სოციალურ ქსელში Facebook-გვერდი „მსოფლიო ამბები“, რომლის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია „ფაქტ-მეტრს“ წარსულშიც გადაუმოწმებია (1; 2), ამჯერად ვიდეოს აქვეყნებს შემდეგი მტკიცებით: „უკრაინაში ფრანგმა სამხედროებმა ღორი მაკრონის სახით ჩააცვეს. ჯარისკაცებმა თავიანთი პრეტენზია პრეზიდენტს მიმართეს.

,,თქვენს გამო, ჩვენ ვკვდებით აქ, უკრაინაში... თქვენ არ გაინტერესებთ ფრანგების სიცოცხლე, თქვენ გვანაცვლებთ მიგრანტებით..." - ამბობს სამხედრო და ღორს მაკრონის ნიღბით ურტყამს.“ - ვკითხულობთ პოსტში. სინამდვილეში, გავრცელებული მტკიცება ყალბია.

იმ ფაქტს, რომ ვიდეო დადგმულია და სინამდვილეს არ ასახავს, რამდენიმე დეტალი უსვამს ხაზს. მაგალითად, ვიდეოში მყოფი პიროვნება დაბალი დონის ფრანგულით საუბრობს, ასევე სამხრე ნიშანი - შევრონი, რომელზეც საფრანგეთის დროშაა გამოსახული, განსხვავდება ფრანგი ჯარისკაცების სამხრე ნიშნისგან. კერძოდ, ვიდეოში წარმოდგენილი ვარიანტი მართკუთხა ფორმისაა და მასზე მხოლოდ საფრანგეთის დროშაა გამოსახული, მაშინ, როცა სინამდვილეში, ფრანგი ჯარისკაცების შევრონს ფარის ფორმა აქვს, დროშის ზემოთ კი წარწერა „France”. ვიდეოს დასაწყისში ასევე ჩანს სამხედრო პირი უკრაინის დროშის სამხრე ნიშნით. ვიდეოში გამოსახული უკრაინის და საფრანგეთის სამხრე ნიშნები მარტივად გაკეთებულ, მუყაოს ქაღალდის დროშებს ჰგავს, რაც მიუთითებს, რომ ვიდეო დადგმულია.

შევრონი გავრცელებულ ვიდეოში:

ფრანგული ჯარის შევრონი სინამდვილეში:

ინფორმაცია უკრაინულმა ფაქტების გადამმოწმებელმა ორგანიზაციამ Stopfake-მაც გადაამოწმა. ისინი ფრანგული ფაქტების გადამმოწმებელი ორგანიზაციის AFP-ის გუნდს დაუკავშირდნენ. მათ განაცხადეს, რომ ვიდეოში არსებული პიროვნება აქცენტით საუბრობს, ამასთან, საუბრისას მარტივ კონსტრუქციებს იყენებს და გრამატიკულ შეცდომებს უშვებს, რაც იმას მიუთითებს, რომ ის ფრანგი არ არის. პიროვნება საკმაოდ მონოტონურად საუბრობს, რაც აჩენს ვარაუდს, რომ დაწერილ ტექსტს კითხულობს.

გარდა ამისა, ოფიციალური ინფორმაციით, უკრაინაში საფრანგეთის შეიარაღებული ძალების სამხედროები არ არიან. საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა, მაისში განაცხადა, რომ არ გამორიცხავდა უკრაინაში სამხედრო კონტინგენტის გაგზავნას, თუმცა ჯერჯერობით ეს არ განხორციელებულა. ივნისში კი მაკრონმა თქვა, რომ გეგმავდნენ ქვეყნების კოალიციის შექმნას, რომლებიც უკრაინაში სამხედრო ინსტრუქტორებს გაგზავნიდნენ, თუმცა ეს სამხედროების გაგზავნას არ უკავშირდებოდა.

ამდენად, ვიდეო, რომელშიც თითქოს უკრაინაში მებრძოლმა ფრანგმა სამხედროებმა ღორს მაკრონის ნიღაბი გაუკეთეს, დადგმულია. ვიდეოში გამოსახულ სამხედროებს კუსტარულად დამზადებული სამხრე ნიშნები აქვთ, ხოლო ფრანგულად მოსაუბრე პიროვნებას მეტყველებაზე ეტყობა, რომ ფრანგული მისი მშობლიური ენა არ არის და, შესაბამისად, არც ფრანგია.

--------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5663 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია