გიორგი სიორიძე: ადრე, დადგენილებების მიღებისთვის კვალიფიციური უმრავლესობა იყო საჭირო, ახლა ესეც შეცვალეს და ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღება შეუძლიათ
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, გიორგი სიორიძის განცხადება არის მეტწილად სიმართლე
საარჩევნო კოდექსში განხორციელებული ცვლილებებით, საარჩევნო კომისიის იმ გადაწყვეტილების მისაღებად, რომელზეც არანაკლებ ორი მესამედის თანხმობა იყო საჭირო, უბრალო უმრავლესობაც საკმარისი გახდა. აღნიშნულით, გადაწყვეტილების მიღების პროცესში ოპოზიციის როლი ფაქტობრივად ნულამდე დავიდა, რამაც, ადგილობრივი ექსპერტების შეფასებით, 2021 წლის 19 აპრილის პოლიტიკური შეთანხმების შედეგად მიღწეული პარტიული და პროფესიული ნიშნით შერჩეულ წევრებს შორის არსებული ბალანსის ლოგიკა დაარღვია და საარჩევნო ადმინისტრაციის გადაწყვეტილებებისადმი ნდობის ხარისხი გააუარესა.
აღნიშნულის მიუხედავად, ვინაიდან განცხადების ავტორმა ცვლილებები ცესკოს 2024 წლის 16 აგვისტოს საკამათო დადგენილების კონტექსტში გააკრიტიკა, განცხადება საჭიროებდა დაზუსტებას იმის შესახებ, დადგენილება მიღებულია მაღალი კვორუმით (12 ხმა, მათ შორის, პოლიტიკური პარტიის მიერ დანიშნული კომისიის წევრების მხარდაჭერით (4 ხმა). ზემოთ თქმულზე დაყრდნობით, „ფაქტ-მეტრი“ სიორიძის განცხადებას აფასებს ვერდიქტით მეტწილად სიმართლე.
ანალიზი:
20 აგვისტოს ცესკოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე, ამჟამად, ცესკოს წევრი და კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერი, გიორგი სიორიძე პოლიტიკური პარტია “ლელო საქართველოსთვის” სარჩელზე სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. მისი თქმით, სამართლებრივი ბერკეტი, რომელიც ოპოზიციას დადგენილებების მიღების პროცესში გააჩნდა მმართველმა პარტიამ გააუქმა - „ადრე იყო, რომ რაღაც გარკვეულ გადაწყვეტილებებზე ოპოზიციონერ წევრებს სამართლებრივი ბერკეტი გვქონდა, თქვენ გახსოვთ, სულ ბოლოს ეს ცვლილება მიიღეს, რომ 12 წევრის ხმა იყო საჭირო დადგენილებების მიღებისთვის - კვალიფიციური უმრავლესობა, ახლა ესეც შეცვალეს, შესაბამისად, ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღება მათ სამართლებრივად შეუძლიათ“.
„ფაქტ-მეტრმა“ გიორგი სიორიძის განცხადება გადაამოწმა
განცხადების ავტორი „ქართული ოცნების“ მიერ 2 მაისს ინიციიირებულ და უკვე ძალაში შესულ ცვლილებებზე ლაპარაკობს. ცვლილებების მიხედვით, საარჩევნო კომისიის იმ გადაწყვეტილების მისაღებად, რომელზეც არანაკლებ ორი მესამედის თანხმობა იყო საჭირო, უბრალო უმრავლესობაც საკმარისი გახდა.
უფრო კონკრეტულად, „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მე-8 მუხლს დაემატა შემდეგი შინაარსის პუნქტი: თუ ცესკოს სხდომაზე კენჭისყრის შედეგად ვერ იქნა მიღებული ცესკოს ის გადაწყვეტილება, რომლის მისაღებად საჭიროა ცესკოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის (12 წევრი) მხარდაჭერა, ცესკოს ამ გადაწყვეტილებას იმავე სხდომაზე კენჭი ხელახლა ეყრება. ამ შემთხვევაში ცესკოს აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს ცესკოს სრული შემადგენლობის უბრალო უმრავლესობა (9 წევრი).
აღნიშნული ცვლილებები სწორედ დადგენილებებს შეეხო, რომლის მისაღებად ცვლილებებამდე არსებული რედაქციით, ხმათა 2/3-ის თანხმობა იყო საჭირო. „ცესკოს დადგენილება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტია, რომელიც საარჩევნო კოდექსით განსაზღვრულ შემთხვევებში გამოიცემა და არაერთ მნიშვნელოვან საკითხს არეგულირებს. მათ შორის, ცესკოს დადგენილებით განისაზღვრება 2024 წელს საპარლამენტო არჩევნებზე კენჭისყრის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარების წესები და პირობები; კენჭისყრის პროცედურები; არჩევნების გამართვისათვის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხის განაწილებისა და გამოყენების წესი. ამასთანავე, ცესკო, საჭიროების შემთხვევაში, უფლებამოსილია დადგენილებით განსაზღვროს არჩევნების მეორე ტურის ჩატარებისათვის აუცილებელი დამატებითი ღონისძიებები და ვადები. დადგენილებით მტკიცდება საარჩევნო კომისიის რეგლამენტიც და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები“. [1]
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის შუალედურ ანგარიშში აღნიშნა, რომ ცვლილებებით მნიშვნელოვნად გაუარესდა ამ პროცესში სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის მონაწილეობის ხარისხი. დაირღვა 2021 წლის 19 აპრილის პოლიტიკური შეთანხმების შედეგად მიღწეული პარტიული და პროფესიული ნიშნით შერჩეულ წევრებს შორის არსებული ბალანსის ლოგიკა, რადგან შეთანხმებით, კომისიებში წევრთა რაოდენობის ზრდა სწორედ პოლიტიკური პარტიების უფრო დაბალანსებული წარმომადგენლობის მიღწევას ემსახურებოდა.
ამრიგად, გიორგი სიორიძის განცხადება, რომ „მმართველი პარტიის“ საკანონმდებლო ცვლილებით, ოპოზიციონერ წევრებს დადგენილებების მიღების პროცესში სამართლებრივი ბერკეტები გაუქრათ, ზუსტია, თუმცა ვინაიდან განცხადების ავტორმა აღნიშნულ ცვლილებებზე ცესკოს 2024 წლის 16 აგვისტოს საკამათო დადგენილების კონტექსტში იმსჯელა, განცხადება საჭიროებდა დაზუსტებას იმის შესახებ, რომ აღნიშნული დადგენილება მიღებულია მაღალი კვორუმით (12 ხმა, მათ შორის, პოლიტიკური პარტიის მიერ დანიშნული კომისიის წევრების მხარდაჭერით (4 ხმა). ზემოთ თქმულზე დაყრდნობით, „ფაქტ-მეტრი“ სიორიძის განცხადებას აფასებს ვერდიქტით მეტწილად სიმართლე.