ვერც ოპოზიციას, ვერც ზურაბიშვილს ვერ ვათქმევინეთ, რომ საქართველო იმსახურებდა კანდიდატი ქვეყნის სტატუსს

ირაკლი კობახიძე: ვერც ოპოზიციას, ვერც ზურაბიშვილს ვერ ვათქმევინეთ, რომ საქართველო იმსახურებდა კანდიდატი ქვეყნის სტატუსს

ვერდიქტი: ტყუილი

ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვებაზე საუბრისას, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ კანდიდატის სტატუსის მონიჭების წინა პერიოდში წელიწად-ნახევრის განმავლობაში ვერც პრეზიდენტს და ვერც ვერავის ოპოზიციიდან ვერ ათქმევინეს, რომ საქართველო იმსახურებდა კანდიდატი ქვეყნის სტატუსს:

„...მაშინაც იყო ათასგვარი განცხადებები, შემდეგი წელიწად-ნახევრის განმავლობაში. გაგრძელდა ეს პროცესი. იყო მუდმივი კრიტიკა, მუდმივი უარყოფითი განცხადებები. თუმცა, ჩვენ ვიბრძოლეთ ქართველ ხალხთან ერთად და ამ ბრძოლის საფუძველზე მივიღეთ კანდიდატის სტატუსი. მიუხედავად იმისა, რომ წელიწად-ნახევარი ვერავის ვათქმევინეთ, რომ საქართველო იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს, მათ შორის, ვერც ქვეყნის შიგნით, ოპოზიციას, სალომე ზურაბიშვილის ჩათვლით, მთლიანად რადიკალურ ოპოზიციას. ვერც ერთ ადამიანს ვერ ვათქმევინეთ, რომ საქართველო იმსახურებდა კანდიდატი ქვეყნის სტატუსს. იგივე იყო ქვეყნის გარეთაც. არავინ არ ამბობდა ამას და საბოლოო ჯამში, ჩვენი ბრძოლის შედეგად მივიღეთ ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსი...“.

ირაკლი კობახიძის განცხადება ვერ იქნება აღქმული ბუკვალურად, ე.ი. პრეზიდენტს ან ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს, რომ გაეკეთებინათ განცხადება ზუსტად შემდეგი ფორმულირებით: „საქართველო იმსახურებს კანდიდატის ქვეყნის სტატუსს“. აღნიშნული მტკიცების ქვეშ იგულისხმება, რომ პრეზიდენტი და ოპოზიცია არ აცხადებდა, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი უნდა მიეღო.

ლოგიკურად, იგულისხმება პერიოდი ევროპულმა საბჭომ 2022 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილებიდან (როდესაც მან საქართველოს ევროპული პერსპექტივა აღიარა და გამოთქვა მზადყოფნა საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭებინა, თუ ევროკომისიის მიერ განსაზღვრული პრიორიტეტები შესრულდებოდა), ევროკომისიის 2023 წლის 8 ნოემბრის ანგარიშამდე (რომლითაც ევროკომისიამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა)/ევროპული საბჭოს 2023 წლის 14-15 დეკემბრის გადაწყვეტილებამდე (რომლითაც ევროპულმა საბჭომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილება მიიღო).

„ფაქტ-მეტრმა“ აღნიშნული განცხადების სისწორის გადასამოწმებლად ამ პერიოდში გაკეთებული განცხადებები მოიკვლია. ბუნებრივია, შეუძლებელია ზემოხსენებულ დროის შუალედში კანდიდატის სტატუსის შესახებ შესაბამისი სუბიექტების მიერ გაკეთებული განცხადებების განხილვა - ამიტომ, მოცემული იქნება განცხადებები, რომლებიც გადასამოწმებელ მტკიცებას უშუალოდ ეხმიანება.

განსახილველ პერიოდში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს არაერთხელ განუცხადებია, რომ ის საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას ემხრობოდა:

• 2023 წლის 29 ოქტომბრის ინტერვიუში, მან საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარი დაუჭირა და თქვა, რომ საქართველოსთვის სტატუსის არმინიჭება რუსეთისთვის დიდი გამარჯვება იქნებოდა.

•2023 წლის 9 მარტის განცხადებაში ის ამბობს: „...ათწლეულების განმავლობაში, რუსეთის სურვილების გამოცნობას კი არ ვცდილობდით, არამედ ვაგრძელებდით სიარულს ჩვენს გზაზე. და ეს გზა მიდის ევროპისკენ. აი, აქ გვჭირდება მხარდაჭერა ჩვენი ევროპელი პარტნიორებისგან. ისინი გვჭირდება იმაზე მეტად, ვიდრე ოდესმე. გვჭირდება მათი სტრატეგიული გადაწყვეტილება, რომ მიანიჭონ კანდიდატის სტატუსი საქართველოს. ეს იქნება სტრატეგიული გადაწყვეტილება საქართველოს მოსახლეობისათვის, მათ შორის, თუკი საჭირო იქნება, მთავრობის [ნების] წინააღმდეგ...“.

•2022 წლის 15 ნოემბერს გაკეთებულ განცხადებაში პრეზიდენტი ზურაბიშვილი ამბობს: „მუშაობა მიმდინარეობს საქართველოს პარლამენტში, პროგრესი არსებობს, რომელიც ჯერ ბოლომდე არ აკმაყოფილებს 12 რეკომენდაციას. მიმაჩნია, რომ დღეს სტრატეგიულად სასწრაფო მომენტია, რომ ,,კი“ ეთქვას საქართველოს. კარგად ვიცით, კანდიდატის სტატუსის მოპოვება არ ნიშნავს ამ გზის დასასრულს. ეს არ არის საბოლოო თანხმობა, გაგრძელდება ზეწოლა, წახალისება, მაგრამ დღეს საჭიროა მკაფიო პასუხი რუსეთისთვის...“.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანახმად, სალომე ზურაბიშვილი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად ევროპული სახელმწიფოების ლიდერებსაც ესაუბრებოდა.

სალომე ზურაბიშვილის საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მხარდამჭერი განცხადებები ადასტურებს, რომ ირაკლი კობახიძის მტკიცება, თითქოს სალომე ზურაბიშვილს ვერ ათქმევინეს, რომ საქართველო კანდიდატი ქვეყნის სტატუსს იმსახურებდა, რეალობას არ შეესაბამება.

საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს სხვადასხვა ოპოზიციურმა პარტიებმაც. „ფაქტ-მეტრი“ გთავაზობთ რამდენიმე მსგავს განცხადებას (განცხადებებისა და პარტიების სია არ არის სრული):

    •„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებით, პარტია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარს უჭერდნენ. კერძოდ, ირაკლი ნადირაძის 25 ოქტომბრის განცხადების თანახმად: „ერთი რამ ვიცი, რომ „ნაციონალური მოძრაობა“, მისი ყველა ლიდერი ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ არწმუნებს ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, ჩვენს ევროპელ ლიდერებს, რომ ქვეყანამ, ხალხმა აუცილებლად მიიღოს კანდიდატის სტატუსი. თქვენ ვერ ნახავთ ვერცერთ სხვა განცხადებას [რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი არ უნდა მიიღოს] ჩვენი ლიდერების მხრიდან ვერც ქვეყნის შიგნით, ვერც ქვეყნის გარეთ. ამაზე ასევე საუბრობენ ჩვენი ევროპელი პარტნიორები, რომ დიახ, სადაც არის „ნაციონალური მოძრაობა“, სადაც არიან მისი ლიდერები, ყველგან მიდის დარწმუნება ჩვენი ევროპელი პარტნიორებისა, რომ ქვეყანამ, ხალხმა აუცილებლად მიიღოს კანდიდატის სტატუსი, რადგან კანდიდატის სტატუსი სასიცოცხლოდ სჭირდება ჩვენს ქვეყანას“.

    •პარტია „საქართველოსთვის“ კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ემხრობოდა. პარტიის დეპუტატის, ბექა ლილუაშვილის, 30 ოქტომბრის განცხადებით, კანდიდატის სტატუსის საკითხი ზეპარტიული საკითხია და „ჩვენი პოზიცია დარჩა ისეთი, როგორიც იყო ყოველთვის - ჩვენმა ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი უნდა მიიღოს“. პარტიის ლიდერის, გიორგი გახარიას 2023 წლის 28 თებერვლის განცხადებით: „დღეს შევხვდი საქართველოში ლიეტუვის ელჩს და ვთხოვე ლიეტუვის მთავრობის მხარდაჭერა, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესში. ქართველმა ხალხმა ეს დაიმსახურა. ეს არის ერთადერთი გზა, რომ საქართველო დაბრუნდეს დემოკრატიის გზაზე“.

    •პარტია „ლელო“-ს 2023 წლის 10 თებერვლის განცხადების თანახმად, ის საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიღებას ელოდებოდა. „ლელო“-ს ლიდერის, მამუკა ხაზარაძის, 2023 წლის 24 3 მარტის განცხადებით: „ვიღაცების პოზიცია არის, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში არ უნდა იყოს მიღებული კანდიდატის სტატუსი, რასაც მე და ჩემი პარტია კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით. ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენს ქვეყანაზე ჩვენს სამშობლოზე, შესაბამისად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ კანდიდატის სტატუსი მივიღოთ“.

    •პოლიტიკური ჯგუფის „რეფორმების ჯგუფის“ ხელმძღვანელი ხათუნა სამნიძის 2022 წლის 18 ნოემბრის განცხადებით: „ის ამოცანა, რომ ჩვენმა ქვეყანამ მიიღოს ევროპული კანდიდატის სტატუსი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და ნომერ პირველი ამოცანაა, როგორც ხელისუფლებისთვის, ასევე ოპოზიციისთვის. მე არ ვფიქრობ, რომ ამაზე მნიშვნელოვანი ამოცანა დღეს დგას დღის წესრიგში. ინტერპელაციის ჩვენი შეკითხვები პრემიერის მხრიდან კონკრეტული ფაქტების დასახელებას ითვალისწინებდა. მე ვფიქრობ, რომ თქვენ მადლობა უნდა გეთქვათ შეკითხვების თითოეული ხელმომწერისთვის იმიტომ, რომ ეს იყო თქვენი შესაძლებლობა, რომ საპარლამენტო ტრიბუნიდან გეთქვათ, თუ რას აკეთებს მთავრობა და რა არის მთავრობის პასუხისმგებლობა, როდესაც სტატუსის მიღებაზე ვსაუბრობთ. დღეს საკომიტეტო და სასესიო მოსმენებზე ყველა, როგორც ოპოზიციის, ასევე ხელისუფლების სრული შემადგენლობა ჩართულია ამ პროცესში და არავინ არ არიდებს თავს არც კრიტიკას, არც ჩართულობას და არც კონსენსუსის საფუძველზე ხმის მიცემას, როდესაც ჩვენ ვთანხმდებით და ინიციატივა და კანონპროექტი არის სწორი. როდესაც თქვენი მინისტრები აქ დგანან და ჩვენ ვეკითხებით, თუ რა გაკეთდა ხელისუფლების პირობებში, საუბარი მიდის ისევ მომავალ დროში. თქვენ შემთხვევაში, როდესაც უნდა გესაუბრათ ევროპულ მომავალზე, თქვენ არჩიეთ, რომ წარსულზე გელაპარაკათ და ისევ ოპოზიციისკენ და წინა ხელისუფლებისკენ გაიშვირეთ ხელი. ძალიან კარგად იცის თქვენმა გუნდმა, რომ ევროპული მომავალი არის ჩვენი მთავარი არჩევანი და მთელი ქვეყანა დგას ამ მხარეს. არავინ აქ, ამ ქვეყანაში და პარლამენტში მითუმეტეს, არ არის სხვა მხარეს, ყველას ერთად გვინდა, რომ მივიღოთ სტატუსი და ამ პროცესში პასუხისმგებლობის ძირითადი ტვირთი ხელისუფლებაზეა“.

    •„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის 2023 წლის 29 მარტის განცხადებით: „მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებაში გვყავს ძალა, რომელიც რუსული დეზინფორმაციისთვის დამახასიათებელი მექანიზმით თავს ესხმის ევროპელ პარტნიორებს, თავს ესხმის პარლამენტში კოლეგებს და ყოველდღე არის ფიზიკური ანგარიშსწორება, არ ასრულებს 12 რეკომენდაციას, ხალხმა აჩვენა, რომ გვეკუთვნის კანდიდატის სტატუსი“.

