სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელი კონსპირაციას ავრცელებს, რომელიც თავის თავში ფართოდ გავრცელებულ კონსპირაციებს აერთიანებს, ადენოქრომისა და „პიცაგეიტის“ შესახებ. გამოქვეყნებულ ინფორმაციას თან ერთვის სელინ დიონის ფოტო და მტკიცება, რომ კადრში მომღერლის გარშემო [სატანის] „სრული რეკვიზიტებია“ თავმოყრილი და სწორედ ამიტომ ამღერეს „სატანისტურ ოლიმპიადაზე“ იგი.

კომენტარის ზოგიერთი ავტორი იმასაც ამტკიცებს, რომ მომღერლის გამოჯანმრთელება ადენოქრომის დამსახურებაა.

სინამდვილეში, აღნიშნული ინფორმაცია ფართოდ (განსაკუთრებით აშშ-ში) გავრცელებული შეთქმულების თეორიის, QAnon-ის ნაწილია, რომლის მხარდამჭერები FBI-ის მიერ შიდა ტერორისტულ საფრთხედ არიან გამოცხადებული.

QAnon შეთქმულების თეორეტიკოსთა ულტრამემარჯვენე ჯგუფია. თეორიის მიხედვით, აშშ და ზოგადად, სამყარო კონტროლდება პედოფილების ძლიერი საიდუმლო ჯგუფის მიერ, რომლებიც თაყვანს სცემენ სატანას და აკონტროლებენ დემოკრატიულ პარტიას, მედიას და ჰოლივუდს. თეორიის მიმდევრები ამტკიცებენ, რომ აშშ-ში ბავშვების ექსპლუატაციის გლობალური სქემა არსებობს, რომელშიც სატანის მორჩილი ზოგიერთი დემოკრატი ლიდერიც არის ჩართული.

2019 წლის 30 მაისს გამოქვეყნებული აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) ბიულეტენი, ფენიქსის ბიუროს საველე ოფისიდან, იყო პირველი დოკუმენტი, რომელიც „შეთქმულების თეორიით მოტივირებულ საშინაო ექსტრემისტებს“ მზარდ საფრთხედ აღწერდა. დოკუმენტში ჩამოთვლილია შეთქმულების თეორიებით მოტივირებული ძალადობრივი დანაშაულები, მათ შორის ისეთებიც, რომლებიც არ გახმაურებულა. დოკუმენტში ასევე ნახსენებია QAnon, ქსელი, რომლის წევრებსაც პრეზიდენტ ტრამპის წინააღმდეგ ღრმა სახელმწიფოს შეთქმულებისა და Pizzagate-ის თეორიის სჯერათ.

სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის (CSIS) თანახმად, Pizzagate - უფრო სპეციფიკური თეორიაა, რომელიც ამტკიცებს, რომ დემოკრატები აწარმოებენ სექს-ტრეფიკინგის რგოლებს პიცის სალონებიდან. მაგალითად, თეორიის მიხედვით, ვაშინგტონის შტატის პიცერია Pizzagat-ში ბავშვების ტრეფიკინგში ჩართული, ჰილარი კლინტონთან დაკავშირებული პედოფილების ჯგუფი მუშაობდა.

„პიცაგეიტის“ თეორია განსაკუთრებით პოპულარულია დონალდ ტრამპის რესპუბლიკელ მხარდამჭერებში. იდეის მიმდევრებს სჯერათ, რომ ტრამპი სწორედ ამ სქემის გამჟღავნებას აპირებს. ეს მოძრაობა 2017 წელს შეიქმნა. ერთ-ერთმა მომხმარებელმა, სახელწოდებით „Q“, 2017 წლის ოქტომბერში ფორუმ 4chan-ზე შეთქმულების თეორიის პირველი იდეები გაავრცელა. მოძრაობის მიმდევართა სლოგანია - „Where We Go One, We Go All“.

კონსპირაციის თეორიას სხვადასხვა დროს ისეთი საერთაშორისო ფაქტების გადამმოწმებელი ორგანიზაციები გამოეხმაურნენ, როგორებიცაა, AP Fact Check (ბმული 1, 2), AFP Fact Check, Reuters, USA Today, Facta, Observers.france24. აღნიშნულ თემაზე „ფაქტ-მეტრის“ სტატიები იხილეთ ბმულზე 1, 2.

საგულისხმოა, რომ ინფორმაცია, თითქოს, სელინ დიონი ადენოქრომს მოიხმარს, აქამდეც გავრცელებულა. მტკიცებას 2023 წლის მარტში ფრანგული გამოცემა LeParisien და De Facto გამოეხმაურა. ამ უკანასკნელის თანახმად, რიტორიკა ადენოქრომის შესახებ სათავეს ჯერ კიდევ შუა საუკუნეებით დათარიღებული ანტისემიტური მითიდან იღებს, სახელწოდებით „სისხლის ცილისწამება“, რომლის მიხედვითაც, ებრაელები ბავშვებს იჭერდნენ, რათა მათი სისხლი რელიგიური რიტუალების დროს გამოეყენებინათ.

ბავშვების ორგანიზმიდან ადენოქრომის ნივთიერების მიღება და მათი მონაწილეობით სატანური რიტუალების ჩატარებაც QAnon-ის თეორიას უკავშირდება.

ადენოქრომის შესახებ მითის მიმდევრები განმარტავენ, რომ ყოველწლიურად ათასობით ბავშვი ქრება და ისინი არასდროს დაბრუნდებიან, რადგან მათ იტაცებენ, აწამებენ და შემდეგ სატანისტური რიტუალების დროს კლავენ. მათი თქმით, წამება ბავშვებში იწვევს სტრესს და შესაბამისად, ადრენალინს, რაც ადრენალინის დაჟანგვის შედეგად წარმოქმნილი მოლეკულის ადრენოქრომის გამომუშავებას განაპირობებს. ნივთიერება აღებულია ბავშვების სისხლიდან, მათი ტვინიდან (ან სხეულის სხვა ნაწილებიდან). კონსპიროლოგთა თანახმად, ადენოქრომი „ყველაზე ძლიერი“ და ძვირადღირებული „ნარკოტიკია“.

მტკიცებას „წმინდა წყლის მითს“ უწოდებს საფრანგეთის დამოკიდებულებების ასოციაციის (Association Addictions France) პრეზიდენტი, ბერნარ ბასეტი. „ადენოქრომი მართლაც არსებობს, მაგრამ ეს მხოლოდ ბუნებრივად წარმოქმნილი მოლეკულაა, ადრენალინის დაჟანგვის შედეგად. ის არანაირად არ არის ნარკოტიკი“, „ადენოქრომი არ არის წამალი, მას არ აქვს მარკეტინგული ავტორიზაცია და, შესაბამისად, არ აქვს სამედიცინო გამოყენება“, - განაცხადა მან.

ამრიგად, სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია ცნობილ შეთქმულების თეორიას წარმოადგენს და რეალობასთან კავშირი არ აქვს.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.