სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ დავით კირკიტაძეს შემდეგ ციტატას მიაწერს: „გამარჯვებიდან 6 თვეში, ვინც არ გვევასება ყველას დაპატიმრებას და წამებას დავასრულებთ!“. რეალურად, დავით კირკიტაძეს მსგავსი განცხადება არ გაუკეთებია.
გადამოწმების შემდეგ გაირკვა, რომ მსგავსი ციტატა არც ერთ საძიებო სისტემაში, სანდო მედიასაშუალებების ვებგვერდზე არ იძებნება. მსგავსი ციტატა არც დავით კირკიტაძის პირად Facebook გვერდზე იძებნება.
ძიებისას, აღმოჩნდა ისიც, რომ დავით კირკიტაძის ფოტო და თანდართული ყალბი ციტატა სოციალურ ქსელში თავდაპირველად 2020 წელს Facebook-ანგარიშის „ერთიანი ნაციონალური დვიჟენია“ მიერ გავრცელდა. აღნიშნული ანგარიში ხშირად ავრცელებდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრების გამოგონილ ციტატებს (1,2,3). „სამართლიანი არჩევნების“ პლატფორმა Disinfoobserver.ge-ის თანახმად, დასახელებული გვერდი ერთიანი „ნაციონალური მოძრაობის“ მადისკრედიტებელი გვერდია, რომელიც ბაკურ სვანიძეს ეკუთვნის.
რაც შეეხება უშუალოდ ფოტოს, რომელზეც გაყალბებული ციტატაა დატანილი, ის დავით კირკიტაძემ საკუთარ Facebook გვერდზე ჯერ 2020 წლის 29 ივნისს გამოაქვეყნა.
მოგვიანებით, 7 აგვისტოს, 2008 წლის აგვისტოს ომის წლისთავზე, დავით კირკიტაძემ Facebook-ის პირად გვერდზე იგივე ფოტო წარწერით „დიდება გმირებს“ გამოაქვეყნა.
ამდენად, Facebook-ანგარიშების მიერ გავრცელებული ციტატა ყალბია.
--------------------------------------------------------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.