თეონა ჭალიძე: არჩევნები ფარულია. ვერავინ გაიგებს, ამომრჩეველმა ვის სასარგებლოდ გააკეთა არჩევანი
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, თეონა ჭალიძის განცხადება არის სიმართლე.
„სტრატეგია აღმაშენებლის“ სოციალური მიმართულების ხელმძღვანელმა თეონა ჭალიძემ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით განაცხადა: „განსაკუთრებით საყურადღებოა ადამიანებმა არჩევნების ფარულობაში ეჭვი არ შეიტანონ და თავისუფალი არჩევანის გაკეთება შეძლონ. წლების განმავლობაში გარკვეული მექანიზმების გამოყენების შედეგად ფაქტია, რომ საგანგაშოდ მაღალია იმ პირთა რაოდენობა, რომელიც დაშვების დონეზე, უშვებს, რომ შესაძლებელია იმის გაგება, თუ ვის მისცემს ხმას (44%). საყურადღებოა, რომ მაღალია იმ პირთა რაოდენობაც, ვინც ფიქრობს, რომ შესაძლებელია სოციალური დახმარება მოუხსნან პირს, რომლის ოჯახის წევრებიც არჩევნებზე არ მივლენ (48%). არჩევნები ფარულია. ვერავინ გაიგებს, ამომრჩეველმა ვის სასარგებლოდ გააკეთა არჩევანი“.
საარჩევნო პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებამ ამომრჩეველში შესაძლოა, გააჩინოს გარკვეული ეჭვები ხმის ფარულობასთან დაკავშირებით, მაგრამ დადასტურებულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ კენჭისყრის პროცესის ყველა ეტაპზე ხმის ფარულობა დაცულია.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინიციატივით, არჩევნებზე ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენების აუდიტი აშშ-ში რეგისტრირებული და აკრედიტებული კომპანია Pro V&V-ის მიერ ჩატარდა. აუდიტის დასკვნის თანახმად, ელექტრონული ხმის მიცემის პროცესი, ზედმიწევნით არის რეგულირებული და სტრუქტურირებული ისე, რომ ამომრჩევლის არჩევანი არ იყოს გამჟღავნებული.
ბიულეტენს ფარავს ჩარჩო ფორმა, რომელსაც რეგისტრატორი ამომრჩეველს ბიულეტენთან ერთად გადასცემს. ამომრჩეველმა ბიულეტენი უნდა მოათავსოს ხმის მთვლელ ელექტრონულ მოწყობილობაში, იმგვარად, რომ წარწერები იყოს ქვედა მხარეს და დაცული იყოს ფარულობა.
ხმის მთვლელი ელექტრონული აპარატი არ არის დაკავშირებული ინტერნეტთან, ამასთან, არ არსებობს კავშირი ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატსა და ხმის მთვლელ ელექტრონულ მოწყობილობას შორის, რაც დაფიქსირებულ ხმას და ამომრჩეველს შორის რაიმე კავშირის დადგენას გამორიცხავს.
ბიულეტენი არ არის დანომრილი და არ შეიცავს ციფრულ ინფორმაციას, რომელიც პოტენციურად დააკავშირებს ამომრჩეველსა და მის არჩევანს. ბიულეტენზე განთავსებული QR კოდი შეიცავს მხოლოდ საარჩევნო ოლქის და საარჩევნო უბნის ნომერს. შესაბამისად, ბიულეტენის კონკრეტულ ამომრჩეველთან ასოცირება შეუძლებელია.
ამრიგად, დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ხმის მიცემა ფარულია და ვერავინ შეძლებს გაგებას, თუ კონკრეტულმა ამომრჩეველმა ვის მიანიჭა უპირატესობა.
თეონა ჭალიძე „ფაქტ-მეტრთან“ საუბარში აცხადებს: „მიუხედავად იმისა, რომ წინასაარჩევნო კამპანია ჯერ სრული დატვირთვით არ დაწყებულა, ამომრჩევლებთან პირად საუბრებში ცნობილი ხდება, რომ ირიბად, სხვადასხვა საუბრის დროს, ხდება მინიშნება - თითქოს შესაძლებელია იმის გაგება, თუ ვის დაუჭერს მხარს მოქალაქე. საფუძვლიანი ვარაუდი მაქვს, რომ ასეთი საუბრები ხელს აძლევს სახელისუფლებო პარტიას და სწორედ მათი პარტიული ქვედანაყოფების პროვოცირებულიც შეიძლება იყოს, რისი სამიზნეც განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფები იქნებიან".
რაც შეეხება კონკრეტულ სტატისტიკურ მონაცემებს, 2021 წლის აგვისტო-სექტემბერში ISFED-მა და CRRC-საქართველომ არჩევნებთან დაკავშირებული პროცესების მიმართ საქართველოს მოსახლეობის დამოკიდებულებების შესახებ კვლევა ჩაატარა. აღნიშნულმა კვლევამ აჩვენა, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი ხმის ფარულობის დარღვევას შესაძლებლად მიიჩნევდა. გამოკითხულთა 44% ფიქრობდა, რომ შესაძლებელია, ვიღაცამ გაიგოს, თუ ვის მისცა ხმა მეორე ადამიანმა. ამავე კვლევაში, გამოკითხულთა 48%-მა განაცხადა, რომ შესაძლებელი იყო საქართველოში გაჭირვებულ ოჯახს სოციალური დახმარება შესჩერებოდა, თუ ოჯახის წევრები არჩევნებზე არ წავიდოდნენ.
სადავოა, რამდენად რელევანტურია დღეს 2021 წლის კვლევის შედეგებზე დაყრდნობა - მით უმეტეს, რომ წლევანდელ არჩევნებში ამომრჩეველთა 90% ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მისცემს ხმას. აქამდე არჩევნები ძირითადად ტრადიციული მეთოდით ტარდებოდა და ელექტრონული ტექნოლოგიები მხოლოდ საპილოტედ იყო გამოყენებული. შესაძლოა, მოსახლეობის აღქმა ხმის ფარულობასთან დაკავშირებით დღეს განსხვავებული იყოს, ვიდრე ეს იყო 2021 წელს. თეონა ჭალიძე მისთვის ხელმისაწვდომ კონკრეტულ კვლევის შედეგებს ეყრდნობა და მონაცემებსაც სწორად ასახელებს, თუმცა ეს მონაცემები დღეს შეიძლება არც იყოს რელევანტური. აქედან გამომდინარე, „ფაქტ-მეტრი“ თეონა ჭალიძის განცხადების ამ ნაწილს კონკრეტული ვერდიქტით არ შეაფასებს.
„ფაქტ-მეტრი“ იზიარებს იმ მოსაზრებას, რომ ელექტრონული ტექნოლოგიები არ უნდა გახდეს მანიპულირების საგანი და ამომრჩეველმა უნდა იცოდეს, რომ ხმის ფარულობა ნამდვილად დაცულია. თეონა ჭალიძის განცხადება, რომ „არჩევნები ფარულია და ვერავინ გაიგებს, ამომრჩეველმა ვის სასარგებლოდ გააკეთა არჩევანი“ - არის სიმართლე.