სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში პარიზის ოლიმპიადაზე კამერუნელი მოკრივის სინდი ნგამბას გამარჯვების კადრს ავრცელებს (დაარქივებული ბმული). ვიდეოში სპორტსმენის შორტზე მინიშნება და პოსტის აღწერა: „ბარძაყზე მაინც მიისკოჩოს ან თოკით დაიბას, დაახოცინეს ქალები ამ მუტრუკებს“, ქმნის წარმოდგენას, რომ სინდი ნგამბა ტრანსგენდერია და ქალების კატეგორიაში იბრძვის. რეალურად, სინდი ნგამბა ტრანსგენდერი არ არის, მეტიც, 2024 წლის პარიზის ოლიმპიადაზე არც ერთი ტრანსგენდერი ქალი არ მონაწილეობს.
4 აგვისტოს სინდი ნგამბამ ფრანგი დავინა მიშელი კრივის 75 კგ კატეგორიაში დაამარცხა. კადრი, რომელიც Facebook-ანგარიშის მიერ გავრცელდა, სწორედ ამ თამაშიდან არის აღებული. მოკრივე სინდი ნგამბა ლტოლვილის სტატუსით მოასპარეზე პირველი სპორტსმენია, რომელმაც ოლიმპიადაზე მედლის მოპოვება შეძლო.
ნგამბა დიდ ბრიტანეთში კამერუნიდან 10 წლის ასაკში ჩავიდა. ბრიტანული პასპორტის არქონის გამო, სპორტსმენი ლტოლვითა ოლიმპიურ გუნდში ასპარეზობს, რომელიც 2016 წელს რიოს ოლიმპიური თამაშებისას შეიქმნა და მიგრანტ სპორტსმენებს აერთიანებს.
პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ პარიზის მიმდინარე ოლიმპიადაზე არცერთი ტრანსგენდერი ქალი არ მონაწილეობს. ზოგადად, ოლიმპიადაზე ტრანსგენდერი მონაწილეები ასპარეზობენ, თუმცა მათი ბიოლოგიური სქესის კატეგორიაში. ასე მაგალითად, ტრანსგენდერი კაცი ფილიპინელი ჰერგი ბასიადანი, რომელიც ბიოლოგიურად ქალია და არ აქვს ტრანზიცია (ჰორმონალური თერაპია) ჩატარებული, პარიზის ოლიმპიადაზე ქალების 75 კგ კატეგორიაში ასპარეზობს. აღსანიშნავია, ასევე ნიკი ჰილცი, ამერიკელი ტრანსგენდერი და არაბინარული მორბენალი, რომელიც ბიოლოგიურად ქალია, არც მას აქვს გავლილი ტრანზიცია (ჰორმონალური თერაპია), შესაბამისად, ქალების კატეგორიაში თამაშობს.
საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს (IOC) ტრანსგენდერი სპორტსმენებისთვის სპეციფიკური მოთხოვნები და რეგულაციები არ აქვს და ამის სანაცვლოდ სამართლიანობის, ინკლუზიისა და გენდერული იდენტობისა და სქესის ვარიაციების საფუძველზე არადისკრიმინაციის შესახებ 10 სახელმძღვანელო პრინციპს მიჰყვება. სამართლიანობის პრინციპში აღნიშნულია, რომ სპორტული ორგანიზაციები სპორტის იმ სახეობებში, სადაც ქალთა და კაცთა კატეგორიებისთვის შესაბამისობის კრიტერიუმებს თავად ადგენენ, უნდა დარწმუნდნენ, რომ არცერთ ათლეტს არ აქვს უსამართლო უპირატესობა და არაპროპორციული კონკურენტული უპირატესობა. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი ამასთან ერთად აცხადებს, რომ „თითოეული საერთაშორისო ფედერაცია პასუხისმგებელია დასაშვებობის კრიტერიუმების დაწესებაზე, მათ შორის, იმ კრიტერიუმებზე, რომლებიც განსაზღვრავენ ოლიმპიური თამაშებში ათლეტების კვალიფიკაციას“.
თამაშებზე დაშვებამდე ყველა სპორტსმენი სპეციალურ შემოწმებას გადის. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) მიხედვით, „პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების კრივის ტურნირში მონაწილე ყველა სპორტსმენი შეესაბამება შეჯიბრზე დაშვების წესებს, ისევე, როგორც ყველა მოქმედ სამედიცინო რეგლამენტს“. შესაბამისად, სინდი ნგამბასაც ოლიმპიადაზე გასვლამდე IOC-ის „ყველა მოქმედი სამედიცინო რეგულაცია“ აქვს გავლილი. ამავდროულად, პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებისთვის კრივში შეიქმნა 13 წონითი კატეგორია, 7 მამაკაცებისთვის და 6 ქალებისთვის. ოლიმპიადაზე გენდერული თანასწორობის ხელშესაწყობად, 248 მოკრივიდან 124 ქალი და 124 კაცი ასპარეზობს. ამ კატეგორიებსა და წესებზე კრივის ვებგვერდზე ვკითხულობთ, სადაც ტრანსგენდერი მოთამაშეების შესახებ ინფორმაცია არ იძებნება.
Facebook-ზე გამოქვეყნებულ ვიდეოში, რომელიც დაბალი ხარისხით გავრცელდა, მინიშნებაა ქალის შორტზე, რითაც Facebook-ანგარიში ცდილობს, შექმნას წარმოდგენა, რომ სპორტსმენს მამაკაცის სასქესო ორგანო აქვს. მაღალი გარჩევადობის ვიდეოს ნახვისას (07:35 წუთიდან) კი აშკარა ხდება, რომ ნგამბას შორტი დიდი ზომისაა და მოძრაობისას ქსოვილზე ნაკეცები ჩნდება.
ნგამბა არ არის ერთადერთი სპორტსმენი, რომელზეც პარიზის ოლიმპიადის მიმდინარეობისას დეზინფორმაცია გავრცელდა, თითქოს ტრანსგენდერია და ქალების კატეგორიაში იბრძვის. ნგამბამდე მსგავსი მტკიცება ალჟირელი იმანე ხელიფისა და ტაივანელი ლინ იუ-ტინგის შესახებაც გავრცელდა (აღნიშნულ თემაზე იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატია).
--------------------------------------------------------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.