გვერდი „სინამდვილეში“ სეისმოლოგ თეა გოდოლაძის შესახებ მანიპულაციურ მტკიცებას ავრცელებს

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, გვერდის - „სინამდვილეში“, გავრცელებული მტკიცება ტყუილია.

შოვის ტრაგედიიდან ერთი წლის თავზე, Facebook-გვერდი „სინამდვილეში“ (რომელიც „ქართული ოცნების“ კომუნიკაციების დეპარტამენტის კუთვნილებაა), სეისმოლოგ თეა გოდოლაძის ბრიფინგს გამოეხმაურა, რომელიც შოვის ტრაგედიას მიეძღვნა. მათი პოსტის მიხედვით, „სეისმოლოგი თეა გოდოლაძე შოვის ტრაგედიიდან ერთი წლის თავზე ისევ ამტკიცებს, რომ უბედური შემთხვევის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო. დღეს გამართულ ბრიფინგზე გოდოლაძემ თქვა, რომ „განგაშის სისტემის არსებობის შემთხვევაში ტრაგედიის თავიდან აცილება შეიძლებოდა“...სინამდვილეში, თეა გოდოლაძე ისევ იტყუება. შოვის ტრაგედიიდან რამდენიმე კვირაში გამოქვეყნდა შვეიცარიელი ექსპერტების დასკვნა, სადაც ეწერა, რომ სტიქია განვითარდა და ღვარცოფმა კურორტამდე რამდენიმე წუთის განმავლობაში, რის გამოც უბედური შემთხვევის თავიდან აცილება შეუძლებელი იყო. გოდოლაძე ასევე იტყუებოდა, რომ სტიქიამდე ყინულის საფარის ქვეშ დაგუბდა ტბა, რამაც ბიძგი მისცა სტიქიურ უბედურებას, თუმცა კვალიფიციური ექსპერტების დასკვნაში წერია, რომ წყლის დაგუბებას ადგილი არ ჰქონია“. (არქივირებული ბმული)

შეგახსენებთ, 2023 წლის 3 აგვისტოს, მდ. ბუბისწყლის ხეობაში განვითარებულმა სტიქიამ კურორტ შოვში 26 ჰა ფართობზე არსებული საცხოვრებელი სახლების, ინფრასტრუქტურის განადგურება და ადამიანთა მსხვერპლი გამოიწვია. ბოლო მონაცემებით, 32 ადამიანია დაღუპული და დაკარგულად ერთი ადამიანი ითვლება.

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი შოვის ტრაგედიის წლისთავს კვლევით გამოეხმაურა. კვლევის მიხედვით, მყინვარ თბილისის თავზე, ზ.დ.-დან 3850 მეტრ სიმაღლეზე, სამხრეთ-აღმოსავლეთით ციცაბოდ დახრილ ფერდზე კლდეზვავი განვითარდა, რომელიც მყინვარ თბილისს შეეჯახა. კლდეზვავის მოცულობამ დაახლოებით 1 მილიონი კუბური მეტრი შეადგინა.

კვლევაში ასევე აღნიშნულია, რომ სტიქიის კერას წლის თბილ პერიოდში ახასიათებდა სეზონური დნობით გამოწვეული მცირემასშტაბიანი ნატეხოვანი ან/და ტალახიანი ნაკადები. კვლევის ფარგლებში, 2023 წლის 1 ივლისიდან 3 აგვისტოს ჩათვლით ყოველდღიური სატელიტური მონაცემები გაანალიზდა (შერჩეული 22 უღრუბლო დღე). დაკვირვების პერიოდში დაფიქსირდა როგორც დნობა/ჩამოშლის კვალი, ისე თოვა და აღნიშნული კვალის კვლავ დაფარვა, თუმცა ნაკადების ფართობის გამორჩეულად მკვეთრი ზრდა 20, 21 ივლისს, და შესაძლოა, 25, 26 ივლისს ფიქსირდება.

თუმცა, აღნიშნული, როგორც კვლევაშია ნათქვამი, მომავალი კატასტროფული სტიქიის გარდაუვალობაზე არ მიუთითებდა, ის მხოლოდ იმის არამკაფიო ნიშნებს იძლეოდა, რომ მომავალში შეიძლებოდა გარკვეული სტიქია ჩამოყალიბებულიყო.

