ლევან ღავთაძე: უკუძალას ექნებოდა ადგილი მაშინ, თუ გამოვაცხადებდით 2023 წელს განხორციელებულ ქმედებას დასჯადად და გავავრცელებდით 2024 წელს
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ლევან ღავთაძის განცხადება არის ტყუილი
მოპასუხე არასწორად აღწერს უკუძალის აკრძალვის პრინციპის ფარგლებს. კერძოდ, უკუძალის აკრძალვის პრინციპი არ შემოიფარგლება მხოლოდ სისხლის სამართლის მატერიალური კანონმდებლობის ნორმების დროში მოქმედების საკითხის გადაწყვეტით. საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად: „საქართველოს კონსტიტუცია უკუძალის აკრძალვის ფარგლებს ფართოდ მოიაზრებს და მას უკავშირებს საერთოდ სამართლებრივ პასუხისმგებლობას“. შესაბამისად, მისი დასაბუთება ვერ გამოდგება იმის საილუსტრაციოდ, რომ პრეზიდენტის მოთხოვნა სადავო ნორმათა კონსტიტუციურობის უკუძალის აკრძალვის პრინციპთან მიმართებით შემოწმების თაობაზე „არასწორად არის გაგებული“.
ანალიზი:
2024 წლის 31 აგვისტოს, საკონსტიტუციო სასამართლოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასწყვეტ სხდომაზე (განმწესრიგებელი სხდომა) საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელმა ლევან ღავთაძემ აღნიშნა, რომ კანონი უკუძალის აკრძალვის პრინციპს არ არღვევს, ამიტომ, კონსტიტუციური სარჩელის ის ნაწილი, რომელიც კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტს მიემართება, სასამართლომ არსებითად განსახილველად არ უნდა მიიღოს.
„შემდეგი საკითხი ეს არის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტთან მიმართებით. აქაც ჩვენი პოზიცია იყო ცალსახა. ჩვენ ვსაუბრობთ ისეთ საკითხზე, რომელიც არ შეიძლება მივიჩნიოთ უკუძალად. უკუძალას ექნებოდა ადგილი მაშინ, თუ კი ჩვენ გამოვაცხადებდით 2023 წელს განხორციელებულ ქმედებას დასჯადად და უკუძალით გავავრცელებდით უკვე 2024 წელს ამ სუბიექტებზე პასუხისმგებლობას. თუ კი ობიექტურად ვერ დადგინდება ინფორმაციის არსებობა, ეს არ გამოიწვევს პირისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას და შესაბამისად, ჩვენ ვერ ვისაუბრებთ განსახილველ საკითხთან მიმართებით უკუძალაზე. საქართველოს პრეზიდენტის მიერ უკუძალის საკითხის არასწორად გაგება ხდება და აქ ჩვენი პოზიციაა, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ არ უნდა მიიღოს არსებითად განსახილველად“, - აღნიშნა პარლამენტის წარმომადგენელმა.
„ფაქტ-მეტრმა“ ლევან ღავთაძის განცხადება გადაამოწმა
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონზე“ პრეზიდენტის კონსტიტუციურ სარჩელში დავის ერთ-ერთი საგანია კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის მე-2 წინადადებასთან მიმართებით.
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის მე-2 წინადადების თანახმად, „კანონს, თუ იგი არ ამსუბუქებს ან არ აუქმებს პასუხისმგებლობას, უკუძალა არა აქვს“.
უკუძალის აკრძალვის პრინციპი არის: „პასუხისმგებლობის ნეგატიური შედეგებისაგან დაცვის კონსტიტუციური გარანტია, რათა პირი არ დაისაჯოს იმ ქმედების გამო, რომელიც მისი ჩადენის დროს სამართალდარღვევად არ ითვლებოდა, ისევე, როგორც არ დაისაჯოს იმაზე უფრო მკაცრად, ვიდრე მას ამის კანონისმიერი მოლოდინი ჰქონდა. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, ამ პრინციპის დაუცველობის შემთხვევაში, საფრთხის ქვეშ აღმოჩნდებოდა არა მარტო ცალკეული ადამიანის კონსტიტუციური უფლებები, არამედ ღირებულებათა წესრიგი, სამართლებრივი უსაფრთხოება, რომელიც თავად წარმოადგენს კონსტიტუციურ უფლებათა არსებობის (დაცვის) საძირკველს“. [1]
აღსანიშნავია, რომ „კონსტიტუციის დასახელებული დებულება არ შემოიფარგლება მხოლოდ სისხლის სამართლის მატერიალური კანონმდებლობის ნორმების დროში მოქმედების საკითხის გადაწყვეტით. საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად: „საქართველოს კონსტიტუცია უკუძალის აკრძალვის ფარგლებს ფართოდ მოიაზრებს და მას უკავშირებს საერთოდ სამართლებრივ პასუხისმგებლობას“. [2]
„პრეზიდენტის კონსტიტუციური სარჩელის მიხედვით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის ძალაში შესვლამდე, უცხოური წყაროებიდან მთლიანი/მთლიანი არაკომერციული შემოსავლის 20%-ზე მეტის მიღების ფაქტი კანონის ადრესატებისათვის არ წარმოშობდა სამართლებრივ შედეგებსა და მათთან დაკავშირებულ პასუხისმგებლობას. 2023 კალენდარული წლისა და 2024 კალენდარულ წლის 1 იანვრიდან 3 ივნისამდე პერიოდში მათ მიერ უცხოური წყაროებიდან მიღებული დაფინანსება დასრულებულ სამართლებრივ ურთიერთობას წარმოადგენს, რომლის შედეგებსაც რეტროაქტიურად ცვლის სადავო ნორმები, უკავშირებს რა ამ ურთიერთობას ახალ სამართლებრივ ვალდებულებებსა და პასუხისმგებლობას მათი შეუსრულებლობისათვის“.
პოზიცია, უკუძალის აკრძალვის პრინციპის დარღვევასთან დაკავშირებით, გაზიარებულია 122 არასამთავრობო ორგანიზაციის კონსტიტუციურ სარჩელშიც, სადაც ვკითხულობთ: „სადავო კანონის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტი, ისევე, როგორც მე-6 მუხლის პირველი პუნქტი - უკუძალით ავრცელებს კანონის მასტიგმატიზებელ ეფექტებს 2023 წელსა და 2024 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის 3 ივნისამდე გაწეულ საქმიანობაზე/შემოსავალზე. სხვაგვარად, კანონი ორგანიზაციას თავიდანვე არ უტოვებს შესაძლებლობას, იზრუნოს დაფინანსების წყაროების შეცვლაზე და ამ ფორმით, თავიდან აიცილოს სადავო კანონის მოქმედებით გამოწვეული უმძიმესი შედეგები. ერთადერთი ასეთი საშუალება მხოლოდ ორგანიზაციის თვითლიკვიდაციაა“.
„ახლადმიღებული კანონი წარსულში (კანონის მიღებამდე) განხორციელებული საქმიანობის გამო აწმყოში ითხოვს მასტიგმატიზებელი და საქმიანი რეპუტაციის შემლახავ რეესტრში რეგისტრაციის ვალდებულებების შესრულებას, ხოლო შეუსრულებლობისთვის - არაპროპორციულ სახდელებს (ჯარიმებს) ითვალისწინებს. ამგვარი რეგულირება ეწინააღმდეგება სამართლებრივი სახელმწიფოს ისეთ საბაზისო პრინციპებს, როგორიცაა: სამართლებრივი უსაფრთხოების პრინციპი და ნდობის პრინციპი”.
მოპასუხის წარმომადგენლის მტკიცება იმის თაობაზე, რომ უკუძალას ექნებოდა ადგილი მაშინ, თუ კი 2023 წელს განხორციელებული ქმედება 2024 წელს გამოცხადდებოდა დასჯადად, ეწინააღმდეგება საქართველოს საკონსტიტუციო პრაქტიკას, რომელიც უკუძალის აკრძალვის ფარგლებს ფართოდ მოიაზრებს და მას მხოლოდ სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას არ უკავშირებს. როგორც აღვნიშნეთ, სასჯელი სისხლის სამართლებრივი კატეგორიაა, ხოლო, უკუძალის აკრძალვის ფარგლები არა მხოლოდ სისხლის სამართლებრივ, არამედ ნებისმიერი სახის, მათ შორის, ადმინისტრაციული სახის პასუხისმგებლობაზეც ვრცელდება.
ამრიგად, მოპასუხე არასწორად აღწერს უკუძალის აკრძალვის პრინციპის ფარგლებს, შესაბამისად, მისი დასაბუთება ვერ გამოდგება იმის საილუსტრაციოდ, რომ პრეზიდენტის მოთხოვნა სადავო ნორმათა კონსტიტუციურობის უკუძალის აკრძალვის პრინციპთან მიმართებით შემოწმების თაობაზე „არასწორად არის გაგებული“ და ამიტომ, დასაშვები არ უნდა იყოს.
მოპასუხის წარმომადგენელმა, გარდა იმისა, რომ არასწორად განმარტა უკუძალის აკრძალვის პრინციპის, როგორც სამართლებრივი დაცვის გარანტიის ფარგლები, პირდაპირ დაადასტურა, რომ კანონის მიხედვით, პირს შესაძლოა, დაეკისროს იმ ინფორმაციის წარდგენის ვალდებულება, ასევე, მისი წარუდგენლობის შემთხვევაში პასუხისმგებლობა, რომლის დამუშავება კანონის მიღებამდე შესაძლოა, სულაც არ ევალებოდა. რეალურად, „კანონის დროში მოქმედების მთავარი წესის დაცვის კონსტიტუციური ვალდებულება გულისხმობს, რომ პასუხისმგებლობის დამდგენი ან დამამძიმებელი კანონი არ უნდა გავრცელდეს ურთიერთობებზე, რომლებიც წარმოიშვა ამ კანონის მიღებამდე“. მოპასუხემ ინფორმაციის წარუდგენლობისას, პირის ნეგატიური შედეგებისგან დაცვის გარანტიად, ინფორმაციის ობიექტურად ვერ მოძიების შემთხვევაში, პასუხისმგებლობის გამორიცხვა დაასახელა. ინფორმაციის ობიექტურად მოძიების შესაძლებლობის დადგენა/არ დადგენის საკითხის გადაწყვეტა კი, სრულიად იუსტიციის სამინისტროს ნებაზეა დამოკიდებული, რაც ცხადია, ვერ უზრუნველყოფს განსაზღვრულობისა და სამართლებრივი უსაფრთხოების პრინციპის დაცვას.
ყოველივე ზემოთ თქმულზე დაყრდნობით, მოპასუხის მტკიცება იმის შესახებ, რომ უკუძალას ექნებოდა ადგილი მაშინ, თუ კი, 2023 წელს განხორციელებულ ქმედება გამოცხადდებოდა დასჯადად, სამართლებრივად არაზუსტია და მას „ფაქტ-მეტრი“ აფასებს ვერდიქტით ტყუილი.
რედაქტორის შენიშვნა: საკონსტიტუციო სასამართლოში აღნიშნულ საქმეზე „ფაქტ-მეტრის“ მშობელი ორგანიზაცია - „საქართველოს რეფორმების ასოციაცია“, ერთ-ერთი მოსარჩელეა.
[1] ერემაძე ქ., ძირითადი უფლებები თავისუფლებისთვის წიგნი მეორე, თილისი 2021, გვ. 589
[2] იქვე
[3] იქვე