სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში ნინო ლომჯარიას ვიდეოს კონტექსტის გარეშე ავრცელებს. მოჭრილი ვიდეო თანდართულ ტექსტებთან ერთად ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს, ლომჯარია ხალხს მისთვის/მისი ორგანიზაციისთვის სთხოვს თანხის ჩარიცხვას. რეალურად, იგი განმარტავს, თუ როგორ შეუძლიათ მოქალაქეებს თანხის გადარიცხვა ფონდში, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებულ პირთა დასახმარებლად.

ინტერნეტსივრცეში გავრცელებული ვიდეო ნინო ლომჯარიას მიერ, 2 ივნისს, აქცია-მარათონზე, TV პირველთან გაკეთებული კომენტარის ნაწილია. ინტერვიუში ლომჯარია განმარტავს, თუ როგორ შეუძლიათ მოქალაქეებს დაკავებულების დახმარება და აღნიშნავს, რომ „არავინ დარჩება ყურადღების მიღმა და ყველას დაუდგება საზოგადოება [გვერდით], ვისაც დაჩაგრავს სისტემა, ვისაც დაჩაგრავს მართლმსაჯულება“. იგი ინტერვიუში ე.წ. „რუსული კანონის“ საწინააღმდეგო აქციებზე დაკავებულთა დასახმარებლად თანხის შეგროვების შესახებ საუბრობს და არა მისთვის/მისი ორგანიზაციისთვის თანხის გადარიცხვაზე, როგორც ამას ვიდეოს გამავრცელებლები ამტკიცებენ. გავრცელებულ ვიდეოში მოჭრილია ნაწილი, სადაც ნინო ლომჯარია გამართული სოლიდარობის კონცერტის მნიშვნელობაზე საუბრობს.

საქველმოქმედო კონცერტი-აქცია 2 ივნისს რესპუბლიკის მოედანზე გაიმართა. კონცერტზე თანხის შეგროვების მიზანი იმ ჯარიმების დაფარვა იყო, რომლებიც სასამართლომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებულ მოქალაქეებს დააკისრა.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.