კვლევის მიხედვით, საქართველოში არსებული 49 სეისმური სადგურის და 36 ძლიერი მოძრაობის მარეგისტრირებელი ხელსაწყოს ჩანაწერებზე დაკვირვებით ( მათ შორის, ღარის სეისმური სადგურის, რომელიც შოვის სტიქიის ზონასთან ყველაზე ახლოს მდებარე სადგურია) და მათი შეჯამების საფუძველზე, დადგინდა, რომ ხეობაში ნაშალი მასალის ტრანსპორტირება თბილისის დროით 14:56 წუთზე დაიწყო, ხოლო კლდეზვავის განვითარების ინტენსიური პროცესები ორი საათით უფრო ადრე, 13:00 საათზე.

კვლევის საბოლოო დასკვნის მიხედვით, შოვში წინასწარი და ადრეული შეტყობინების სისტემების არსებობის შემთხვევაში, ინფორმაცია 2 საათით ადრე იარსებებდა და შესაძლებელი იქნებოდა განგაშის გამოცხადება.

როგორც ვხედავთ, თეო გოდოლაძის ორგანიზაციის მიერ ჩატარებულ კვლევაში წერია, რომ წინასწარი და ადრეული შეტყობინების სისტემის არსებობის შემთხვევაში სტიქიის წინასწარი განჭვრეტა რამდენიმე საათით ადრე იქნებოდა შესაძლებელი და შესაბამისად, ადამიანების ევაკუაციაც მოესწრებოდა. კვლევაში განგაშის სისტემა, რაზეც „სინამდვილეში“ აპელირებს, საერთოდ არ არის ნახსენები.

უფრო მეტიც, ტელეკომპანია „მთავარის“ სიუჟეტშიც თეა გოდოლაძე მკაფიოდ აცხადებს, რომ „წინასწარი შეტყობინების სისტემისა და მონიტორინგის სისტემის არსებობის შემთხვევაში, და არა განგაშის, ამ ტრაგედიის თავიდან აცილება შესაძლებელი იქნებოდა“. აქედან გამომდინარე, Facebook-გვერდი „სინამდვილეში“ თეა გოდოლაძეს არასწორ ციტატას მიაწერს, გოდოლაძე განგაშის სისტემებზე საერთოდ არ საუბრობს.

რა წერია შვეიცარიელების დასკვნაში, რომელსაც გვერდი „სინამდვილეში“ თეა გოდოლაძის „ტყუილის“ დასადასტურებლად იყენებს.

აქ იგულისხმება შვეიცარიის სპეციალიზებული კომპანიის (GEOTEST AG) მიერ მომზადებული ანგარიში - „Georgia, Shovi Disaster, Event Analysis“, Report Nr. 1423094.1; 28.11.2023.

შვეიცარიელების ანგარიშში განგაშის სისტემებთან დაკავშირებით შემდეგი ჩანაწერი არსებობს - „განგაშის საუკეთესო სისტემის არსებობის შემთხვევაშიც კი, დიდი მასშტაბის კატასტროფული მოვლენის დროს, მოსახლეობის ევაკუაციისთვის, დრო არასაკმარისი იქნებოდა“, ანუ შოვში განგაშის სისტემა რომც ყოფილიყო, სიგნალის მიღების შემდეგ, უშუალოდ სტიქიის განვითარებამდე მცირე დროის არსებობის გამო, მოსახლეობის ევაკუაცია ვერ მოესწრებოდა.

თუმცა ამავე ანგარიშში ისიც წერია, შოვში მონიტორინგის სისტემის არსებობის შემთხვევაში, მოვლენები როგორ შეიძლებოდა განვითარებულიყო. შვეიცარიელების ანგარიშის მიხედვით, მონიტორინგის სისტემის არსებობის შემთხვევაში, კლდის ქანების დესტაბილიზაციის აღმოჩენა ადრეულ ეტაპზევე იქნებოდა შესაძლებელი. შესაბამისად, მოახლოებული საფრთხის შესახებ წინასწარი გაფრთხილება და ხალხის ევაკუაციაც შესაძლებელი იქნებოდა. „სამომავლოდ, ასეთი მოვლენების თავიდან ასაცილებლად, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ყველაზე ეფექტური და სანდო საშუალება ყოვლისმომცველი მონიტორინგისა და ადრეული გაფრთხილების სისტემა იქნება“, - ვკითხულობთ ანგარიშში.

შესაბამისად, შვეიცარიელებიც ადასტურებენ, რომ მონიტორინგის და ადრეული შეტყობინების სისტემის არსებობის შემთხვევაში, ტრაგედიის თავიდან აცილება შესაძლებელი იქნებოდა, ანუ შვეიცარიელი ექსპერტების იმასვე ამბობენ, რასაც თეა გოდოლაძე აცხადებს.

ასევე აღსანიშნავია, რომ გვერდის „სინამდვილეში“ მიერ გავრცელებული პოსტის მიხედვით, შვეიცარიელი ექსპერტების დასკვნა, შოვის ტრაგედიიდან რამდენიმე კვირაში გამოქვეყნდა. სინამდვილეში, შვეიცარიელების კვლევა 2023 წლის 28 ნოემბრით თარიღდება. შესაბამისად, ის სტიქიიდან 3 თვეზე მეტი ხნის გასვლის შემდეგ არის გამოქვეყნებული.

გვერდის „სინამდვილეში“ პოსტში იმაზეც არის საუბარი, თითქოს თეა გოდოლაძე სტიქიამდე ყინულის საფარის ქვეშ წყლის დაგროვებაზეც საუბრობდა. დედამიწის შემსწავლელი მეცნიერების ინსტიტუტის კვლევაში აღნიშნულზე საუბარი არ არის. კვლევაში წერია, რომ სტიქიის კერას წლის თბილ პერიოდში ახასიათებდა სეზონური დნობით გამოწვეული მცირემასშტაბიანი ნატეხოვანი ან/და ტალახიანი ნაკადები, ხოლო სტიქია მყინვარ თბილისის თავზე განვითარებულმა კლდეზვავმა განაპირობა, რომელიც მყინვარ თბილისს შეეჯახა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს დასკვნის მიხედვითაც, მყინვარ ბუბას დასავლეთით ჩამოწოლილი კლდეზვავი მყინვართან შევიდა კონტაქტში. ამ პროცესს მყინვარის ჩამონგრევა და ნაპრალებში არსებული წყლების გამოდინება მოჰყვა, ზედაპირზე კლდეზვავის ხახუნმა მყინვარი უსწრაფესად გაადნო და წარმოქმნა ღვარცოფი, რომელიც ხეობისკენ დიდი სისწრაფით დაიძრა.

როგორც ვხედავთ, ორივე დასკვნაში სტიქიის გამომწვევად კლდეზვავის მყინვართან კონტაქტში შესვლაა დასახელებული.

აქვე აღვნიშნავთ, რომ გარემოს ეროვნულმა სააგენტომ შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით, საბოლოო ანგარიში მიმდინარე წლის 16 თებერვალს გამოაქვეყნა. დოკუმენტი საკმაოდ მოცულობითია და ჩვენ ანგარიშის დეტალურ განხილვაში არ/ვერ შევალთ (უფრო დეტალურად იხ. სტატია).

ყურადღებას მხოლოდ ერთ დეტალზე გავამახვილებთ. როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს, ასევე შვეიცარიული კომპანიის ანგარიშებში წერია, რომ განგაშის სისტემა, ამ მასშტაბის სტიქიის შემთხვევაში, რასაც შოვში ჰქონდა ადგილი, ეფექტური ვერ იქნებოდა და მოსახლეობის ევაკუაცია ვერ მოესწრებოდა. თუმცა, შვეიცარიელების ანგარიშში აღნიშნულია ისიც, რომ მონიტორინგის სისტემის არსებობის შემთხვევაში, მოახლოებული საფრთხის შესახებ წინასწარი გაფრთხილება იქნებოდა შესაძლებელი და, შესაბამისად, ხალხის ევაკუაციაც, სავარაუდოდ, მოესწრებოდა. გარემოს ეროვნული სააგენტოს ანგარიშში მხოლოდ განგაშის სისტემაზეა საუბარი, ხოლო მონიტორინგის სისტემაზე ყურადღება გამახვილებული არ არის, მიუხედავად იმისა, რომ ანგარიშის მომზადებისას, გარემოს ეროვნულმა სააგენტომ, სხვადასხვა კვლევასთან ერთად, შვეიცარიელების მიერ მომზადებული კვლევითაც იხელმძღვანელა (აღნიშნულზე მითითება თვითონ კვლევაში გვხვდება).

ამდენად, განხილული მასალიდან გამომდინარე, ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, გვერდის - „სინამდვილეში“, გავრცელებული მტკიცება ტყუილია.