ირაკლი კობახიძე: გასულ წელს მსოფლიოს 66 ქვეყანაში ექსპორტიდან 259 მილიონი დოლარის ღირებულების ღვინო, რაც საქართველოს ისტორიაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ირაკლი კობახიძის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.
2023 წელს საქართველოდან 259 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ქართული ღვინის ექსპორტი განხორციელდა, რაც მართლაც, ბოლო წლების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. 2023 წელს ექსპორტის ზრდამ, წინა წელთან შედარებით, 3% შეადგინა, რაოდენობრივი მაჩვენებელი კი 12% შემცირდა. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ღვინის ექსპორტის რაოდენობრივი შემცირების ფონზე, ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი გაზრდილია, რაც ქართული ღვინის საექსპორტო ფასის ზრდაზე მიუთითებს. თუმცა პრემიერი ღვინის ექსპორტის რაოდენობრივ შემცირებას ყურადღების მიღმა ტოვებს.
ქართული ღვინის ძირითად საექსპორტო ბაზრად დღემდე რუსეთი რჩება. 2023 წელს რუსეთში 168 მლნ დოლარის ღირებულების 62,282.75 ტონა ღვინის ექსპორტი განხორციელდა, რაც 2022 წლის მონაცემს - 161 მლნ აშშ დოლარს (69,905.6 ტონა ), 4.3%-ით აღემატება, რაოდენობრივ ჭრილში, რუსეთის შემთხვევაშიც, შემცირება ფიქსირდება - 11%-ით. აღნიშნული იმის მაჩვენებელია, რომ ღვინის საექსპორტო ფასი რუსეთის ბაზარზეც გაზრდილია, თუმცა რაოდენობა შემცირებული.
განხილული სტატისტიკიდან გამომდინარე, „ფაქტ-მეტრი“ ირაკლი კობახიძის განცხადებას აფასებს ვერდიქტით მეტწილად სიმართლე.
ანალიზი
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში წლიური ანგარიში წარადგინა, რომლის ფარგლებში მრავალ საკითხზე ისაუბრა, მათ შორის, ღვინის ექსპორტზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა: „გასულ წელს მსოფლიოს 66 ქვეყანაში ექსპორტიდან 259 მილიონი დოლარის ღირებულების ღვინო, რაც საქართველოს ისტორიაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია“.
საქსტატის მონაცემების მიხედვით, 2023 წელს საქართველოდან 259 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 89,509.89 ტონა ღვინის ექსპორტი განხორციელდა. გასულ წელს იმავე მონაცემმა 253 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (101, 662.02 ტონა). როგორც ვხედავთ, 2023 წელს ზრდამ, 2022 წელთან შედარებით, 3% შეადგინა. თუ რაოდენობრივ მაჩვენებელს ავიღებთ, ამ შემთხვევაში, კლება ფიქსირდება - 12%-ით.
ცხრილი1: ქართული ღვინის ექსპორტი, მლნ აშშ დოლარი, მლნ ბოთლი
წყარო: საქსტატი
როგორც სტატისტიკური მონაცემები ცხადყოფს, მართლაც, 2023 წელს ღვინის ექსპორტის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. ისიც აღსანიშნავია, რომ ღვინის ექსპორტის რაოდენობრივი შემცირების ფონზე, ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი გაზრდილია, რაც ქართული ღვინის საექსპორტო ფასის ზრდაზე მიუთითებს. თუმცა ფაქტი ფაქტად რჩება და ღვინის ექსპორტის რაოდენობა შემცირებულია, რასაც პრემიერი ყურადღების მიღმა ტოვებს.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, კოვიდპანდემიის პერიოდში ღვინის ფასის კლების შემდეგ, 2023 წელს საექსპორტო ფასის ზრდა პირველად დაფიქსირდა, თუ 2022 წელს 1 ლიტრი ქართული ღვინის საშუალო საექსპორტო ფასი 2.48 დოლარი იყო, 2023 წელს ფასი 2.89 აშშ დოლარი გახდა.
მათივე ინფორმაციით, ექსპორტიდან შემოსავლების ზრდა აღსანიშნავია სტრატეგიულ ბაზრებზე: კორეის რესპუბლიკა - 69%, გერმანია - 43%, აშშ - 6%, პოლონეთი - 3%, იაპონია -1%.
სხვა ბაზრებზე ღვინის ექსპორტის ზრდის მიუხედავად, ქართული ღვინის ძირითად საექსპორტო ბაზრად დღემდე რუსეთი რჩება. 2023 წელს რუსეთში 168 მლნ დოლარის ღირებულების 62,282.75 ტონა ღვინის ექსპორტი განხორციელდა, რაც 2022 წლის მონაცემს - 161 მლნ აშშ დოლარს (69,905.6 ტონა ), 4.3%-ით აღემატება, რაოდენობრივ ჭრილში რუსეთის შემთხვევაშიც შემცირება ფიქსირდება - 11%-ით.აღნიშნული იმის მაჩვენებელია, რომ ღვინის საექსპორტო ფასი რუსეთის ბაზარზეც გაიზარდა.
რაც შეეხება რუსეთის ბაზრის წილს მთლიან ექსპორტში, 2023 წელს რუსეთზე მთლიანი ექსპორტის 65% მოდიოდა, იგივე მონაცემი 2022 წელს 64% იყო, შესაბამისად, რუსეთის წილი ჯამურ ექსპორტში მხოლოდ ერთი პროცენტული პუნქტით გაიზარდა. თუ სტატისტიკურ მონაცემს გადავხედავთ, 2017 წლიდან მოყოლებული, ყოველ მომდევნო წელს რუსეთის წილი მთლიან ღვინის ექსპორტში თითქმის სტაბილურად ერთი პროცენტული პუნქტით იზრდება. გამონაკლისი იყო 2022 წელი, როდესაც წინა წელთან შედარებით რუსეთის წილი 6 პროცენტული პუნქტით გაიზარდა.
გრაფიკი 1: ქართული ღვინის ექსპორტი რუსულ ბაზარზე, მლნ ბოთლი (0.75 ლ), მლნ აშშ დოლარი
წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური
ღვინის ექსპორტის სტატისტიკის ანალიზი აჩვენებს, რომ ქართული ღვინის ექსპორტის ზრდა ან კლება, სწორედ რუსეთის ფაქტორზე არის ხოლმე დამოკიდებული. როგორც ცნობილია, რუსეთმა საქართველოდან სოფლის მეურნეობის პროდუქციის შეტანა (მათ შორის ღვინის) 2006 წელს, რუსეთის მთავარი სანიტრის, გენადი ონიშენკოს ბრძანებით, უხარისხობის მოტივით, აკრძალა. აღნიშნულმა ემბარგომ ქართული ღვინის ექსპორტის მნიშვნელოვანი კლება განაპირობა. 2006 წელს ქართული ღვინის ექსპორტმა 41 მილიონი დოლარი შეადგინა, უკვე მომდევნო წელს ღვინის ექსპორტი თითქმის განახევრდა და 29 მლნ დოლარამდე დავიდა.
განხილულ პერიოდში რუსეთის წილი მთლიან ექსპორტში ყველაზე დაბალი 2012 წელს იყო (34%), რაც ემბარგოთი იყო განპირობებული. ქართული ღვინის ექსპორტი რუსეთში 2013 წლის ივნისში აღდგა. 2013-2014 წლებში ქართული ღვინის ექსპორტი მნიშვნელოვნად სწორედ რუსეთში ქართული ღვინის ემბარგოს გაუქმების გამო გაიზარდა (2013 - 128 მლნ, 2014 - 185 მლნ). 2015 წელს ქართული ღვინის ექსპორტის კლება კვლავ რუსეთის ფაქტორმა განაპირობა. ამ წელს რუსეთსა და უკრაინაში შექმნილი არასტაბილური მდგომარეობა ქართული ღვინის ექსპორტზე მნიშვნელოვნად აისახა და ექსპორტის 39%-იანი კლება გამოიწვია (96 მლნ აშშ დოლარი). 2019 წლის 20 ივნისის შემდგომ განვითარებულმა მოვლენებმა (რუსეთის მუქარა ქართული პროდუქტებზე სანქციების დაწესების შესახებ) კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ რუსეთი არასაიმედო სავაჭრო პარტნიორია, რომელიც საქართველოსთან სავაჭრო ურთიერთობას ხშირად პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს.
აქედან გამომდინარე, საქართველოს ხელისუფლების მიზანი რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების შემცირება უნდა იყოს. ქართული ღვინის ექსპორტზე დაკვირვება კი საპირისპიროს ამტკიცებს, რუსეთზე დამოკიდებულებას კი არ ვამცირებთ, პირიქით, ვზრდით. რუსეთის არასტაბილურ და არაპროგნოზირებად ბაზარზე დამოკიდებულების ზრდა კი, როგორც მოკლევადიან, ისე გრძელვადიან პერსპექტივაში, ქვეყანას არც ეკონომიკურ და არც პოლიტიკურ სარგებელს არ მოუტანს.
განხილული ანალიზიდან გამომდინარე, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, „ფაქტ-მეტრი“ აფასებს ვერდიქტით მეტწილად სიმართლე.