აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს უმრავლესობამ, 2024 წლის ოქტომბრის არჩევნებამდე, აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ კანონში ცვლილებები დაამტკიცა. საკანონმდებლო ორგანოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ცვლილებები ითვალისწინებს აღნიშნული კანონის ჰარმონიზაციას „საქართველოს საარჩევნო კოდექსთან“.

როგორც საქართველოს პარლამენტის 2024 წლის არჩევნები, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნებიც სრულად პროპორციული წესით ჩატარდება. ცვლილების თანახმად კი (აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ კანონის თავი IV; მუხლი 39, პ. 61), პარტიას უფლება (და არა - ვალდებულება) აქვს, პარტიული სიის შედგენისას, რომელიმე მათგანი განსაზღვროს მუნიციპალიტეტის დელეგატობის კანდიდატად, ანუ სიაში, ამ კანდიდატის გვარისა და სახელის გასწვრივ, მიუთითოს იმ მუნიციპალიტეტის დასახელება, რომლის დელეგატობის კანდიდატადაც განსაზღვრა. ერთ მუნიციპალიტეტს ერთ პარტიულ სიაში ერთი დელეგატობის კანდიდატი უნდა ჰყავდეს. თუ ამომრჩეველთა ყველაზე მეტი ნამდვილი ხმა ორმა ან ორზე მეტმა პარტიამ თანაბარი რაოდენობით მიიღო, უპირატესობა ენიჭება იმ წევრს, რომლის მუნიციპალიტეტის დელეგატობის კანდიდატატდ განმსაზღვრელმა პარტიამაც რეგისტრაცია უფრო ადრე გაიარა.

ამ ცვლილებას ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი აკრიტიკებს. ისინი მიიჩნევენ, რომ „ქართული ოცნება“, სიაში დელეგატობის კანდიდატების განსაზღვრით, ამომრჩევლის შეცდომაში შეყვანასა და ხმების მობილიზებას ეცდება.

„ფაქტ-მეტრი“ რამდენიმე მათგანს ესაუბრა. გთავაზობთ აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს ოპოზიციონერი დეპუტატისა და იმ არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებებს, რომლებიც მრავალი წელია, რაც საარჩევნო პროცესებს აქტიურ მონიტორინგს უწევენ.

გია აბულაძე, აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“: „ხელისუფლებამ, რუსული კანონის წინააღმდეგ მრავალათასიანი საპროტესტო აქციებით, დაინახა რეალური საფრთხე და მაშინვე შემოიღო სხვადასხვა ცვლილება. მათ შორის, დელეგატის შესახებ. არსად არ წერია, რა არის დელეგატის ფუნქცია და უფლებამოსილება. ეს სჭირდებათ პიარკამპანიისთვის და მოსახლეობის შეცდომაში შესაყვანად. მინდა ვუთხრა ხელისუფლებას, რომ ძალიან ცუდი წარმოდგენა აქვს საქართველოს მოსახლეობაზე. ამომრჩეველმა ძალიან კარგად იცის, რომ მსგავსი ჩანაწერი, თითქოს ვიღაც „პატრონი“ არსებობს, რომელიც მუნიციპალიტეტის მოსახლეობას რაღაც პრობლემებს მოუგვარებს, მცდარია. ჩვენი, პროდასავლური პარტიების, ამოცანაა, გავზარდოთ ხალხის მონაწილეობა პარლამენტსა და უმაღლეს საბჭოში. ხელისუფლება კი ეუბნება მათ, რომ ისინი იქნებიან დამოკიდებული ერთ მინიოლიგარქზე, რომელიც მონობაშია მთავარ ოლიგარქთან. ეს იცის მოსახლეობამ და მგონია, დელეგატის თემა არ გაჭრის. მოსახლეობას ნორმალური ხელისუფლება და მმართველობა სჭირდება. თუ ჩვენ გვინდა, მოქალაქეებს ვკითხოთ, ვინ იყოს მისი წარმომადგენელი, დავუბრუნოთ მათ პრეზიდენტის არჩევის შესაძლებლობა. მაჟორიტარული სისტემა ისე დეგრადირდა, რომ მინიოლიგარქები და ფეოდალები გაჩნდნენ მუნიციპალიტეტებში. რეალურად, ისინი მთელ მუნიციპალიტეტებს ფლობენ თავიანთი ბიზნესებით, კაპიტალით, ბიუჯეტიდან თანხების მოპარვით, გავლენების გაძლიერებით. მაჟორიტარები დაეპატრონნენ თვითმმართველობებს. ნებისმიერ მუნიციპალიტეტში საკრებულოს თავმჯდომარის სიტყვა არაფერს არ ნიშნავს, ყველაფერი ცენტრალიზებულია. ვიღაც ოლიგარქი გადააჯდა მუნიციპალიტეტის ხელისუფლებას და არ აძლევს საშუალებას, რომ მოსახლეობაზე ორიენტირდეს. წარმოიდგინეთ, მოქალაქეები ხმას არ აძლევენ იმ პირს, რომელსაც მმართველი პარტია წარუდგენს, როგორც დელეგატს. დელეგატების კომპონენტის შემოტანა აუარესებს აქამდე არსებულ სისტემას. მე მხარს ვუჭერ შიდა პრაიმერისების ჩატარებას პარტიებში და თუ გვინდა, რომ პოლიტიკური პროცესი გაჯანსაღდეს, ეს ერთ-ერთი საუკეთესო შესაძლებლობაა.“

