„მოქალაქემ ამომრჩეველთა ერთიან სიაში საკუთარი მონაცემების გადამოწმებისას აღმოაჩინა, რომ მის მისამართზე მისთვის უცნობი პირები არიან რეგისტრირებულები“ - ამის შესახებ ინფორმაცია მან სოციალურ ქსელში გაავრცელა. სოციალურ ქსელებში მსგავსი შინაარსის პოსტებს ხშირად შევხვდებით.

ზოგადად, საარჩევნო სიაში არსებულ ხარვეზებს შეუძლია საარჩევნო პროცესი მნიშვნელოვნად დააზარალოს, ამიტომაც მნიშვნელოვანია, საარჩევნო სია იყოს სრულყოფილი. მოქალაქეებს აქვთ შესაძლებლობა, თავად იყვნენ ჩართული საარჩევნო სიის ფორმირების პროცესში - მათ ამომრჩეველთა ერთიან სიაში პირადი მონაცემები და მისამართი უნდა გადაამოწმონ. იმ შემთხვევაში, თუ მათ მისამართზე უცხო პირები არიან რეგისტრირებულები, მათი რეგისტრაციიდან მოხსნა უნდა მოითხოვონ.

შეიძლება, თუ - არა მესაკუთრის თანხმობის გარეშე, უცხო პირის მისამართზე რეგისტრაცია? როგორ?

საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, პირის მისამართზე რეგისტრაცია, ასევე მისამართიდან მოხსნა, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს უფლებამოსილებას წარმოადგენს. შესაბამისად, ფიზიკურმა პირმა მისამართზე რეგისტრაციისთვის სამოქალაქო რეესტრს უნდა მიმართოს.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის N98 ბრძანების თანახმად, ფიზიკური პირს სხვის საკუთრებაში რეგისტრაცია შეუძლია:

ა) მესაკუთრის თანხმობით, ან

ბ) ორი სრულწლოვანი, ქმედუნარიანი პირის (მოწმის) დასტურით იმის თაობაზე, რომ დასარეგისტრირებელი პირი უკანასკნელი 3 თვის განმავლობაში ნამდვილად ცხოვრობს კონკრეტულ მისამართზე.

აქედან გამომდინარე, დიახ, თქვენს მისამართზე შესაძლოა, თქვენთვის უცნობი პირები იყვნენ რეგისტრირებულები.

როგორ უნდა გადაამოწმოთ, არის, თუ - არა უცნობი პირი თქვენს მისამართზე რეგისტრირებული?

ამომრჩეველს შეუძლია პირადი მონაცემები და მისამართი ცესკოს მიერ შექმნილ სპეციალურ საიტზე - https://voters.cec.gov.ge/გადაამოწმოს.

მითითებულ ვებგვერდზე პირადი ნომრის და გვარის შეყვანის შემდეგ გამოგიჩნდებათ ინფორმაცია ამომრჩევლის რეგისტრაციის შესახებ (ოლქი,უბანი, მისამართი). ასევე გამოგიჩნდებათ თქვენს მისამართზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა სია. ღილაკზე ერთხელ დაწკაპუნებით თქვენ შეძლებთ გადაამოწმოთ, არის, თუ - არა თქვენთვის უცნობი პირი თქვენს მისამართზე რეგისტრირებული.

რა უნდა მოიმოქმედოთ, თუ აღმოაჩენთ, რომ თქვენს მისამართზე უცნობი ადამიანები არიან რეგისტრირებულნი?

თქვენ უნდა მიმართოთ სამოქალაქო რეესტრს და მოითხოვოთ კონკრეტული პირის/პირების რეგისტრაციიდან მოხსნა.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის N98 ბრძანების თანახმად, ფიზიკური პირის რეგისტრაციიდან მოხსნა ხდება:

1. ნებისმიერი სრულწლოვანი, ქმედუნარიანი პირის წერილობითი განცხადების საფუძველზე, რომელშიც მითითებულია, რომ რეგისტრაციიდან მოსახსნელი პირი კონკრეტულ მისამართზე არ ცხოვრობს უკანასკნელი 6 თვის განმავლობაში. თუ განმცხადებელი არ არის მესაკუთრე, მას დასჭირდება ორი სრულწლოვანი მოწმე.

2. თუ განმცხადებელი იმ სახლის მესაკუთრეა, სადაც რეგისტრაციიდან მოსახსნელი პირია რეგისტრირებული, მან უნდა წარმოადგინოს რეგისტრაციიდან მოსახსნელი პირის გარდა მის საცხოვრისში რეგისტრირებულ პირთა სია და ამ რიცხოვნობის დამადასტურებლად შესაბამისი კომუნალური მომსახურების (ელექტროენერგიის, წყლისა და დასუფთავების) გადასახადების ქვითარი. (დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ იუსტიციის სახლს).

ამრიგად, არჩევნების სანდოობისთვის მნიშვნელოვანია, მოქალაქეები/ამომრჩევლები ჩაერთონ საარჩევნო პროცესში, მათ შორის, საარჩევნო სიების გადამოწმებასა და გასწორებაში მიიღონ მონაწილეობა.


მსგავსი სიახლეები

5593 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია