2024 წლის 29 მაისს სტუდია „სოლიდარობის“ ეთერში ეკონომისტმა დემურ გიორხელიძემ განაცხადა: „რატომ არ არის ევროკავშირი პირველი სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორი? გეკითხებით, მიპასუხეთ, სად არის ევროპის ინვესტიციები საქართველოში?“... „ეკონომიკური თვალსაზრისით საქართველოს ვერაფერს დააკლებს დასავლეთი, თუ გაუჯინდება, იმიტომ, რომ არ არის მასზე დამოკიდებული, ჩვენი პრიმიტიული ეკონომიკა აბსოლუტურად არ არის მიბმული დასავლეთზე“.

დემურ გიორხელიძე საქართველოსა და დასავლეთს შორის ეკონომიკურ ურთიერთობებზე საუბრობს, საიდანაც ორ მიმართულებას გამოყოფს: საგარეო ვაჭრობასა და პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს.

2023 წელს საქართველოსა და ევროკავშირს შორის სავაჭრო ბრუნვამ 4.5 მლრდ დოლარს გადააჭარბა. ექსპორტის - 11.6%, იმპორტის - 24.5% და მთლიანი ბრუნვის 21% ევროკავშირის ქვეყნებზე გადანაწილდა.

2011-2023 წლებში ევროკავშირზე ექსპორტის საშუალოდ 20.7% და იმპორტის 26.8% მოდიოდა. 2020 და 2021 წლებში ევროკავშირში ექსპორტი ორივე შემთხვევაში 717 მლნ დოლარს შეადგენდა, თუმცა სხვა ქვეყნებში დაფიქსირებული ზრდის ფონზე მისი წილი 21.5%-დან 16.9%-მდე შემცირდა. მომდევნო 2022 წელს ევროკავშირში ექსპორტი თანხობრივად 145 მლნ დოლარით - 863 მლნ დოლარამდე, გაიზარდა, მაგრამ მისი წილი მაინც 15.4%-მდე შემცირდა.

გრაფიკი 1: ევროკავშირში საგარეო ვაჭრობის წილი

წყარო: საქართელოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

2023 წელს ევროკავშირში ექსპორტი თანხობრივადაც 704 მლნ-მდე შემცირდა, რაც ძირითადად სპილენძის მადნებზე მოთხოვნის კლებით აიხსნება (იმავე მიზეზით ექსპორტი დრამატულად 425 მლნ დოლარით შემცირდა ჩინეთშიც და საექსპორტო პარტნიორებში ჩინეთმა პირველიდან მეშვიდე ადგილზე გადაინაცვლა). პარალელურად, სომხეთში, აზერბაიჯანში, ყაზახეთსა და ყირგიზეთი გაზრდილი რეექსპორტის ფონზე მისი წილი 11.6%-მდე შემცირდა.

ევროკავშირის წილი ადგილობრივ ექსპორტში (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე) ბევრად უფრო მაღალია. 2014-2023 წლებში (2014 წლამდე საქსტატზე მონაცემები არ იძებნება) მან საშუალოდ მთლიანი ექსპორტის 26% შეადგინა, მათ შორის, 2023 წელს - 20.6%, ანუ მთლიანი ექსპორტის ფარდობასთან შედარებით თითქმის ორჯერ მეტი.

ეკონომიკის ფორმირებაში ადგილობრივი ექსპორტიც მონაწილეობს და რეექსპორტიც, თუმცა ადგილობრივ ექსპორტს მეტი მნიშვნელობა ენიჭება. როგორც წესი, ადგილობრივი წარმოება მეტ სამუშაო ადგილს ქმნის და ბიუჯეტიც მეტ გადასახადს იხდის.

2014-2023 წლებში ევროკავშირში ექსპორტირებული პროდუქციიდან საშუალოდ 83% ადგილობრივ ექსპორტს შეადგენდა, დსთ-ს სივრცეში - მხოლოდ 48%-ს.

გრაფიკი 2: ადგილობრივი ექსპორტის წილი მთლიან ექსპორტში

წყარო: საქართელოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

რას ვყიდით ევროკავშირში? 2023 წელს 142 მლნ დოლარიანი კლების მიუხედავად, 295 მლნ-ით, პირველ ადგილზე სპილენძის მადნები გავიდა, 50 მლნ-ით მეორე ადგილი თხილმა დაიკავა, 36 მლნ-ით მესამე ადგილზე ქიმიური სასუქი გავიდა. მეოთხე-მეხუთე ადგილები კი 30-30 მლნ-ით ღვინომ და სპირტიანმა სასმელებმა გადაინაწილეს.

რაც შეეხება იმპორტს, ტოპ ხუთეული მსუბუქი ავტომობილებით, ნავთობპროდუქტები, სამკურნალო საშუალებები, სატელეფონო აპარატებითა და სატვირთო ავტომობილებითაა წარმოდგენილი.

ცალკეული სახელმწიფოებიდან ყველაზე მეტი 250 მლნ დოლარიანი ექსპორტი, ძირითადად სპილენძის მადნების ხარჯზე, ბულგარეთში დაფიქსირდა. 950 მლნ დოლარით კი იმპორტში პირველი ადგილი გერმანიამ დაიკავა.

დემურ გიორხელიძის მიერ დასმული მეორე კითხვა ინვესტიციებს შეეხებოდა და ის მთლიან ევროპას მოიცავდა. 2006-2023 წლებში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ნახევარი ევროპიდან შემოვიდა, ბოლო 5 წელიწადში ევროპის წილი ინვესტიციებში 73%-მდე გაიზარდა. 2020 წელს, იმის ხარჯზე, რომ ინვესტიციების დიდი მოცულობით გადინება დაფიქსირდა, ევროპის წილმა 100%-საც გადააჭარბა.

გრაფიკი 3: პირდაპირი უცხოური ინვესტიციების წილი ევროპიდან[1]

წყარო: საქართელოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

ყველაზე დიდი ინვესტორი ბრიტანეთია, რომელიც აქტიურად მონაწილეობდა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენისა და შაჰ-დენიზის გაზსადენის მშენებლობაში. 2001-2023 წლებში მხოლოდ ბრიტანეთმა საქართველოში 4.1 მლრდ დოლარის ინვესტიცია განახორციელა. იმავე პერიოდში ნიდერლანდებიდან ინვესტიციის მოცულობამ 3.2 მლრდ-ს გადააჭარბა, ჩეხეთიდან კი 1 მლრდ-ს მიუახლოვდა. ჯამში, 2001-2023 წლებში, 26.3 მლრდ-დან 12.9 მლრდ ინვესტიცია ევროპიდან შემოვიდა, თუ ევროპაში თურქეთსა და აზერბაიჯანსაც მოვიაზრებთ, რომლებიც ერთდროულად შეიძლება განვიხილოთ რეგიონულ სახელმწიფოებადაც და ევროპის ნაწილადაც, მაშინ ევროპიდან ინვესტიციების მოცულობა 17.9 მლრდ-ს მიაღწევს, რაც მთლიანი ინვესტიციების 68%-ზე მეტია.

ევროკავშირის წილი ტურიზმში შედარებით დაბალია, მაგრამ არა უმნიშვნელო. 2023 წელს ევროკავშირიდან საქართველოში 422 ათასი ვიზიტი განხორციელდა, რაც ვიზიტორთა რაოდენობის 6%-ია, საყურადღებოა, რომ ამ 6%-მა ტურიზმიდან მიღებული შემოსავლის 13.3% დააგენერირა. თუ 1 ვიზიტორი საქართველოში საშუალოდ 583 დოლარს ხარჯავდა, ევროკავშირიდან შემოსული ვიზიტორი 2.2-ჯერ მეტს, 1300 დოლარს ტოვებდა.

2023 წელს საქართველოში ევროკავშირიდან 1.3 მლრდ დოლარი გადმოირიცხა, რაც მთლიანი ფულადი გზავნილების 31%-ს შეადგენდა, ბრიტანეთის ჩათვლით 32%-ს. საგულისხმოა, რომ გასულ წელს რუსი მიგრანტების გავლენა მთლიან გზავნილებში კვლავ მაღალი რჩებოდა (2021 წელს რუსეთის წილმა ფულად გზავნილებში 18% შეადგინა, 2022 წელს ნახტომისებურად 47%-მდე გაიზარდა, 2023 წელს 37%-მდე შემცირდა, 2024 წლის იანვარ-აპრილში კი 21%-მდე), რამაც ევროკავშირის პროცენტული წილი ხელოვნურად შეამცირა. 2024 წლის იანვარ-აპრილში გზავნილებში ევროკავშირის წილმა უკვე 40%-ს გადააჭარბა.

დემურ გიორხელიძემ ბოლოს მთლიანი დასავლეთიც ახსენა და აღნიშნა, რომ დასავლეთი საქართველოს ვერაფერს დააკლებს, რადგან მასზე ეკონომიკურად დამოკიდებული არაა.

„დასავლეთი“ შეიძლება სხვადასხვაგვარად იქნას გაგებული, მაგრამ როგორც წესი, მასში ევროკავშირი, ბრიტანეთი და აშშ მოიაზრება ხოლმე.

არც შეერთებული შტატები და მით უმეტეს, არც ევროკავშირი საქართველოს, როგორც ქვეყანას, სანქციებით არ დამუქრებია. დაანონსებული სანქციები ინდივიდუალურია, ასეთ შემთხვევაშიც, ურთიერთობების გაუარესების ფონზე ეკონომიკური აქტივობის შემცირება დასაშვებია, მაგრამ არა სრული გაყინვა.

2023 წელს ევროკავშირთან სავაჭრო ბრუნვამ 21% შეადგინა, თუმცა თუ მას ბრიტანეთსა და შეერთებულ შტატებს დავუმატებთ, 31%-ს მივიღებთ. იმავე 2023 წელს ევროკავშირიდან, ბრიტანეთიდან და შეერთებული შტატებიდან შემოსულმა პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 67%-ს გადააჭარბა, ფულად გზავნილებში - 44%-ს, ფულად გზავნილებში 2024 წლის პირველ ოთხ თვეში - 57%-ს.

როცა რაიმეს წილი 60%-ს, 50%-ს, ან თუნდაც 30%-ს აჭარბებს, ეს წილი უმნიშვნელოდ ვერ ჩაითვლება და მისი რაიმე მიზეზით გაქრობაც მოსარგებლე მხარისათვის საგრძნობლად დამაზიანებელი იქნება.

დემურ გიორხელიძის მტკიცება, რომ საქართველოსა და დასავლეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები მცირეა, სიმართლეს არ შეესაბამება. ევროკავშირთან სავაჭრო ბრუნვა ყველა სხვა ცალკე აღებულ სახელმწიფოს აღემატება. დასავლეთიდან შემოდის ფულადი გზავნილებისა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ნახევარზე მეტიც. მართალია, თანხობრივად დიდი ბრუნვები არ ფიქსირდება, მაგრამ ეს იმის ბრალია, რომ თავად საქართველოს ეკონომიკაა ძალიან პატარა, 2023 წლის მდგომარეობით, 80 მლრდ ლარი (30 მლრდ დოლარი) და ამ მოცემულობაში ვერც სავაჭრო ბრუნვა და ვერც ინვესტიციები ასობით მლრდ-ს ვერ მიაღწევს.

სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები ევროკავშირთან და შეერთებულ შტატებთან წილობრივად საკმაოდ მაღალია, რაც სტატისტიკური მონაცემებით დასტურდება, შესაბამისად, საპირისპიროს მტკიცება არის მცდარი.

[1]ევროკავშირის 27 ქვეყანა, ბრიტანეთი, შვეიცარია, მორვეგია, ისლანდია, ლიხტენშტეინი, გიბრალტარი.

--------------------------------------------------------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.