არასამთავრობო ორგანიზაციები, გარდა იმისა, რომ ცვლილებას მანიპულაციურს უწოდებენ, აცხადებენ, რომ ის კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.

მალხაზ ჭკადუა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ რეგიონული კოორდინატორი, სამოქალაქო საბჭოების კოორდინატორი: „დელეგატების საკითხი დაკავშირებულია პოლიტიკურ ხრიკთან. ჩვენ გვყავს მარადმწვანე პარლამენტარები, რომლებიც, მეტწილად, არიან მაჟორიტარები. ისინი იქცნენ ადგილობრივ ფეოდალებად და ახლა იმის გამო, რომ არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით ტარდება, მმართველმა ძალამ ჩათვალა საჭიროდ, რომ მოსახლეობასთან კომუნიკაციისთვის გამოეყენებინა ეს დათქმა. ტერმინი „დელეგატი“ ახალია ჩვენს საარჩევნო კოდექსში. „დელეგატი“ საბჭოთა ყრილობების ტერმინოლოგიაა. თუ ავიღებთ, მაგალითად, მაღალმთიან აჭარაში ანზორ ბოლქვაძეს, სვანეთში - ვიქტორ ჯაფარიძეს, წლების განმავლობაში, ხელისუფლების ცვლილებასთან ერთად, იცვლიან პარტიებს, მაგრამ პოზიციებს ინარჩუნებენ. ესენი არიან ფეოდალები და ბუნებრივია, მმართველ პარტიას სჭირდებოდა რაღაც ახალი ფორმის პერსონიფიცირება, რომლითაც ხაზს გაუსვამდა, რომ ეს ადამიანები ისევ მის გვერდით არიან. ეს იმიტომაც ჩაიწერა, რომ მთელი რიგი პარტიები, ჩემი აზრით, ამას თავს აარიდებენ, რადგან შესაძლოა, სულაც არ ჰყავდეთ ისეთი პერსონები მუნიციპალიტეტებში, ან საერთოდაც, ოლქებში, რომლებიც იმ კონკრეტულ პარტიას უკავშირდებიან. ეს შეუძლია მმართველ ძალას და მორიგი მცდელობაა, რომ მოსახლეობა შეცდომაში შეიყვანოს. ამომრჩეველზე, რომელიც კარგად არაა ჩახედული ამ კანონმდებლობაში და ისედაც ბევრი რამ ახდენს გავლენას მის პოლიტიკურ არჩევანზე, [დელეგატის სტატუსი] ახდენს გარკვეულ გავლენას. ჩემთვის ეს ამომრჩევლით მანიპულაციის მცდელობაა. ჩვენთან მაჟორიტარულმა სისტემამ არ გაამართლა. ისინი არ იყვნენ ორიენტირებული ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემებზე, არამედ წარმოადგენდნენ პოლიტიკურ ძალას, რომელიც ცდილობდა ამომრჩევლით მანიპულირებას. მმართველი პოლიტიკური პარტიისთვის მაჟორიტარების სიძლიერე იმით იზომებოდა, რამდენად ჰქონდათ გავლენა ადგილობრივ თვითმმართველობებზე, რამდენად ძლიერად არიან დაკავშირებული ფინანსურ ინსტიტუტებთან, ბიზნესმენებთან, რამდენად შეუძლიათ, საქმეები მოაგვარონ - ხალხის მობილიზაციიდან დაწყებული, შეპირებებით დამთავრებული. ვთქვათ, თუ ვიღაცას სახლი დაეწვა და მაჟორიტარი მივიდა, ფული აჩუქა, ამით ის მოქალაქე დაავალდებულა და უფრო მოწყვლადი გახადა სისტემის მიმართ.“

რუსლან წულუკიძე, იურისტი, სამოქალაქო აქტივისტი: „არაა გასაკვირი, რომ თუ ეროვნულ დონეზე მოიაზრებენ ძველი მაჟორიტარული პრინციპის ახლებური ვერსიის გამოყენებას მანიპულაციის მიზნით, იმავეს გააკეთებენ აჭარაშიც. ერთიანი საარჩევნო სიით წარდგებიან პარტიები და დელეგატის სტატუსის გაჩენა პარტიულ სიებში ემსახურება მხოლოდ ბერკეტის შექმნას იმისთვის, რომ მოქალაქეს შეახსენონ კონკრეტული პირები. ამომრჩეველი მაჟორიტარებს შეჩვეულია, ელექტორალური ცნობიერება, სამწუხაროდ, მაღალი არაა და ამდენად, მოსახლეობის ნაწილი მანიპულაციის მიმართ მოწყვლადია. აქედან გამომდინარე, შეხვედრების დროს აუხსნიან მოქალაქეებს, რომ მართალია, მაჟორიტარული არჩევნები აღარაა, მაგრამ ჩათვალეთ, რომ დელეგატი იგივე მაჟორიტარიაო. ეს მმართველ პარტიას ხმების მობილიზებაში დაეხმარება, რადგან საქართველოში დღემდე ხმას აძლევენ არა იდეოლოგიებს, არამედ უფრო პერსონიფიცირებული არჩევნებია და კონკრეტულ ავტორიტეტებს უჭერენ მხარს. შესაძლებელია, მოქალაქეს „ქართული ოცნება“ არ მოსწონდეს, მაგრამ კონკრეტულ პირს რაღაც კარგი საქმეები ჰქონდეს მისთვის და მუნიციპალიტეტის სხვა ამომრჩევლებისთვის გაკეთებული. ამიტომ ხმას მისცემს პარტიას. ამ პირს სიაში ისედაც ჩაწერენ, მაგრამ გამოკვეთილი რომ იქნება, ამომრჩევლისთვის მარტივად აღსაქმელია. რეალურად, პროპორციული საარჩევნო სისტემა და ერთიანი სამანდატო ოლქი გვაქვს. ასეთი ჩანაწერი კი, ჩემი შეფასებით, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, რადგან ეს იძლევა პირის ინდივიდუალურად წარდგენის საშუალებას. ესაა დამატებითი ბერკეტი მმართველი ძალის ხელში.“

