გიორგი ვაშაძე: რუსეთში ექსპორტი 600 მლნ დოლარია, რუსეთიდან იმპორტი - 1.8 მლრდ
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, გიორგი ვაშაძის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.
2023 წელს რუსეთში ექსპორტი 2.2%-ით გაიზარდა და 657 მლნ-ს მიაღწია, რუსეთიდან იმპორტი კი პირიქით 5%-ით, 1.750 მლრდ-მდე შემცირდა. იმპორტმა ექსპორტს 2.7-ჯერ გადააჭარბა და უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 45% შეადგინა.
რუსეთი ერთადერთი არაა, ვისთანაც საქართველოს უარყოფით სავაჭრო ბალანსი აქვს, ასეთია სავაჭრო პარტნიორ სახელმწიფოთა აბსოლუტური უმრავლესობა. 1995 წლიდან მოყოლებული, თითოეული წლის შემთხვევაში, იმპორტი ექსპორტს აჭარბებდა. ჯამურად 1995-2023 წლებში საქართველომ ექსპორტზე 54.3 მლრდ-ის პროდუქცია გაიტანა და 2.9-ჯერ მეტის - 157 მლრდ-ის იმპორტი განახორციელა. მთლიან საანგარიშო პერიოდში უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 49% შეადგინა.
უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსეთში ექსპორტის ზრდის ტემპი შემცირდა, სხვა ქვეყნებში კი არსებითად გაიზარდა, რის ფონზეც მისი წილი მთლიან ექსპორტში შემცირდა, თუმცა რუსეთი პირველ ადგილზეა ადგილობრივ ექსპორტში, ღვინის შემთხვევაში რუსეთზე ბაზრის 60%-ზე მეტი მოდის, მინერალური წყლის შემთხვევაში - 45% და ხილის შემთხვევაში - 80%-ზე მეტი.
ფქვილისა და ხორბლის იმპორტზე საქართველო მთლიანად რუსეთზეა დამოკიდებული, გაზრდილია წილი ენერგომატარებლებზე, კერძოდ, ბუნებრივ გაზსა და ნავთობპროდუქტებზე.
დეპუტატის მიერ დასახელებული რიცხვები ოფიციალურ სტატისტიკურ მონაცემებთან ახლოსაა, თუმცა მნიშვნელოვანი გარემოებაა ის ფაქტი, რომ საქართველოს მთელ მსოფლიოსთან უარყოფითი სავაჭრო ბალანსი გააჩნია და არა მხოლოდ რუსეთთან. საყურადღებოა ისიც, რომ ადგილობრივ ექსპორტში რუსეთმა პირველ ადგილზე აინაცვლა. რიცხობრივი სიზუსტისა და კონტექსტის ნაწილობრივი დამახინჯების გათვალისწინებით, „ფაქტ-მეტრმა“ გიორგი ვაშაძის განცხადება შეაფასა როგორც მეტწილად სიმართლე.
ანალიზი:
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ქარელში ფერმერებთან შეხვედრისას განაცხადა: (0:24-დან) „რუსეთიდან 1.8 მლრდ-ის პროდუქცია შემოდის და ჩვენ ვყიდით 600 მლნ-ისას“.
დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, პოლიტიკური დაძაბულობის მიუხედავად, რუსეთი საქართველოსთვის #1 საექსპორტო პარტნიორი გახდა. ემბარგომდე, 1995-2005 წლებში, რუსეთის წილი ექსპორტში საშუალოდ 23%-ს შეადგენდა, თუმცა უნდა აღინიშნოს ისიც, რომ რუსეთზე დამოკიდბულება ემბარგომდეც, უფრო მეტიც, ვარდების რევოლუციამდეც იკლებდა. თუ 1995 წელს რუსეთის წილი ექსპორტში 31%-ს შეადგენდა 2003 წელს 18%-მდე იყო შემცირებული. წილის კლებას სხვა ქვეყნებში ექსპორტის ზრდა განაპირობებდა.
2006 წლიდან მოსკოვმა ძირითად ქართულ საექსპორტო პროდუქციაზე, ღვინოსა და მინერალურ წყლებზე ემბარგო დააწესა, რასაც რუსეთის წილის 8%-მდე შემცირება მოჰყვა. რუსეთს ორმა მეზობელმა სახელმწიფომ - თურქეთმა და აზერბაიჯანმა გაუსწრო. მიუახლოვდა სომხეთიც. მომდევნო წლებში რუსეთის წილი კიდევ უფრო შემცირდა და მინიმალურ მაჩვენებელს 1.7%-ს 2011 წელს გაუთანაბრდა.
ემბარგოს პერიოდში 2006-2012 წლებში რუსეთის წილი ექსპორტში საშუალოდ 3%-ს შეადგენდა და მეზობელ სახელმწიფოებს შორის ბოლო ადგილს იკავებდა. ემბარგოს გარდა, რუსეთის წილის შემცირებაზე დამატებითი გავლენა ავტომობილების რეექსპორტმაც იქონია, რომელმაც სხვა ქვეყნებში ექსპორტის რიცხვობრივი მაჩვენებელი გაზარდა და შესაბამისად, რუსეთის წილი მთლიან ექსპორტში შემცირდა.
ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, რუსული ბაზარი ხელახლა გაიხსნა, თუმცა მასზე დამოკიდებულების დონე ემბარგომდელ მაჩვენებელს აღარ დაბრუნებია.
გრაფიკი 1: ექსპორტი რუსეთში
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
თუ ემბარგომდე, რუსეთი ექსპორტში უცვლელ პირველ ადგილს იკავებდა, ემბარგოს მერე მას აზერბაიჯანმა გაუსწრო, ცალკეულ წლებში ასევე ჩინეთმა, სომხეთმა, ყაზახეთმა და ყირგიზეთმაც.
უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსეთში ექსპორტი თანხობრივად კი გაიზარდა, მაგრამ რადგან სხვა ქვეყნებში ძირითადად რეექსპორტის ხარჯზე ზრდის ტემპი უფრო მაღალი იყო, რუსეთის წილი შემცირდა.
მთლიანი ექსპორტის გარდა, მნიშვნელოვანია ადგილობრივი ექსპორტის (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე) სტატისტიკაც. მსგავსი ინფორმაცია 2014 წლიდან მოიპოვება. 2014-2023 წლიან პერიოდში მთლიანი ექსპორტისგან განსხვავებით, ადგილობრივ ექსპორტში რუსეთი პირველ ადგილზეა, გარდა 2015 და 2020-2022 წლებისა, როცა რუსეთს შესაბამისად თურქეთი (2015) და ჩინეთი (2020-2022) უსწრებდა, თუმცა ჯამურად პერიოდში რუსეთმა პირველი ადგილი შეინარჩუნა.
გრაფიკი 2: ადგილობრივი ექსპორტი რუსეთში
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
რას ვყიდით რუსეთში? 2023 წელს ყველაზე მეტი ღვინო გავიდა, მეორე-მესამე ადგილები სპირტიან სასმელებსა და მსუბუქ ავტომობილებზე განაწილდა. ათეულში ასევე შევიდა ხილი (აერთიანებს რამდენიმე ჯგუფს, მათ შორის: გარგარს, ალუბალს, ბალს, ატამს, ქლიავს, ღოღნოშოს, ვაშლს, მსხალს, კომშს) მინერალური და დაგაზიანებული წყლები. 2021 წელს პირველ ადგილს ფეროშენადნობები იკავებდა, რომელიც 2023 წელს 73%-ით შემცირდა. 2024 წლის სტატისტიკაში მსუბუქი ავტომობილები პრაქტიკულად აღარ იძებნება - 7 თვეში სულ 21 ათასი დოლარის ღირებულების 3 ერთეული ავტომობილი გაიყიდა.
გრაფიკი 3: ექსპორტი რუსეთში (მლნ. აშშ დოლარი)
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
ცალკეულ პროდუქციაზე, განსაკუთრებით ადგილობრივი ექსპორტის შემთხვევაში, რუსეთის წილი განსაკუთრებით მაღალია. 2021-2023 წლებში ყოველი ექსპორტირებული 3 ბოთლი ღვინოდან 2 რუსეთში გადიოდა. მეტი სიზუსტისთვის, თანხობრივად რუსეთის წილი 61%-ს შეადგენდა, რაოდენობრივად - 66%-ს. 2024 წლის 7 თვეში ეს დამოკიდებულება თანხობრივად 70%-მდე და რაოდენობრივად 74%-მდე გაიზარდა. 2024 წელს რუსეთში ღვინის ექსპორტის ზრდას, სავარაუდოდ, მაისიდან აქციზზე ფასის ზრდამაც შეუწყო ხელი, რამაც რუს იმპორტიორებს წინასწარ მარაგების გაკეთებისკენ უბიძგა.
მას შემდეგ, რაც რუსული ბაზარი ქართული ღვინისთვის თავიდან გაიხსნა, 2013 წლიდან 2024 წლის აგვისტომდე, რუსეთის წილმა ქართული ღვინისთვის თანხობრივად 59% და რაოდენობრივად 62% შეადგინა. ამასთან 2014 წლიდან მოყოლებული რუსეთში საექსპორტო ფასი უფრო ნაკლებია, ვიდრე მსოფლიოს დანარჩენ ქვეყნებში. მაგალითად თუ 2023 წელს რუსეთში საექსპორტო ფასი 1 ლიტრზე 2.70 დოლარს უდრიდა, დანარჩენ ქვეყნებში ის საშუალოდ 3.33 დოლარად იყიდებოდა.
მართალია, დღეს რუსეთის გარდა სხვა ქვეყნებში უფრო მეტი ღვინო იყიდება, ვიდრე ემბარგომდე რუსეთის ჩათვლით მთლიანად მსოფლიოში, მაგრამ ცნობადობისა, თუ ზოგ შემთხვევაში, ხარისხთან დაკავშირებული პრობლემების გამო, რუსეთი ამ დრომდე მთავარ ბაზრად რჩება.
გრაფიკი 4: ღვინის ექსპორტი რუსეთში
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
შედარებით ნაკლები, მაგრამ მაინც ძალიან მაღალი 45%-იანი წილი უკავია რუსეთს მინერალური წყლების ბაზარზე, ხილის შემთხვევაში კი 80%-ს აჭარბებს.
რაიმე პროდუქტზე დამოკიდებულების მაღალი დონე არათუ ოკუპანტთან, პარტნიორ ქვეყანასთანაც კი რისკის შემცველია. როცა აზერბაიჯანმა მსუბუქი ავტომობილების იმპორტზე EURO 5-ს სტანდარტი აამოქმედა, ავტოექსპორტი ამ ქვეყანაში 2013-2015 წლებში 400-დან 65 მლნ დოლარამდე შემცირდა. 2022-2023 წლებში ჩინეთში სპილენძის მადნების ექსპორტი 583-დან 179 მლნ-მდე შემცირდა და უმთავრესად ამ მიზეზით მთლიანი ექსპორტიც 737-დან 311 მლნ-მდე შემცირდა. რუსეთის შემთხვევაში, ეკონომიკურთან ერთად პოლიტიკური ფაქტორებიც არსებობს, რაც რისკის დონეს მნიშვნელოვნად ზრდის.
რუსეთთან, ისევე როგორც სახელმწიფოთა აბსოლუტურ უმრავლესობასთან, საქართველოს უარყოფითი სავაჭრო ბალანსი გააჩნია. 1995-2023 წლებში ჯამურმა ექსპორტმა 54 მლრდ, იმპორტმა 157 მლრდ, ხოლო უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 49% შეადგინა.
იმავე პერიოდში, რუსეთში ექსპორტზე 5.6 მლრდ-ის პროდუქცია გავიდა, ხოლო იმპორტმა 15.3 მლრდ შეადგინა, უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა კი 46%, თუმცა საგულისხმოა ისიც, რომ ემბარგოს პირობებში 2006-2012 წლებში უარყოფითი სავაჭრო ბალანსი 83%-ს აღწევდა, ემბარგოს შემდეგ 2013-2023 წლებში კი 41%-მდე შემცირდა.
გრაფიკი 5: სავაჭრო ბალანსი
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
თუ შესადარებლად ომის დაწყების შემდგომ პერიოდს ავიღებთ, 2022-2023 წლებში საქართველოს მთლიანმა უარყოფითმა სავაჭრო ბრუნვამ 43% შეადგინა, ხოლო რუსეთთან 47%. ცვლილება რუსეთიდან გაზრდილმა იმპორტმა გამოიწვია, რაც ძირითადად ნავთობპროდუქტებს უკავშირდება. რუსული ნავთობი/ნავთობპროდუქტები შედარებით ნაკლები პროცენტით გაძვირდა, რაც ქართველი იმპორტიორებისთვის მომგებიანი აღმოჩნდა.
რას ვყიდულობთ რუსეთიდან? პირველ ადგილზე ნავთობპროდუქტებია, ძირითადად ბენზინი და დიზელი, მეორეზე - ბუნებრივი გაზი. სამეულს ხორბალი და ფქვილი ასრულებს (იმპორტის ჩამონათვალში ხორბალი და ფქვილი ცალ-ცალკეა მოცემული).
გრაფიკი 6: იმპორტი რუსეთიდან (მლნ. აშშ დოლარი)
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
ხორბლისა და ფქვილის შემთხვევაში, იმპორტის ფაქტობრივად 100% და ზეთის შემთხვევაში - 80%-ზე მეტი, რუსეთიდან ხორციელდება. ნავთობპროდუქტებში 2021 წელს რუსეთის წილი 16%-ს შეადგენდა, 2022-2023 წლებში თითქმის სამჯერ მეტს - 47%.
2013-2020 წლებში რუსეთის წილი ბუნებრივი აირის ბაზარზე თანხობრივად საშუალოდ 14%-ს შეადგენდა, 2021-2023 წლებში 27%-ს, 2024 წლის იანვარ-ივლისში კი 44%-მდე გაიზარდა. მოცულობითად 2013-2019 წლებში - 8%-ს, 2021-2023 წლებში - 19%-სა და 2024 წლის იანვარ-ივლისში - 30%.
საქართველოს გაზს სულ ორ ქვეყნიდან იღებს: აზერბაიჯანიდან და რუსეთიდან. მთლიანობაში, აზერბაიჯანული გაზი უფრო იაფია, თუმცა ბაზარი სექტორებადაა დაყოფილი. სამხრეთ გაზსადენის იმავე შაჰ-დენიზის ტრანზიტის სანაცვლოდ ქვეყანას გატარებული გაზის 5% სპეციალურ ფასად ერგება. გარდა ამისა, შეღავათიანი ტარიფი მოქმედებს ე.წ. სოციალურ გაზზე რომელიც მოსახლეობისა და თბოსადგურებისთვისაა განკუთვნილი. მსგავსი შეღავათები არ ვრცელდება კომერციულ გაზზე. ცალ-ცალკე ზუსტი ტარიფები გასაიდუმლოებულია. სავარაუდოდ, კომერციული რუსული გაზი კომერციულ აზერბაიჯანულ გაზზე იაფია და სწორედ ეს განაპირობებს მასზე მოთხოვნის ზრდას.
განცხადება რომ რუსეთში ექსპორტი 600 მლნ-ია და რუსეთიდან იმპორტი 1.8 მლრდ, რიცხობრივად თითქმის სიმართლეა. 2023 წელს რუსეთში ექსპორტზე 657 მლნ-ის პროდუქცია გავიდა და რუსეთიდან იმპორტმა 1.750 მლრდ შეადგინა, თუმცა არსებობს რამდენიმე მნიშვნელოვანი გარემოება: საქართველოს სავაჭრო ბალანსი დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე, დეფიციტურია და მთლიანი დეფიციტი დაახლოებით იგივეა, რაც რუსეთთან. ადგილობრივ ექსპორტში რუსეთმა ბოლო წლებში პირველ ადგილზე გადაინაცვლა. იმპორტშიც მაღალია რუსეთზე დამოკიდებულება ენერგო და კვების ობიექტებზე.
რიცხობრივი სიზუსტისა და კონტექსტის ნაწილობრივი დამახინჯების გათვალისწინებით, „ფაქტ-მეტრმა“ გიორგი ვაშაძის განცხადება შეაფასა როგორც მეტწილად სიმართლე.