, რომ ქვეყანაში სოციალურად დაუცველთა რაოდენობა მაღალია, გარკვეულწილად მთავრობის სოციალური პოლიტიკის შედეგია. კერძოდ, გაფართოვდა პროგრამა. ამასთან, სოციალურად დაუცველებისთვის ამოქმედდა საზოგადოებრივი დასაქმების სახელმწიფო პროგრამა და მასში ჩართულ პირთა ოჯახებს სოციალურად დაუცველის სტატუსი და შესაბამისი ბენეფიტები 4 წლის განმავლობაში უწყვეტად უნარჩუნდებათ. თუმცა, მთავარი ფაქტორი, რამაც ქვეყანაში სოციალურად დაუცველთა რაოდენობა გაზარდა, არის მოქალაქეთა მხრიდან მიმართვიანობის ზრდა (სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრაცია).

ფულადი სოციალური დახმარება სოციალურად დაუცველი ოჯახის თითოეულ ზრდასრულ წევრზე თვეში 30-დან 60-ლარამდე მერყეობს; 16 წლამდე ასაკის პირის ფულადი დახმარება თვეში 200 ლარს შეადგენს. ამასთან, თუ სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრი ჩართულია საზოგადოებრივი დასაქმების სახელმწიფო პროგრამაში, ის საარსებო შემწეობასთან ერთად თვეში დამატებით 300 ლარს იღებს. სწორედ ამ მინიმალური ფულადი ბენეფიტების ხარჯზე, სოციალურად დაუცველთა გარკვეულ ნაწილს ოფიციალურად განსაზღვრული საარსებო მინიმუმი გააჩნია და, შესაბამისად, აბსოლუტური სიღარიბის სტატისტიკაში აღარ ხვდება. თუმცა, ვერ ვიტყვით, რომ მათ სიღარიბე დაძლიეს. ფაქტია, რომ სოციალურად დაუცველები არიან მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც ცხოვრობს სიღარიბის ზღვარს მიღმა და სახელმწიფოსგან საარსებო შემწეობას საჭიროებს.

გრაფიკი 2: საარსებო შემწეობის მიმღები მოსახლეობის რაოდენობა და მათი წილი მთლიან მოსახლეობასთან

წყარო: სოციალური მომსახურების სააგენტო

განვიხილოთ ფარდობითი სიღარიბის მაჩვენებლებიც. ფარდობითი სიღარიბის ზღვარი მთლიანი მოსახლეობის მედიანური მოხმარების (სამომხმარებლო ხარჯების) 40%-ს და 60%-ს შეადგენს. გასულ 4 წლიან პერიოდში ფარდობითი სიღარიბის მაჩვენებლები პრაქტიკულად არ გაუმჯობესებულა.

საქსტატის 2023 წლის მონაცემებით, მოსახლეობის 19.8% მედიანური სამომხმარებლო ხარჯების 60%-ზე ნაკლებს მოიხმარს. ეს მაჩვენებელი 2019 წელს 20.1% იყო. 2023 წლის მონაცემებით, მოსახლეობის 7.4% მედიანური მოხმარების 40%-ს ქვემოთ ცხოვრობს. ეს მაჩვენებელი 2019 წელთან შედარებით არ შეცვლილა. (იხილეთ გრაფიკი 3)

გრაფიკი 3: ფარდობითი სიღარიბის მაჩვენებლები

წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

ამრიგად, პრემიერის განცხადება საჭიროებს განმარტებას, რომ საუბარია აბსოლუტური სიღარიბის სტატისტიკაზე და არა ზოგად სიღარიბეზე. ამასთან, პრემიერი 2023 წლის მონაცემებს 2020 წლის მაჩვენებელს ადარებს, ანუ პანდემიურ პერიოდს, როდესაც სიღარიბის დონე მნიშვნელოვნად გაზრდილი იყო. ამგვარი შედარებით, არსებულ სტატისტიკას კიდევ უფრო გადაჭარბებულად წარმოაჩენს. მართალია, აბსოლუტურ სიღარიბის მიღმა მცხოვრები მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა, თუმცა ამ ფაქტის იმგვარად ინტერპრეტირება, თითქოს ამ ადამიანებმა დაძლიეს სიღარიბე, გადაჭარბებულია, რადგან მათი დიდი ნაწილი კვლავ რჩება ზოგად სიღარიბეში. მით უმეტეს, რომ სოციალურად დაუცველთა რიცხვი რეკორდულად არის გაზრდილი და ქვეყნის მოსახლეობის 18.4% საარსებო შემწეობაზეა დამოკიდებული. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, „ფაქტ-მეტრი“ ირაკლი კობახიძის განცხადებას აფასებს ვერდიქტით ნახევრად სიმართლე.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5663 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია