საბა ბუაძე: საჯარო სექტორში შტატგარეშე დასაქმებულთა ანაზღაურება რეკორდულად არის გაზრდილი, 261 მლნ შეადგინა ამ ხარჯებმა მხოლოდ 2024 წლის 6 თვეში, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებს 25 მლნ ლარით აღემატება
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, საბა ბუაძის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.
სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მიხედვით, მიმდინარე წლის 6 თვეში საჯარო უწყებებში დასაქმებულ შტატგარეშე თანამშრომელთა შრომითმა ანაზღაურებამ 261 მლნ ლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 25 მლნ ლარით აღემატება. განცხადების ეს ნაწილი სიმართლეს შეესაბამება.
თუმცა, მთავრობის გაცხადებული სახელფასო პოლიტიკის გამო, რომელიც ყოველწლიურად ხელფასების 10%-იან ზრდაც გულისხმობს, შრომითი ანაზღაურების მაჩვენებელი ყოველ მომდევნო წელს (ჯერჯერობით 2026 წლამდე) გაიზრდება და რეკორდული იქნება.
საბა ბუაძე, აღნიშნულ განცხადებაში იმაზეც აპელირებს, რომ საჯარო სექტორში შტატები გაბერილია და პარტიული დასაქმების სივრცედ არის გადაქცეული.
სამწუხაროდ, სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშში შტატგარეშე თანამშრომელთა რაოდენობრივი მაჩვენებლები მოცემული არ არის, ამიტომ მსჯელობა, რამდენად არის გაზრდილი მათი რაოდენობა მთლიანად სექტორში, გაგვიჭირდება.
თუმცა შეგვიძლია, სახელმწიფო სსიპ-ებსა და ა(ა)იპებში დასაქმებულ უშტატო თანამშრომელთა რაოდენობაზე გავამახვილოთ ყურადღება. ბოლო წლებში, 2021 წლიდან მოყოლებული სსიპ-ებსა და ა(ა)იპებში შტატგარეშე თანამშრომელთა რაოდენობა ზრდადია.
შტატგარეშე თანამშრომელთა განსაკუთრებული ზრდა 2022 წელს დაფიქსირდა, როცა შტატგარეშე დასაქმებულთა რაოდენობა წინა წელთან შედარებით 7 745-ით - 15.3%-ით გაიზარდა.
აღსანიშნავია ისიც, რომ ხშირ შემთხვევაში, საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულ შტატგარეშე თანამშრომელთა რაოდენობა კანონით დასაშვებ ზღვარს აჭარბებს. ამის შესახებ მითითება არასამთავრობო ორგანიზაცია „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ კვლევასა და აუდიტის ანგარიშებში გვხვდება.
შესაბამისად, შტატგარეშე თანამშრომელთა რაოდენობა სახელმწიფო სტრუქტურებში ბოლო წლებში მზარდია, რაზეც პოლიტიკოსები მუდმივად აპელირებენ და აღნიშნულს პარტიული აქტივის დასაქმების ბერკეტად მიიჩნევენ, რადგან შტატგარეშე თანამშრომელთა დანიშვნის წესი უფრო მარტივია, ვიდრე შტატიანი თანამშრომლებისა. მიმდინარე 6 თვეში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, შტატგარეშე თანამშრომელთა შრომითი ანაზღაურება გაზრდილია და რეკორდულ მაჩვენებელზეა, თუმცა მთავრობის სახელფასო პოლიტიკის გამო, ყოველი მომდევნო წელი რეკორდული იქნება. აქედან გამომდინარე, „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, საბა ბუაძის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.
ანალიზი
გაერთიანება „ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენელმა საბა ბუაძემ ბრიფინგზე საჯარო სექტორში შტატგარეშე დასაქმებულთა ხელფასების ზრდაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა: „ძლიერი საქართველო“ ეხმაურება საჯარო სექტორში რეკორდულად გაზრდილი შტატგარეშე მოსამსახურეების ანაზღაურების საკითხს, რომელიც, რასაკვირველია, არის დაკავშირებული წინასაარჩევნო პერიოდთან და იმის გამო, რომ რუსეთის სამსახურში მყოფი ხელისუფლება ძალიან დიდი ტემპით კარგავს საზოგადოების მხარდაჭერას, საჯარო სექტორმა გადაწყვიტა, საჯარო სექტორი გადააქციოს პარტიული დასაქმების სივრცედ. სწორედ ამას უკავშირდება ის რეკორდული თანხები, რაც შტატგარეშე თანამშრომელთა ანაზღაურებაზე გაწეულ ხარჯებს გულისხმობს. 261 მლნ შეადგინა ამ ხარჯებმა მხოლოდ 2024 წლის 6 თვეში, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 25 მლნ ლარით აღემატება. 2015 წელს შტატგარეშე თანამშრომელთა ანაზღაურებაზე იხარჯებოდა 150 მლნ ლარი“.
„საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის მიხედვით, შტატგარეშე მოსამსახურე არის პირი, რომელიც სამსახურში არამუდმივ ამოცანათა შესასრულებლად დანიშვნით ან შრომითი ხელშეკრულებით გარკვეული ვადით მიიღება (მუხლი 8).
შტატგარეშე თანამშრომლების დასაქმება, შტატიან თანამშრომლებთან შედარებით (რომელნიც ძირითადად კონკურსის შედეგად იკავებენ თანამდებობას), მარტივ პროცედურებთან არის დაკავშირებული, რაც ნეპოტიზმის და პოლიტიკური ნიშნით დანიშვნის ალბათობას ზრდის და აადვილებს კიდეც.
სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მიხედვით, მიმდინარე წლის 6 თვეში საჯარო უწყებებში დასაქმებულ შტატგარეშე თანამშრომელთა შრომითმა ანაზღაურებამ 261 მლნ ლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 25 მლნ ლარით აღემატება. განცხადების ეს ნაწილი სიმართლეს შეესაბამება.
იმის საილუსტრაციოდ, თუ როგორ იცვლებოდა საჯარო სექტორში დასაქმებულ შტატგარეშე თანამშრომელთა ხელფასები, სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ბოლო წლების ანგარიშები შევისწავლეთ. აღნიშნული ინფორმაცია ცხრილ 1-შია ასახული.
ცხრილი 1: საჯარო სექტორში დასაქმებულ შტატგარეშე თანამშრომელთა შრომის ანაზღაურება წლების მიხედვით
წყარო: ფინანსთა სამინისტრო, სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშები
როგორც ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშები ცხადყოფს, საჯარო სექტორში დასაქმებულ შტატგარეშე თანამშრომელთა ხელფასები ზრდის ტენდენციით ხასიათდება და ყოველ მომდევნო წელს იზრდება. ისიც არის გასათვალისწინებელი, რომ 2023 წლის 1 იანვრიდან 2026 წლამდე მთავრობამ საჯარო სექტორში მომუშავეთა ხელფასების 10%-იანი ზრდა დააანონსა. ამის მიზეზად კი ის დასახელდა, რომ საჯარო სექტორში არსებული სახელფასო პოლიტიკა კერძო სექტორის მაჩვენებლებს საგრძნობლად ჩამორჩება და სხვაობა 2026 წლამდე უნდა აღმოიფხვრას.
შესაბამისად, მიმდინარე წლის 6 თვეში შტატგარეშე დასაქმებულთა ხელფასები ნამდვილად გაზრდილია, რეკორდულია, თუმცა აღნიშნული მთავრობის გაცხადებული პოლიტიკის გამო, განსაკუთრებულ შემთხვევად ვერ ჩაითვლება, თანაც გასულ წლებშიც ყოველ მომდევნო წელს ხელფასი თითქმის ამავე რაოდენობით იზრდებოდა.
