სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში ნიუ-იორკის დრეგ მსვლელობიდან (NYC Drag March) 2023 წლის ვიდეოს ავრცელებს, რომელშიც ისმის შეძახილი „ჩვენ მოვდივართ თქვენს ბავშვებთან“. როგორც ირკვევა, ამ შეძახილით რამდენიმე ადამიანი სკანდირებდა და მისი განზოგადება, თანაც მაშინ, როცა მარშის ორგანიზატორები და მარშის მონაწილეები მსგავსი ფრაზის გაჟღერებას არ ეთანხმებიან, შეცდომაში შემყვანია. აღსანიშნავია, რომ შეძახილი შარჟს წარმოადგენს და LGBTQ ადამიანების მიმართ არსებულ სტერეოტიპებს ეხმიანება.
2023 წლის 23 ივნისს აშშ-ში NYC Drag March ჩატარდა. აღნიშნული მსვლელობა ნიუ-იორკის პრაიდ ფესტივალისგან განსხვავებულია და შედარებით მცირე მონაკვეთს მოიცავს. ორგანიზატორები აღნიშნავენ, რომ მსვლელობის მთავარი მიზანი ანტი-ლგბტქ სენტიმენტების შესუსტებაა.
სწორედ აღნიშნული მარშიდან გავრცელდა ვიდეო, რომელშიც მცირე ჯგუფი სკანდირებდა შეძახილით: „ჩვენ აქ ვართ, ჩვენ უცნაურები ვართ, ჩვენ მოვდივართ თქვენი შვილებისთვის“. პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ როგორც ვიდეოშიც ჩანს, ამ შეძახილს ყველა არ იმეორებს. მოგვიანებით, ისიც გაირკვა, რომ მარშის ორგანიზატორები და სხვა მონაწილეები მსგავსი ფრაზებით სკანდირებას არ ეთანხმებოდნენ.
2023 წლის Drag March-ის ორგანიზატორი, რომელიც ცნობილია, როგორც ჰაკლფერი კენი, NBC News-თან აღნიშნავს, რომ მსგავსი შეძახილი იყო „ცუდი ხუმრობა, რომელიც გამოყენებულ იქნება პარაზიტული, მტაცებლური პოლიტიკური პროპაგანდისა და პოლიტიკის ინტერესებისთვის“. რაიან გრიფინი, NYC Drag March-ის თავდაპირველი ორგანიზატორიც არ ეთანხმება მსგავსი ფრაზის გაჟღერებას, თუმცა განმარტავს, რომ შეძახილის მთავარი იდეა არის უმცირესობებთან დაკავშირებით ყველაზე ცუდი სტერეოტიპების გაჟღერება. აღსანიშნავია, რომ პრაიდის მონაწილეები და აქტივისტები აცხადებენ, რომ მსგავსი ფრაზებით სკანდირება სხვა დროსაც მომხდარა, რასაც არ ეთანხმებიან, რადგან პირიქით, საზოგადოებაში LGBTQ ადამიანების მიმართ არსებულ სტერეოტიპებს აღვივებს.
ცნობისთვის, 2021 წელს San Francisco Gay Men's Chorus-მა ვიდეო სიმღერით გამოაქვეყნა, რომელიც შეიცავს ტექსტს: „ჩვენ შევცვლით თქვენს შვილებს. ვიღაცამ უნდა ასწავლოს მათ სიძულვილი. ჩვენ მოვდივართ მათთვის. ჩვენ მოვდივართ თქვენი შვილებისთვის“. გამოხმაურების შემდეგ, გუნდმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პოსტი, რომლის მიხედვითაც სიმღერა წარმოადგენდა ე.წ. „ tongue-in-cheek“ იუმორს ( ხუმრობა, რომელიც სერიოზულად აღიქმება). შეძახილი - „ჩვენ მოვდივართ თქვენ ბავშვებთან“, სწორედ მსგავსი სახის ხუმრობას წარმოადგენს.
--------------------------------------------------------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.