სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში ამტკიცებს, რომ კლიმატის ცვლილებას გეოინჟინერიით იწვევენ. „ხანძრები, წყალდიდობები, ცუნამი, ყველაფერი, რაც დღეს ჩვენს ირგვლივ ხდება და თვლიან ბუნებრივად, სინამდვილეში გეოინჟინერიის შედეგია. ანუ ,არც გლობალური დათბობაა მიზეზი და არც კლიმატიკური ცვლილება. ყველაფერი შეგნებულად მიმდინარეობს. ისინი სპეციალურად იწვევენ კლიმატიკურ ცვლილებებს“-ვკითხულობთ პოსტის აღწერაში. რეალურად, გეოინჟინერიის ტექნოლოგიები ჯერ კიდევ განვითარების ადრეულ ეტაპზეა და მისი გამოყენებით არც ერთი ფართომასშტაბიანი ექსპერიმენტი ან ოპერაცია ჯერჯერობით არ ჩატარებულა.

გეოინჟინერია გულისხმობს დედამიწის კლიმატის სისტემაში კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ საბრძოლველად განზრახ განვითარებადი ტექნოლოგიების გამოყენებას. გეოინჟინერიის ორი ფართო კატეგორია არსებობს: ნახშირბადის გეოინჟინერია მიზნად ისახავს ატმოსფეროდან ნახშირორჟანგის ამოღებას, ხოლო მზის გეოინჟინერია მიზნად ისახავს დედამიწის ატმოსფეროს მიერ შთანთქმული და გამოთავისუფლებული მზის რადიაციის რაოდენობის შეცვლას.

თუმცა, კლიმატის მსგავსი ინტერვენციები ჯერჯერობით ბოლომდე შესწავლილი და შემუშავებული არ არის. მეცნიერების თქმით, ამჟამად არ არსებობს გეოინჟინერიის მეთოდებით განხორციელებული მნიშვნელოვანი ექსპერიმენტი, შესაბამისად, მისი კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირება საფუძველს მოკლებულია.

Reuters-თან აშშ-ის ოკეანისა და ატმოსფეროს ეროვნული ადმინისტრაციის (NOAA) ექსპერტები გეოინჟინერიის მნიშვნელობაზე საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ ადამიანები კლიმატის ცვლილებას მზის გეოინჟინერიის ერთი ან მეტი ტექნიკის გამოყენებით უნდა ებრძოლონ. თუმცა, NOAA-ს მიხედვით, მზის გეოინჟინერიიის არცერთი ტექნიკა ჯერჯერობით საფუძვლიანად გამოკვლეული არ არის.

აღსანიშნავია, რომ NOAA-ს წარმომადგენლის თქმით, ყველაზე გავრცელებული და ამჟამად ერთადერთი ამინდის მოდიფიკაციის ტექნიკა არის ღრუბლების დათესვა. თუმცა, მისი თქმით, „ტექნოლოგია განვითარების საწყის ეტაპზეა და შედეგები ძალიან ლოკალიზებულია“.

ღრუბლების დათესვის ტექნოლოგია ჯერ კიდევ 1940-იან წლებში შეიქმნა. წვიმისთვის ღრუბლებს წყლის ნაწილაკი ან ყინულის წვეთები სჭირდებათ, რომლებსაც ბირთვები ეწოდება. მეტი რაოდენობით ბირთვების შესაქმნელად, ღრუბლების დათესვის მეთოდი გამოიყენება, კერძოდ, თვითმფრინავები და ხმელეთზე არსებული ე.წ. ქვემეხები, რითაც ნაწილაკები ღრუბლებში გადაისროლება. შედეგად, წარმოიქმნება ტენიანობა, რომელიც თოვლისა და წვიმის სახით მოდის. ღრუბლების დათესვის პროცესში ჩვეულებრივ გამოიყენება ვერცხლის იოდიდი, ასევე მშრალი ყინული და სხვა მასალები. აღსანიშნავია, რომ ამ ტექნიკას უღრუბლო ცაზე ვერ გამოიყენებენ, რადგან საჭიროა უკვე წარმოქმნილი ბუნებრივი, ე.წ. ქარიშხლის ღრუბელი, რომელიც ტენს ინარჩუნებს.

ბოლო კვლევებმა აჩვენა, რომ მეთოდი მუშაობს, თუმცა რამდენად ეფექტურად, ეს უკვე სადავოა. მეცნიერები თვლიან, რომ ატმოსფერული ძალები იმდენად დიდი და იმდენად ქაოსურია, რომ ტექნიკურად ღრუბლის დათესვა „ძალიან მცირე მასშტაბით, მინიმალურ ნალექს იწვევს“. დოქტორმა ჰაროლდ ბრუკსმა, NOAA-ს ქარიშხლების ლაბორატორიის უფროსმა მკვლევარმა, განუცხადა Reuters-ს: „არ არსებობს მყარი მტკიცებულება იმისა, რომ, ზოგადად, ეს [ღრუბლების დათესვის ტექნოლოგია] ზრდის ნალექებს. არის რამდენიმე ქვეყანა, რომლებიც ღრუბლების დათესვას იყენებენ სეტყვის ზომის შესამცირებლად, მაგრამ მტკიცებულება, რომ ის მუშაობს, საუკეთესო შემთხვევაში, სუსტია.

მიუხედავ იმისა, რომ ეფექტურობა არც ისე მაღალია, არსებობს ცალკეული შემთხვევები, როცა ღრუბლების დათესვის ტექნოლოგიამ წარმატებით იმუშავა. მაგალითად, იუტას შტატის წყლის რესურსების სამმართველოს ინფორმაციით, შტატში ღრუბლების დათესვის ტექნოლოგიის გამოყენებამ 2018 წლისთვის წყლის მიწოდების 12%-ით გაზრდას შეუწყო ხელი.

ცნობისთვის, მეცნიერები აღნიშნავენ, რომ კლიმატის ცვლილება უკვე ათწლეულებია, რაც შესამჩნევია. კლიმატის ცვლილება ტემპერატურისა და ამინდის შაბლონების გრძელვადიან ცვლას ეხება. ასეთი ძვრები შეიძლება იყოს ბუნებრივი, მზის აქტივობის ცვლილების ან დიდი ვულკანური ამოფრქვევის შედეგი. მაგრამ 1800-იანი წლებიდან მოყოლებული, ადამიანის საქმიანობა იქცა კლიმატის ცვლილების მთავარ მამოძრავებელი ძალად, უპირველეს ყოვლისა, ისეთი წიაღისეული საწვავის დაწვის გამო, როგორებიცაა: ქვანახშირი, ნავთობი და გაზი. ამერიკის აერონავტიკისა და კოსმოსის ეროვნული ადმინისტრაციის (NASA) თანახმად, კლიმატის ცვლილების „ბუნებრივი გამომწვევი მიზეზები დღესაც მოქმედებს, მაგრამ მათი გავლენა ბოლო ათწლეულების განმავლობაში არსებული სწრაფი ცვლილებების ასახსნელად, ძალიან მცირე და სუსტია“. აღსანიშნავია, რომ 1880 წლიდან, დედამიწაზე საშუალო გლობალური ტემპერატურა დაახლოებით 1 °C-ით გაიზარდა. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ გლობალური ტემპერატურის ცვლილება 2050 წლისთვის დაახლოებით 1,5 °C მიაღწევს და 2100 წლისთვის ზრდის მაჩვენებელი 2-4 °C იქნება.

ამდენად, მტკიცება, რომ კლიმატის ცვლილება გეოინჟინერიით არის გამოწვეული, მცდარია.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.