რვა მილიონი ლარი გადაურიცხეს კომპანიას, რომელმაც, ამდენი ხნის განმავლობაში, მხოლოდ 25 ასწლოვანი ხე მოჭრა ბულვარში და სამუშაოები წლის ბოლომდე უნდა დაასრულოს

გიგა შუშანია: ექვს თვეზე მეტი გავიდა ჩვენი ბრიფინგიდან, სადაც ვითხოვდით პროექტის გამოქვეყნებას და მხოლოდ სურათები გამოაქვეყნეს. უკვე რვა მილიონი ლარი გადაურიცხეს კომპანიას, რომელმაც, ამდენი ხნის განმავლობაში, გააკეთა მხოლოდ ის, რომ 25 ასწლოვანი ხე მოჭრა ბულვარში და წლის ბოლომდე უნდა დაასრულოს წესით ეს სამუშაოები.

ქუთაისის ცენტრალური პარკისა (ბულვარის) და მის მიმდებარედ განთავსებული შენობების რეაბილიტაციას შპს „დაგი“ 14 850 000 ლარად ახორციელებს. მუნიციპალური განვითარების ფონდსა და მიმწოდებელს შორის ხელშეკრულება 2022 წლის ნოემბერში გაფორმდა, სამუშაოები კი 2024 წლის თებერვალში დაიწყო. მხარეებს შორის გაფორმებული კონტრაქტის თანახმად, რეაბილიტაცია 2023 წლის დეკემბრის ბოლოს უნდა დასრულებულიყო. სამუშაოებზე საინჟინრო ზედამხედველობის მომსახურების განმახორციელებელი კომპანიის რეკომენდაციის გათვალისწინებითა და საპროექტო დოკუმენტაციის დამუშავების საჭიროებიდან გამომდინარე, სამუშაოების საბოლოო ვადა ერთი წლით გახანგრძლივდა. იმ დროს შემსყიდველს „დაგისთვის“ გადახდილი ჰქონდა 8 127 869 ლარი, აქედან 7 425 000 ლარი - ავანსის სახით. გასულ წელს დაანგრიეს ბულვარის ტერიტორიაზე არსებული კაფე „სავანე“, რასაც საზოგადოების ერთი ნაწილის პროტესტი მოჰყვა. მერიის იურისტები სასამართლოზე განმარტავდნენ, რომ ობიექტი აფერხებდა სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას. მიმდინარე წლის ივნისში კი ადგილობრივმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია და ფოტომასალა, ბულვარის ტერიტორიაზე მოჭრილი ხეების შესახებ. იმავე მედიის ცნობით, მგფ-ის განმარტებით, ხეები სპეციალისტების რეკომენდაციით მოიჭრა, რადგან დაზიანებული იყო და სხვა მცენარეებსაც დააავადებდა. რაც შეეხება ბულვარის რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმენტაციის გასაჯაროებას, მიუხედავად საზოგადოების ნაწილისა და აქტივისტების მოთხოვნისა, შემსყიდველმა მხოლოდ ესკიზები გამოაქვეყნა. როგორც ცნობილია, ამ ეტაპზე მიმდინარეობს პარკის მიწისქვეშა კომუნიკაციების გამოცვლის სამუშაოები. მგფ-ს აღმასრულებელი დირექტორის დავით ტაბიძის განმარტებით, ბულვარის გეგმარება უცვლელი დარჩება და მხოლოდ არსებული ინფრასტრუქტურა განახლდება, სადაც მიმდებარე ტერიტორიისთვის დამახასიათებელ არქიტექტურულ ელემენტებს გამოიყენებენ.

ამდენად, „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, გიგა შუშანიას განცხადება არის მეტწილად სიმართლე.

ანალიზი:

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან გიგა შუშანიამ განაცხადა: „ექვს თვეზე მეტი გავიდა ჩვენი ბრიფინგიდან, სადაც ვითხოვდით პროექტის გამოქვეყნებას და მხოლოდ სურათები გამოაქვეყნეს. უკვე რვა მილიონი ლარი გადაურიცხეს კომპანიას, რომელმაც, ამდენი ხნის განმავლობაში, გააკეთა მხოლოდ ის, რომ 25 ასწლოვანი ხე მოჭრა ბულვარში და წლის ბოლომდე უნდა დაასრულოს ამ წესით ეს სამუშაოები.“

