ირაკლი კობახიძე: 2023 წელს საქართველოდან ექსპორტირებულია რეკორდული 1.4 მლრდ აშშ დოლარის ღირებულების აგროსასურსათო პროდუქცია, რაც 2022 წლის მაჩვენებელს 15%-ით აღემატება
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ირაკლი კობახიძის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.
საქსტატის მონაცემების მიხედვით, 2023 წელს საქართველოდან აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი მსოფლიოს 106 ქვეყანაში განხორციელდა, სულ ექსპორტის ღირებულებამ 1 437 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2022 წლის მონაცემს (1 252) 15%-ით აღემატება. შესაბამისად, პრემიერის განცხადებაში მოყვანილი რიცხვები ზუსტია. თუმცა მასში იმპორტის ზრდაზე და სავაჭრო ბალანსზე არაფერია ნათქვამი.
წინა წლებში, როდესაც უარყოფითი სავაჭრო ბალანსი მცირდებოდა, მმართველი პარტიის წარმომადგენლები ყოველთვის აღნიშნულზე ამახვილებდნენ ყურადღებას და ფაქტს დადებით კონტექსტში წარმოაჩენდნენ. 2022 და 2023 წლებში, რადგან უარყოფითი სავაჭრო ბალანსი მკვეთრად გაზრდილია, პრემიერი ამ მონაცემს ყურადღების მიღმა ტოვებს და ამით ექსპორტის ზრდის დადებითი ეფექტის გაზვიადებულად წარმოჩენას ცდილობს. აქედან გამომდინარე, „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ირაკლი კობახიძის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.
ანალიზი
პრემიერის ანგარიშში, ეკონომიკის სხვადასხვა მიმართულებებთან ერთად, სოფლის მეურნეობის სექტორიც არის გაანალიზებული, მათ შორის, აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტზეა გამახვილებული ყურადღება: „2023 წელს საქართველოდან, მსოფლიოს 106 ქვეყანაში ექსპორტირებულია რეკორდული 1.4 მლრდ აშშ დოლარის ღირებულების აგროსასურსათო პროდუქცია, რაც 2022 წლის მაჩვენებელს 15%-ით აღემატება. ევროკავშირში აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტის მაჩვენებელმა 2023 წლის მონაცემებით 163 მლნ აშშ დოლარი შეადგინა“.
საქსტატის მონაცემების მიხედვით, 2023 წელს საქართველოდან აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი მსოფლიოს 106 ქვეყანაში განხორციელდა, სულ ექსპორტის ღირებულებამ 1 437 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2022 წლის მონაცემს (1 252) 15%-ით აღემატება. შესაბამისად, მთავრობის ანგარიშში ზუსტი რიცხვებია მოცემული.
გრაფიკი1: საგარეო ვაჭრობა (მლნ აშშ დოლარი)
წყარო: საქსტატი
საანგარიშო წელს, ძირითადად ექსპორტირებულია ღვინო (მთლიანი ექსპორტის 18%), სპირტიანი სასმელები (14%), მინერალური და მტკნარი წყლები (9%), უალკოჰოლო გაზიანი სასმელები (8%), კაკლოვანი ხილი (ძირითადად თხილი 6%), ცოცხალი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი (6%), სიგარეტი (3%), ცოცხალი ცხვრები და თხები (3%) და სხვა.
2023 წელს ძირითადი საექსპორტო ბაზრებია: რუსეთი (მთლიანი ექსპორტის 34% - 485 მლნ), ევროკავშირი (11% - 163 მლნ), აზერბაიჯანი (12% - 169 მლნ), სომხეთი ( 9% - 130 მლნ), ყაზახეთი (5% - 76 მლნ), ერაყი (5% - 68 მლნ) და ა.შ.
როგორც აღვნიშნეთ, 2023 წელს საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში 163 მლნ დოლარის ღირებულების აგროსასურსათო პროდუქცია არის ექსპორტირებული, რაც მთლიანი ექსპორტის 11%-ს შეადგენს. ძირითადად ექსპორტირებულია თხილი, პირველადი და გადამუშავებული სახით (მთლიანი ექსპორტის 40%), ღვინო (19%), სპირტიანი სასმელები (19%) და მინერალური და მტკნარი წყლები (7%).
ევროკავშირის ქვეყნებიდან ყველაზე მეტი რაოდენობის აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი გერმანიაში ( მთლიანი ექსპორტის 21%), საფრანგეთში (19%), პოლონეთში (13%), იტალიაში (11%), ლიეტუვაში (9%), ესპანეთში (9%), ლატვიასა (5%) და ა.შ., განხორციელდა.
მთავრობის ანგარიშში მხოლოდ აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტზეა ყურადღება გამახვილებული და აგროსასურსათო პროდუქციის სავაჭრო ბალანსზე (სხვაობა ექსპორტსა და იმპორტს შორის) არაფერია ნათქვამი. ბოლო წლების განმავლობაში სავაჭრო ბალანსი სულ უარყოფითი იყო (იმპორტი აჭარბებდა ექსპორტს). 2013-2014 წლებში კლების ტენდენცია იყო, შემდგომ 2015-2017 წლებში ზრდა გვაქვს, 2018-2021 წლებში უარყოფითი სავაჭრო ბალანსი ისევ მცირდება. 2022 წელს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 590 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 185%-იანი ზრდაა, სავაჭრო ბალანსი 207 მლნ აშშ დოლარი იყო. 2023 წელს უარყოფითი სავაჭრო ბალანსი თითქმის იგივე ნიშნულზე ნარჩუნდება - 580 მლნ აშშ დოლარი. წინა წელთან შედარებით უმნიშვნელო კლებაა - 1.7%.
გრაფიკი 2: საგარეო ვაჭრობა წლების მიხედვით (მლნ აშშ დოლარი)
წინა წლებში, როდესაც უარყოფითი სავაჭრო ბალანსი მცირდებოდა, მმართველი პარტიის წარმომადგენლები (იხილეთ: სტატია1, სტატია2, სტატია3) ყოველთვის აღნიშნულზე ამახვილებდნენ ყურადღებას და ფაქტს დადებით კონტექსტში წარმოაჩენდნენ. 2022 და 2023 წლებში, რადგან უარყოფითი სავაჭრო ბალანსი მკვეთრად გაზრდილია, პრემიერი ამ მონაცემს ყურადღების მიღმა ტოვებს და ამით ექსპორტის ზრდის დადებითი ეფექტის გაზვიადებულად წარმოჩენას ცდილობს. აქედან გამომდინარე, ირაკლი კობახიძის განცხადებას „ფაქტ-მეტრი“ აფასებს ვერდიქტით მეტწილად სიმართლე.