სოციალურ ქსელში კახეთში მომხდარ ტორნადოს Facebook-ანგარიშები (1, 2, 3) HARP-ს უკავშირებენ და აცხადებენ, რომ ტორნადო, ისევე როგორც სეტყვა, ბუნებრივ მოვლენას არ წარმოადგენს და კლიმატის გეოინჟინერიით განხორციელებული ცვლილებებით არის გამოწვეული. „თვითონვე აღიარებენ რომ კლიმატს ცვლიან. ქვეყნებიც არ მალავენ რომ იწვევენ ხელოვნურ წვიმებს,მედიაში უფრო და უფრო ხდება კლიმატის გეოინჟინერიის გამოყენებაზე საუბარი და აქ რა ხდება?ბეეე ბეეე ასეთებს დროზე უნდა დაუწესდეთ კლიმატ შიზოფრენიის ყველა მადლი, რომ მალე გაიგონ რეალურად რას ნიშნავს "კლიმატის ცვლილება"ერთი მოსავლის მოყვარული სეტყვა იყო ბუნებრივი და მეორე ეს ტორნადოა“, - ვკითხულობთ ერთ-ერთი პოსტის აღწერაში.

25 ივნისს კახეთში ქარბორბალამ ალავერდის ტაძარი და მისი მიმდინარე ტერიტორიაა დააზიანა. სტიქიას კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია გამოეხმაურა. მათი თქმით, ამჟამად მიმდინარეობს ზარალის აღწერა: „ჰაერის მაღალი ტემპერატურის ფონზე ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ალავერდში ადგილი ჰქონდა შიდა-მასიურ ლოკალურ პროცესს, რაც გამოიხატა ტერიტორიაზე ქარის ხანმოკლე გაძლიერებით, შედეგად დაზიანდა ალავერდის, როგორც შიდა, ასევე გარე სამონასტრო ინფრასტრუქტურის ნაწილი“.

პოსტიდან ვიგებთ, რომ ტორნადოს წინ უსწრებდა ჰაერის ტემპერატურის ზრდა და აგრეთვე ქარის გაძლიერებაც. როგორც ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტში მომუშავე მეცნიერი ავთანდილ ამირანაშვილი აცხადებს, ამ პირობებში ტორნადო მოსალოდნელი იყო.

ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მსგავსი შტორმი საქართველოში მართალია, იშვიათია, თუმცა პირველად არ მომხდარა. მაგალითად, 2023 წელს ქარბორბალა ახალქალაქში, სოფელ ვაჩიანში დაფიქსირდა.

ისევე, როგორც სხვა სტიქიურ მოვლენებს, კახეთში დაფიქსირებულ ტორნადოსაც სოციალურ ქსელში HAARP-ს, აშშ-ში მოქმედ ატმოსფეროს მაღალი სიხშირის ტალღებით კვლევის პროგრამას, უკავშირებენ. HAARP-ს დაუკავშირეს 2023 წლის 3 აგვისტოს რაჭის კურორტ შოვში მეწყრის ჩამოწოლაც. გავრცელებული მტკიცებით, სტიქიამდე შოვში იმგვარი ღრუბლები გამოჩნდა, რაც ჰარპის ზემოქმედებას ადასტურებდა (აღნიშნულ თემაზე იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატია). ამავდროულად, მსგავსი კონსპირაციის ობიექტი გახდა კახეთში 2023 წლის 2 სექტემბერს მოსული ძლიერი სეტყვაც (აღნიშნულ თემაზე იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატია).

რეალურად, HAARP არა კლიმატური იარაღი, არამედ ამერიკული სამეცნიერო-კვლევითი პროგრამაა, რომელიც იონოსფეროსთან დაკავშირებული საკითხების შესასწავლად შეიქმნა. აღსანიშნავია, რომ იონოსფერო ატმოსფეროს ზედა ნაწილია, რომელიც დედამიწის ზედაპირიდან საშუალოდ 60-80 კილომეტრზე იწყება, 500 კილომეტრს აღწევს და მზის ულტრაიისფერი სინათლის საშუალებით იონიზებული (დადებითად დამუხტული) ატომებითა და მოლეკულებით შედგება. იონოსფერო განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რადიო გადამცემებისთვის, რადგან რადიო სიხშირეები სწორედ იონოსფეროში აირეკლება, რაც შორ მანძილზე კომუნიკაციის შესაძლებლობას იძლევა.

HAARP-ის იონოსფეროს შემსწავლელი დანადგარის მშენებლობა აშშ-ს საჰაერო ძალებმა 1993 წელს დაიწყო, ხოლო 2015 წლის 11 აგვისტოს კვლევითი დანადგარი ალასკის უნივერსიტეტს გადაეცა.

HAARP-ის ოფიციალურ ვებგვერდზე ვკითხულობთ, რომ HAARP არის მსოფლიოში ყველაზე ეფექტური მაღალი სიმძლავრისა და სიხშირის გადამცემი იონოსფეროს შესასწავლი პროგრამა. პროგრამის მთავარი ნაწილი იონოსფერული კვლევის ინსტრუმენტია (IRI), რომელსაც იონოსფეროში 3.6 მეგავატის გამოსხივება შეუძლია. გადაცემის სიხშირეები კი 2.7-დან 10 MHz-მდე დიაპაზონში მერყეობს. პროგრამის გადამცემები იყენებენ რადიოტალღებს, რათა დროებით იმოქმედონ იონოსფეროს შეზღუდულ არეალზე, რაც მეცნიერებს საშუალებას აძლევს, ბუნებაში ჩვეულებრივ ძნელად დასაკვირვებელი ფენომენები შეისწავლონ. IRI-ის გამოყენების შედეგად წარმოქმნილ პროცესებზე კონტროლირებადი გზით დაკვირვება საშუალებას მისცემს მეცნიერებს, უკეთ გააცნობიერონ პროცესები, რომლებიც მზის ბუნებრივი სტიმულაციის ქვეშ მუდმივად ხდება.

ვინაიდან HAARP ზემოქმედებს იონოსფეროზე, ეს ავტომატურად გამორიცხავს HAARP-ის ამინდზე ზემოქმედებას, რადგან ამინდი არა იონოსფეროში, არამედ ატმოსფეროს შედარებით ქვედა შრეებში - ტროპოსფეროსა და სტრატოსფეროში, წარმოიქმნება. ჯესიკა მეთიუსი, HAARP-ის პროგრამის მენეჯერი ალასკას უნივერსიტეტში, USA Todays-სთან აცხადებს, რომ პროგრამის გადამცემებს და პროგრამის ფარგლებში ჩატარებულ ექსპერიმენტებს არ შეუძლიათ ამინდის მანიპულირება, HAARP-ის მიერ გადაცემული რადიოტალღების სიხშირის ტალღები არ შეიწოვება არც ტროპოსფეროში და არც სტრატოსფეროში. ამავდროულად, HAARP-ის მკვლევრების მიხედვით, ტექნოლოგიას არ აქვს შესაძლებლობა, რომ რაიმე სახით ამინდზე მოახდინოს გავლენა, რადგან დიდი მასშტაბით ამინდის ცვლილება ხელოვნური ჩარევით შეუძლებელია. ამდენად, HAARP-ს ამინდზე გავლენის მოხდენა - ღრუბლების ჩამოყალიბება, სეტყვა, ქარიშხლის, შტორმის გამოწვევა და ა.შ., არ შეუძლია.

რაც შეეხება გეოინჟინერიას, ერთ-ერთი Facebook-ანგარიში წერს, რომ მსოფლიოს მასშტაბით კლიმატის გეოინჟინერია აქტიურად გამოიყენება: „თვითონვე აღიარებენ რომ კლიმატს ცვლიან. ქვეყნებიც არ მალავენ რომ იწვევენ ხელოვნურ წვიმებს, მედიაში უფრო და უფრო ხდება კლიმატის გეოინჟინერიის გამოყენებაზე საუბარი“.

რეალურად, გეოინჟინერია გულისხმობს დედამიწის კლიმატის სისტემაში კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ საბრძოლველად განზრახ განვითარებადი ტექნოლოგიების გამოყენებას. გეოინჟინერიის ორი ფართო კატეგორია არსებობს: ნახშირბადის გეოინჟინერია მიზნად ისახავს ატმოსფეროდან ნახშირორჟანგის ამოღებას, ხოლო მზის გეოინჟინერია მიზნად ისახავს დედამიწის ატმოსფეროს მიერ შთანთქმული და გამოთავისუფლებული მზის რადიაციის რაოდენობის შეცვლას. თუმცა, მსგავსი კლიმატის ინტერვენციები ჯერჯერობით ბოლომდე შესწავლილი და შემუშავებული არ არის. მეცნიერების თქმით, ჯერჯერობით არ არსებობს გეოინჟინერიის მეთოდებით განხორციელებული მნიშვნელოვანი ექსპერიმენტი, შესაბამისად, მისი კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირება საფუძველს მოკლებულია.

მეცნიერები აღნიშნავენ, რომ კლიმატის ცვლილება უკვე ათწლეულებია, რაც შესამჩნევია. კლიმატის ცვლილება ტემპერატურისა და ამინდის შაბლონების გრძელვადიან ცვლას ეხება. ასეთი ძვრები შეიძლება იყოს ბუნებრივი, მზის აქტივობის ცვლილების ან დიდი ვულკანური ამოფრქვევის შედეგი. მაგრამ 1800-იანი წლებიდან მოყოლებული, ადამიანის საქმიანობა იქცა კლიმატის ცვლილების მთავარ მამოძრავებელი ძალად, უპირველეს ყოვლისა, ისეთი წიაღისეული საწვავის დაწვის გამო, როგორებიცაა: ქვანახშირი, ნავთობი და გაზი. ამერიკის აერონავტიკისა და კოსმოსის ეროვნული ადმინისტრაციის (NASA) თანახმად, კლიმატის ცვლილების „ბუნებრივი გამომწვევი მიზეზები დღესაც მოქმედებს, მაგრამ მათი გავლენა ბოლო ათწლეულების განმავლობაში არსებული სწრაფი ცვლილებების ასახსნელად, ძალიან მცირე და სუსტია“. აღსანიშნავია, რომ 1880 წლიდან, დედამიწაზე საშუალო გლობალური ტემპერატურა დაახლოებით 1 °C-ით გაიზარდა. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ გლობალური ტემპერატურის ცვლილება 2050 წლისთვის დაახლოებით 1,5 °C მიაღწევს და 2100 წლისთვის ზრდის მაჩვენებელი 2-4 °C იქნება.

ამდენად, მტკიცება, თითქოს HAARP-ს ამინდზე ზემოქმედება შეუძლია და სწორედ მისი გამოყენებით მოხდა კახეთში ტორნადო, მცდარია.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.