საქართველოს მთავრობის 2021 წლის 26 აპრილის N185 დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამა „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, Design-Build მეთოდით, ქუთაისის ცენტრალური პარკისა და მის მიმდებარედ განთავსებული შენობების დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებისა და მის საფუძველზე სამშენებლო სამუშაოების შესრულების სახელმწიფო შესყიდვაზე ტენდერი (NAT220025121) 2022 წლის 29 ნოემბერს გამოცხადდა. შპს „დაგთან“, რომელიც უკონკურენტოდ მონაწილეობდა, 14 850 000-ლარიანი ხელშეკრულება იმავე წლის 23 ნოემბერს გაფორმდა. მომსახურების გაწევისა და სამუშაოების შესრულების საერთო ვადად - 2023 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ხოლო მოქმედების ვადად 2025 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდი განისაზღვრა. ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთ თვეში მზად უნდა ყოფილიყო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია, ხოლო ექვს თვეში მიმწოდებელს სამშენებლო სამუშაოები უნდა დაესრულებინა.

ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთი წლის შემდეგ, როცა კომპანიას სამუშაოები უნდა დაესრულებინა, მხარეები სახელშეკრულებო ვადის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ. დოკუმენტში მითითებულია, რომ სამუშაოებზე საინჟინრო ზედამხედველობის მომსახურების განმახორციელებელი კომპანიის, შპს „სამეცნიერო, საპროექტო-ტექნოლოგიური საწარმო ინდუსტრიის“ რეკომენდაციის გათვალისწინებით და საპროექტო დოკუმენტაციის დამუშავების (ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული დასაგეგმარებელი პარკის ტერიტორიის წითელ ხაზებთან დაკავშირებით) საჭიროებიდან, შესაბამისად, სამუშაოების დაწყების მოცდენიდან გამომდინარე, მიწოდების საბოლოო ვადად 2024 წლის 31 დეკემბერი განისაზღვრა, ხელშეკრულების მოქმედების ვადად - 2027 წლის 30 მარტი. იმ დროს შემსყიდველს „დაგისთვის“ გადახდილი ჰქონდა 8 127 869 ლარი, აქედან 7 425 000 ლარი - ავანსის სახით. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბულვარის რეაბილიტაცია დაიწყო, ქუთაისის მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე მიმდინარე წლის 21 თებერვალს გამოქვეყნდა. 2024 წლის 8 ივლისის მდგომარეობით, ხელშეკრულებასთან დაკავშირებულ დოკუმენტებში ეტაპობრივი სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტი არ გვხვდება. ამდენად, გაურკვეველია, რომელი კონკრეტული სამუშაოებისთვისაა გადახდილი დანარჩენი 702 869 ლარი. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ბულვარში მრავალწლიანი ხეები მოჭრეს. ამ ფაქტის შესახებ ინფორმაცია და ფოტომასალა 2024 წლის 2 ივლისს გაავრცელა „ქუთაისი პოსტმა“, რომელმაც მუნიციპალური განვითარების ფონდისგან საჯარო ინფორმაცია გამოითხოვა. მედიასაშუალება წერს, რომ უწყების განმარტებით, ქალაქის ცენტრალურ პარკში გამხმარი და ზეხმელი ხეები საექსპერტო დასკვნის საფუძველზე მოიჭრა, მანამდე კი მწვანე ნარგავების ხარისხობრივი შეფასება/ აღწერა (სატყეო ტაქსაცია) განხორციელდა.

მოქალაქეების ნაწილმა და აქტივისტებმა არაერთხელ მოითხოვეს ბულვარის რეაბილიტაციის პროექტის გასაჯაროება. 2024 წლის იანვარში გიგა შუშანიამ ბრიფინგზე თქვა, რომ კომპანიამ სარეაბილიტაციო ტერიტორია შემოღობა, თუმცა პროექტი საჯაროდ არ განუხილავს. პოლიტიკოსმა ივარაუდა, რომ არსებული პრაქტიკიდან გამომდინარე, არსებობს ბულვარის ისტორიული იერსახის დაკარგვის საფრთხე, როგორც მოხდა „თეთრი ხიდისა“ და „ოქროს ჩარდახის“ შემთხვევაში. მიმდინარე წლის თებერვალში მუნიციპალური განვითარების ფონდს ოფიციალური წერილით მიმართა ორმა საინიციატივო ჯგუფმა - „ქუთაისის ბულვარმა“ და „ოქროს ჩარდახმა“. მათ პროექტის გასაჯაროება მოითხოვეს. მოქალაქეები, რეაბილიტაციის საბოლოო პროექტის მომზადებამდე, ასევე ითხოვდნენ ბულვარის რეაბილიტაციის კონცეფციის გაწერას, საჯარო განხილვებს საზოგადოების წარმომადგენლებისა და სპეციალისტების ჩართულობით. მგფ-მა, საზოგადოების მოთხოვნის შემდეგ, ესკიზებიც გაასაჯაროვა.

აღსანიშნავია, რომ სამუშაოების დაწყების შემაფერხებელ გარემოებად ქუთაისის მერია ბულვარში არსებულ კაფე „სავანეს“ ასახელებდა. მერიის გადაწყვეტილებით, ეს ობიექტი, რომელიც, მრავალი წლის განმავლობაში, ბევრი ქუთაისელისთვის საყვარელ ადგილად მიიჩნეოდა, დაანგრიეს. ამას საზოგადოების ნაწილის პროტესტი მოჰყვა და საქმე სასამართლომდე მივიდა. კაფეს დემონტაჟი 2023 წლის დეკემბერში განხორციელდა. შეგახსენებთ, რომ ხელშეკრულების თანახმად, იმ დროს ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები უნდა დასრულებულიყო.

არსებული მდგომარეობით, სახეზეა 2022 წლის ნოემბერში გაფორმებული ხელშეკრულება, დანგრეული სანაყინე (კაფე „სავანე“), მოჭრილი ხეები და როგორც მგფ-ის მიერ „ქუთაისი პოსტისთვის“ მიწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა, მიმდინარეობს პარკის მიწისქვეშა კომუნიკაციების გამოცვლის სამუშაოები.

მგფ-ს აღმასრულებელი დირექტორის დავით ტაბიძის განმარტებით, ბულვარის გეგმარება უცვლელი დარჩება და მხოლოდ არსებული ინფრასტრუქტურა განახლდება, სადაც მიმდებარე ტერიტორიისთვის დამახასიათებელ არქიტექტურულ ელემენტებს გამოიყენებენ. პარკის ცენტრალურ ნაწილში დაგეგმილია „გვირილობის მოედნის“ მოწყობა, პარკის ქვედა ნაწილში კი ახალი რეკრეაციული სივრცე - ,,ვარდების ხეივანი“ გაკეთდება.

ამასთან, პროექტის ფარგლებში, მოეწყობა სარწყავი და სადრენაჟე სისტემები და დენდროლოგიური პროექტის შესაბამისად, ტერიტორიას დაემატება ახალი ხე-მცენარეები. დამონტაჟდება ენერგოეფექტური განათების ბოძები, განახლდება არსებული შადრევნები, მოპირკეთდება საფეხმავლო ბილიკები. ასევე, დაგეგმილია არსებული საზოგადოებრივი საპირფარეშოს რეაბილიტაცია და მედიათეკის განთავსება.

ამდენად, გიგა შუშანია სიმართლეს ამბობს, როცა პროექტის დაგვიანებით დაწყებაზე საუბრობს. ის ასევე ზუსტად ასახელებს კომპანიისთვის ანაზღაურებული თანხის მოცულობასაც. რაც შეეხება ხეების მოჭრას, როგორც ირკვევა, ამ პროცესს წინ უძღოდა ექსპერტების შეფასება, რომელთა რეკომენდაციითაც, აუცილებელი იყო ლანდშაფტურ-ესთეტიკური ჭრის განხორციელება. ამდენად, ფაქტ-მეტრი პოლიტიკოსის განცხადებას აფასებს ვერდიქტით: მეტწილად სიმართლე.

ცნობისთვის: ქუთაისის ცენტრალური ბაღი (ბულვარი), რომელიც საბაღე-საპარკო ხელოვნებისა და ლანდშაფტური არქიტექტურის უძრავი ძეგლია (სტატუსის გარეშე), მეფე სოლომონ პირველის ასულის სამფლობელო იყო. მისი გეგმაზომიერი განაშენიანება 1840 წელს დაიწყო. იმ დროიდან მოყოლებული, ბაღი იყო საზოგადოებრივი მოღვაწეების თავშეყრის ადგილიც და სასეირნო ტერიტორიაც.

მოკლედ კომპანიის შესახებ: შპს „დაგის“ 75%-იანი წილის მესაკუთრეა გოგი გულორდავა. ჯერ კიდევ 2018 წელს გულორდავა ფლობდა წილს შპს All seasons-ში, რომლის დანარჩენი ორი მფლობელიდან, ოთარ ჩართოლანს „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ 103 000 ლარი გადაურიცხავს, ხოლო მეორე ყოფილი მფლობელია ნათია ხვისტანი, პარლამენტარის, „ქართული ოცნების“ წევრის, ვიქტორ ჯაფარიძის მეუღლე. შპს „დაგს“ სახელმწიფოსგან მიღებული აქვს, ჯამში, 638 780 453 ლარის ღირებულების კონტრაქტები. აქედან არაერთ შემთხვევაში, შემსყიდველი საქართველოს მუნიციპალური ფონდია.