ნიკა ობოლაძე: ბოლო სამ წელიწადში 344 ათასმა საქართველოს მოქალაქემ დატოვა საქართველო და წავიდა ემიგრაციაში
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ნიკა ობოლაძის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.
2021-2023 წლებში 344,633 საქართველოს მოქალაქე წავიდა ემიგრაციაში, ამავე პერიოდში 185,827 საქართველოს მოქალაქე იმიგრანტი დაბრუნდა ქვეყანაში. ანუ, ბოლო 3 წელში 158,806 ათასით მეტი მოქალაქე გავიდა ქვეყნიდან, ვიდრე დაბრუნდა.
ნიკა ობოლაძე ბოლო 3 წელში ქვეყნიდან გასვლის მაჩვენებელზე აპელირებს და ამავე პერიოდში ქვეყანაში დაბრუნებულთა რაოდენობას უგულებელყოფს, რაც ემიგრაციის არსებულ პრობლემას გადაჭარბებულად წარმოაჩენს. თუმცა ობიექტურ რეალობაა, რომ ემიგრაცია არის ძალიან მასშტაბური გამოწვევა - მიგრაციის ისედაც უარყოფითი მაჩვენებლები ბოლო 3 წლის განმავლობაში კატასტროფულად გაუარესდა. „ფაქტ-მეტრი“ ითვალისწინებს აღნიშნულ გარემოებას და ნიკა ობოლაძის განცხადებას აფასებს ვერდიქტით მეტწილად სიმართლე.
ანალიზი
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრის ნიკა ობოლაძის განცხადებით: „მხოლოდ ბოლო სამ წელიწადში 344 ათასმა საქართველოს მოქალაქემ დატოვა საქართველო და წავიდა ემიგრაციაში“.
პირველ რიგში, უნდა განვმარტოთ, რომ ემიგრანტიც და იმიგრანტიც შეიძლება იყოს როგორც საქართველოს მოქალაქე, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქე. ემიგრანტად მიიჩნევა პირი, რომელმაც საქართველო ბოლო 12 თვეში დატოვა და სხვა სახელმწიფოში სულ მცირე 183 დღის განმავლობაში იმყოფებოდა. მისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი ქვეყნიდან გასვლამდე იყო საქართველო, ანუ წინა 12 თვის მანძილზე, სულ მცირე 183 დღე იმყოფებოდა საქართველოში. იმიგრანტად მიიჩნევა პირი, რომელიც საზღვრის გადმოკვეთიდან სულ მცირე 183 დღე იმყოფებოდა საქართველოში და საზღვრის კვეთამდე საქართველო მისი მუდმივი საცხოვრებელი ქვეყანა არ იყო.
ნიკა ობოლაძე 2021-2023 წლებში საქართველოს მოქალაქე ემიგრანტების რაოდენობას აჯამებს, შესაბამისად სტატიაში მხოლოდ საქართველოს მოქალაქეების მიგრაციის მაჩვენებლები განვიხილეთ.
საქსტატმა მოქალაქეობის მიხედვით, ემიგრანტების და იმიგრანტების სტატისტიკის წარმოება 2012 წლიდან დაიწყო. 2012-2023 წლებში საქართველოს მოქალაქე ემიგრანტებს და იმიგრანტებს შორის სხვაობამ, ანუ მიგრაციულმა სალდომ, ჯამში, 316,550 შეადგინა. საქართველოს მოქალაქეების შემთხვევაში, მიგრაციის ისედაც უარყოფითი მაჩვენებელი, 2021-2023 წლებში მკვეთრად გაუარესდა. გასულ წელს კი უარყოფითი მიგრაციული სალდოს მაჩვენებელი რეკორდულად გაიზარდა და ბოლო 11 წლის განმავლობაში ყველაზე ცუდი მაჩვენებელი დაფიქსირდა.
საქსტატის მონაცემებით, 2021-2023 წლებში 344,633 საქართველოს მოქალაქე წავიდა ემიგრაციაში, ამავე პერიოდში საქართველოს მოქალაქე იმიგრანტების რიცხოვნობამ 185,827 შეადგინა. ანუ, ბოლო 3 წელში მიგრაციულმა სალდომ, საქართველოს მოქალაქეების შემთხვევაში, 158,806 ათასი შეადგინა.
2023 წელს 163,480 საქართველოს მოქალაქე გავიდა ქვეყნიდან, ამავე პერიოდში საქართველოს მოქალაქე იმიგრანტების რაოდენობამ 91,896 შეადგინა. ანუ მხოლოდ 2023 წელს 71,584 ათასით მეტმა საქართველოს მოქალაქემ დატოვა ქვეყანა, ვიდრე დაბრუნდა.
გრაფიკი 1: 2012-2023 წლებში საქართველოს მოქალაქეობის მქონე ემიგრანტების და იმიგრანტების რაოდენობა, მიგრაციული სალდო
წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური
როგორც გრაფიკიდან ჩანს, ყოველწლიურად საქართველოს უფრო მეტი მოქალაქე ტოვებს, ვიდრე ბრუნდება. ამ მხრივ გამონაკლისი იყო 2020 წელი, როდესაც დადებითი მიგრაციული სალდო (სხვაობა ემიგრანტებს და იმიგრანტებს შორის) დაფიქსირდა. თუმცა ის ფაქტი, რომ პანდემიის პერიოდში ჩაკეტილი საზღვრის პირობებში მოქალაქეები ვერ მიდიოდნენ ემიგრაციაში, რაიმე პოზიტიურ მოვლენად ვერ ჩაითვლება. 2021-2023 წლებში, ყოველწლიურად უარყოფითი მიგრაციული სალდოს რეკორდული მაჩვენებლები ფიქსირდება.
ემიგრანტების ყოველწლიური მონაცემების დაჯამება არამართებულია, რადგან ემიგრანტების რიცხვში ჩაითვლებიან ის პირებიც, ვინც უკვე დაბრუნდა ქვეყანაში. ამასთან, გრძელვადიანი პერიოდის დაჯამებისას, შესაძლოა, მოხდეს მონაცემების დუბლირება და ერთი და იგივე პირი რამდენჯერმე აღირიცხოს ემიგრანტად. შესაბამისად, როდესაც მიგრაციის მაჩვენებელზე ვსაუბრობთ, მართებულია, მიგრაციული სალდო განვიხილოთ, ანუ სხვაობა ემიგრანტებს და იმიგრანტებს შორის.
ნიკა ობოლაძე ბოლო 3 წელში ქვეყნიდან გასვლის მაჩვენებელს აჯამებს და ამავე პერიოდში ქვეყანაში დაბრუნებულთა რაოდენობას უგულებელყოფს, რაც არსებულ რეალობას გადაჭარბებულად წარმოაჩენს. თუმცა, „ფაქტ-მეტრი“ ნიკა ობოლაძის განცხადების შეფასებისას ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ ემიგრაცია ობიექტურად არის ძალიან მასშტაბური გამოწვევა და ემიგრაციის უარყოფითი მაჩვენებლები ბოლო 3 წლის განმავლობაში კატასტროფულად გაუარესდა და განცხადებას აფასებს ვერდიქტით მეტწილად სიმართლე.