შარშან ჩვენ გვქონდა ვიზიტების უპრეცედენტო მაჩვენებელი - 4.2 მლნ ვიზიტი შედგა აჭარაში

თორნიკე რიჟვაძე:შარშან ჩვენ გვქონდა ვიზიტების უპრეცედენტო მაჩვენებელი - 4.2 მლნ ვიზიტი შედგა აჭარაში.

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, თორნიკე რიჟვაძის განცხადება არის სიმართლე.

2023 წელს აჭარაში განხორციელდა, ჯამში, 4 685 700 ვიზიტი, რაც 2022 წლის მაჩვენებელთან (3 908 700) მიმართებით, 19.9%-ით მეტია, ხოლო 2019 (პანდემიამდელ) წელთან მიმართებით (4 249 200), გაზრდილია 10.3%-ით. ეს ნიშნავს, რომ შარშან რეგიონში ვიზიტორთა მართლაც უპრეცედენტო რაოდენობა დაფიქსირდა და პანდემიამდელ მონაცემებს გადააჭარბა.

15 წლის ან უფროსი ასაკის საქართველოს არარეზიდენტმა ვიზიტორებმა აჭარაში 2 694 300 ვიზიტი განახორციელეს, ხოლო საქართველოს რეზიდენტმა ვიზიტორებმა - 1 991 400 ვიზიტი. 2022 წელს ეს მაჩვენებლები იყო, შესაბამისად, 2 073 900 და 1 834 800. როგორც ვხედავთ, ორივე მაჩვენებელი მეტია, ვიდრე 2022 წელს დაფიქსირდა.

აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე მონაცემს ოდნავ შემცირებულად ასახელებს, თუმცა კონტექსტის გათვალისწინებით, რეალობას სწორად ასახავს. აქედან გამომდინარე, „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, თორნიკე რიჟვაძის განცხადება არის სიმართლე.

ანალიზი:

აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა: „შარშან ჩვენ გვქონდა ვიზიტების უპრეცედენტო მაჩვენებელი - 4.2 მლნ ვიზიტი შედგა აჭარაში.“

„ფაქტ-მეტრმა“ აღნიშნული განცხადება გადაამოწმა.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 2023 წელს აჭარაში განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 2022 წლის მაჩვენებლებს ნამდვილად გადააჭარბა.

დიაგრამა 1 (ა; ბ). 15 წლის ან უფროსი ასაკის საქართველოს არარეზიდენტი ვიზიტორებისა (ა) და საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების (ბ) მიერ აჭარაში განხორციელებული ვიზიტების საშუალო თვიური რაოდენობა, 2019-2024 წლების კვარტალური მონაცემები, ათასი

ა) არარეზიდენტი ბ) რეზიდენტი

შენიშვნა: ა) დიაგრამაზე გამოტოვებულია 2020 წლის მეორე, მესამე და მეოთხე კვარტლებისა და 2021 წლის ოთხივე კვარტლის მონაცემები, რადგან საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელებით გამოწვეული რისკების თავიდან აცილების მიზნით, საქსტატის უცხოელ ვიზიტორთა სტატისტიკური გამოკვლევის საველე სამუშაოები დროებით შეჩერებული იყო.

საშუალო თვიური მაჩვენებლის დაჯამება აჩვენებს, რომ 2023 წელს აჭარაში განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 2019 (პანდემიამდე) წლის მაჩვენებელს გადააჭარბა და მართლაც უპრეცედენტო იყო.

დიაგრამა 2. 15 წლის ან უფროსი ასაკის საქართველოს არარეზიდენტი ვიზიტორებისა და საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ აჭარაში განხორციელებული ვიზიტების წლიური რაოდენობა, 2019-2023 წლები

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

დიაგრამა 2 ასახავს, რომ 2023 წელს, 2022 წელთან შედარებით, აჭარაში უფრო მეტი ვიზიტი განახორციელეს როგორც არარეზიდენტმა, ისე რეზიდენტმა ვიზიტორებმა. ჯამურად მონაცემები ასე გამოიყურება:

დიაგრამა 3. 15 წლის ან უფროსი ასაკის საქართველოს არარეზიდენტი ვიზიტორებისა და საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ აჭარაში განხორციელებული ვიზიტების წლიური ჯამური რაოდენობა, 2019-2023 წლები

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

2023 წელს აჭარაში განხორციელდა, ჯამში, 4 685 700 ვიზიტი, რაც 2022 წლის მაჩვენებელთან (3 908 700) მიმართებით, 19.9%-ით მეტია, ხოლო 2019 (პანდემიამდე) წელთან მიმართებით (4 249 200), გაზრდილია 10.3%-ით. ასევე აღსანიშნავია, რომ 2024 წლის პირველ კვარტალში რეგიონში 363 000 უცხოელი ვიზიტორის ვიზიტი განხორციელდა, რაც 8.7%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ პერიოდს, 2019 წელთან შედარებით კი გაზრდილია 44.2%-ით.

საქსტატის მონაცემებით, 2023 წელს არარეზიდენტი ვიზიტორების ყველაზე მაღალი საშუალო თვიური მაჩვენებელი რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებზე მოდის, მეორე ადგილზეა თურქეთი.

ცხრილი 1. 15 წლის და უფროსი ასაკის საქართველოს არარეზიდენტი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობის განაწილება მოქალაქეობის ქვეყნების მიხედვით, ათასი

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

*იგულისხმება საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც სხვა ქვეყნის რეზიდენტები არიან.

როგორც ვხედავთ, რუსეთის მოქალაქეების საშუალო თვიური მაჩვენებელი 2019 წლის მაჩვენებელს ჩამორჩება, თუმცა საკმაოდ მაღალია. საინტერესოა ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეთა საშუალო თვიური რაოდენობა, რომელიც 2022 წელთან მიმართებით გაზრდილია, თუმცა 2019 წლის მაჩვენებლისთვის ჯერ არ მიუღწევია.