სოციალურ ქსელში ექიმ მანანა მგალობლიშვილის ვიდეო ვრცელდება (1, 2, 3), რომელშიც ექიმი პაპილომავირუსზე ვაქცინაციის მნიშვნელობაზე საუბრობს და აღნიშნულ ვაქცინას რეკომენდაციას უწევს. Facebook-ანგარიშები, მათ შორის, თინა თოფურია, რომლის გავრცელებული დეზინფორმაცია „ფაქტ-მეტრს“ აქამდეც არა ერთხელ გადაუმოწმებია (1, 2, 3), მანანა მგალობლიშვილის ვიდეოსთან დაკავშირებით წერს: „თურმე კარგად იცის, რომ საშვილოსნოს ყელის პაპილომა 2 წელიწადში თავისით ქრება! მაგრამ ვაქცინა მაინც გაიკეთეთო! რატომ? გაუგებარია! წამალი არ არსებობსო? ცრუობს! იაპონელებმა კარგა ხანია გამოიგონეს ამის წამალი, რომელიც სოკოსგან კეთდება. 10 წლის ბავშვებს უნდა გაუკეთდესო , ანუ სანამ სქესობრივ ცხოვრებას დაიწყებენო?! ესეიგი 10 წლისებმა უნდა დაიწყონ სექსაობა?! ვერ ხვდება ქალბატონი ექიმი რომ პედოფილიის პროპაგანდას ეწევა?! ისიც კარგად ეცოდინება რომ მენსტრუალური ციკლის არევას ან სულაც შეჩერებას იწვევს და ეს პუბერტატის ანუ სქესობრივი მომწიფების ასაკია და ეს " აცრა" იწვევს სხვადასხვა ჰორმონალურ დარღვევებს, რაც შემდგომსი უშვილობის მიზეზი ხდება. მაგრამ ის ხომ რეპროდუქტოლოგა და ალბათ აწყობს რომ ეს ბავშვები შემდგომში მისი კლიენტები გახდებიან“.
რეალურად, აპვ-ს საწინააღმდეგო ვაქცინა ყველაზე ეფექტური და უსაფრთხო საშუალებაა, რომელიც ქალს საშვილოსნოს ყელის კიბოსაგან იცავს. ამავდროულად, არ დასტურდება მტკიცება, რომ იაპონელებმა პაპილომავირუსის საწინააღმდეგო მედიკამენტი შექმნეს.
ვიდეოში ექიმი მანანა მგალობლიშვილი პაპილომავირუსის ვაქცინის შესახებ საუბრობს. ექიმი აღნიშნავს, რომ მაგალითად ავსტრალიაში პრაქტიკულად დაძლეულია საშვილოსნოს ყელის კიბო, რისი ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ის არის, რომ ამ ქვეყნანაში უკვე რამდენიმე ათეული წელია ტარდება პაპილომა ვირუსზე ვაქცინაცია 10-12 წლის ბავშვებში, როგორც ბიჭებში, ასევე გოგონებში. ექიმის თქმით, საზოგადოებაში ვაქცინებთან დაკავშირებით უნდობლობა არსებობს, რაც კოვიდის პერიოდმა გაამწვავა. ექიმი შედარებისთვის აღნიშნავს, რომ კოვიდი ახალი ვირუსი იყო და ვაქცინაც სწრაფად შეიქმნა. ხოლო, პაპილომავირუსის ვაქცინა უკვე ათეული წლებია არსებობს და გამოცდილია. ვიდეოს ბოლოს, ექიმი აღნიშნავს, რომ პაპილომავირუსი სქესობრივი გზით გადაეცემა და დაახლოებით 80% შემთხვევაში ის რამდენიმე წელში თავისით ქრება, თუმცა საყურადღებოა ვირუსის ზოგიერთი შტამი, რომლებიც ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიშია, მათ შორის იწვევს საშვილოსნოს ყელის კიბოს. ამიტომ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადამიანს უკვე აღმოაჩნდება პაპილომა ვირუსი, მაინც უნდა ჩატარდეს ვაქცინაცია, რაც პირს დაიცავს HPV-ს სხვა შტამებისაგან.
ადამიანის პაპილომა ვირუსის (აპვ) საწინააღმდეგო ვაქცინა, პაპილომა ვირუსის ინფექციის პრევენციის ყველაზე ეფექტური და უსაფრთხო საშუალებაა, რომელიც ქალს საშვილოსნოს ყელის კიბოსაგან იცავს. საშვილოსნოს ყელის კიბოს შემთხვევათა უმეტესობა სწორედ პაპილომა ვირუსით არის გამოწვეული. აპვ-ს საწინააღმდეგო ვაქცინა ვირუსის იმ ტიპებს შეიცავს, რომელიც ყველაზე მეტადაა გავრცელებული და საშვილოსნოს ყელის კიბოს ყველაზე ხშირად იწვევს (6, 11, 16 და 18). კვლევები აჩვენებს, რომ ვაქცინირებული პირების თითქმის 100%-ს საკმარისი რაოდენობის ანტისხეულები უვითარდება იმისთვის, რომ აპვ ვაქცინაში შემავალი ვირუსის შტამებით დაინფიცირებისგან იყვნენ დაცულნი.
აპვ ვაქცინის ეფექტურობა და უსაფრთხოება შესაბამისი კლინიკური და ეპიდემიოლოგიური კვლევებით არის დამტკიცებული. აპვ ვაქცინა ვირუსს არ შეიცავს და შესაბამისად, დაავადების გამოწვევა არ შეუძლია. კვლევებით დასტურდება, რომ აპვ-ს საწინააღმდეგო ვაქცინაცია გრძელვადიან პერსპექტივაში უშვილობას ან ჯანმრთელობის რაიმე პრობლემის განვითარებას არ იწვევს.
საქართველოში აპვ-ს საწინააღმდეგო ვაქცინაცია ოთხვალენტიანი ვაქცინით ტარდება, (GARDASIL,Merck & Co., Inc.USA), რომელიც ორგანიზმს პაპილომა ვირუსის 6, 11, 16 და 18 ტიპისგან იცავს. საშვილოსნოს ყელის კიბოს შემთხვევების 70% და გენიტალური კონდილომების 90% სწორედ პაპილომა ვირუსის აღნიშნული ტიპებით არის გამოწვეული. აპვ ვაქცინა „გარდასილი“ ორგანიზმს შემდეგი პათოლოგიებისგან იცავს: საშვილოსნოს ყელის კიბო, გარეთა სასქესო ორგანოების (საშოს და ვულვის) კიბო, საშვილოსნოს ყელის პათოლოგიური და კიბოსწინარე მდგომარეობები, გენიტალური მეჭეჭები (კონდილომები).
ჟურნალ „ლანსეტის“ კვლევის მიხედვით, რომელიც 2021 წელს გამოქვეყნდა, ადამიანის პაპილომავირუსის, ანუ HPV ვაქცინა საშვილოსნოს ყელის კიბოს შემთხვევებს თითქმის 90%-ით ამცირებს. დიდი ბრიტანეთის კიბოს კვლევითი ორგანიზაციის (Cancer Research UK) შეფასებით, არსებული მონაცემები აჩვენებს, რომ ვაქცინას ბევრი სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია.
„გარდასილის“ ეფექტურობა და უსაფრთხოება დამტკიცებულია ისეთი მაღალი სანდოობის მქონე საერთაშორისო ჯანდაცვის ორგანიზაციების მიერ, როგორებიცაა: აშშ-ს სურსათისა და წამლის სააგენტო (FDA), აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრები (CDC), ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO), ევროპის წამლის სააგენტო (EMA).
აღსანიშნავია, რომ ნებისმიერმა ფარმაცევტულმა პროდუქტმა, მათ შორის - ვაქცინამ, შეიძლება გვერდითი რეაქციები გამოიწვიოს. „გარდასილის“ ყველაზე ხშირი გვერდითი ეფექტია: ინექციის ადგილას ტკივილი, შეშუპება, ქავილი, სიწითლე. ასევე, ტემპერატურის მატება, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, გულისრევა. ვაქცინამ შეიძლება მძიმე ალერგიული რეაქციებიც გამოიწვიოს, ამიტომაც ვაქცინის უკუჩვენებას წარმოადგენს მძიმე ალერგიული რეაქციები საფუვრის მიმართ, რომელიც ვაქცინის კომპონენტია. აპვ ვაქცინაციასთან (მათ შორის ოთხვალენტიანი გარდასილი) ასოცირებული რაიმე სერიოზული გვერდითი ეფექტების დამადასტურებელი მტკიცებულება არ არსებობს.
თინა თოფურია პოსტში ასევე წერს, რომ იაპონელებმა კარგა ხანია გამოიგონეს პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო წამალი, რომელიც სოკოსგან კეთდება. თუმცა, გადამოწმებისას, ღია წყაროებში მსგავსი სახის მედიკამენტის არსებობა არ დასტურდება.
ვაქცინაციის კონტექსტში, იაპონიაში საინტერესო შემთხვევა მოხდა, როცა 2013 წელს პაპილომავირუსის ვაქცინაზე ქვეყანამ რეკომენდაცია შეწყვიტა. ამ გადაწყვეტილებამ იაპონიას მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა. კერძოდ, 2013 წელს იაპონიაში გავრცელდა დაუსაბუთებელი ცნობები აპვ ვაქცინების უსაფრთხოების შესახებ. ანტივაქსერების ზეწოლის საპასუხოდ, იაპონიის ხელისუფლებამ ვაქცინის პროაქტიული მხარდაჭერა (თუმცა ვაქცინა ხელმისაწვდომი დარჩა) შეაჩერა. რეალურად, უსაფრთხოების ასეთი პრობლემები კლინიკურ კვლევებში არ გამოჩენილა და 2017 წელს ჯანმო-ს ვაქცინების უსაფრთხოების გლობალურმა საკონსულტაციო კომიტეტმა თქვა, რომ მთელი მსოფლიოდან ჩატარებული კვლევების ფართო მიმოხილვამ აჩვენა, რომ ვაქცინები იყო „უკიდურესად უსაფრთხო“.
შედეგად, იაპონიაში აპვ ინფექციის მაჩვენებელი მკვეთრად გაიზარდა. 2013 წელს მოზარდი გოგონების 70% იყო ვაქცინირებული, 2019 წლისთვის ეს მაჩვენებელი მხოლოდ 1% იყო. სამოდელო კვლევამ დაადგინა, რომ საშვილოსნოს ყელის კიბოს 25,000 შემთხვევა და 5,700-მდე სიკვდილი დაფიქსირდა ქალებში, რომლებმაც ვაქცინაცია 2013-2019 წლებში გამოტოვეს. 2022 წელს იაპონიამ ადამიანის პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ რეკომენდაცია აღადგინა.
ამრიგად, მტკიცება, თითქოს აპვ ვაქცინა ჯანმრთელობისთვის საშიშია, მცდარია. პაპილომავირუსის დაახლოებით 80% შემთხვევაში, ის რამდენიმე წელში თავისით ქრება, თუმცა ვირუსის ზოგიერთი შტამი, ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიშია, მათ შორის იწვევს საშვილოსნოს ყელის კიბოს. აპვ-ს საწინააღმდეგო ვაქცინა, რომელიც ეფექტურ და უსაფრთხო საშუალებას წარმოადგენს, ქალებს სწორედ საშვილოსნოს ყელის კიბოსგან იცავს.
--------------------------------------------------------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.