„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონი საბაბად არის მოყვანილი, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებს არავინ გაუხსნიდა

ირაკლი ქადაგიშვილი: „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონი საბაბად არის მოყვანილი, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებს არავინ გაუხსნიდა

საქართველოში გერმანიის ელჩის პეტერ ფიშერის განცხადების პასუხად, სადაც ის, მათ შორის, ამბობს, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერდა, საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, რომ ასეთი განცხადებების გამკეთებლები საქართველოს არჩევნებში ოპოზიციის სასარგებლოდ ჩარევას ცდილობენ. ქადაგიშვილის განცხადებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონი საბაბად არის მოყვანილი და ის რომც არ ყოფილიყო, საქართველოს [ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ] მოლაპარაკებებს არავის გაუხსნიდა.

არსებული მდგომარეობით, მიღებული კანონისა და ევროკავშირის მიერ განსაზღვრული 9 ნაბიჯის შესრულებაში მხოლოდ უმნიშვნელო პროგრესის გამო, ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებით, ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია. ირაკლი ქადაგიშვილის განცხადება ჰიპოთეზურ სცენარს შეეხება (თუ საქართველოს პარლამენტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონს არ მიიღებდა) და, შესაბამისად, მისი ფაქტობრივი გადამოწმება შეუძლებელია. თუმცა საინტერესოა ,აღნიშნული კანონის მიღებამდე, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის მხრივ არსებული სიტუაციის განხილვა, მათ შორის გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნასთან დაკავშირებით.

„ქართული ოცნება“ გეგმავდა, რომ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადს 2024 წელს შეიტანდა, თუმცა რუსეთის მიერ უკრაინაში 2022 წელს სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ შეცვლილ პოლიტიკურ ვითარებაში, განაცხადის შეტანის შანსი 2022 წელს გაჩნდა. 2022 წელს საქართველოს მიენიჭა ევროპული პერსპექტივა და განესაზღვრა 12 პრიორიტეტი, რომლის შესრულების შემთხვევაშიც, ქვეყანას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭებოდა.

ევროკომისიის ანგარიშის თანახმად, 12 პრიორიტეტიდან სრულად შესრულებულად 3 პრიორიტეტი ჩაითვალა. ევროკომისიამ ასევე რეკომენდაცია გაუწია საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების შესახებ, იმის გათვალისწინებით, რომ ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 9 ნაბიჯი გადაიდგმებოდა. რეკომენდაციაზე დაყრდნობით, 2023 წლის 14 დეკემბერს ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების შესახებ იმ პირობით, რომ შესრულდებოდა ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 9 ნაბიჯი.

9 ნაბიჯის შესასრულებლად მთავრობამ „ევროკომისიის 2023 წლის გაფართოების პოლიტიკის შესახებ კომუნიკაციაში საქართველოსთვის განსაზღვრული ნაბიჯების განსახორციელებელი ღონისძიებების” გეგმა მიიღო. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ისინი 9 დათქმის შესრულებას აპირებდა და ქვეყანა წინ წაიწევდა და შემდეგი ეტაპი მოლაპარაკებების გახსნა იქნებოდა.

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ, განმარტა, რომ 9 ნაბიჯთან დაკავშირებით მიღწეული პროგრესის საფუძველზე მოხდებოდა გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკების დაწყებაზე გადასვლა. გერმანიის ელჩს, პეტერ ფიშერს (ისევე როგორც ევროკავშირისა და წევრი სახელმწიფოების სხვა წარმომადგენლებსაც), იგივე პოზიცია ჰქონდა: მისი განცხადებით, საქართველოსთვის მიმდინარე წლის დეკემბერში ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე მოლაპარაკებების გახსნა შესაძლებელი იყო, თუ საქართველოს 9 ნაბიჯის შესრულების პროცესში პროგრესი ექნებოდა.

ფაქტს, რომ საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება 9 ნაბიჯის შესრულებასთან იყო დაკავშირებული, ადასტურებდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძეც. 2024 წლის 20 თებერვალს ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან საუბრის შემდეგ, მისი განცხადებით, საქართველო აგრძელებდა მუშაობას 9 პრიორიტეტის შესასრულებლად, რათა ყველა პრიორიტეტი შესრულებულიყო და საბოლოო ჯამში, მოლაპარაკებები გახსნილიყო. საქართველოს სამთავრობო პროგრამაც ითვალისწინებდა ევროკავშირთან მოლაპარაკებების გასახსნელად აქტიურ მუშაობას, მათ შორის ევროკომისიის მიერ განსაზღვრული ძირითადი ნაბიჯების შესასრულებლად.

უკვე თებერვალში უნგრეთის გაცხადებული პოზიცია იყო, რომ მას შემდეგ რაც უნგრეთი 2024 წლის 1 ივლისიდან ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდებოდა, საქართველოსთვის წევრობის მოლაპარაკებების დაწყებისთვის მიემართებოდა ძალისხმევა. ევროკავშირი იმედს გამოთქვამდა, რომ სწრაფად მოხდებოდა 9 ნაბიჯის შესრულება და გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნა.

მოლაპარაკებების გახსნასთან დაკავშირებით ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების წარმომადგენლების მიდგომა სწორედ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონის ინიციირების პერიოდიდან დაიწყო. ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების თანახმად, კანონპროექტი ეწინააღმდეგება 9 ნაბიჯს (მაგალითად, სამოქალაქო საზოგადოების თავისუფლად მოქმედებისა და ევროკავშირისა და მისი ღირებულებების შესახებ დეზინფორმაციასთან ბრძოლის კუთხით) და ევროკავშირის ღირებულებებს, და საქართველოს გაწევრიანების გზაზე სერიოზულ დაბრკოლებას შეუქმნიდა.

პეტერ ფიშერის თანახმად, აღნიშნული კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, გერმანია მხარს არ დაუჭერდა საქართველოსთვის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნას (გადაწყვეტილების მიღებას კი ევროკავშირის ყველა წევრის თანხმობა სჭირდება). ზოგადად კი, მისი განცხადებით, საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნა შესაძლებელი იყო.

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე შემდგომ აცხადებდა, რომ კანონის მიღებით მოლაპარაკებების გახსნის შანსები 20-30%-ით გაიზარდა, თუმცა ევროკავშირის განმარტებით, საქართველოს გაწევრიანების პროცესის გაყინვა კი სწორედ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონის მიღებას მოჰყვა. საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის განცხადებით, ის წუხს, რომ „ოფიციალური აქტორები ევროკავშირისა და მისი ღირებულებების შესახებ დეზინფორმაციას ავრცელებენ“. იგი პირდაპირ გამოეხმაურა კობახიძის მტკიცებას: „საქართველოს უმაღლესი დონიდან მოვისმინეთ ხმები, რომლებიც ჩვენდა გასაკვირად აცხადებდნენ, რომ ეს კანონი ქვეყანას ევროკავშირთან აახლოებს. მინდა გარკვევით ვთქვა: არა. არა, ეს კანონი და მის ირგვლივ განვითარებული ყველა ნეგატიური მოვლენა საქართველოს ევროკავშირს აშორებს. უფრო მკაფიო, ლაკონიური ვერ ვიქნები.ეს საქართველოს ევროკავშირს აშორებს“.

შესაბამისად, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადება, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონი მხოლოდ საბაბი იყო და საქართველოს მოლაპარაკებებს მაინც არ გაუხსნიდნენ, კანონის მიღების წინ არსებულ სიტუაციას არ შეესაბამება - ევროკავშირის, მისი წევრი ქვეყნებისა და საქართველოს მთავრობის განცხადებები ადასტურებს, რომ 2024 წელს საქართველოსთვის გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნა რეალურად შესაძლებელი იყო და ის 9 ნაბიჯის შესრულებასთან იყო დაკავშირებული; კანონის ინიციირების დროს, ევროკავშირმა და მისმა წევრმა სახელმწიფოებმა კი განაცხადეს, რომ მისი მიღება გაწევრიანების პროცესს შეაფერხებდა და მოლაპარაკებების გახსნას შეუძლებელს გახდიდა; კანონის მიღების შემდგომ და მის გამო, კი, ევროკავშირმა საქართველოს გაწევრიანების პროცესი შეაჩერა.