ფაქტების გადამოწმების საერთაშორისო ქსელის (IFCN) პრესრელიზი:

ფაქტების გადამოწმების 130 ორგანიზაცია 80 ქვეყნიდან ადასტურებს, რომ ფაქტების გადამოწმება აძლიერებს საჯარო დისკუსიას; ის არ წარმოადგენს მის ცენზურას

ფაქტების გადამოწმება აძლიერებს საჯარო დისკუსიებს და ის არასდროს არ უნდა იქნეს ცენზურის ფრომად მიჩნეული, ადასტურებენ ფაქტების გადამოწმების ორგანიზაციები მთელი მსოფლიოდან ოფიციალურ განცხადებაში, რომელიც სარაევოში გამართული GlobalFact-ის მე-11 კონფერენციის ფარგლებში გამოქვეყნდა.

ბოლო წლებში ფაქტების გადამმოწმებლებს როგორც ინტერნეტის ცენზორებს ესხმიან თავს და ამ თავდასხმების შემდეგ ისინი შეურაცხყოფის და დევნის ობიექტები ხდებიან. ასეთი რეაქცია უსაფუძვლოა. ცენზურა ინფორმაციას მალავს. ფაქტების შემოწმება ინფორმაციას ამატებს.

განცხადებას, რომელიც კოორდინირებულია პოინტერის ინსტიტუტთან არსებული ფაქტების გადამოწმების საერთაშორისო ქსელის (IFCN) მიერ, ფაქტების გადამოწმების 130-მა ორგანიზაციამ დაუჭირა მხარი 80 ქვეყნიდან. ყველა ეს ორგანიზაცია IFCN-ის პრინციპების კოდექსის ხელმომწერია, რომელიც განსაზღვრავს სიზუსტის, მიუკერძოებლობის და გამჭვირვალობის მაღალ სტანდარტებს ფაქტების გადამოწმების ჟურნალისტიკაში.

განცხადებაში გამოთქმულია მზარდი შეშფოთება მთელ მსოფლიოში ფაქტების გადამოწმების ორგანიზაციებსა და ფაქტების გადამოწმების სპეციალისტებზე გახშირებული თავდასხმების თაობაზე. ბოლო წლებში ფაქტების გადამმოწმებლები მათდამი სულ უფრო მტრულ დამოკიდებულებას განიცდიან, მათ შორის ონლაინ მუქარებს, სამართლებრივ პრობლემებს და მიზანმიმართულ დევნას. ასეთთა შორის აღსანიშნავია შემდეგი შემთხვევები:

ცოტა ხნის წინ, საქართველოში, პარლამენტმა მოსთხოვა სამოქალაქო საზოგადოების და მედიის ორგანიზაციებს, დარეგისტრირდნენ „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციებად“, რაც, ფაქტობრივად, „უცხოეთის აგენტის“ სინონიმია. ასეთი კანონმდებლობა მიმართულია დიდი გამოცდილების მქონე ფაქტების გადამმოწმებელი ჯგუფების, მათ შორის „მითების დეტექტორის“ და „ფაქტ-მეტრი საქართველოს“ წინააღმდეგ. ამ კანონმდებლობის მიღების შემდეგ „მითების დეტექტორის“ ოფისი ვანდალიზმის, ხოლო ორივე ჯგუფი მუქარების ობიექტი გახდა.

ამერიკის შეერთებულ შტატებში პოლიტიკური და სამართლებრივი თავდასხმები დეზინფორმაციის კვლევის ჯგუფებზე აიძულებს აკადემიურ მკვლევრებს, შეაჩერონ ის სამუშაო, რომელიც ეხმარება ფაქტების გადამმოწმებლებს და საყოველთაო ძალისხმევას, გაუმჯობესდეს არჩევნებზე ხმის მიცემის პროცესი. კვლევით ჯგუფებს შორის, რომლებიც თავდასხმების ობიექტები გახდნენ, არის ავტორიტეტული Stanford Internet Observatory და წამყვანი მკვლევრები, როგორებიცაა კეიტ სტარბერდი ვაშინგტონის უნივერსიტეტიდან, რომელსაც სიკვდილის მუქარებს უგზავნიან.

ბრაზილიაში ორგანიზაციის Aos Fatos ჟურნალისტები, რომლებიც ფაქტების გადამოწმებას ახდენენ, სასამართლოს დევნის და სხვა სამართლებრივი ქმედებების ობიექტები გახდნენ 2020 წელს გამოქვეყნებული ანგარიშის გამო, რომელიც ინტერნეტში დეზინფორმაციის გავრცელებას ეხებოდა. პირადად ამ ორგანიზაციის აღმასრულებელ დირექტორის, ტაი ნალონის, წინააღმდეგ შეტანილი იქნა სისხლისსამართლებრივი საჩივარი. ამ საქმეების განხილვა ჯერ ისევ მიმდინარეობს.

ფილიპინებში ახალი ამბების ავტორიტეტულ ორგანიზაციას Rappler ხშირად ესხმიან თავს, ხოლო ხელისუფლება მის დახურვას წარუმატებლად ცდილობდა (ეს ქმედებები IFCN-მა ოფიციალურ განცხადებაში დაგმო 2022 წელს). Rappler-ის დამფუძნებელი, ნობელის პრემიის ლაურეატი მარია რესა, პირადად გახდა არაერთი სასამართლო საქმის და ინტერნეტ თავდასხმების ობიექტი. რესა მთავარი გამომსვლელია GlobalFact-ის მე-11 კონფერენციაზე.

2020 წელს, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ფაქტების გადამოწმების ორგანიზაციებს PolitiFact, Science Feedback და „პოინტერის ინსტიტუტს“ ფედერალურ სასამართლოში უჩივლა რობერტ ფ. კენედი უმცროსის ორგანიზაციამ „ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვა“ კოვიდის ვაქცინის შესახებ გავრცელებული არასწორი ინფორმაციის გადამოწმების გამო. კენედის ჯგუფი ამტკიცებდა, რომ ფაქტების გადამოწმება ცენზურას წარმოადგენს. ამჟამად კენედი პრეზიდენტობის კანდიდატია. ეს სარჩელი უარყოფილი იქნა, მაგრამ ის ახლა აპელაციის სტადიაზეა.

მიმდინარე თავდასხმებზე საპასუხოდ, IFCN-მა და მისმა წევრმა ფაქტების გადამოწმების ორგანიზაციებმა სარაევოს განცხადება შეადგინეს, რომელშიც ადასტურებენ, რომ ფაქტების გადამოწმება თავისუფალი გამოხატვის აქტია, რომლის მიზანიც საზოგადოებისთვის ზუსტი ინფორმაციის მიწოდება და საინფორმაციო ეკოსისტემის გაუმჯობესებაა.

განცხადების სრული ტექსტი და ხელმომწერი ორგანიზაციების სია შეგიძლიათ იხილოთ აქ.

ფაქტების გადამოწმების სპეციალისტთა ამ ყოველწლიურ მსოფლიო შეკრებაზე – GlobalFact-ის მე-11 შეხვედრაზე, რომელიც 2024 წელს ბოსნია და ჰერცეგოვინის დედაქალაქ სარაევოში იმართება, დროა, კიდევ ერთხელ დავადასტუროთ ჩვენი ურყევი ერთგულება ინფორმაციის წვდომისა და გამოხატვის თავისუფლებისადმი ყველა ადამიანისთვის მთელ მსოფლიოში.

ყველა ადამიანს აქვს უფლება, მოიძიოს, მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია და მოსაზრებები. ფაქტების გადამოწმება ამ პრინციპებს ეფუძნება და მათგან გამომდინარეობს. ფაქტების გადამოწმება მოითხოვს უფლებას და უნარს, იპოვო წყაროები, ღრმად გააანალიზო და გაესაუბრო ექსპერტებს, რომლებსაც გულახდილად შეუძლიათ საუბარი – და ეს ყველაფერი მკაცრი მეთოდოლოგიის და პროცედურის ფარგლებში ხდება. ეს არის საფუძველი, რომელსაც ყველა ჭეშმარიტი ფაქტების გადამოწმება ეფუძნება. ფაქტების გადამოწმება თავისუფალი მედიის და ხარისხიანი ჟურნალისტიკის ნაწილია და მას წვლილი შეაქვს საზოგადოებრივი ინფორმაციის და ცოდნის განვითარების საქმეში.

ფაქტების გადამოწმების მიზანი დამატებითი ინფორმაციის მიწოდებაა, მტკიცებულებების წარმოდგენა ისეთი ცნობების შესწორებისა და განმარტებისთვის, რომლებიც არის ყალბი, შეცდომაში შემყვანი ან ვრცელდება მნიშვნელოვანი კონტექსტის გარეშე. ფაქტების გადამოწმება არ ცდილობს ამ ცნობების განადგურებას ან წაშლას, არამედ ინარჩუნებს მათ საჯარო დისკუსიის ფარგლებში და ამავდროულად, სთავაზობს მტკიცებულებებს, რომლებიც აუცილებელია ამ დისკუსიის სწორად ინფორმირებისთვის.

მიუხედავად ამისა, ბოლო წლებში ფაქტების გადამმოწმებლებს მუდმივად ესხმიან თავს როგორც ინტერნეტ ცენზორებს, ხოლო ასეთი თავდასხმების შემდეგ ბევრი მათგანი სიტყვიერი შეურაცხყოფის, კიბერბულინგის, კოორდინირებული თავდასხმების, სამართლებრივი დაშინების, პოლიტიკური ზეწოლის და ფიზიკური ძალადობის ობიექტები ხდებიან. თუმცა, წარმოადგენს რა გამოხატვის თავისუფლებას, ფაქტების გადამოწმება არ შეიძლება განხილული იქნეს ცენზურად ამ სიტყვის რაიმე მნიშვნელობით. ცენზურა ინფორმაციას შლის. ფაქტების გადამოწმება ინფორმაციას ამატებს.

საზოგადოებაში აუცილებელია მიმდინარეობდეს დისკუსიები იმაზე, თუ როგორ ავრცელებს მედია და ონლაინ კომპანიები ინფორმაციას; როგორ არჩევენ და უწევენ მოდერირებას საჯარო პოსტებს ტექნოლოგიური პლატფორმები; და როგორ განსაზღვროს და გაუმკლავდეს მთლიანად საზოგადოება უკანონო ან დამაზიანებელ ინფორმაციას. რაღაც ტიპის ინფორმაცია შეიძლება რომ წაიშალოს, თუ ის რეალური ზიანის მომტანია, მაგრამ ცრუ მტკიცება არ უნდა წაიშალოს მხოლოდ იმიტომ, რომ ის ცრუა. ამის ნაცვლად, საზოგადოებას უნდა მიეწოდოს შესაბამისი კონტექსტი და შემოწმებული ინფორმაცია, რათა განისაზღვროს მტკიცების შესაბამისობა სიმართლესთან. ამავე დროს მცდარი მტკიცებები არ უნდა გახდეს პოპულარული და ვირუსულად არ უნდა გავრცელდეს. გარდა ამისა, ხელოვნური ინტელექტის ახალი ინსტრუმენტების გამოჩენით იზრდება იმის გააზრებაც, რომ მათ ცრუ ინფორმაციის გავრცელება შეუძლიათ და რომ ზუსტი ინფორმაციის საჭიროება ისე მნიშვნელოვანია როგორც არასდროს ყოფილა.

საზოგადოებას სჭირდება ზუსტი ინფორმაცია, რათა მიიღოს გადაწყვეტილებები თავისი ხელისუფლების, ეკონომიკის, ჯანდაცვის და ცხოვრების ყველა ასპექტის შესახებ. ფაქტების გადამოწმება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია საზოგადოებისთვის ზუსტი ინფორმაციის მიწოდებისა და ინფორმაციის ეკოსისტემის გაუმჯობესების საქმეში.

მედია კონტაქტი:

ენჯი დრობნიჩ ჰოლანი

ფაქტების გადამოწმების საერთაშორისო ქსელის დირექტორი

[email protected]

+1-727-410-1770

პოინტერის ინსტიტუტთან არსებული ფაქტების გადამოწმების საერთაშორისო ქსელის (IFCN) შესახებ

პოინტერის ინსტიტუტთან არსებული ფაქტების გადამოწმების საერთაშორისო ქსელი (IFCN) 2015 წელს შეიქმნა, რათა მომხდარიყო ფაქტების გადამმოწმებლების მზარდი საზოგადოების გაერთიანება მთელი მსოფლიოდან და დეზინფორმაციასთან გლობალურ ბრძოლაში ფაქტებზე დამყარებული ინფორმაციის ადვოკატირება.

ჩვენ ფაქტების გადამოწმების სპეციალისტებს შესაძლებლობას ვაძლევთ, დაამყარონ კონტაქტები, გაიძლიერონ შესაძლებლობები და ითანამშრომლონ ერთმანეთთან. ადვოკატირების, ტრენინგის და გლობალური ღონისძიებების მეშვეობით, IFCN ფაქტების გადამოწმების მოწინავე მეთოდებს აცნობს IFCN-ის პრინციპების კოდექსის დადასტურებულ ხელმომწერებს – 140-ზე მეტ ორგანიზაციას 65 ქვეყნიდან.

ჩვენი გუნდი აკვირდება ფაქტების გადამოწმების სფეროში არსებულ ტენდენციებს, რათა რესურსები შესთავაზოს ფაქტების გადამოწმების სპეციალისტებს, წვლილი შეიტანოს საჯარო დისკუსიაში და უზრუნველყოს იმ ახალი პროექტებისა და ინიციატივების მხარდაჭერა, რომლებიც ხელს უწყობს ანგარიშვალდებულების ამაღლებას ჟურნალისტიკაში. 2021 წელს IFCN ნობელის მშვიდობის პრემიაზე იქნა წარდგენილი. მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: poynter.org/ifcn.

პოინტერის ინსტიტუტის შესახებ

პოინტერის ინსტიტუტი საერთაშორისო არაკომერციული ორგანიზაციაა, რომელიც მუშაობს საზოგადოების ყველაზე აქტუალური საკითხების მოგვარებაზე ჟურნალისტების და ჟურნალისტიკის სწავლების, მედიის საქმიანობისა და ამ ინდუსტრიის წინაშე არსებული სირთულეების გაშუქების, შეხვედრების ორგანიზების და სპეციალისტთა გაერთიანების შექმნის, ახალი ამბების ორგანიზაციების შესაძლებლობების და მდგრადობის გაუმჯობესების, ასევე მათ მიმართ ნდობის და ინფორმაციის საიმედოობის გაძლიერების მეშვეობით. ინსტიტუტი წარმოადგენს ჟურნალისტური ხელოვნების ოქროს სტანდარტს და მისი მიზანი პრესის თავისუფლების დაცვა და განვითარებაა დემოკრატიულ ქვეყნებში. პოინტერის ინსტიტუტის მეშვეობით ჟურნალისტები, რედაქციები, ბიზნესები, დიდი ტექნოლოგიური კორპორაციები და მოქალაქეები იკრიბებიან, რათა მოძებნონ გადაწყვეტის ისეთი გზები, რომლებიც ხელს უწყობს ახალი ამბების გამჭვირვალობას და მათდამი ნდობის ზრდას და ბიძგს აძლევს მნიშვნელოვან საჯარო დისკუსიას. მსოფლიოს წამყვანი ჟურნალისტები თუ მედიის დამწყები ლიდერები მიმართავენ ინსტიტუტს, რათა განივითარონ ახალი უნარები, გაეცნონ საუკეთესო პრაქტიკას, უკეთ მოემსახურონ აუდიტორიას, გააფართოონ საქმიანობის მასშტაბი და გააუმჯობესონ საყოველთაოდ გაზიარებული ინფორმაციის ეკოსისტემის ხარისხი.

პოინტერის ინსტიტუტის წევრები არიან კრეიგ ნიუმარკის სახელობის ეთიკისა და ლიდერობის ცენტრი, ფაქტების გადამოწმების საერთაშორისო ქსელი (IFCN), ორგანიზაციები MediaWise და PolitiFact.

პოინტერის და ჩვენი ორგანიზაციების მხარდაჭერა თავისუფალი პრესის და აშშ-ის პირველი შესწორების ერთგულებას ნიშნავს და ამყარებს საზოგადოების ნდობას ჟურნალისტიკისა და მედიის მიმართ, რაც აუცილებელი ჯანსაღი საზოგადოებისთვის. მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: poynter.org.