შალვა პაპუაშვილი: ბიუჯეტში საფრანგეთიდან თანხა არ ირიცხება
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, შალვა პაპუაშვილის განცხადება არის ნახევრად სიმართლე.
2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში უცხოური წყაროებიდან 2 მლრდ ლარზე მეტის მობილიზებაა დაგეგმილი, საიდანაც 150 მლნ ლარი გრანტია, 1.8 მლრდ კრედიტი.
საფრანგეთის მთავრობის პირდაპირი ტრანში 0 ლარია, თუმცა საფრანგეთის განვითარების სააგენტოს AFD-ს მიზნობრივი კრედიტის სახით 134 მლნ ლარი აქვს გამოყოფილი, რაც მწვანე ენერგიაზე გადასვლას უნდა მოხმარდეს. დამატებით გრანტის სახით იმავე AFD-სგან ხაშურის წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესებაზე 2.4 მლნ ლარის დახარჯვაა დაგეგმილი.
AFD-ს დაფინანსება განსაკუთრებით მაღალ ნიშნულს 2020-2021 წლებში აღწევდა და წლიურად 500 მლნ ლარს აჭარბებდა.
მთავრობის საგარეო ვალის ¾ საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებზე მოდის, ისეთებზე, როგორებიცაა: მსოფლიო ბანკი, აზიის განვითარების ბანკი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი... ორმხრივი კრედიტორებიდან კი ყველაზე დიდი დავალიანება საფრანგეთის მიმართ ფიქსირდება - 758 მლნ დოლარი 1.5 მლრდ-დან.
აღსანიშნავია ისიც, რომ საფრანგეთის მიმართ დავალიანება სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში გაიზარდა. 2012 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოს საფრანგეთის 52 მლნ დოლარი ემართა, რაც არამხოლოდ თანხობრივად, წილობრივადაც ცოტა იყო და ორმხრივი კრედიტორების მიმართ არსებული დავალიანების 7%-ს შეადგენდა. ამჟამად იგივე მაჩვენებელი 50%-მდეა გაზრდილი.
მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტში საფრანგეთის მთავრობის პირდაპირი დახმარება ნამდვილად არაა გათვალისწინებული, თუმცა მიზნობრივი კრედიტის მოცულობა, როგორც წელს, ასევე წინა წლებში საკმაოდ დიდია, რაც პარლამენტის თავმჯდომარემ მხოლოდ დამატებითი კითხვის დასმის შემდეგ დაადასტურა. მისი თავდაპირველი განცხადებიდან რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ საქართველოსთვის საფრანგეთს თანხები საერთოდ არ ჰქონდა გამოყოფილი, რის გამოც „ფაქტ-მეტრმა“ შალვა პაპუაშვილის განცხადება შეაფასა როგორც ნახევრად სიმართლე.
ანალიზი: პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა საფრანგეთის ელჩის შერაზ გასრის განცხადების პასუხად (ელჩმა აღნიშნა, რომ საფრანგეთი ბიუჯეტში პირდაპირ დახმარებას აჩერებდა) აღნიშნა, რომ საქართველოს ბიუჯეტის შევსებაში საფრანგეთი არ მონაწილეობს: „არანაირი პირდაპირი საბიუჯეტო თანხები საფრანგეთის ბიუჯეტიდან საქართველოს ბიუჯეტში არ არსებობს, ამიტომ, არ ვიცი მე, სიმართლე გითხრათ, რაზე იყო აქ საუბარი. ამიტომ ცოტა გაუგებარი იყო ეს კომენტარი…
[საფრანგეთის ელჩის კომენტარი] არ შეესაბამება სიმართლეს. არანაირი თანხა საქართველოს ბიუჯეტში საფრანგეთის ბიუჯეტიდან არ შედის და არანაირი პირდაპირი საბიუჯეტო დაფინანსება საფრანგეთიდან არ არსებობს.“ პროგრამების დაფინანსების შესახებ დასმულ კითხვაზე კი უპასუხა: „პროგრამები, რა თქმა უნდა, არსებობს, რომელსაც სხვადასხვა… უყურეთ, საბიუჯეტო დახმარება არის სპეციფიკური, ფინანსური დახმარების ინსტრუმენტი, რომლის ქვეშ იგულისხმება საბიუჯეტო დახმარება და როცა ამაზეა საუბარი, არანაირი საბიუჯეტო დახმარება საფრანგეთის ხელისუფლების მხრიდან“.
სახელმწიფო ბიუჯეტის თითქმის მეათედით (პანდემიის პერიოდში 30%-ზე მეტით) დონორთა თანხებით ივსება, საიდანაც უდიდესი ნაწილი სესხია, შედარებით მცირე, თუმცა არა უმნიშვნელო ნაწილი, გრანტი. თავის მხრივ, კრედიტორებიც ორ ჯგუფად იყოფა: ორმხრივ კრედიტორებად და მრავალმხრივ კრედიტორებად. ორმხრივ კრედიტორებს ცალკეული სახელმწიფოები წარმოადგენენ, მრავალმხრივს კი სახელმწიფოთა გაერთიანებები და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები, ისეთები, როგორებიცაა: მაგალითად, ევროკავშირი და მსოფლიო ბანკი.
მთავრობის მიერ აღებული ვალი შინაარსობრივად შეიძლება ორ ჯგუფად დაიყოს: პირდაპირი საბიუჯეტო დახმარება, როდესაც დონორი პირდაპირ ბიუჯეტში რიცხავს თანხას, რომელსაც ხელისუფლება თავის შეხედულებისამებრ განკარგავს და მიზნობრივი კრედიტი, როდესაც თანხა კონკრეტულ პროექტებს ხმარდება.
2023 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, სახელმწიფო საგარეო ვალი სულ 8.9 მლრდ დოლარს - 24 მლრდ ლარს შეადგენდა, საიდანაც 8.5 მლრდ დოლარი მთავრობის ვალი იყო, 402 მლნ დოლარი ეროვნული ბანკის. მთავრობის ვალიდან 6.4 მლრდ მრავალმხრივ კრედიტორებზე მოდიოდა, 1.6 მლრდ ორმხრივზე. 500 მლნ ევროობლიგაციებზე მოდიოდა. ორმხრივი კრედიტორებიდან საქართველოს ყველაზე მეტი - 786 მლნ დოლარი, საფრანგეთის ემართა.
2024 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, ორმხრივი კრედიტორების წინაშე დავალიანება 100 მლნ-ითაა შემცირებული, მათ შორის - საფრანგეთის წინაშე 28 მლნ-ით, 758 მლნ დოლარამდე (2.1 მლრდ ლარზე მეტი). მცირე კლების მიუხედავად, ცალკეული სახელმწიფოებიდან ყველაზე დიდი ვალი საქართველოს საფრანგეთთან უგროვდება, გერმანია 583 მლნ-ით მეორე ადგილს იკავებს. მესამე ადგილზე მყოფი იაპონია მათ მნიშვნელოვნად ჩამორჩება. საქართველოს იაპონიის 119 მლნ მართებს.
გრაფიკი 1: ორმხრივი კრედიტორები 30.06.2024-ის მდგომარეობით (მლნ აშშ დოლარი)
წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს საფრანგეთის მიმართ ყველაზე მეტი დავალიანება უგროვდება, 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ქვეყნის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში საფრანგეთიდან პირდაპირი დონაცია გათვალისწინებული არ არის, თუმცა საფრანგეთის განვითარების სააგენტო (AFD) სესხის სახით მწვანე მიმართულებაზე გადასვლის პროგრამის ფარგლებში 134 მლნ ლარს გამოყოფს, დამატებით გრანტის სახით 2.4 მლნ ლარს კი ხაშურის წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესებისთვის.
მსგავს პროექტებს საფრანგეთი წინა წლებშიც აფინანსებდა. 2013 წელს საფრანგეთის სასაქონლო დახმარებამ 30 მლნ შეადგინა, 2014 წელს საფრანგეთის მთავრობისგან ზემო სვანეთში სათხილამურო ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტი 14 მლნ-ით დაფინანსდა.
2023 წელს გრანტის სახით 1.5 მლნ გამოყო და სესხად 41 მლნ. 2022 წელს ენერგეტიკული სექტორის რეფორმირებისთვის - 173 მლნ ლარი.
რეკორდული 2020 წელი აღმოჩნდა, რა დროსაც საქართველომ AFD-სგან ჯამში 615 მლნ ლარი მიიღო, 390 მლნ ლარი ენერგეტიკის სექტორის რეფორმირებისთვის და 225 მლნ - სოციალური კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად. ენერგეტიკის სექტორის რეფორმირება 533 მლნ ლარით დაფინანსდა 2021 წელსაც.
2024 წელს მისაღები სესხის ჩათვლით, 2013 წლიდან, საფრანგეთიდან მიღებული სესხების ჯამური მოცულობა 2 მლრდ ლარს აჭარბებს. თანხები ძირითადად AFD-ს სახით შემოედინებოდა, თუმცა იყო სამთავრობო ტრანშებიც. კრედიტი, უმეტეს შემთხვევაში, ენერგეტიკულ და ინფრასტრუქტურულ პროექტებს ხმარდებოდა.
საფრანგეთზე საუბრისას გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში ფინანსურ ნაწილში საფრანგეთთან თანამშრომლობა გაღრმავდა. თუ 2012 წლის დეკემბერში საქართველოს დავალიანება საფრანგეთის მიმართ 52 მლნ დოლარს შეადგენდა, რაც ორმხრივი კრედიტორების წინაშე არსებული დავალიანების 7%-ს უდრიდა, 2024 წლის ივნისში მან თანხობრივად 758 მლნ-სა და წილობრივად 50%-ს მიაღწია.
გრაფიკი 2: ორმხრივი კრედიტორები (მლნ. აშშ დოლარი)
წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
შალვა პაპუაშვილმა პროგრამების არსებობა დაადასტურა, მაგრამ მხოლოდ დამატებითი კითხვის დასმის შემდეგ, მაშინ, როცა მიმდინარე წელს AFD-დან მისაღები თანხები 100 მლნ-ს აჭარბებს და წინა წლებში ზოგჯერ 500 მლნ-ისთვისაც გადაუჭარბებია.
დონორებისგან მიღებული დაფინანსება, უმეტეს შემთხვევაში, მიზნობრივია და იმის მტკიცება, რომ მიზნობრივი კრედიტი საბიუჯეტო დახმარებას არ წარმოადგენს, მცდარია.
იმის გათვალისწინებით, რომ 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში საფრანგეთის მხრიდან პირდაპირი საბიუჯეტო დახმარება გათვალისწინებული არ არის და ასევე, იმის გათვალისწინებით, რომ AFD-ს კრედიტი 100 მლნ-ს აჭარბებს და ძველი კრედიტების ხარჯზე საფრანგეთის მიმართ არსებული ვალდებულებები 2 მლრდ ლარზე მეტია, „ფაქტ-მეტრმა“ შალვა პაპუაშვილის განცხადება შეაფასა როგორც ნახევრად სიმართლე.