იმ მუქარისა და შევიწროების მძიმე კამპანიის ფონზე, რასაც ქართული ფაქტების გადამოწმების ორგანიზაციები განიცდიან, ფაქტების გადამოწმების ევროპული სტანდარტების ქსელმა (EFCSN) და ფაქტების გადამოწმების საერთაშორისო ქსელმა (IFCN) ღია წერილით გაუგზავნეს ევროკავშირის ხელმძღვანელობას. იხილეთ წერილის ტექსტი:

ქ-ნი ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტი

ბ-ნი ჯოზეფ ბორელ ფონტელესი

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში

ქ-ნი ვერა იუროვა

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ღირებულებებისა და გამჭვირვალობის საკითხებში

პარიზი, 4 ივნისი, 2024

ძვირფასო ქ-ნო ფონ დერ ლაიენ, ბ-ნო ბორელ, ქ-ნო იუროვა,

მოგმართავთ ღრმა წუხილითა და შეშფოთებით საქართველოში მოქმედი დამოუკიდებელი ფაქტების გადამოწმების ორგანიზაციების უსაფრთხოების გამო, ვინაიდან მათი ოფისები ბოლო კვირების განმავლობაში უკვე არაერთხელ გახდა თავდასხმების სამიზნე, ორგანიზაციების წევრებმა კი მიიღეს არაერთი სახის ძალადობრივი მუქარა, მათ შორის ისეთებიც, რომლებიც მათი ახლობლების მისამართით იყო გაჟღერებული.

ამ საშინელ კამპანიას ხელს უწყობენ საქართველოს მმართველი პარტიის მაღალჩინოსნები, რომლებიც ჩვენს კოლეგებს „უსამშობლო აგენტებად და ნეოფაშისტებად მოიხსენიებენ, რომლებსაც პასუხი გაეცათ.“ ეს იმ ფონზე, როდესაც ისინი აქვეყნებენ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების სიას, რაც მხოლოდ მათ მიმართ შეტევების მეტად წახალისების მცდელობად შეიძლება ჩაითვალოს.

როგორც მოგეხსენებათ, მოცემული კამპანია ახლადმიღებული ე.წ “აგენტების კანონის” ფონზე მიმდინარეობს, რომელიც დაგმეს იმ ინსტიტუტებმა, რომლებსაც თქვენ წარმოადგენთ და რომლის გაუქმების შესახებ რეკომენდაცია ვენეციის კომისიამაც გასცა, ვინაიდან „გამჭვირვალობის უზრუნველყოფის სავარაუდო საბაბით, [კანონს] აქვს ობიექტური რისკი მოახდინოს არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების სტიგმატიზება, გაჩუმება და საბოლოოდ განადგურება.” ქართული სამოქალაქო საზოგადოებისა და მედია ორგანიზაციების, მათ შორის ჩვენი კოლეგების შევიწროება დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის ჩახშობის კიდევ ერთი მცდელობაა, ვინაიდან ორგანიზაციების დევნა ხდება მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ცდილობენ, განაგრძონ საკუთარი პროფესიული მოვალეობის შესრულება.

ვინაიდან დაშინების მოცემული კამპანია, მმართველ პარტიასთან შეთანხმებით, მიმდინარეობს იმ ქვეყანაში, რომელიც ევროკავშირის წევრობის ოფიციალური კანდიდატია, ფაქტების გადამოწმების ორგანიზაციების ევროპული საზოგადოება მოგიწოდებთ, უზრუნველყოთ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ შეწყვიტოს ფაქტების გადამმოწმებლების შევიწროება და უზრუნველყონ ჩვენი კოლეგების გამოხატვისა და ინფორმაციის გავრცელების თავისუფლება ისე, როგორც ეს ევროკავშირის ძირითადი უფლებების ქარტიითაა განსაზღვრული.

ფაქტების გადამოწმების ევროპული საზოგადება, აგრეთვე ჩვენი კოლეგები ფაქტების გადამოწმების საერთაშორისო ქსელიდან (IFCN) იზიარებენ ჩვენს შეშფოთებას და ჩვენთან ერთად გმობენ შევიწროებისა და დაშინების აღნიშნულ კამპანიას. “მითების დეტექტორი” და “ფაქტ-მეტრი” ჩვენი საზოგადოების დიდი ხნის წევრები არიან, ხოლო მათი დამოუკიდებლობის, გამჭვირვალეობისა და მეთოდოლოგიური სტანდარტების შეფასება ყოველწლიურად დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ ხდება. ისინი აღნიშნული კამპანიის სამიზნე სწორედ იმიტომ გახდნენ, რომ მათი საქმიანობა სწორედ ამ ღირებულებებს ეფუძნება; მოცემული ფაქტი საშიშია მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ ქართული ორგანიზაციები, ძალაუფლების მხრიდან ზეწოლის მიუხედავად, ინარჩუნებენ ამ ღირებულებებისადმი ერთგულებას.

ქ-ნო ფონ დერ ლაიენ, ბ-ნო ბორელ, და ქ-ნო იუროვა, გთხოვთ, განუცხადოთ საქართველოს მთავრობას, რომ მოცემული შევიწროების კამპანია მიუღებელია და რომ ევროკავშირის ინსტიტუტები სოლიდარულები არიან ქართული ფაქტების გადამოწმების ორგანიზაციების მიმართ. გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენს ხელთ არსებული ინსტრუმენტები, რათა უზრუნველყოთ აღნიშნული თავდასხმების შეჩერება.

პატივისცემით,
ფაქტების გადამოწმების ევროპული სტანდარტების ქსელი (EFCSN)
ფაქტების გადამოწმების საერთაშორისო ქსელი (IFCN)