    •საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მონიჭებას მხარს უჭერდა პარტია „მოქალაქეებიც“, რაც ჩანს პარტიის ლიდერის, ალეკო ელისაშვილის, განცხადებებში. მაგალითად 2022 წლის 11 ნოემბრის განცხადება: „ოპოზიციის ერთი ნაწილი პირდაპირ დაჩხავის ამ ამბავს, რომ „აი, არ მოგვცემენ კანდიდატის სტატუსს“. თან არ მუშაობ სამუშაო ჯგუფებში და თან დაჩხავი. როგორც ჩანს, ვიღაცებს არ უნდათ, რომ კანდიდატის სტატუსი მივიღოთ, რათა ეს „ოცნების“ წინააღმდეგ გამოიყენოს. ჩვენ ვამბობთ, რომ ამ სტატუსს „ოცნება“ კი არ იღებს, საქართველო მიიღებს. თუ იხეირებს, ქვეყანა იხეირებს და არა „ქართული ოცნება“. ხომ ვიცით, რომ ნაღდად დაძვრებოდნენ ქართველი ოპოზიციონერები ვიზალიბერალიზაციის წინ - კანდელაკი ნაღდად დადიოდა და ეუბნებოდა, რომ არ მისცეთო, მერე ხელისუფლებიდან ვერ გავუშვებთო. ვიზალიბერალიზაციით ვინ ისარგებლა? ჩვეულებრივმა მშრომელმა ხალხმა. ამიტომ, კანდიდატის სტატუსი სჭირდება ქვეყანას და არა მხოლოდ „ქართულ ოცნებას“... მივიღოთ სტატუსი და ჯანდაბა ამ „ოცნებას". სტატუსი თუ მივიღეთ, 14-მილიარდიან ფონდზე წვდომა გაგვიჩნდება. ეს ფული იქნება სოფლის მეურნეობის, კულტურის, ჯანდაცვის და სხვა ყველაფრის. ჩვენ რა ბიუჯეტიც გვაქვს, იმაზე მეტი არის 14 მილიარდი, ამიტომ ცოტა სხვანაირად უნდა შევხედოთ ამ ამბავს. არ არის სწორი წინასწარ იმაზე ლაპარაკი, რომ „ოცნება“ მაინც არაფერს შეცვლის. რაღაცები გაითვალისწინეს ძალიან კარგად - იქ, სადაც პოლიტიკური ინტერესი იყო: საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით ძალიან კარგი აზრთა გაცვლა იყო და ნაღდად გაითვალისწინეს რაღაცები. ყველგან გაითვალისწინეს რაღაც სასამართლოს გარდა. დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონს რაც შეეხება, ეს არის თავიდან ბოლომდე სისულელე... ყველაფრის მიუხედავად, მე მჯერა, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს მივიღებთ. ევროპაში კარგად ხვდებიან, რომ ჩვენ თუ ახლა სტატუსს არ მოგვცემენ, რუსეთი ჩათვლის, რომ ეს არის მისი უკანა ეზო. რაღაცებზე დასავლეთი თვალს დახუჭავს, რაღაცები კი გულწრფელად გაკეთდა. 12 პუნქტში 9-ს რომ გულწრფელად გაკეთებულს ნახავენ, დანარჩენ 3-ზე პატარას წაუყრუებენ, რადგან ასევე სხვა რაღაცებიც არსებობს - არის როგორც ღრმაწყლოვანი ელექტროკაბელი, ისე ნავთობი, გაზი და ა.შ. ასევე არის პოლიტიკური მოცემულობაც, რადგან ახლა უარის თქმა საბოლოოდ ხელის კვრა იქნება, რადგან სტატუსს ახლა თუ არ მოგვცემენ, ეს ნიშნავს რუსეთის პირდაპირ წაქეზებას, რომ „არიქა ბიჭებო, ესენი თქვენი არიან და გაჯიჯგნეთ როგორც გინდათ“.

    • საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარს უჭერდა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებიც ერთობლივი განცხადებებით. მაგალითად, 2023 წლის 26 სექტემბრის განცხადებით: „...ჩვენ, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, ვიმედოვნებთ, რომ ევროპული კომისია საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციას გასცემს. ეს იქნება საქართველოს ისტორიული არჩევანის აღსრულებაში კიდევ ერთი ეტაპი, შეასრულებს კატალიზატორის როლს დემოკრატიული რეფორმების გაგრძელებასა და ინსტიტუტების გაძლიერებაში და განამტკიცებს როგორც საქართველოს, ასევე ევროპის უსაფრთხოებას“; 2023 წლის 2 ნოემბრის განცხადებით: „...მოგმართავთ ჩვენი ქვეყნის ერთგულ და ძლიერ ევროპელ მეგობრებს და, კონკრეტულად, ევროკომისიას, საქართველოში არსებული პრობლემების მიუხედავად, 12 პრიორიტეტის შესრულების ობიექტური შეფასების პარალელურად, მოგვეცეს რეკომენდაცია, რომ 2023 წლის დეკემბერში ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს“.

    შესაბამისად, ირაკლი კობახიძის მტკიცება - „წელიწად-ნახევარი ვერავის ვათქმევინეთ, რომ საქართველო იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს, მათ შორის, ვერც ქვეყნის შიგნით, ოპოზიციას, სალომე ზურაბიშვილის ჩათვლით“ - ტყუილია, რადგან როგორც პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ისე სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი უნდა მინიჭებოდა.