სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში „ქართველი კონსერვატორი“, რომლის გავრცელებული დეზინფორმაცია „ფაქტ-მეტრს“ აქამდეც გადაუმოწმებია, (1; 2) ინფორმაციას ავრცელებს, რომლის თანახმადაც უკრაინის პრეზიდენტმა კანონი მიიღო, რომელიც უცხოურ კომპანიებს უკრაინაში სასოფლო-სამეურნეო მიწების ყიდვის საშუალებას მისცემს. ამასთან, პოსტში ნათქვამია, რომ ამ ეტაპისთვის 17 მლნ ჰექტარი მიწა სამ კომპანიას აქვს შეძენილი.

საგულისხმოა, რომ იდენტური ინფორმაცია სამი უცხოური კომპანიის მიერ უკრაინული მიწების ყიდვასთან დაკავშირებით, გასულ წლებშიც ვრცელდებოდა, რაც უკრაინულმა ფაქტების გადამმოწმებელმა ორგანიზაციამ StopFake-მა გადაამოწმა. მათი ინფორმაციით, ეს შეუძლებელია, ვინაიდან უკრაინის კანონმდებლობის მიხედვით, უცხოელებისთვის მიწის მიყიდვა აკრძალულია.

უკრაინის კანონმდებლობის მიხედვით, სასოფლო-სამეურნეო მიწის შეძენა შეუძლიათ:

1. უკრაინის მოქალაქეებს;

2. უკრაინის კანონმდებლობის მიხედვით რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს, რომლებიც უკრაინის მოქალაქეები არიან;

3. ტერიტორიულ თემებს;

4. სახელმწიფოს.

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების შეძენა ბანკებსაც შეუძლიათ, თუმცა მათზე გირაოს სახით ჩამორთმევის წესით. ასეთი მიწის ნაკვეთები ბანკებმა მიწის აუქციონზე უნდა გაასხვისონ საკუთრების შეძენის დღიდან ორი წლის განმავლობაში.

კანონში ასევე დეტალურადაა განხილული, თუ ვის ეკრძალება სასოფლო-სამეურნეო მიწის შეძენა. ამ სიაშია პირები, ვისაც არ აქვთ უკრაინის მოქალაქეობა, ან კომპანიები, რომლის მფლობელებიც არ არიან უკრაინის მოქალაქეები; იმ ქვეყნის მოქალაქეები, რომელიც უკრაინის მიერ აგრესორად, ოკუპანტადაა აღიარებული; ტერორისტული ორგანიზაციების წევრები, მოქალაქეობის არმქონე პირები, უკრაინის მიერ სანქცირებული პირები და სხვა.

მიწის ნაკვეთების უდიდესი ნაწილი ადგილობრივი კომპანიების მფლობელობაშია, თუმცა არც ისინი ფლობენ 17 მლნ ჰექტარს. უკრაინის სოფლის მეურნეობის ბაზრის უმსხვილესი მოთამაშეების მიწის ფართობი 0,5 მილიონ ჰექტარს არ აღემატება.

უკრაინის სასოფლო-სამეურნეო მიწების მფლობელ კომპანიათა სიაში უცხოური კომპანიები არ ფიგურირებენ (იხ. ქვემოთ).

შესაბამისად, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს უკრაინის სასოფლო-სამეურნეო მიწები უცხოურმა კომპანიებმა შეიძინეს, ყალბია.

----------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.