სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიშები ავრცელებენ მტკიცებას, რომლის თანახმადაც (1; 2; 3) კიევში ბავშვთა საავადმყოფოს დაბომბვაში რუსული მხარე დამნაშავე არ არის და ბრალი კიევს მიუძღვის, ვინაიდან დაბომბვა უკრაინის თავდაცვის სისტემის შეცდომამ გამოიწვია. ამასთან, პოსტებში ხაზს უსვამენ, რომ რუსეთი მხოლოდ სამხედრო ობიექტებს ბომბავს.

2024 წლის 8 ივლისს რუსეთმა უკრაინის დედაქალაქ კიევზე მიიტანა იერიში. შედეგად, ბავშვთა საავადმყოფო „ოხმატდეტი“ დაიბომბა და 11 ივლისის მონაცემებით, დაღუპულთა რიცხვი 34-მდე გაიზარდა.

რუსული მხარე ბავშვთა საავადმყოფოს დაბომბვაზე საკუთარ ბრალეულობას უარყოფს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 9 ივლისს ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ამტკიცებდნენ, რომ მათ მიზანში მხოლოდ სამხედრო ობიექტები იყო, ხოლო „ოხმადეტის“ საავადმყოფოზე სარაკეტო იერიში დასავლური წარმოების საჰაერო თავდაცვის სისტემა NASAMS-ით განხორციელდა. კერძოდ, უკრაინული მხარის მიერ გასროლილი რაკეტა კურსს აცდა, რის შედეგადაც დაიბომბა საავადმყოფო. განცხადება გამოაქვეყნა რუსეთის თავდაცვის სამინისტრომაც, რომელმაც ასევე უარყო რუსეთის ბრალეულობა: „კიევის რეჟიმის წარმომადგენლების განცხადებები რუსეთის მიერ სავარაუდო განზრახ სარაკეტო დარტყმის შესახებ სამოქალაქო ობიექტებზე აბსოლუტურად არ შეესაბამება სინამდვილეს. კიევიდან გამოქვეყნებული არაერთი ფოტო და ვიდეო კადრები ნათლად ადასტურებს, რომ თავდასხმა ქალაქის შიგნით საზენიტო-სარაკეტო სისტემიდან გაშვებული უკრაინული საჰაერო თავდაცვის რაკეტის ჩამოვარდნის გამო მოხდა“. მომხდართან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა, რომელმაც კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ რუსეთი სამოქალაქო ობიექტებს არ ბომბავს. რუსეთის ხელისუფლების ოფიციალურ განცხადებას აქტიურად ავრცელებს რუსული პროპაგანდისტული მედიაც, კერძოდ, РИА Новости, TASS, Российская газета და სხვები.

რუსული პროპაგანდისტული მედიასაშუალებები ამტკიცებდნენ, რომ რაკეტის სიგრძისა და სიგანის თანაფარდობის გათვალისწინებით, შეუძლებელი იყო, ის რუსული წარმოების (და რუსული არმიის მიერ გამოყენებადი) X-101 (Kh-101) ყოფილიყო. მათი მტკიცებით, ეს უკრაინული NASAMS-დან გასროლილი AIM-120 იყო, რომელიც აშშ-ის თავდაცვის კონტრაქტორი Raytheon Company-ის მიერაა დამზადებული (და ის დასავლეთმა უკრაინას მიაწოდა).

რუსულ პროპაგანდისტულ მედიაში კიდევ ერთი ბრალდება გამოიკვეთა. ტელეკომპანია „Россия 1“-ის გადაცემაში „საღამო ვლადიმირ სალავიოვთან“ უკრაინის რადას ყოფილმა დეპუტატმა სპირიდონ კილინკაროვმა. რომელიც ამ გადაცემის ხშირი სტუმარია, განაცხადა, რომ შესაძლოა, კიევის საავადმყოფო ბრიტანელებს დაებომბათ. ეს ბრიტანელებმა იმისთვის გააკეთეს, რომ NATO-ს პარტნიორები დაერწმუნებინათ, უკრაინისთვის უფრო მეტი საჰაერო თავდაცვითი საშუალება გადაეცათ; თუმცა ამასთან აღნიშნავს, რომ კიევი ყველა თავდასხმას იგერიებს: წინააღმდეგ შემთხვევაში, „რით წავიდოდა ზელენსკი NATO-ს სამიტზე, როდესაც მეტ თავდაცვის სისტემას მოითხოვდა, თუმცა პასუხად მიიღებდა, რომ ისედაც ყველა დარტყმას იგერიებენ და ყველაფერი კარგადაა“.

თუმცა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ფოტომასალაში კარგად ჩანს რაკეტა X-101-ის ნამსხვრევები.

წყარო: უკრაინის უსაფრთხოების სამსახური:

ამასთან, უკრაინულმა გამოცემამ Gazeta.ua, გამოაქვეყნა ფოტოები „ოხმატდეტის“ ტერიტორიიდან, რომელშიც ჩანს ზუსტად იმავე საბრძოლო მასალის ნარჩენები, რაც დეტალურად იყო აღწერილი უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის პოსტებში. მაგალითად, ჩანს ძრავის პანელი, რომლის ფორმაც ემთხვევა SBU-ს მიერ გამოქვეყნებულის ფორმას.

მარჯვნივ ფოტო Gazeta.ua-ს სტატიიდან; მარცხნივ ფოტო უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის პოსტიდან. წყარო: Bellingcat

მარჯვნივ ფოტო Gazeta.ua-ს სტატიიდან; მარცხნივ ფოტო უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის პოსტიდან. წყარო: Bellingcat

მტკიცება, რომ ეს AIM-120 იყო, უგულებელყოფს რეაქტიული ძრავის არსებობას, რომელიც „ჩამოკიდებულია“ იმ რაკეტის საყრდენზე, რომელიც საავადმყოფოს მოხვდა. რაკეტის ეს აშკარა მახასიათებელი Kh-101-ს გააჩნია და არა AIM-120-ს. გარდა ამისა, რაკეტის შუა ნაწილში არსებული ფრთები არ შეესაბამება AIM-120-ს.

Bellingcat-მა AIM-120-ის 3D მოდელი შექმნა, რათა ის ვიდეოებში აღბეჭდილი (ვიდეოები, სადაც რაკეტის ჩამოვარდნა ჩანს) რაკეტისთვის შეედარებინა იმის დასამტკიცებლად, რომ ეს არ იყო ამერიკული რაკეტა. სხვადასხვა ფაქტორი, მაგალითად AIM-120-ის წინა ფრთები, ვიდეოში ასახულს არ შეესაბამება. გარდა ამისა, AIM-120-ის ცხვირი გაცილებით ბასრია, ვიდრე იმ რაკეტის, რომელიც საავადმყოფოს დაბომბვის ვიდეოში ჩანს. ყველაზე აშკარა AIM-120-ზე არანაირი კომპონენტის არარსებობაა, თუმცა ვიდეოში არსებულ რაკეტას ეს ნაწილი აქვს.

მარჯვნივ და მარცხნივ Bellingcat-ის მიერ შექმნილი 3D მოდელები - KH-101 და AIM-120. ცენტრში ფოტოანაბეჭდი ვიდეოდან, სადაც ჩანს, როგორ ეცემა რაკეტა საავადმყოფოს.

აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით Bellingcat-ის საგამოძიებო ჟურნალისტების გუნდმა ვრცელი სტატია გამოაქვეყნა.

ამავე მოსაზრებას, რომ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ნამდვილად რუსული რაკეტა ჩანს, იზიარებს სხვადასხვა დამოუკიდებელი ექსპერტიც. მაგალითად, ფაბიან ჰოფმანი, ოსლოს უნივერსიტეტის მკვლევარი, X-ზე (ყოფილი Twitter) წერდა, რომ რაკეტის რამდენიმე მახასიათებელი, კერძოდ, უკანა ნაწილში არსებული მაღალი ხილვადი TRDD-50A ტურბოფენის ძრავა, შუაში არსებული შედარებით გრძელი ფრთები და მომრგვალებული ცხვირი ზუსტად შეესაბამებოდა რუსულ Kh-101-ს. Bellingcat-თან საუბარში იმავეს ადასტურებს დოქტორი ჯეფრი ლუისი, კალიფორნიის მონტერეის მიდლბერის საერთაშორისო კვლევების ინსტიტუტის ბირთვული იარაღისა და რაკეტების ექსპერტი.

შესაბამისად, ზემოთ განხილული ფაქტების გათვალისწინებით, აშკარაა, რომ უკრაინის დედაქალაქში ბავშვთა საავადმყოფოს დაბომბვა რუსულმა მხარემ განახორციელა, ხოლო ყველა ის არგუმენტი, რასაც რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები და პროპაგანდისტული წყაროები იყენებენ საპირისპიროს დასამტკიცებლად და ბრალეულობის უკრაინაზე გადასატანად, სიმართლეს არ შეესაბამება.

ყალბია ასევე რუსული მხარის მტკიცებაც, იმის შესახებ, რომ რუსეთი სამოქალაქო ობიექტებს არ ბომბავს. ზემოთ აღწერილი საავადმყოფოს შემთხვევის გარდა, რუსეთს უკრაინაში არაერთი სამოქალაქო ობიექტი დაუბომბავს, მაგალითად, კრამატორსკის რკინიგზის სადგური, მარიუპოლის თეატრი და სამშობიარო და ა.შ. (დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატია).

----------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.