შალვა პაპუაშვილი: ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ ონლაინმედია ჯემნიუსს, საკუთარ ვებგვერდზე აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ცალკე სახელმწიფოებად აქვს შეყვანილი

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, შალვა პაპუაშვილის განცხადება არის მცდარი.

31 მაისს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, განაცხადა: „ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ ერთ-ერთ მედიასაშუალება - „ჯემნიუსს“, აფხაზეთი, სამხრეთ ოსეთი და საქართველო ცალკე სახელმწიფოებად აქვს მონიშნული, რა ხდება, ევროკავშირმა აღიარა ჩვენი ტერიტორიის დაშლა, აღიარა ოკუპაცია, თუ რასთან გვაქვს საქმე?“. აღნიშნული ამბავი გამოაქვეყნა ტელეკომპანია „იმედმა“ და გამოცემა „ნიუსჰაბმაც“ (არქივირებული ბმული 1; 2).

„ჯემნიუსის“ ვებგვერდზე რამდენიმე სექციაა მოცემული: „ახალი ამბები“, „მოსაზრება“, „გეოგრაფია“, „თემები“. პარლამენტის თავმჯდომარე სექცია „გეოგრაფიაზე“ მითითებით, ამტკიცებს, რომ გამოცემა „ჯემნიუსს“ სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი ცალკე სახელმწიფოებად აქვს მონიშნული.

„ჯემნიუსი“ მედიაპლატფორმაა, რომელიც კავკასიის სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებ ჟურნალისტებს, მოქალაქე-რეპორტიორებს, ექსპერტებს აერთიანებს. „ჯემნიუსის“ მისიაში აღნიშნულია, რომ გამოცემა სრულიად განსხვავებული შეხედულებებისა და მოსაზრებების მქონე ადამიანებისთვის, თავისუფლად აზრის გამოხატვისთვის, პლატფორმას ქმნის, მათ შორის, კონფლიქტის ზონის სხვადასხვა მხარეს, საპირისპირო პოლიტიკურ თუ სოციალურ რეალობაში მცხოვრებთათვის.

იქიდან გამომდინარე, რომ პლატფორმაზე კონფლიქტის ზონებში მცხოვრები განსხვავებული შეხედულების ადამიანები მუშაობენ, გამოცემა აღნიშნავს, რომ მათ მასალებში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, მხოლოდ კონკრეტული მასალის ავტორის პირად პოზიციას გამოხატავს და ყოველთვის არ ემთხვევა გამოცემის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას.

„ჯემნიუსის“ მისია ცხადს ხდის, რომ სექციის - „გეოგრაფია“, ჩამონათვალი არა დამოუკიდებელ სახელმწიფოებს, არამედ კავკასიაში სხვადასხვა გეოგრაფიულ ერთეულს აერთიანებს, სადაც გამოცემას ადგილობრივი ჟურნალისტები ჰყავს და საიდანაც ინფორმაციას აშუქებს. აღსანიშნავია ისიც, რომ სექცია - „გეოგრაფია“, სხვა ენებზეც ანალოგიურად არის ნათარგმნი, რუსულში - География, ინგლისურში - Geography. აღნიშნულ სექციას არც ერთ ენაზე ქვეყნები ან სახელმწიფოები არ ჰქვია.

გარდა ამისა, სექციაში - „გეოგრაფია“, ყარაბაღის არსებობა, ადასტურებს, რომ სექციაში რედაქციას კონფლიქტური ზონები აქვს მითითებული, სადანაც ადგილობრივების დახმარებით მიღებულ ინფორმაციას აშუქებს.

ამავე სექციაში ვხვდებით „მსოფლიოს გარშემო“ კატეგორიას, სადაც კავკასიის მიღმა, სხვა საერთაშორისო ამბებია მოთხრობილი. ბუნებრივია, „მსოფლიოს გარშემო“ სახელმწიფო ვერ იქნება. „გეოგრაფიის“ სექციაში კატეგორია „აჭარაც“ არის გამოყოფილი, თუმცა ტელეკომპანია „იმედისა“ და „ნიუსჰაბის“ გამოქვეყნებულ ფოტოანაბეჭდზე „აჭარა“ არ ჩანს. „ფაქტ-მეტრმა“ დამოუკიდებლად ვერ შეძლო დაედგინა, გუშინდელ დღემდე „აჭარა“ ცალკე კატეგორიად იყო, თუ - არა მითითებული. თუმცა აღნიშნულის გარეშეც ცხადია, რომ „გეოგრაფია“ არა მხოლოდ დამოუკიდებელ ქვეყნებს, არამედ კავკასიის სხვადასხვა გეოგრაფიულ ადგილს, მათ შორის, კონფლიქტის რეგიონებს აერთიანებს.

აღსანიშნავია ისიც, რომ „აფხაზეთისა“ და „სამხრეთ ოსეთის“ კატეგორიაში, სადაც სოხუმისა და ცხინვალის რედაქციის მიერ მომზადებული მასალებია მოცემული, ყველა სტატიის ქვეშ თანდართულია მითითება, რომ „სტატია მომზადებულია სოხუმის/ცხინვალის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად. ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას“.

აღსანიშნავია, რომ მანამდე, პარლამენტის თავმჯდომარემ გამოცემა „ჯემნიუსის“ ჟურნალისტის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოზე ისაუბრა: „ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ადამიანი, მედიაში - Jamnews-ში, პოლიტიკური თანამდებობის პირებს კეფაში 84 ტყვიით დაემუქრა. ეს ადამიანი ევროკავშირისგან იღებს ხელფასს. სამწუხაროა, რომ ევროკავშირის არც წარმომადგენლობა, არც რომელიმე წევრი ქვეყანა ამას არ გამოეხმაურა“.

აღნიშნულთან დაკავშირებით, „ჯემნიუსის“ რედაქციამ განცხადება გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ რედაქციამ ქუჩაში გაკეთებული წარწერა - „84 ტყვია კეფაში“, „84 დეპუტატის მხრიდან ქვეყნის მიმართ მოღალატეობრივად (კეფაში/ზურგში) ნასროლად“ წაიკითხა: „28 მაისს, JAMnews-ის ფეისბუკ-გვერდზე იყო განთავსებული ვიდეო, სადაც ჩანდა ვახუშტის ხიდზე, საჯარო სივრცეში გაკეთებული წარწერა/სტენსილი: „84 მოღალატე – 84 ტყვია კეფაში“. JAMnews-ის რედაქციის მიერ ტექსტი წაკითხულ იქნა, როგორც „84 ტყვია ნასროლი არა დეპუტატების მიმართ, არამედ, პირიქით – 84 დეპუტატის მხრიდან ქვეყნის მიმართ მოღალატეობრივად (კეფაში/ზურგში) ნასროლი“. ვინაიდან, წარწერის შინაარსი განსხვავებულად იქნა წაკითხული, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება ვიდეოს ფეისბუკ-გვერდიდან წაშლის შესახებ“, - ვკითხულობთ განცხადებაში.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5661 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია