სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში „საინფორმაციო-ანალიტიკური გაერთიანება“ ინფორმაციას ავრცელებს. ინფორმაციის გამავრცელებლის მტკიცებით, „რადიო თავისუფლება“ გამოქვეყნებულ სიახლეში წერდა: „იოანე ზოსიმეს ხელნაწერი რუსეთთან აფილირებულმა ქართველმა ოლიგარქმა შეისყიდა, რომელსაც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა ჰყავს მიტაცებული. ჯერ-ჯერობით უცნობია სად იქნება განთავსებული ისტორიული საგანძური, კრასნოდარის ისტორიულ მუზეუმში თუ როსტოვსკი ობლასტნოი მუზეუმში“. რეალურად, „რადიო თავისუფლებას“ მსგავსი განცხადება არ გაუკეთებია და ციტატა ყალბია.

11 ივნისს, იოანე ზოსიმეს ხელნაწერის Christie’s-ის აუქციონზე გატანისა და ბიძინა ივანიშვილის მიერ მისი შეძენის შესახებ „რადიო თავისუფლებამ“ Facebook-პლატფორმაზე 4 სიახლე (ბმული 1, 2, 3, 4) და საკუთარ ვებგვერდზე 2 სტატია (ბმული 1, 2) გამოაქვეყნა.

მათ მიერ გამოქვეყნებული Facebook-პოსტები და სტატიები აუქციონთან დაკავშირებულ დეტალებსა და ხელნაწერის მნიშვნელობას შეეხება. ხოლო ბიძინა ივანიშვილის მიერ იოანე ზოსიმეს ხელნაწერის შეძენასთან დაკავშირებით სამაუწყებლო კომპანია წერს:

„ლონდონში, Christie’s-ის აუქციონზე იოანე ზოსიმეს 979 წლით დათარიღებული ხელნაწერი ბიძინა ივანიშვილმა იყიდა. ინფორმაციას „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი გიორგი გრძელიშვილი ავრცელებს. წიგნი 1 000 000 – 1 500 000 გირვანქა სტერლინგად იყო შეფასებული, მყიდველმა მასში 1 250 000 გადაიხადა. ხელნაწერი საქართველოს ეროვნულ მუზეუმს გადაეცემა“.

„რადიო თავისუფლების“ მიერ გაკეთებულ არც ერთ განცხადებაში „რუსეთთან აფილირებული ქართველი ოლიგარქი“, „ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა“ და რუსული მუზეუმების სახელები ნახსენებიც კი არ არის.

ბიძინა ივანიშვილის მიერ იოანე ზოსიმეს ხელნაწერის შეძენის შესახებ ინფორმაციას ვხვდებით „რადიო თავისუფლების“ რუსულენოვან გამოცემა „ეხო კავკაზაში“, სადაც წერია, რომ „ქართველმა მილიარდელმა, მმართველი პარტია ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა მეათე საუკუნეში მოღვაწე ქართველი ბერის, იოანე ზოსიმეს ხელნაწერი შეიძინა და საქართველოს ეროვნულ მუზეუმს გადასცემს.“ სტატიაში ბიძინა ივანიშვილი „რუსეთთან აფილირებულად“ და „ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის მიმტაცებლად“ არ არის მოხსენიებული. რაც შეეხება „რადიო თავისუფლების“ ინგლისურენოვან გამოცემას, აქ ბიძინა ივანიშვილის მიერ ხელნაწერის შეძენის შესახებ ინფორმაცია საერთოდ არ იძებნება.

ამრიგად, Facebook-ანგარიშის მიერ გავრცელებული ციტატა ყალბია.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.