„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებიდან მეორე დღესვე, 29 მაისს, ფონდმა „ფეა თრიიზმა” (Fair Trees) განცხადება გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც საქართველოს პარლამენტის მიერ 28 მაისს ე.წ „რუსული კანონის“ საბოლოოდ მიღების გამო, იძულებული გახდა, ონში ბავშვთა სტომატოლოგიური კლინიკის გახსნის პროექტი შეეჩერებინა.
ფონდმა საკუთარი გადაწყვეტილება ონის მერიას წერილობით აცნობა, სადაც პროექტის უკან გატანის მიზეზები ახსნა. წერილის მიხედვით, ფონდი უცხოური გავლენის გამტარებელთა რეესტრში შესვლას არ აპირებს. აქედან გამომდინარე, კანონის თანახმად, მოსალოდნელია, დაეკისროს ჯარიმები და ფინანსური პრობლემები შეექმნას. „არსებული სამართლებრივი და მოსალოდნელი ფინანსური შეზღუდვების პირობებში, ჩვენთვის შეუძლებელია პროექტის გაგრძელება“, - ნათქვამია ონის მერიისადმი გაგზავნილ წერილში.
„ფეა თრიიზის“ განცხადებას ონის მერია გამოეხმაურა. უწყებამ ფონდის მიერ თანამშრომლობის გაწყვეტასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას სპეკულაციური და არასწორი უწოდა. „ფონდმა გამოგონილი საბაბით, უარი თქვა ერთადერთი ვალდებულების შესრულებაზე, რომლის ინიციატორიც თავად იყო და რომელიც მხოლოდ პროფესიული მომსახურების გაწევას გულისხმობდა... პროექტის შეფერხების საფრთხე არ არსებობს, ის სრულად ონის მერიის მიერ დაფინანსდება“,- ნათქვამია მერიის განცხადებაში.
რადგან ფონდის და ონის მერიის მიერ გავრცელებული განცხადებები სრულ წარმოდგენას ვერ გვიქმნის, რეალურად, ონის ბავშვთა კლინიკის გახსნაში რომელ მხარეს რა ვალდებულება უნდა შეესრულებინა, ჩვენ შევეცადეთ, პროექტის შესახებ მეტი დეტალი მოგვეძიებინა.
გასული წლის 13 დეკემბერს ფონდმა „ფეა თრიიზ“ ონის მერიას საპროექტო იდეით, რომლის მიხედვითაც, ქალაქ ონში, სიმონ სხირტლაძის სახელობის საჯარო სკოლაში, ბავშვთა სტომატოლოგიური კლინიკა უნდა მოწყობილიყო, რომელიც ონის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 2-18 წლის ბავშვებს და მოზარდებს უფასოდ მოემსახურებოდა.
პროექტის განსახორციელებლად, ფონდსა და ონის მუნიციპალიტეტის მერიასთან და სიმონ სხირტლაძის სახელობის საჯარო სკოლასთან მჭიდო თანამშრომლობა იქნებოდა საჭირო, მერიასთან თანადაფინანსებისთვის, საჯარო სკოლასთან კი შესაბამისი ფართის გამოსაყოფად.
საბოლოოდ, პროექტში ჩართულ მხარეებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი უნდა გაფორმებულიყო, რომლის თანახმადაც:
1. ონის საჯარო სკოლაში შესაბამისი ფართი გამოიყოფოდა;
2. ონის მუნიციპალიტეტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან საჭირო თანხას გამოყოფდა, რომლის საშუალებითაც კლინიკისთვის გამოყოფილი ფართი სტანდარტების შესაბამისად გარემონტდებოდა და კლინიკისთვის აუცილებელი ტექნიკით აღიჭურვებოდა;
3. ფონდი „ფეი თრიიზ“ კლინიკის სამუშაო კადრებით დაკომპლექტებას უზრუნველყოფდა და კლინიკის ხანგრძლივი ფუნქციონირებისთვის საჭირო ფინანსურ რესურსებს რეგულარულად გამოყოფდა (თანამშრომლების ხელფასები, მკურნალობისთვის საჭირო მასალის შეძენა).
საპროექტო იდეის მიხედვით, ფართის კლინიკის სტანდარტების შესაბამისობაში მოსაყვანად დაახლოებით 15 000 ლარი, კლინიკისთვის საჭირო აღჭურვილობის შესაძენად - 38 336 ლარი, მონტაჟისთვის - 700 ლარი, ავეჯისთვის - 2 500 ლარი, სულ, 56 536 ლარი იქნებოდა საჭირო. კლინიკისთვის საჭირო ფართს სიმონ სხირტლაძის სახელობის საჯარო სკოლა გამოყოფდა, ონის მუნიციპალიტეტი გამოყოფილი ფართის სტომატოლოგიური კლინიკებისთვის დაწესებულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას, კლინიკისთვის საჭირო აღჭურვილობის შეძენას დააფინანსებდა. სტომატოლოგიური კლინიკის გრძელვადიან ფუნქციონირებაზე კი ფონდი „ფეა თრიიზ“ იღებდა პასუხისმგებლობას, კლინიკის ფუნქციონირებისთვის საჭირო ყველა ხარჯს, პერსონალის ხელფასების და მომსახურებისთვის აუცილებელი მასალების ღირებულების ჩათვლით, ფონდი დაფარავდა.
იმის გასარკვევად, ონის სტომატოლოგიური კლინიკის ფუნქციონირებისთვის ფონდი წელიწადში დაახლოებით რა თანხის დახარჯვას გეგმავდა, ჩვენ ფონდ „ფეა თრიიზ-ის“ ადგილობრივ თანაშემწეს თეონა დარჩიას დავუკავშირდით. მისი განმარტებით, ფონდმა საორიენტაციოდ ამბროლაურში არსებული კლინიკის გამოცდილება აიღო და ონის კლინიკისთვის წელიწადში საშუალოდ 50 000 ლარის დახარჯვა დაგეგმა.
შეჯამების სახით, ჩვენ მიერ მოძიებული მასალებით, ონში ბავშვთა სტომატოლოგიური კლინიკის გახსნა და ფუნქციონირება ონის საჯარო სკოლის, ონის მერიის და ფონდ „ფეა თრიიზის“ ერთობლივი ჩართულობით უნდა მომხდარიყო. როგორც ცნობილი გახდა, ფონდი პროექტში მონაწილეობას (ე.წ „რუსული კანონის“ გამო) აღარ მიიღებს. ონის მერია თავის მხრივ აცხადებს, რომ „პროექტი არ შეფერხდება“. შესაბამისად, გარდა ერთჯერადად გადასახდელი 57 000 ლარისა, კლინიკის ფუნქციონირებისათვის, მერიას ონის ბიუჯეტიდან ყოველწლიურად დამატებით 50 000 ლარის გამოყოფა მოუწევს. ეს იმ ფონზე, როდესაც ონის ბიუჯეტი ისედაც საკმაოდ მწირია და 2024 წლის გეგმის მიხედვით, 9.8 მლნ ლარს შეადგენს.