შოთა ნარსია, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების უფროსი მკვლევარი, იურისტი: „ეს ცვლილება, ჩემი აზრით, ეწინააღმდეგება კონსტიტუციას ორი ძირითადი მიზეზის გამო. ჩვენ კონსტიტუცია გვეუბნება, რომ საქართველოს პარლამენტის 150-ვე წევრი აირჩევა პროპორციული საარჩევნო სისტემით, ერთიან მრავალმანდატიან ოლქში, რაც ნიშნავს, რომ მთელი ქვეყანა წარმოადგენს ერთ საარჩევნო ოლქს. ამიტომ დაუშვებელია რაიმე სხვა ოლქის გამოყოფა, გარდა ადმინისტრაციული მიზნით შექმნილი ოლქებისა. ჩვენ გვაქვს 73 ოლქი საქართველოს ტერიტორიაზე, მაგრამ ამ 73 ოლქს აქვს მხოლოდ ადმინისტრაციული ფუნქცია. სხვა რაიმე როლი, შედეგობრივი თვალსაზრისით, მას არ გააჩნია, ამ 30 ოლქისგან განსხვავებით. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ის, რომ პარტიებს კი მიენიჭათ სიაში დელეგატების მითითების უფლება, მაგრამ, მაგალითად, ყველა პარტიამ რომ მიუთითოს ბათუმის ოლქის დელეგატობის კანდიდატად რომელიმე პირი, ყველა დელეგატი ვერ გახდება. გახდება მხოლოდ ის, რომლის წარმდგენი პარტიაც მოცემულ ოლქში ყველაზე მეტ ხმას მიიღებს. ფაქტობრივად, იქმნება ერთმანდატიანი ოლქი, ყოველგვარი კენჭისყრის გარეშე. ასე პირდაპირ ერთმანდატიანი ოლქი ვერ შეიქმნებოდა და ბიულეტენის სტრუქტურა ვერ გაითვალისწინებდა, რადგან სრულად პროპორციული სისტემა გვაქვს. ასევე ეს ეწინააღმდეგება პროპორციული საარჩევნო სისტემის პრინციპს, რომ ოლქში დელეგატის სტატუსს იღებს მხოლოდ ერთი კანდიდატი. ამომრჩეველს არ ექნება შესაძლებლობა, რაიმე ფორმით ჩაერთოს, გავლენა იქონიოს იმაზე, თუ ვინ გახდება რომელიმე ოლქის დელეგატი.

საქართველოს კონსტიტუციისგან განსხვავებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია არ აკონკრეტებს ოლქის ტიპს, ანუ ის არ ამბობს, რომ აჭარა არის ერთიანი მარავალმანდატიანი ოლქი. ანუ შესაძლებელია, რომ აჭარა დაიყოს ოლქებად ისე, რომ ეს არ შეეწინააღმდეგება ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციას. თუმცა აქ არის მეორე საკითხი - სწორედ ის, რომ ეს არ ითვალისწინებს შესაბამის კენჭისყრას, ანუ პარტიები წარადგენენ სიას მთელი აჭარისთვის და იმ ოლქებში, რომლებიც განისაზღვრება უმაღლესი საბჭოს არჩევნებში დელეგატობის სტატუსისთვის, დელეგატის სტატუსს მოიპოვებს მხოლოდ ერთი კანდიდატი, რაც მას გარდაქმნის, ფაქტობრივად, ერთმანდატიან ოლქად. პროპორციული საარჩევნო სისტემის პირობებში, არ არსებობს ერთმანდატიანი ოლქი. ეს ეწინააღმდეგება პროპორციული საარჩევნო სისტემის პრინციპს. რეალურად, ეს ცვლილება ვერ უზრუნველყოფს აჭარის ადგილობრივი ერთეულების წარმომადგენლობას, გამომდინარე იქიდან, რომ ამომრჩეველს არ ექნება არანაირი ბერკეტი, რომ უშუალოდ გავლენა იქონიოს იმაზე, თუ ვინ გახდება დელეგატი, რადგან ის უშუალოდ ხმას ვერ მისცემს ვერც ერთ კანდიდატს. რეალური წარმომადგენლობა ადგილობრივი ერთეულების შესაძლებელია, მაგალითად, ღია სიითი კენჭისყრის დანერგვით, როცა ამომრჩეველი უფლებამოსილი იქნებოდა, რომ პარტიასთან ერთად, ხმა მიეცათ მის შიგნით კონკრეტული კანდიდატებისათვის და განესაზღვრათ მათთვის სასურველი კანდიდატები რომელიმე პოლიტიკური პარტიიდან. ამ მოდელის დანერგვა დააკმაყოფილებდა იმ ლეგიტიმურ მოთხოვნას, რომ მნიშვნელოვანია ადგილობრივი ერთეულების წარმოდგენა წარმომადგენლობით ორგანოში. ჩემი აზრით, ეს არის ამომრჩევლის მოტყუების მცდელობა, რომ მათ კონკრეტული ადგილობრივი ფიგურები შესთავაზოს, როგორც მათი ოლქის კანდიდატი, რომელიც ადგილობრივი ელექტორატის რეალური წარმომადგენელი ვერ იქნება. მოტივაცია ისაა, რომ ამან პარტიას დამატებითი ხმები უნდა მოუტანოს. შერეული საარჩევნო სისტემის პირობებში გავრცელებულია კონტამინაციის ეფექტი, როდესაც ამომრჩევლის ქცევაზე - ერთ ბიულეტენზე გავლენას ახდენს მეორე ბიულეტენზე მის მიერ გავრცელებული არჩევანი. მარტივად რომ ვთქვათ, შესაძლოა, ამომრჩეველს არ მოსწონდეს რომელიმე პოლიტიკური პარტია, მაგრამ მისთვის თუ მისაღებია ამ უკანასკნელის მიერ ნომინირებული კანდიდატი, ის ხმას მისცემს ამ კანდიდატის წარმდგენ პოლიტიკურ პარტიასაც. მგონია, რომ ეს ცვლილება ამითაა მოტივირებული, რომ ეს ეფექტი შენარჩუნდეს და ადგილობრივი ფიგურები გახდნენ იმის გარანტი, რომ დამატებითი ხმები მოიზიდონ პოლიტიკური პარტიის ყულაბაში.“

