სად იხსნება საზღვარგარეთ საარჩევნო უბნები?

2024 წელს საარჩევნო უბნები საზღვარგარეთ მხოლოდ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში და საქართველოს საკონსულო დაწესებულებებში იხსნება. ეს არის არსებული მანკიერი პრაქტიკა და მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო კოდექსის თანახმად ამგვარი შეზღუდვა არ არსებობს, ცესკო დიპლომატიური წარმომადგენლობებისგან/საკონსულოებისგან შორს მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის დამატებითი უბნების გახსნას არც წელს არ აპირებს.

ვის შეუძლია არჩევნებში მონაწილეობა?

არჩევნებში მონაწილეობა შეუძლია საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს ყველა მოქალაქეს, ვისაც არჩევნების დღემდე შეუსრულდა ან იმ დღეს უსრულდება 18 წელი.

რა პროცედურების გავლა მოუწევთ საზღვარგარეთ მყოფ ამომრჩევლებს არჩევნებში მონაწილეობისთვის?

საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად:

ა) უნდა იმყოფებოდეთ/დადგეთ საკონსულო აღრიცხვაზე ან უნდა იყოთ რეგისტრირებული საზღვარგარეთ;

ბ) თუ არ ხართ საკონსულო აღრიცხვაზე და არ გაქვთ რეგისტრაცია საზღვარგარეთ, 2024 წლის 7 ოქტომბრის (არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-19 დღისა) ჩათვლით, მას შემდეგ რაც შეიქმნება საარჩევნო უბანი (ანუ არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა), უნდა გაიაროთ რეგისტრაცია შესაბამის სახელმწიფოში შექმნილ საუბნო საარჩევნო კომისიაში, ან საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში.

შეგახსენებთ, რომ საარჩევნო უბანზე რეგისტრაცია შესაძლებელია საკონსულო აღრიცხვაზე დადგომის გარეშეც.

რატომ უნდა დავდგე საკონსულო აღრიცხვაზე თუ საარჩევნო უბანზეც შემიძლია რეგისტრაციის გავლა?

საქართველოს საარჩევნო კოდექსის თანახმად, საზღვარგარეთ საარჩევნო უბნებს ქმნის ცესკო, არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაცემების საფუძველზე, არანაკლებ 50 და არაუმეტეს 3 000 ამომრჩევლისათვის. არსებული მანკიერი პრაქტიკის გათვალისწინებით, საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ცესკოსთვის მიწოდებული ინფორმაცია იმ ამომრჩეველთა შესახებ მონაცემებს მოიცავს, რომლებიც საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე დგანან. თუ საკონსულო აღრიცხვაზე არ იქნება მოქალაქეების საკმარისი რაოდენობა (არანაკლებ 50), საარჩევნო უბანი არ გაიხსნება. ამიტომაც, მნიშვნელოვანია, რომ უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეები, დროულად დადგნენ საკონსულო აღრიცხვაზე ან/და გადაამოწმონ არიან თუ არა საკონსულო აღრიცხვაზე.

როგორ დავდგე საკონსულო აღრიცხვაზე?

საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა შეგიძლიათ:

საკონსულოში ვიზიტის დროს;

საფოსტო გზავნილით,

ყველაზე მარტივი გზა არის ვებგვერდის https://www.geoconsul.gov.ge/consular-registration საშუალებით.

საკონსულო აღრიცხვაზე დასადგომად თქვენ დაგჭირდებათ: ანკეტა (რომელსაც ადგილზე შეავსებთ ან ონლაინ); ნებისმიერი სახის მტკიცებულება/დოკუმენტი, რომ განმცხადებელი არის საქართველოს მოქალაქე; ფოტოსურათი. ასევე, სასურველია უცხო ქვეყანაში თქვენი ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა.

საკონსულო აღრიცხვაზე უარის მიზეზები შეიძლება იყოს:

მომსახურების მიმღები პირის მუდმივი ან დროებითი საცხოვრებელი ადგილი არ არის საკონსულოს სამოქმედო [საქმიანობის] არეალი;

მოთხოვნა არ არის გაკეთებული მომსახურების მიღების უფლებამოსილების მქონე პირის მიერ.

ვებგვერდის მეშვეობით საკონსულო აღრიცხვის მოთხოვნის წარდგენის შემთხვევაში, მომსახურებაზე უარი შეიძლება ითქვას, თუ

შეუძლებელია წარდგენილ პერსონალურ მონაცემთა იდენტიფიცირება;

ვერ დგინდება განმცხადებლის უცხო ქვეყანაში ყოფნის ფაქტი.

როგორ გადავამოწმო, ვარ, თუ - არა საკონსულო აღრიცხვაზე?

საკონსულო აღრიცხვაზე ყოფნის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდს და საკონსულო აღრიცხვის ელექტრონული რეესტრის მეშვეობით მარტივად გადაამოწმებთ.

ან მიმართეთ ადგილსამყოფელ ქვეყანაში საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას.

თუ საზღვარგარეთ არალეგალურად ვიმყოფები, შემიძლია, თუ - არა არჩევნებში მონაწილეობა?

საზღვარგარეთ არჩევნებში რეგისტრაცია მხოლოდ საარჩევნო მიზნებისთვის ხდება და ის ამა თუ იმ ქვეყანაში, ამა თუ იმ პირის სამართლებრივ მდგომარეობაზე ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს. შესაბამისად, საქართველოს საკონსულოში დარეგისტრირება საზღვარგარეთ არალეგალურად მყოფ მოქალაქეებს საფრთხეს არ შეუქმნის. ნებისმიერ არალეგალურად მყოფ ადამიანს შეუძლია მშვიდად ისარგებლოს ხმის მიცემის უფლებით.


მსგავსი სიახლეები

5574 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია