26 მაისს საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ „ქართული ქარტიის“ წარდგენის შემდეგ, სოციალური ქსელის მომხმარებლებმა (1, 2, 3) მისი სიტყვები კონტექსტის გარეშე, მანიპულაციურად გაავრცელეს (დაარქივებული ვიდეო).

Facebook-მომხმარებლების მიერ გავრცელებული ვიდეოს მონაკვეთში ისმის სიტყვები: „... სხვანაირი ერთობა, სხვანაირი პარლამენტი, სხვანაირი არჩევნები და სხვანაირი მთავრობა. სხვანაირი ერთობა... და მე გეტყვით რას ნიშნავს. ეს არის ერთობა ერთიანობის გარეშე....“. მოჭრილი ვიდეო ამ ნაწილში წყდება და ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს სალომე ზურაბიშვილის იდეა ერთიანობის გარეშე ერთობაა.

სინამდვილეში, სალომე ზურაბიშვილის განცხადება სრული კონტექსტით წარმოდგენილი არაა. სრულ გამოსვლაში პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა იმ საკითხებზე ისაუბრა, რომლის შესრულება, მისი განცხადებით, ევროპული ინტეგრაციისთვის, ქვეყნის დემოკრატიისა და სამართლიანი სახელმწიფოს დამკვიდრებისთვისაა აუცილებელი.

მან სამოქმედო გეგმის სახით „ქართული ქარტია“ წარმოადგინა და ხელმოსაწერად პარტიებს შესთავაზა. კერძოდ, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა: „შევადგინე და წარმოგიდგენთ ამ სამოქმედო გეგმას, ამ ქართულ ქარტიას. ამ ქარტიას ხელმოსაწერად ვთავაზობ ყველა პოლიტიკურ პარტიას, რომელიც მზად არის მასში ასახული ვალდებულებების შესრულება იკისროს მომავალ პარლამენტში. და ეს არ არის ჰაერში მოცემული პირობა. ამ ქარტიის შესრულებისა და ნდობის აღდგენისთვის უნდა შეიქმნას ახალი პოლიტიკური რეალობა. ამისათვის საჭიროა სხვანაირი ერთობა, სხვანაირი პარლამეტი, სხვანაირი არჩევნები და სხვანაირი მთავრობა. სხვანაირი ერთობა... და მე გეტყვით რას ნიშნავს. ეს არის ერთობა ერთიანობის გარეშე. ერთობა მხოლოდ და მხოლოდ ამ ქარტიის ირგვლივ და მისი შესრულებისთვის. ანუ ევროპული მომავლის ირგვლივ. თანხმობა ამ ქარტიის ირგვლივ არ მოითხოვს და არ მოითხოვს და არ გულისხმობს არც ერთიან სიას, არც რაიმე სხვა ფორმით აუცილებელ პოლიტიკურ გაერთიანებებს. პოლიტიკურმა პარტიებმა თავად უნდა გადაწყვიტონ, იმის მერე, რაც ხელს მოაწერენ ამ ერთობლივ ქარტიას, საკუთარი საარჩევნო ტაქტიკა და სტრატეგია როგორი იქნება. ეს უკვე მე არ მეხება...“

ამდენად, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ერთობაში ქარტიაში გაწერილი პუნქტებისა და ევროპული მომავლის გარშემო მასზე ხელმომწერი პარტიების იდეური ერთობა იგულისხმება და არა ერთიანობა, ანუ პოლიტიკური გაერთიანება ან არჩევნებზე ერთიანი სიით წარდგენა.

შესაბამისად, სოციალურ ქსელში განცხადების მხოლოდ ერთი მონაკვეთია წარმოდგენილი, ხოლო ის ნაწილი, რომელიც სრული კონტექსტის გაგების საშუალებას იძლევა, მოჭრილია. სინამდვილეში, სალომე ზურაბიშვილი ერთიანობის გარეშე ერთობად მოიაზრებს ქარტიაში გაწერილი საკითხების მიმართ თანხმობას და არა პარტიების მიერ პოლიტიკურად ერთ სუბიექტად გაერთიანებას.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5529 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი