სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელი, რომლის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია „ფაქტ-მეტრს“ არაერთხელ გადაუმოწმებია (1, 2, 3), პაატა იმნაძის ფოტოს ავრცელებს, რომელსაც თან ერთვის ციტატა: „ამირან გამყრელიძის გადადგომის გამო მთელ ქვეყანას 40 დღე შავი პირბადე უნდა გეკეთოთ“. რეალურად, პაატა იმნაძეს მსგავსი განცხადება არ გაუკეთებია.

ინტერნეტსივრცეში გავრცელებული ეკრანის ანაბეჭდი, 2018 წლის 25 დეკემბერს YouTube არხის საშუალებით „დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის“ მიერ გავრცელებული პაატა იმნაძის მიმართვის ნაწილია. ვიდეო მიმართვაში პაატა იმნაძე საუბრობს 2018 წლის გრიპის სტატისტიკაზე, H1N1 და H3N2 გრიპის გავრცელებისა და მასთან ბრძოლის გზებზე.

ვიდეოს არც ერთ მონაკვეთში პაატა იმნაძეს ფრაზა: „ამირან გამყრელიძის გადადგომის გამო მთელ ქვეყანას 40 დღე შავი პირბადე უნდა გეკეთოთ“ (ან მსგავსი შინაარსის ციტატა), არ გაუჟღერებია. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ ამირან გამყრელიძე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან, რომელსაც 2013 წლიდან იკავებდა, 2022 წელს გადადგა. შესაბამისად 2018 წელს ჩაწერილ ვიდეოში პაატა იმნაძე 2022 წელს ამირან გამყრელიძის გადადგომის შესახებ განცხადებას ვერ გააკეთებდა.

ამასთანავე, იმნაძის მსგავსი ციტატა არა მხოლოდ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ ოფიციალურ წყაროში არ იძებნება, არამედ არც ერთ სხვა ღია წყაროში, საძიებო სისტემაში, სანდო მედიაში და არც პაატა იმნაძის პირად Facebook-პროფილზე. ამასთან, მტკიცების ავტორის მიერ არ არის მოყვანილი წყარო, რომელიც ციტატის ნამდვილობას დაადასტურებდა.

შესაბამისად, სოციალურ ქსელში გავრცელებული პაატა იმნაძის ციტატა ყალბია.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.