კახა კალაძე: თუ მოლაპარაკებები არ გაიხსნება, ეს იქნება მათი პასუხისმგებლობა
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“დასკვნით, კახა კალაძის განცხადება არის ტყუილი.
ანალიზი
30 მაისს საქართველოში გერმანიის ელჩმა პიტერ ფიშერმა ევროინტეგრაციის პროცესში საქართველოს ამჟამინდელ ვითარებაზე ისაუბრა - „საქართველო არის [ევროკავშირის] კანდიდატი ქვეყანა. ეს იყო უზარმაზარი ისტორიული ნაბიჯი, როგორც ევროკავშირისთვის, ისე საქართველოსთვის. შემდეგი ნაბიჯი უნდა ყოფილიყო გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნა, ყველა ქვეყანა მზადაა მოლაპარაკებები დაიწყოს, თუმცა საქართველოს მთავრობამ მიიღო კანონი, რომელიც არ შეესაბამება ევროკავშირის სტანდარტებს. სანამ ეს კანონი იქნება ძალაში, ჩვენ არ გავხსნით მოლაპარაკებებს საქართველოსთან".
ელჩის განცხადებას „ქართულ ოცნებაში“ დიდი გამოხმაურება მოჰყვა (იხ. ბმული 1, ბმული 2). დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემა ჟურნალისტის კითხვას - თუ მოლაპარაკებები არ გაიხსნა, ვისი პასუხისმგებლობა დადგება, უპასუხა - „ეს იქნება მათი პასუხისმგებლობა, რადგან საქართველოს ხელისუფლება ევროინტეგრაციის გზაზე ყველაფერს აკეთებს, რაც საჭიროა. ჩვენ წარმოგვიდგინეს ცხრაპუნქტიანი გეგმა, რომელიც ძალიან მალე, ზაფხულში შესრულებული იქნება. ყველა პუნქტის შესრულების შემდეგ მოლაპარაკებები უნდა გაიხსნას. თუმცა, რა თქმა უნდა, მოლაპარაკებების გახსნასთან დაკავშირებით, ბურთი მათ მხარეს იქნება“.
„ფაქტ-მეტრმა“ კახა კალაძის განცხადება გადაამოწმა.
2023 წლის 14 დეკემბერს ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა. ევროკავშირთან ურთიერთობის ახალ, მოლაპარაკებების ფაზაში გადასასვლელად და წევრობის კრიტერიუმებთან შესაბამისობის გარკვეული ხარისხის მისაღწევად, ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 9 დათქმის სრულფასოვნად შესრულებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
ევროკავშირმა არაერთხელ განმარტა, რომ ამა თუ ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაცია შესაძლებელია მხოლოდ იმ პირობებში, თუ ქვეყანა ევროკავშირის ფუნდამენტური იდენტობისა და სისრულის შენარჩუნებას საფრთხეს არ შეუქმნის. ამის პარალელურად, 2023 წელს „რუსული კანონის“ პირველად დაინიციირებიდან დღემდე, როდესაც ვეტო დაძლეული და სამი მოსმენით დამტკიცებული პროექტი 84 დეპუტატის მიერ მხარდაჭერილია, ევროკავშირის უწყებებმა, ასევე წევრი ქვეყნების წარმომადგენლებმა არაერთხელ აღნიშნეს, რომ „რუსული კანონი“ სერიოზული ბარიერი იქნება ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე. აღნიშნული მათ 28 მაისს ვეტოს დაძლევის სხდომის მიმდინარეობისას თუ სხდომის დასრულების შემდეგ გაიმეორეს. ქვემოთ განცხადებების ნაწილს წარმოგიდგენთ:
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი (იხ. ბმული )
„ევროპულმა საბჭომ დეკემბერში გადაწყვიტა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი მიენიჭებინა იმ გაგებით, რომ საქართველო შესაბამის ნაბიჯებს გადადგამდა და საჭირო რეფორმებს განახორციელებდა. პარლამენტში „გამჭვირვალობის კანონის“ მიღება უკან გადადგმული ნაბიჯია და საქართველოს ევროკავშირის გზისგან კიდევ უფრო აშორებს“.
ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი (იხ. ბმული )
„კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ ეწინააღმდეგება ევროკავშირის ძირითად პრინციპებსა და ღირებულებებს, რაც უარყოფითად აისახება საქართველოს ევროკავშირის გზაზე. ჩვენ განვიხილავთ ყველა ვარიანტს და მოვუწოდებთ მთავრობას ხელახლა აღასრულოს ევროკავშირის მისწრაფებები“.
კარლ ბილდტი - ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა საბჭოს (ECFR) თანათავმჯდომარე, შვედეთის ყოფილი პრემიერ მინისტრი (იხ. ბმული )
„მმართველი პარტიის მიერ პარლამენტში „რუსულ კანონზე“ პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად უმრავლესობის გამოყენებით საქართველოს ევროპული გზა დროებით დასრულდა. ტრაგიკულია - მაგრამ სიმართლეა“.
(განცხადებები იხ. „ფაქტ-მეტრის“ სტატიაში )
სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო პაქტი (ICCPR), ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია (ECHR) , ევროკავშირის ძირითადი უფლებების ქარტია, გაეროს დეკლარაცია უფლებადამცველთა შესახებ, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს ცალკეული რეზოლუციები თუ ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს (CJEU) პრეცედენტული სამართალი მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ წყაროებისა, რომლებზე მითითებითაც, ევროკავშირის დემოკრატიული ინსტიტუციები მმართველ პარტიას კანონის მოქმედი ფორმის გაუქმებას კატეგორიულად ურჩევდნენ (იხ. „ფაქტ-მეტრის“ სტატია ). ამას გარდა, ევროკომისიამ 28 მაისს, კანონის მიღებამდე მკაფიოდ განუმარტა ხელისუფლებას, რომ კანონის ამოქმედება ევროკავშირის ლიდერების მიერ მხარდაჭერილ კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ კომისიის რეკომენდაციაში მითითებული ცხრა ნაბიჯიდან მინიმუმ სამთან დაკავშირებით უკან დახევას იწვევს (ეს ნაბიჯები ეხება დეზინფორმაციას, პოლარიზაციას, ფუნდამენტურ უფლებებსა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ჩართულობას).
ამრიგად, კახი კალაძის მიერ იმის მტკიცება, რომ „რუსული კანონის“ არსებობის პირობებში 9 დათქმის შესრულება შესაძლებელია, აბსურდულია, რადგან თავად ევროკავშირის განმარტებით, კანონი წინააღმდეგობაში მოდის სახელმწიფოს ვალდებულებასთან - პატივი სცეს ევროპული კავშირის ღირებულებებს, ხელი შეუწყოს თავისუფლების, დემოკრატიის და ადამიანის უფლებების დაცვას. იმ შემთხვევაში, თუ ევროკავშირი მოლაპარაკებების გახსნის შესახებ გადაწყვეტილებას არ მიიღებს, ეს ცალსახად იქნება ხელისუფლების პასუხისმგებლობა, რომელმაც არ გაითვალისწინა ევროკავშირის მოწოდება, უარი ეთქვა ანტიდემოკრატიულ, ანტიევროპულ კანონზე. აქედან გამომდინარე, „ფაქტ-მეტრი“ კახა კალაძის განცხადებას ვერდიქტით ტყუილი აფასებს.