საბა ბუაძე, აღნიშნულ განცხადებაში იმაზეც აპელირებს, რომ საჯარო სექტორში შტატები გაბერილია და პარტიული დასაქმების სივრცედ არის გადაქცეული.
სამწუხაროდ, სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშში შტატგარეშე თანამშრომელთა რაოდენობრივი მაჩვენებლები მოცემული არ არის, ამიტომ მსჯელობა, რამდენად არის გაზრდილი მათი რაოდენობა მთლიანად სექტორში, გაგვიჭირდება.
თუმცა შეგვიძლია, სახელმწიფო სსიპ-ებსა და ა(ა)იპებში დასაქმებულ უშტატო თანამშრომელთა რაოდენობა და ბოლო წლების სტატისტიკური მონაცემები განვიხილოთ.
ცხრილი 2: სახელმწიფო სსიპ-ებსა და ა(ა)იპ-ებში დასაქმებულთა რაოდენობა და შრომის ანაზღაურება
წყარო: ფინანსთა სამინისტრო, ბიუჯეტის შესრულების ანგარიშები
როგორც მონაცემები ცხადყოფს, 2014 წელს, წინა წელთან შედარებით, სსიპ-ებსა და ა(ა)იპ-ებში დასაქმებულთა რაოდენობა მნიშვნელოვნად - 9420-ით, გაიზარდა. ასევე გაიზარდა შრომის ანაზღაურებაც - 280.5 მლნ. ლარით. საყურადღებოა ერთი დეტალიც, 2014 წელს, 2013 წელთან შედარებით, შტატიან თანამშრომელთა რაოდენობა შემცირდა, შტატგარეშე თანამშრომელთა რაოდენობა კი საგრძნობლად - 12 899 ადამიანით, გაიზარდა. შემდგომ წელს მომუშავეთა რიცხოვნობა შემცირდა, სამაგიეროდ, გაიზარდა შრომის ანაზღაურება. 2019 წლიდან მოყოლებული, გარდა პანდემიური 2020 წლისა, ყველა კომპონენტში ზრდა ფიქსირდება. შტატგარეშე თანამშრომელთა განსაკუთრებული ზრდა 2022 წელს დაფიქსირდა, როცა შტატგარეშე დასაქმებულთა რაოდენობა წინა წელთან შედარებით 7 745-ით - 15.3%-ით გაიზარდა.
აღსანიშნავია ისიც, რომ ხშირ შემთხვევაში, საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულ შტატგარეშე თანამშრომელთა რაოდენობა კანონით დასაშვებ ზღვარს აჭარბებს. ამის შესახებ მითითება არასამთავრობო ორგანიზაცია „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ კვლევასა და აუდიტის ანგარიშებში გვხვდება.
აუდიტის ანგარიშებში ხშირად ყურადღება იმ ფაქტებზეც არის გამახვილებული, რომ მუნიციპალიტეტებში ხშირად იქმნება ისეთი სსიპ-ები და ა(ა)იპ-ები, რომელთა ობიექტური საჭიროება სათანადოდ დასაბუთებული არ არის და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების ფუნქციები ადგილობრივი ორგანოებისა და მუნიციპალური სხვა ა(ა)იპ-ების საქმიანობასთან არის დუბლირებული, ასევე ზოგიერთი ა(ა)იპ-ისთვის არ არის შექმნილი სათანადო შრომის პირობები.
გარდა ამისა აუდიტის დასკვნებში იმასაც ესმება ხაზი, რომ მუნიციპალიტეტების მიერ დაარსებულ სსიპ-ებსა და ა(ა)იპ-ებში დასაქმებულთა რაოდენობა არაგონივრულად მაღალია, ხშირად დასაქმებულთა რაოდენობის ზრდის მიზეზი და აუცილებლობა დასაბუთებული არ არის, ასევე ხშირია ფუნქციების დუბლირების შემთხვევები.
განხილული მასალიდან გამომდინარე, „ფაქტ-მეტრი“ საბა ბუაძის განცხადებას აფასებს ვერდიქტით მეტწილად სიმართლე.