გიორგი სიორიძე: ცვლილებები ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის წესში ეწინააღმდეგება როგორც ვენეციის კომისის და ეუთო ოდირის მოთხოვნებს, ასევე ევროკავშირის 9 დათქმას

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, გიორგი სიორიძის განცხადება არის სიმართლე

2024 წლის 20 თებერვალს დამტკიცებული ცვლილებებით, ცესკოს თავმჯდომარეობის/წევრობის კანდიდატის მაღალი ლეგიტიმაციით [90 ხმა] ვერ არჩევის შემთხვევაში, კანდიდატის კიდევ ორი მცდელობით, უბრალო უმრავლესობით [76 ხმა] არჩევის შესაძლებლობა კვლავ დარჩა.

მაღალი კვორუმის მხოლოდ ფორმალურად შემოღებამ, მმართველ პარტიას კანდიდატების ერთპარტიულად დანიშვნის შესაძლებლობა დაუტოვა. აღნიშნულმა პარტიებს შორის კონსენსუსის საჭიროება ფაქტობრივად გააქრო და საარჩევნო ადმინისტრაციის ხელისუფლებისადმი დაქვემდებარების რისკი გაზარდა.

ხელისუფლების „ანტი-ჩიხური“ მექანიზმი, კანონპროექტით გათვალისწინებულ სხვა ცვლილებებთან ერთად, ვენეციის კომისიამ და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისმა გააკრიტიკა. კრიტიკული დასკვნის მიუხედავად, საქართველოს პარლამენტმა ცვლილებების პაკეტს მხარი დაუჭირა, ხოლო, შემდგომ, „ქართულმა ოცნებამ“, „გირჩმა“ და „ევროპელმა სოციალისტებმა“ ცესკოს თავმჯდომარე და ცესკოს 3 წევრი 5 წლის ვადით აირჩიეს.

ანალიზი:

2024 წლის 13 აგვისტოს „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის შუალედური ანგარიში წარადგინა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ არჩევნებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ჩარჩო, მმართველი პარტიის ინიციატივით, არაერთხელ შეიცვალა და გაუარესდა. საკითხს ცესკოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე, ამჟამად, ცესკოს მოქმედი წევრი გიორგი სიორიძე გამოეხმაურა - „ხელისუფლებამ მარტო 2024 წელს კატასტროფული საარჩევნო რეფორმები გაატარა. ერთი მხრივ, ეს შეეხებოდა ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის წესს, რომლითაც პრაქტიკულად დააკანონა ერთპარტიული არჩევის შესაძლებლობა და აირჩია კიდეც შესაბამისი პირები, რაც ეწინააღმდეგება როგორც ვენეციის კომისის, ასევე, ეუთო-ოდირის მოთხოვნებს. ასევე, ეწინააღმდეგება ევროკავშირის 9 დათქმას“.

„ფაქტ-მეტრმა“ გიორგი სიორიძის განცხადება გადაამოწმა

2020 წლის 31 ივლისის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ არსებული პოლიტური კრიზისის პასუხად, საერთაშორისო პარტნიორების ხელშეწყობითა და ადგილობრივი დაინტერესებული მხარეების ჩართულობით საარჩევნო რეფორმა განხორციელდა. რეფორმის ფარგლებში, ცესკოს უპარტიო წევრებს პარლამენტს პრეზიდენტი წარუდგენდა; ცესკოს თავმჯდომარისა და პროფესიული წევრების სრული ვადით თანამდებობაზე ასარჩევად პარლამენტის სრული შემადგენლობის ხმათა 2/3 გახდა საჭირო. თუ ხმების საჭირო რაოდენობა პირველ ჯერზე ვერ შეგროვდებოდა, კანდიდატს მეორედ (ისევ 2/3 ხმების უმრავლესობით), მესამედ (3/5 ხმების უმრავლესობით), მეოთხედ (უბრალო უმრავლესობით) ეყრებოდა კენჭი. უბრალო უმრავლესობის მხარდაჭერის მიღების შემთხვევაში, არჩეული პირი 6 თვით დაიკავებდა თანამდებობას“. [1]

დიალოგის შედეგად ფორმირებული საკანონმდებლო ჩარჩო, რომელიც საერთაშორისო მოწონებას იმსახურებდა, მმართველმა პარტიამ, ჯერ კიდევ, 2023 წლის ზაფხულში გააუარესა.

2023 წლის ცვლილებებით, წევრთა არჩევის კვორუმი უბრალო უმრავლესობამდე შემცირდა, რაც იმას ნიშნავს, რომ კანდიდატთა სრული ვადით, ერთპარტიულად არჩევის შესაძლებლობა გაჩნდა. აღნიშნულმა, პარტიებს შორის კონსენსუსის საჭიროება გააქრო და საარჩევნო ადმინისტრაციის ხელისუფლებისადმი დაქვემდებარების რისკი გაზარდა. გარდა ამისა, კომისიის დაკომპლექტების პროცესს პრეზიდენტი, ფაქტობრივად, ჩამოსცილდა, კანდიდატების შესარჩევი საკონკურსო კომისიის შექმნისა და პარლამენტისთვის კანდიდატთა წარდგენის უფლებამოსილება, მის ნაცვლად, პარლამენტის თავმჯდომარეს მიენიჭა. [2]

ადგილობრივი და საერთაშორისო მწვავე კრიტიკის ფონზე, 2023 წლის შემოდგომაზე მმართველმა პარტიამ საარჩევნო კოდექსისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის ცვლილებების პროექტი დააინიციირა. ცვლილებებით, ცესკოს თავმჯდომარის იმ მოადგილის პოზიცია გაუქმდა, რომელიც არჩეული იყო პოლიტიკური პარტიების მიერ დანიშნულ ცესკოს წევრთაგან; ძალაში დარჩა საარჩევნო კოდექსში მანამდე არსებული წესი, რომლის მიხედვითაც, ცესკოს თავმჯდომარეობის/წევრობის კანდიდატებს საქართველოს პარლამენტის თავმდჯომარე შეარჩევდა და პარლამენტს წარუდგენდა; ასევე, ფორმალურად შეიცვალა ცესკოს თავმჯდომარისა და სხვა წევრების არჩევის პროცედურა.

ცვლილებებით, ცესკოს თავმჯდომარეობის/წევრობის კანდიდატის ასარჩევად, პირველ კენჭისყრაზე დეპუტატების 3/5-ის [90 ხმა] მხარდაჭერა გახდა საჭირო, თუმცა მათი მაღალი ლეგიტიმაციით ვერ არჩევის შემთხვევაში, კანონმა კანდიდატის კიდევ ორი მცდელობით, კვლავ უბრალო უმრავლესობით არჩევის შესაძლებლობა დატოვა. კანდიდატის განმეორებით კენჭისყრაზე ვერ არჩევის შემთხვევაში, კანდიდატის არჩევის უფლებამოსილებით საქართველოს პრეზიდენტი აღიჭურვა. [3]

2023 წლის 19 დეკემბერს ვენეციის კომისიამ და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისმა ერთობლივი მოსაზრება გამოქვეყნეს დაინიციირებული ცვლილებების შესახებ.

კომისიის ანგარიშის მიხედვით, საარჩევნო ადმინისტრაციის მაღალი საზოგადოებრივი ნდობის უზრუნველსაყოფად და მისი შემადგენლობის დაკომპლექტებაზე პოლიტიკურ პარტიებს შორის კონსენსუსის მისაღწევად მეტის გაკეთებაა საჭირო. „შემოთავაზებული ანტი-ჩიხური მექანიზმი, რომელიც ფუნდამენტურად განსხვავდება 2021 წლის 19 აპრილის პოლიტიკური შეთანხმების შედეგად ფორმირებული მექანიზმისგან, აჩენს მაღალ რისკს, რომ მმართველმა პარტიამ ერთპარტიულად შეძლოს ცესკოს თავმჯდომარისა და უპარტიო წევრების დანიშვნა“ - ვკითხულობთ ანგარიშში.

ვენეციის კომისიამ, საარჩევნო კომისიების დაკომპლექტებასთან დაკავშირებით, წინა რეკომენდაციები გაიმეორა და ხელისუფლებას ურჩია, შეეცვალა ცვლილებების პროექტი, რათა უზრუნველყოფილიყო კონსენსუსი ცესკოს უპარტიო წევრებისა და თავმჯდომარის დანიშვნა/არჩევაზე; „ეს შეიძლება გულისხმობდეს თავდაპირველად საპარლამენტო უმრავლესობის ხმების 2/3-ის მოთხოვნას და, ნებისმიერ შემთხვევაში, ჩიხის საწინააღმდეგო მექანიზმის გამოყენებას, რომელიც კვალიფიციურ უმრავლესობას ანიჭებს უპირატესობას და, მხოლოდ ამის შემდეგ, მარტივი უმრავლესობის გამოყენებას, როგორც საბოლოო გამოსავალს ჩიხიდან გამოსასვლელად“. გარდა ამისა, კომისიის მითითებით, მნიშვნელოვანი იყო ჩიხის საწინააღმდეგო მექანიზმის მუშაობის სხვადასხვა ეტაპებს შორის შემოთავაზებული შეზღუდული დროის გახანგრძლივება კონსესუსის უზრუნველსაყოფად.

კომისიამ პროექტში წარმოდგენილი სხვა ცვლილებებიც გააკრტიკა. კომისიის რეკომენდაციით, ცესკოს უპარტიო წევრებისა და თავმჯდომარის წარდგენის უფლებამოსილება პარლამენტის თავმჯდომარის ნაცვლად კვლავ პრეზიდენტს უნდა გადასცემოდა; ასევე, პროექტიდან უნდა ამოღებულიყო დებულება ცესკოს თავმჯდომარის იმ მოადგილის პოზიციის გაუქმების შესახებ, რომელიც არჩეული იყო პოლიტიკური პარტიების მიერ დანიშნულ ცესკოს წევრთაგან.

ამრიგად, კანდიდატის მაღალი კვორუმით დამტკიცების შემოღება პოლიტიკურ პარტიებს შორის მოლაპარაკების სივრცის გაჩენასა და კონსენსუსის საჭიროებას უკავშირდება. აღნიშნული, თავის მხრივ, საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ საზოგადოებრივი ნდობის გამყარებას განაპირობებს. მაღალი კვორუმის მხოლოდ ფორმალურად შემოღებამ, მმართველ პარტიას კანდიდატების ერთპარტიულად დანიშვნის შესაძლებლობა დაუტოვა. აღნიშნულმა პარტიებს შორის კონსენსუსის საჭიროება ფაქტობრივად გააქრო და საარჩევნო ადმინისტრაციის ხელისუფლებისადმი დაქვემდებარების რისკი გაზარდა.

მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლების „ანტი-ჩიხური“ მექანიზმი, კანონპროექტით გათვალისწინებულ სხვა ცვლილებებთან ერთად, ვენეციის კომისიამ და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისმა გააკრიტიკა, საქართველოს პარლამენტმა ცვლილებების პაკეტს მხარი დაუჭირა, ხოლო, შემდგომ, „ქართულმა ოცნებამ“ „გირჩმა“ და „ევროპელმა სოციალისტებმა“ ცესკოს თავმჯდომარე და ცესკოს 3 წევრი 5 წლის ვადით აირჩიეს.

ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, „ფაქტ-მეტრი“ გიორგი სიორიძის განცხადებას აფასებს ვერდიქტით სიმართლე.

[1] საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის I შუალედური ანგარიში, გვ. 21.

[2] იქვე.

[3] თუ განმეორებითი კენჭისყრის შედეგად, ცესკოს რომელიმე წევრი კვლავ არ აირჩა კენჭისყრიდან არაუგვიანეს 1 კვირისა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ცესკოს წევრის (წევრების) დანიშვნის მიზნით საქართველოს პრეზიდენტს უგზავნის ცესკოს წევრობის კანდიდატის (კანდიდატების) შესარჩევ ღია კონკურსში მონაწილე პირთა სიას (ცესკოს წევრად ახალარჩეული პირი ამ სიაში არ შეიყვანება) და შესაბამის საკონკურსო დოკუმენტაციას. საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია აღნიშნული სიისა და დოკუმენტაციის მიღებიდან 1 კვირაში ამ სიაში მყოფ პირთაგან 5 წლის ვადით დანიშნოს ცესკოს იმდენი ან იმაზე ნაკლები წევრი, ცესკოს რამდენი წევრიც დარჩა საქართველოს პარლამენტს ასარჩევი.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5669 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია