სოციალურ ქსელში საინფორმაციო-გასართობი პორტალი TIA.GE თურქეთის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის ჰაკან ჩალჰანოღლუს ციტატას ავრცელებს. სააგენტოს მტკიცებით, ფეხბურთელმა საქართველოსთან მატჩის შემდეგ აღნიშნა, რომ: „ქართველებს ამ თამაშში უნდა წაეგოთ და წააგეს კიდეც“. რეალურად, ციტატა შეცვლილია. ფეხბურთელს არ უთქვამს, რომ საქართველო უნდა დამარცხებულიყო და ასეც მოხდა. მან აღნიშნა, რომ თურქეთის ნაკრებისთვის მატჩი მნიშვნელოვანი იყო, მის ნაკრებს უნდა მოეგო და მოიგო კიდევაც.

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოსა და თურქეთს შორის მატჩი გუშინ, 18 ივნისს გაიმართა და ანგარიშით 3:1 - თურქეთის ნაკრების სასარგებლოდ, დასრულდა.

თამაშის შემდეგ, ჰაკან ჩალჰანოღლუმ, თურქეთის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა, EURO2024.com-თან აღნიშნა, რომ თამაში მისი ნაკრებისთვის მნიშვნელოვანი იყო: „ჩვენ უნდა მოგვეგო და მოვიგეთ კიდევაც. მე ვაკვირდები, როგორ მუშაობს მთელი პერსონალი ჩვენი მიზნის მისაღწევად. მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს გულშემატკივრებს, რომლებმაც თამაშის ბოლომდე ჩვენზე დადებითად იმოქმედეს“.

ფეხბურთელმა თამაშის შემდეგ თურქულენოვან ინტერვიუში ასევე აღნიშნა, რომ თამაშის დროს მოედანზე რეალურად განახორციელეს ის, რისი განხორციელებაც სურდათ: „ გვინდოდა მეტოქეზე ზეწოლა და პირველი 30 წუთის განმავლობაში რთულ მდგომარეობაში ჩაგდება. ჩვენ ეს შევძელით. მეორე გოლი თამაშგარე რომ არ ყოფილიყო, ალბათ მატჩი უფრო მშვიდად წარიმართებოდა. 1-1-ის შემდეგ ცოტა უკან დავიხიეთ, რაც კარგი არ იყო, ბევრი სირბილისა და დაღლის გამო. უკან დავიხიეთ, მაგრამ მთავარი ის იყო, რომ თამაშს არ დავშორდით“. ფეხბურთელმა აღნიშნა, რომ ნაკრები კარგად იყო მომზადებული, თუმცა ხაზი დაშვებულ შეცდომებსაც გაუსვა.

ამდენად, სააგენტოს მიერ თურქეთის ნაკრების ფეხბურთელის ციტატა შეცვლილი სახით ვრცელდება, რამაც შესაძლოა, მომხმარებელს არასწორი შთაბეჭდილება შეუქმნას.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.