ირაკლი კობახიძე: საქართველო მაქსიმალურად უახლოვდება ევროკავშირს, უკრაინა და მოლდოვა შორდებიან
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ირაკლი კობახიძის განცხადება არის ტყუილი
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველო ევროკავშირს მაქსიმალურად უახლოვდება, ხოლო სხვა წევრობის კანდიდატი ქვეყნები - უკრაინა და მოლდოვა, პირიქით, მას შორდებიან:
„რეალურად, თუ რომელიმე ქვეყანა უახლოვდება მაქსიმალურად ევროკავშირს, ეს არის სწორედ საქართველო. სამწუხაროდ, უკრაინაში არის სხვა მდგომარეობა, მოლდოვაში არის სხვა მდგომარეობა როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური, დემოკრატია, კორუფცია და ა.შ. ყველა თვალსაზრისით ეს ორი ქვეყანა უფრო და უფრო მეტად შორდება ევროკავშირს. ჩვენ გვაქვს რეალურად თვისებრივი დაახლოების პროცესი, შინაარსობრივად საქართველო სულ უფრო მეტად უახლოვდება იმ სტანდარტებს, რომელიც არის საჭირო ევროკავშირში გაწევრიანებისთვის...
...კანდიდატ ქვეყნებს შორის საქართველო დღეს არის ყველაზე დემოკრატიული, კანდიდატ ქვეყნებს შორის საქართველოში ტარდება ყველაზე დემოკრატიული არჩევნები, კანდიდატ ქვეყნებს შორის საქართველოშია ბიზნესი ყველაზე მეტად თავისუფალი და ა.შ. კორუფციისგან ყველაზე თავისუფალი ქვეყანაა საქართველო კანდიდატ ქვეყნებს შორის, ეს არის მთავარი და არა განცხადებები.
განცხადებები ხან ასეთი კეთდება, ხან ისეთი, ეს განცხადებები შემდეგ იცვლება, პოლიტიკური კონიუნქტურის ამბავია.
საბოლოო ჯამში, მთავარია, შინაარსობრივად რამდენად არის ქვეყანა წელში გამართული და ამ კუთხით საქართველო ყველაზე მეტად არის წელში გამართული კანდიდატ ქვეყნებს შორის. შესაბამისად, როგორც კი გადაივლის ის სირთულეები, რომლის წინაშეც დგას ჩვენი რეგიონი, როგორც კი დასრულდება პირველ რიგში ომი უკრაინაში, მაშინვე მიდგომები შეიცვლება და მაშინვე დაფასდება ის მდგომარეობა, რომელიც არის დღეს საქართველოში ეკონომიკის, დემოკრატიის თუ ნებისმიერი სხვა კუთხით“.
„ფაქტ-მეტრი“ ირაკლი კობახიძის განცხადებით დაინტერესდა, კერძოდ, გადაამოწმა, მტკიცების ნამდვილობა, რომლის მიხედვითაც საქართველო ევროკავშირს მაქსიმალურად უახლოვდება, ხოლო უკრაინა და მოლდოვა მას შორდებიან. ირაკლი კობახიძე განცხადებაში საქართველოს მოლდოვასა და უკრაინას სხვა კრიტერიუმებითაც ადარებს, თუმცა მოცემული სტატია მხოლოდ განცხადების ძირითად ნაწილზე - ქვეყნის ევროკავშირთან დაახლოებაზე ფოკუსირდება. ირაკლი კობახიძე სხვადასხვა კრიტერიუმს ასახელებს, რომლებიც ცალკე აღებული მნიშვნელოვანი კრიტერიუმებია, თუმცა შემდგომ ის აკონკრეტებს, რომ საუბარია იმ სტანდარტებთან დაახლოებაზე, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანებისთვის არის საჭირო.
პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ ამ მხრივ ევროკავშირში გაწევრიანებასთან სიახლოვე მარტივად გაზომვადია იმის მიხედვით, თუ გაწევრიანების რა ეტაპზე იმყოფება ესა თუ ის ქვეყანა.
2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის მიერ უკრაინაში გაუმართლებელი და არაპროვოცირებული შეჭრის შედეგად შეცვლილ გეოპოლიტიკურ კონტექსტში საქართველოს შანსი მიეცა, რომ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი გაეკეთებინა. 2022 წლის 3 მარტს საქართველომ განაცხადი შეიტანა ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ. განაცხადის პასუხად, 2022 წლის 23 ივნისის ევროპული საბჭოს ისტორიული გადაწყვეტილებით, საქართველოს ევროპული პერსპექტივა და ევროკავშირის პოტენციური კანდიდატის სტატუსი მიენიჭა. „ასოცირებული ტრიოს“ დანარჩენმა ორმა წევრმა - მოლდოვამ და უკრაინამ - კანდიდატის სტატუსი მიიღეს, საქართველოს კი კანდიდატის სტატუსის მისაღებად12 პრიორიტეტი განესაზღვრა.
ევროკავშირის გაფართოების 2023 წლის 8 ნოემბერს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, ევროკომისიამ ევროპულ საბჭოს რეკომენდაცია გაუწია, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი მიენიჭებინა; 9 ნაბიჯის შესრულების შემთხვევაში კი საქართველო შეძლებდა გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების ეტაპზე გადასვლას. ამის პარალელურად ევროკომისიამ რეკომენდაცია გაუწია ევროპულ საბჭოს, რომ უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებები დაეწყო.
აღნიშნული გადაწყვეტილების შესაბამისად, 2024 წლის 25 ივნისს ევროკავშირმა მოლდოვასა და უკრაინასთან გაწევრიანების მოლაპარაკებები დაიწყო და გაწევრიანების შესახებ პირველი მთავრობათაშორისი კონფერენციები გამართა. ამავე პერიოდში ევროკავშირმა საქართველოსთან გაწევრიანების პროცესი შეაჩერა. 9 ნაბიჯის შესრულებაში უმნიშვნელო პროგრესი და „საქართველოს პარლამენტის მიერ ბოლო დროს მიღებული გადაწყვეტილებები“ გახდა მიზეზი იმისა, რომ ევროკავშირის ლიდერებმა გადაწყვიტეს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეეჩერებინათ. კერძოდ, 2024 წლის 27 ივნისის ევროპული საბჭოს დასკვნების თანახმად, ევროპულმა საბჭომ საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სერიოზული შეშფოთება გამოხატა. კერძოდ, ევროპული საბჭოს თანახმად, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღება წარმოადგენს უკუსვლას ევროკომისიის მიერ კანდიდატის სტატუსის რეკომენდაციაში განსაზღვრულ ნაბიჯებთან მიმართებით (იგულისხმება 9 ნაბიჯი). ევროპულმა საბჭომ საქართველოს მთავრობას კურსის შეცვლის გზით მისი ზრახვების განმარტებისკენ მოუწოდა, რადგან არსებული კურსი აზიანებს საქართველოს გზას ევროკავშირისკენ და დე ფაქტო „იწვევს გაწევრიანების პროცესის შეჩერებას“.
ამდენად, ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები დაიწყო, ხოლო საქართველოსთან გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია. აღნიშნული ფაქტები საპირისპიროა იმისა, რასაც ირაკლი კობახიძე ამტკიცებს - თითქოს, საქართველო ევროკავშირს მაქსიმალურად უახლოვდება, ხოლო მოლდოვა და უკრაინა ევროკავშირს შორდებიან.
გაწევრიანების კონტექსტში ევროკავშირთან დაახლოების შესაფასებლად მთავარი უშუალოდ ევროკავშირის შეფასებაა, რაც გაფართოების ანგარიშებშია მოცემული.
მოცემული სამი ქვეყნის მიერ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთების შემდგომ ევროკავშირმა თითოეულ მათგანს გადასადგმელი ნაბიჯების სია განუსაზღვრა (საქართველოს შემთხვევაში ეს იყო 12 პრიორიტეტი, ხოლო შემდგომ 9 ნაბიჯი). პრიორიტეტების შესრულება, რომლებიც მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორებიცაა დემოკრატიული განვითარება, მართლმსაჯულების სისტემის გაუმჯობესება, კორუფციასთან ბრძოლა, ადამიანის უფლებები და ა.შ., და შესაბამისად, ევროკავშირთან დაახლოებისთვის გადადგმული ნაბიჯები, ევროკავშირმა გაფართოების ანგარიშში შეაფასა.
ანგარიშის თანახმად, საქართველომ სრულად12-დან 3 პრიორიტეტი შეასრულა, მოლდოვამ სრულად 9-დან 6 ნაბიჯი შეასრულა, ხოლო უკრაინამ სრულად 7-დან 4 ნაბიჯი შეასრულა. აღნიშნული მიუთითებს, რომ მოლდოვა და უკრაინა გადადგმული რეფორმების მიხედვით (მათ შორის, თვისებრივი და შინაარსობრივი დაახლოებით თვალსაზრისით) ევროკავშირს უფრო მეტად უახლოვდებოდნენ, ვიდრე საქართველო. კანდიდატის სტატუსის მონიჭების შემდგომ განსაზღვრული 9 ნაბიჯის შესრულებაში - ე.ი. ევროკავშირთან დაახლოების თვალსაზრისით - კი, ევროკავშირის შეფასებით, საქართველოს მხოლოდ უმნიშვნელო პროგრესი აქვს. მეტიც, საქართველოს პარლამენტმა 2024 წელს მიიღო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონი, რომელიც, ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების თანახმად, ეწინააღმდეგება 9 ნაბიჯს და ევროკავშირის ღირებულებებს. საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის, განცხადებით, ეს კანონი და მის ირგვლივ განვითარებული ყველა ნეგატიური მოვლენა საქართველოს ევროკავშირს აშორებს.
ევროკავშირის გაფართოების ანგარიშში ასევე მოცემულია შეფასებები ევროკავშირში გასაწევრიანებლად საჭირო სხვადასხვა კრიტერიუმების (თავის) და მათი დაჯგუფების შედეგად მიღებული თემატური კლასტერების მიხედვით. ამ მხრივ საქართველოს მზაობის დონე ზოგ ნაწილში აღემატება უკრაინისა და მოლდოვის მზაობის დონეს, თუმცა არა ყველა ნაწილში, ისევე როგორც განსხვავებულია პროგრესი სხვადასხვა ნაწილის მიხედვით (სულ ასეთი 35 თავია). ევროკავშირის პრიორიტეტები გაწევრიანებასთან დაკავშირებით, რომლებიც ძირითადად გაწევრიანების ფუნდამენტურ საკითხებს (პირველი კლასტერი) ეხება, ევროკავშირის მიერ გამოყოფილ პრიორიტეტებში/ნაბიჯებშია მოცემული. აღნიშნული პრიორიტეტების/ნაბიჯების შესრულების მიმართულებებით პროგრესის მხრივ, კი, საქართველო უკრაინასა და მოლდოვას, როგორც ეს ზემოთ იყო განხილული, ჩამორჩება.
ამდენად, ირაკლი კობახიძის მტკიცებები, რომ საქართველო მაქსიმალურად უახლოვდება ევროკავშირს, მათ შორის იმ სტანდარტების მხრივ, რაც ევროკავშირში გაწევრიანებისთვის არის საჭირო, ხოლო უკრაინა და მოლდოვა, პირიქით, მას შორდებიან, ტყუილია. რეალურად, არსებული პროგრესის შეფასების მიხედვით, ევროკავშირმა მოლდოვასა და უკრაინასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები გახსნა, ხოლო საქართველოს გაწევრიანების პროცესი შეაჩერა.