სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში „ნაცი ხვიტია“, რომლის გავრცელებული დეზინფორმაცია „ფაქტ-მეტრს“ აქამდეც არაერთხელ გადაუმოწმებია (ბმული 1, 2), მამუკა ხაზარაძის, ირაკლი კუპრაძის, რატი ამაღლობელის, მერაბ სეფაშვილისა და გია როინიშვილის ვიდეოს (არქივირებული ვიდეოს ბმული) აქვეყნებს, თითქოს, ისინი საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილს უმღერიან. ცნობისთვის, „ნაცი ხვიტია“ არაავთენტური Facebook-ანგარიშია, რომელიც ანტიდასავლურ, ანტიოპოზიციურ, მადისკრედიტებელ გზავნილებს ანონიმურად ავრცელებს.

სინამდვილეში, ვიდეო რედაქტირებულია და მასზე გამოსახული ადამიანები არა მიხეილ სააკაშვილს, არამედ საკუთარ ამომრჩევლებს უმღერიან.

ვიდეო ინტერნეტსივრცეში თავდაპირველად მამუკა ხაზარაძის მიერ გამოქვეყნდა, აღწერით - „ჩვენ ვძლიერდებით! გამარჯვება ახლოსაა! ნურაფრის გეშინიათ!“. ვიდეოში პოლიტიკოსი, ირაკლი კუპრაძესთან, რატი ამაღლობელთან, გია როინიშვილთან და მერაბ სეფაშვილთან ერთად, სიმღერას - „გაიღიმე (ზღაპრის ბოლო კეთილია)“ ასრულებს.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტს ასზე მეტი რეაქცია აქვს. რეაქციებიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ Facebook-მომხმარებელთა უმრავლესობამ რედაქტირებული ვიდეო სატირად აღიქვა, თუმცა კომენტარებიდან გამომდინარე, ჩანს ისიც, რომ საზოგადოების ნაწილმა აუდიო რეალურად მიიჩნია.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.