„ფაქტ-მეტრმა“ ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების შეფასებაზე კომენტარი სთხოვა აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს, საიდანაც წერილობით მოგვაწოდეს უმაღლესი საბჭოს იურისტების არგუმენტი, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„აღნიშნული არჩევანი არის არჩევნებში მონაწილე პარტიის დისკრეცია/უფლება და თუკი ის ჩათვლის საჭიროდ, შეუძლია აღნიშნულის გაკეთება. ამასთან, აღნიშნული ჩანაწერი არ გულისხმობს, რომ ამომრჩეველი არჩევნების დღეს ხმას მისცემს დელეგატობის კანდიდატს, რადგან არჩევნები იმართება სრულად პროპორციული სისტემით და შესაბამისად, საარჩევნო ბიულეტენში შეყვანილი იქნება მხოლოდ პოლიტიკური პარტია. შესაბამისად, ნორმის არაკონსტიტუციურობაზე საუბარი მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს. აღნიშნული ჩანაწერი შესაძლებლობას ანიჭებს ნებისმიერ ამომრჩეველს, რომ დელეგატობის კანდიდატის დეპუტატად გახდომის შემთხვევაში, ჰქონდეს მასთან პირდაპირი კავშირი. თუმცა აღნიშნული ასევე არც ერთ ამომრჩეველს არ უკრძალავს, კავშირი ჰქონდეს პროპორციული წესით არჩეულ სხვა ნებისმიერ დეპუტატთან.

კანონით გათვალისწინებულია აჭარის ტერიტორიაზე არსებულ 6-ვე მუნიციპალიტეტში დელეგატობის კანდიდატის განსაზღვრის შესაძლებლობა. თუმცა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, თითოეული საარჩევნო სუბიექტი, რომელიც მონაწილეობს არჩევნებში, თავად განსაზღვრავს, ჰყავდეს დელეგატობის კანდიდატი 6-ვეში, 3-ში თუ ა. შ., ან - არც ერთში.“

შეგახსენებთ, რომ 2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქეები სრულად პროპორციული წესით ირჩევენ საქართველოს პარლამენტის შემადგენლობას, აჭარის ა/რ ტერიტორიაზე რეგისტრირებული ზრდასრული მოსახლეობა კი, პარალელურად, ასევე პროპორციული წესით, გადაწყვეტს, ვინ გახდება აჭარის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს წევრი. ახალი მოწვევის ორგანოში დელეგატის სტატუსი ექნებათ იმ პირებს, რომლებიც გამარჯვებული პარტიის სიაში დელეგატობის კანდიდატებად იქნებიან განსაზღვრული.