რომან გოცირიძე: 2023 წელს ინვესტიციების 90%-ს რეინვესტიცია შეადგენდა

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, რომან გოცირიძის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.

2023 წელს საქართველოში, 2022 წელთან შედარებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 24%-ით - 2.1 მლრდ-დან 1.6 მლრდ დოლარამდე, შემცირდა. რეინვესტირების მაჩვენებელმა 80%-ს მიაღწია, რაც თუ არ ჩავთვლით 2020 წელს, ყველაზე მაღალია მას შემდეგ, რაც საქსტატმა ინვესტიციების კომპონენტების მიხედვით აღრიცხვა დაიწყო.

თანხობრივის გარდა, ინვესტიციები კიდევ უფრო მეტად მშპ-სთან მიმართებითაა შემცირებული. ვარდნა 2024 წლის პირველ კვარტალშიც გაგრძელდა.

დეპუტატის განცხადებაში სიმართლეს შეესაბამება ის ფაქტი, რომ ინვესტიციები 24%-ით შემცირდა და ისიც, რომ ეს კლება თანხობრივად 500 მლნ დოლარია, თუმცა რეინვესტირების მაჩვენებელი 80%-ია და არა 90%, რის გამოც „ფაქტ-მეტრმა“ რომან გოცირიძის განცხადება შეაფასა როგორც მეტწილად სიმართლე.

ანალიზი:

დეპუტატმა და საპარლამენტო ჯგუფ ევროოპტიმისტების წევრმა რომან გოცირიძემ TV24-ის ეთერში ინვესტიციებზე საუბრისას განაცხადა (5:50-დან): „2023 წელს, 2022 წელთან შედარებით, 24%-ით იკლო ინვესტიციებმა, ეს არის დაახლოებით 500 მლნ-ით ნაკლები, ოღონდ საოცრება რაში მდგომარეობს იცით? პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 90% იყო რეინვესტიცია.

2022 წელს საქართველოში თანხობრივად ყველაზე მეტი - 2.1 მლრდ დოლარის, პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა. მომდევნო წელს ოთხიდან სამ კვარტალში კლება დაფიქსირდა და შედეგად ინვესტიციები მკვეთრად, 500 მლნ დოლარით, 1.6 მლრდ დოლარამდე შემცირდა. 1.6 მლრდ-დან თითქმის 1.3 მლრდ რეინვესტიციას შეადგენდა, რაც წილობრივად 80%-ის ტოლია.

კომპონენტების მიხედვით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები სამი წყაროსგან შედგება: სააქციო კაპიტალი, რეინვესტიცია და სავალო ვალდებულებები. დანაწევრებულად მათ საქსტატი 2013 წლიდან აღრიცხავს. მთელ ამ პერიოდში, რეინვესტირების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი - 9%, 2015 წელს დაფიქსირდა, ყველაზე მაღალი 84% - 2020 წელს.

2017 წლიდან ე.წ. ესტონური მოდელი შევიდა ძალაში, რომლის მიხედვითაც, თუ კომპანია მოგების რეინვესტიციას განახორციელებდა, ის მოგების გადასახადისგან თავისუფლდებოდა. თუ 2016 წელს მოგების გადასახადით სახელმწიფო ბიუჯეტი მილიარდ ლარზე მეტით შეივსო, 2017 წელს 300 მლნ-ით ნაკლების, 757 მლნ ლარის, მობილიზება მოხერხდა, თუმცა დანაკლისის ანაზღაურება თამბაქოს ნაწარმისა და საწვავზე აქციზის განაკვეთის ზრდით მოხერხდა.

რეფორმა დაეტყო ინვესტიციებსაც. 2017 წელს რეინვესტირების მაჩვენებელმა 31%-ს მიაღწია, 2019 წელს - 47%-ს. რეფორმამდე, 2013-2016, წლებში რეინვესტირების საშუალო მაჩვენებელი 18%-ს შეადგენდა, 2017-2023 წლებში სამჯერ მეტს - 57%-ს. მაშინაც კი, თუ პანდემიურ 2020-2021 წლებს არ გავითვალისწინებთ, რეინვესტირების საშუალო მაჩვენებელი საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილების შემდეგ 51%-ს გაუთანაბრდა.

გრაფიკი 1: რეინვესტირების მაჩვენებელი პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

საგადასახადო რეფორმის შემდეგ, 2017 წელს დაფიქსირებული რეინვესტირების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი - 31%, რეფორმამდე დაფიქსირებულ ყველაზე მაღალ მაჩვენებელს (27% 2013 წელს) აღემატება.

ეკონომიკური თვალსაზრისით, ინვესტიციაა სააქციო კაპიტალიც ანუ ახალი ინვესტიციის შემოსვლაც და რეინვესტირებაც, ის ფაქტი, რომ ინვესტორი ამონაგებს უკან აბრუნებს, მისასალმებელია, თუმცა ახალი ინვესტიციების ნაკლებობა გარკვეულ პრობლემებზე მიუთითებს.

ინვესტიციების კიდევ ერთი საზომი მისი მშპ-სთან ფარდობაა. 2023 წელს ინვესტიციები მშპ-ის 5.3%-მდე შემცირდა, რაც თუ არ ჩავთვლით პანდემიურ პერიოდს, ბოლო 20-წლიანი პერიოდის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

2024 წლიდან, ივნისის მდგომარეობით, ჯერ მხოლოდ პირველი კვარტლის მონაცემია ცნობილი, რომლის მიხედვითაც ინვესტიციები დამატებით 64%-ით - 201 მლნ-მდეა შემცირებული.

საერთო ჯამში, დეპუტატის განცხადებიდან სიმართლეა ის, რომ ინვესტიციები შემცირებულია, სიმართლეა ისიც, რომ შემცირებულ ინვესტიციებშიც დიდი ნაწილი რეინვესტირებაზე მოდის, თუმცა რეინვესტირების წილი 80%-ია და არა 90%, რის გამოც „ფაქტ-მეტრმა“ რომან გოცირიძის განცხადება შეაფასა როგორც მეტწილად სიმართლე.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5663 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია