ირაკლი კობახიძე: ტრეფიკინგის წინააღმდეგ განხორციელებული ღონისძიებებით საქართველო 188 ქვეყანას შორის უკვე მე-8 წელია ინარჩუნებს ადგილს ე.წ. „პირველ კალათაში"
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ირაკლი კობახიძის განცხადება არის ნახევრად სიმართლე
2024 წლის 28 ივნისს პარლამენტში პრემიერმა 2023-2024 წლების საქმიანობის ანგარიში წარადგინა. პრემიერის განცხადებით, „აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გასული წლის ანგარიშის თანახმად, ტრეფიკინგის წინააღმდეგ განხორციელებული ღონისძიებებით, საქართველო კვლავ უმაღლეს საფეხურზეა და მსოფლიოს მასშტაბით 188 ქვეყანას შორის უკვე მე-8 წელია ინარჩუნებს ადგილს ე.წ. „პირველ კალათაში“.
ანალიზი:
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ადამიანის უფლებების შესახებ ანგარიშებს ყოველწლიურად აქვეყნებს. 2023 წლის ანგარიშში საქართველოში ადამიანების უფლებრივი მდგომარეობა 7 სხვადასხვა მიმართულებით შეფასდა. მათგან ერთ-ერთი - „დისკრიმინაცია და სოციალური ძალადობა“ - ტრეფიკინგს შეეხება. შეგახსენებთ, რომ ტრეფიკინგი ადამიანის თავისუფლების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულია, რომელიც ექსპლუატაციის მიზნით, ადამიანის ყიდვა/გაყიდვას ან მის მიმართ სხვა უკანონო გარიგების განხორციელებას გულისხმობს. დღესდღეობით, მსოფლიოში მილიონობით ადამიანი, განსაკუთრებით, ყველაზე მარგინალიზებული და დაუცველი ინდივიდები სხვადასხვა ფორმით გამოვლენილი (შრომის იძულება, სექს-სამუშაოში ჩართვა თუ სხვ.) ტრეფიკინგის მსხვერპლი ხდებიან.
საკითხის შეფასებისას აშშ-ის დეპარტამენტი მის მიერვე შედგენილ ყოველწლიურ რეპორტს დაეყრდნო, რომელიც ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით მთავრობების ძალისხმევას 2001 წლიდან აფასებს. ანგარიშში დეპარტამენტი თითოეულ ქვეყანას ოთხ სხვადასხვა კატეგორიაში ათავსებს იმის მიხედვით, თუ რა ხარისხით აკმაყოფილებენ ისინი 2000 წლის აშშ-ის კონგრესის ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაცვის შესახებ ფედერალური აქტის (Victims of Trafficking and Violence Protection Act of 2000 - TVPA) მინიმალურ სტანდარტებს.
TVPA-ს მინიმალური სტანდარტები ტრეფიკინგის აღმოსაფხვრელად:
1. ქვეყნის მთავრობამ უნდა აკრძალოს ადამიანებით ვაჭრობის მძიმე ფორმები და დასაჯოს ტრეფიკინგის ამგვარი აქტები.
2. სქესობრივი ტრეფიკინგის შეგნებულად ჩადენის შემთხვევები, რომელიც მოიცავს ძალის გამოყენებას, თაღლითობას, იძულებას ან, რომლის დროსაც სქესობრივი ვაჭრობის მსხვერპლი არის ბავშვი, ან, შემთხვევები, რომელიც მოიცავს გაუპატიურებას ან გატაცებას, რომელმაც სიკვდილი გამოიწვია, ქვეყნის მთავრობამ უნდა დასაჯოს ისევე მკაცრი სასჯელით, როგორც ეს გათვალისწინებულია სხვა მძიმე დანაშაულებისთვის.
3. ადამიანებით ვაჭრობის მძიმე ფორმის ნებისმიერი ქმედების შეგნებული ჩადენისთვის, ქვეყნის მთავრობამ უნდა დანიშნოს სასჯელი, რომელიც საკმარისად მკაცრია დანაშაულის აღსაკვეთად და რომელიც ადეკვატურად ასახავს დანაშაულის ხასიათს.
4. ქვეყნის მთავრობამ უნდა გამოიჩინოს სერიოზული და მდგრადი ძალისხმევა ადამიანებით ვაჭრობის მძიმე ფორმების აღმოსაფხვრელად.
დონეები, რომლებშიც დეპარტამენტი ქვეყნებს ზემოთ ჩამოთვლილ სტანდარტებთან შესაბამისობის მიხედვით ათავსებს შემდეგია:
დონე 1 (Tier 1) - ქვეყნები, რომელთა მთავრობები სრულად აკმაყოფილებენ TVPA-ს მინიმალურ სტანდარტებს ტრეფიკინგის აღმოსაფხვრელად.
დონე 2 - ქვეყნები, რომელთა მთავრობები სრულად არ აკმაყოფილებენ TVPA-ს მინიმალურ სტანდარტებს, მაგრამ გასწევენ მნიშვნელოვან ძალისხმევას ამ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოსაყვანად.
დონე 2-ის Watch List - ქვეყნები, რომლებიც მინიმალურ სტანდარტებს დონე 2-ის მსგავსად აკმაყოფილებენ, თუმცა მათთან არსებობს ისეთი პრობლემები, როგორიცაა ტრეფიკინგის მძიმე ფორმების მსხვერპლთა სავარაუდო რაოდენობის ზრდა და დანაშაულთან დაკავშირებული მტკიცებულებების შემცირება.
დონე 3 – ქვეყნები, რომელთა მთავრობები სრულად არ აკმაყოფილებენ TVPA-ს მინიმალურ სტანდარტებს და არც მნიშვნელოვან ძალისხმევას გასწევენ აღნიშნულისთვის.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ რეპორტის ავტორთა განმარტებით, განთავსება ეფუძნება არა ქვეყნის პრობლემის მასშტაბებს, არამედ მთავრობის ძალისხმევას. „მართალია, პირველი დონე ყველაზე მაღალია, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ქვეყანას არ აქვს ადამიანებით ვაჭრობის პრობლემა ან რომ ის საკმარისს აკეთებს დანაშაულთან საბრძოლველად. უფრო მეტიც, პირველი დონის რეიტინგი მიუთითებს იმაზე, რომ მთავრობის ძალისხმევა არსებული პრობლემის მოგვარებას ხმარდება. პირველი დონის რეიტინგის შესანარჩუნებლად მთავრობებმა ყოველწლიურად უნდა აჩვენონ შესამჩნევი პროგრესი ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლაში“, - ვკითხულობთ ანგარიშში.
საქართველოს მაჩვენებლები 2001 - 2024 წლებში
2001-2024 წლების სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, საქართველო იმ ქვეყანათა სიაში, რომელთა მთავრობები სრულად აკმაყოფილებენ TVPA-ს მინიმალურ სტანდარტებს, ჯერ კიდევ 2007 წელს მოხვდა. 2007 წლის ანგარიშის მიხედვით, ქვეყნის პროგრესი სახელმწიფოს ძალისხმევის მნიშვნელოვანმა გაუმჯობესებამ განაპირობა. უფრო კონკრეტულად, 2006 წლის განმავლობაში საქართველოს მთავრობამ მნიშვნელოვანი პროგრესი აჩვენა ტრეფიკიორთა დევნისა და დასჯის, მსხვერპლთა დაცვისა და ხელშეწყობის საკითხებში. საქართველომ შეიმუშავა და დანერგა მსხვერპლზე ორიენტირებული რეფერალური მექანიზმი, ააშენა ტრეფიკინგის მსხვერპლთა პირველი თავშესაფარი, გამოყო მუდმივი დაფინანსება მსხვერპლთათვის, მიიღო ტრეფიკინგის შესახებ ყოვლისმომცველი კანონმდებლობა, გაამკაცრა სასჯელები ტრეფიკიორებისთვის და საფუძველი ჩაუყარა პრევენციის მრავალ პროგრამას. ამრიგად, გასული წლებისგან განსხვავებით, 2007 წელს მთავრობამ მნიშვნელოვანი ძალისხმევა გასწია ტრეფიკინგის აღმოსაფხვრელად.
პირველი დონე საქართველომ 2012 წლის ჩათვლით შეინარჩუნა. 2013 წელს კი, საქართველომ პირველი დონიდან მე-2 დონეზე გადაინაცვლა, რაც თავისთავად TVPA-ს მინიმალური სტანდარტების გაუარესებას უნდა უკავშირდებოდეს. 2013 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველოს მთავრობა სრულად აღარ აკმაყოფილებს ტრეფიკინგის აღმოფხვრის მინიმალურ სტანდარტებს, მიუხედავად მნიშვნელოვანი ძალისხმევისა. „მართალია მთავრობა ტრეფიკინგის საკითხებში სპეციალისტებს ამზადებდა და ტრეფიკინგის საწინააღმდეგო ორ თავშესაფარს აფინანსებდა, თუმცა სამართალდამცავი ორგანოების ძალისხმევა შემცირდა. ამასთან, წინა წელთან შედარებით, შემცირდა სისხლის სამართლებრივი დევნისა და გამოძიების რაოდენობა, მსხვერპლთა იდენტიფიკაცია კვლავ გამოწვევად რჩებოდა, წინა საანგარიშო პერიოდთან შედარებით, ტრეფიკინგის მსხვერპლთა ოდნავ ნაკლები რაოდენობა ოფიციალურად იქნა აღიარებული მთავრობის მიერ და მხოლოდ შეზღუდული ძალისხმევა იქნა გაწეული მსხვერპლთა პროაქტიულად იდენტიფიცირებისთვის დაუცველ მოსახლეობაში“, - ვკითხულობთ ანგარიშში.
მე-2 დონეზე ქვეყანა 2015 წლის ჩათვლით დარჩა, ხოლო, 2016 წლიდან დღემდე, საქართველო კვლავ პირველი დონის ქვეყნებს მიეკუთვნება. გასული, 2023 წლის მდგომარეობით, მთავრობის ძალისხმევის დადებითად შეფასება რიგმა გარემოებებმა განაპირობა - მათ შორის, უფრო მეტი შემთხვევის გამოძიებამ და უფრო მეტი დაუცველი ადამიანის შემოწმებამ. მთავრობამ შეიმუშავა სახელმძღვანელო შრომის ინსპექტორებისთვის შრომითი ტრეფიკინგის მსხვერპლთა იდენტიფიცირების შესახებ და შექმნა სპეციალიზებული შრომის ინსპექტორების ჯგუფი შრომითი ტრეფიკინგის საქმეებისთვის. გარდა ამისა, მთავრობამ შექმნა ახალი, 8 წევრისგან შემდგარი, მობილური ჯგუფი სოციალურად დაუცველ ბავშვებში პოტენციურ მსხვერპლთა გამოსავლენად. მთავრობამ განაახლა პროცედურები და სპეციალური კითხვარები მსხვერპლთათვის, რათა მათ შეძლონ მსხვერპლის ოფიციალური სტატუსის მიღება. ასევე, გაზარდა რესურსები ანტიტრეფიკინგის თავშესაფრებში.
დადებითი ტენდენციების მიუხედავად, ანგარიშში ყურადღება ტრეფიკინგთან ბრძოლის მიმართულებით არსებულ რიგ გამოწვევებზეც გამახვილდა. კერძოდ, 2016 წლის შემდეგ ტრეფიკიორთა გასამართლებისა და მსხვერპლთა გამოვლენის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა; „კომერციულ სექს-დაწესებულებებში“ მსხვერპლთა იდენტიფიცირების ღონისძიებების ჩატარებისას მკაფიო სტრატეგიები კვლავ არ არსებობს; ხელისუფლებას კვლავ არ აქვს ცოდნა, თუ როგორ გამოიძიოს შედარებით რთული საქმეები, რომლებიც ფინანსურ დანაშაულებს, ორგანიზებულ დანაშაულებსა და ციფრული მტკიცებულებების მოპოვებას ეხება; სამართალდამცავები დანაშაულის მსხვერპლებს სასამართლო პროცესის დასრულებამდე ქვეყანაში დარჩენას ავალდებულებდნენ; სასამართლოს არასდროს დაუკისრებია ზიანის ანაზღაურება სისხლის სამართლის საქმეში, მთავრობა საჯარო შეფასებებსა და ინფორმაციას საკუთარი ძალისხმევის შესახებ არასათანადოდ ასაჯაროებდა.
ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, ირაკლი კობახიძის განცხადებაში მოყვანილი მტკიცება, რომ საქართველო უკვე მე-8 წელია ინარჩუნებს ადგილს ე.წ. „პირველ კალათაში“ ზუსტია, თუმცა კონტექსტს მიღმა ტოვებს რამდენიმე მნიშვნელოვან გარემოებას. პირველ რიგში, აღსანიშნავია ის, რომ ქვეყნის პირველ დონეზე განთავსება იმთავითვე ტრეფიკინგთან ბრძოლის მიმართულებით არსებული პრობლემების არ არსებობაზე ნამდვილად არ მიუთითებს. აღნიშნულს მოწმობს 2023 წლის ანგარიშიც, სადაც მიუხედავად ქვეყნის პირველ დონეზე განთავსებისა, ტრეფიკინგთან ბრძოლის მიმართულებით არსებული არაერთი გამოწვევა დასახელდა. ამასთან, გასათვალისწინებელია ისიც, რომ საქართველო პირველ კალათაში „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს მოხვდა და ამ ადგილს 5 წლის მანძილზე ინარჩუნებდა. 2013-2015 წლებში საქართველო მეორე კალათაში დაქვეითდა და 2016 წლიდან პირველ კალათაში ადგილი კვლავ დაიბრუნა. ამასთან, პრემიერი თავის ანგარიშში ეყრდნობა სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მომზადებულ დოკუმენტს. ამ კონტექსტში სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ იმ ანგარიშზე საუბარი, რომელიც საქართველოს მთავრობის ნაბიჯებს ადამიანის უფლებათა მიმართულებით დადებითად აფასებს და იმ უფრო ვრცელი დოკუმენტის ყურადღების მიღმა დატოვება, რომელშიც სახელმწიფო დეპარტამენტს კრიტიკული შენიშვნები აქვს გამოთქმული, შესაძლოა, შეცდომაში შემყვანი აღმოჩნდეს. აქედან გამომდინარე, „ფაქტ-მეტრი“ მიიჩნევს, რომ მოცემული განცხადება არის ზუსტი, თუმცა გამოტოვებულია ისეთი დეტალები, რომელიც კონტექსტის სრულად დანახვას გახდიდა შესაძლებელს. შესაბამისად, „ფაქტ-მეტრი“ კობახიძის ამ განცხადებას აფასებს ვერდიქტით ნახევრად სიმართლე.