სოციალურ ქსელში საინფორმაციო სააგენტო INFO 9 ფოტოკოლაჟს ავრცელებს, რომელზეც 26 მაისის მსვლელობაა აღბეჭდილი. პირველ ფოტოზე, სადაც ხალხის დიდი რაოდენობა ჩანს, წერენ: „როგორ აშუქებს ოპოზიციური ტელევიზიები აქციას“, ხოლო მეორე ფოტოზე, სადაც ცოტა ხალხია: „რეალური მსვლელობა ჭავჭავაძის გამზირზე“. სინამდვილეში, INFO9-ის მიერ გავრცელებული მასალა შეცდომაში შემყვანია (არქივირებული ბმული).
აღსანიშნავია, რომ ორივე ფოტო დაახლოებით ერთსა და იმავე ლოკაციას აჩვენებს, თუმცა ფოტოები სხვადასხვა რაკურსით და სხვადასხვა დროსაა გადაღებული. პირველი ფოტო ფოტოგრაფმა Ezz Gaber საკუთარ Facebook-გვერდზე გამოაქვეყნა. რაც შეეხება მეორე ფოტოს, ის, სავარაუდოდ, მსვლელობის ბოლოსკენაა გადაღებული, ვინაიდან „ვაკის პარკის“ მიმდებარე ტერიტორიას აჩვენებს, სადაც მსვლელობა დასრულდა. შესაბამისად, ხალხის რაოდენობაც ბევრად ნაკლებია. იმას, რომ 2024 წლის 26 მაისის მსვლელობას „გავიმარჯვებთ სახელოვნად“, იმაზე მეტი ადამიანი ესწრებოდა, ვიდრე ზემოთ მოცემულ მარჯვენა ფოტოზე ჩანს, სხვადასხვა მედიასაშუალების მიერ გადაღებული კადრებიც ადასტურებს. მაგალითად, ონლაინმედია „მაუწყებლის“ მიერ გამოქვეყნებულ კადრებში ამავე ლოკაციიდან, სადაც მსვლელობის მონაწილეთა პირველი რიგები ჩანს, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ტერიტორიაზე აქციის მონაწილეების გამოჩენის მომენტშია გადაღებული და არა აქციის ბოლოს, ნათლად ჩანს ხალხის დიდი რაოდენობა.
ამავეს მოწმობს სხვა მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული ფოტო/ვიდეო მასალაც.
წყარო: „ფორმულა“
წყარო „ტვ პირველი“
სოციალურ ქსელში ატვირთული ფოტოების გარდა, მედიასაშუალებები პირდაპირ ეთერში გადასცემდნენ ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე მსვლელობას, ასევე დრონის კადრებითაც, სადაც კარგად ჩანს ადამიანების რაოდენობა (ფოტოები იხილეთ ქვემოთ).
წყარო: „ფორმულას“ პირდაპირი ეთერი
გარდა მედიასაშუალებებისა, სოციალურ ქსელში მოიპოვება სხვადასხვა მომხმარებლის მიერ გადაღებული კადრებიც, იმავე ლოკაციიდან, რომელიც INFO9-ის პოსტშია აღბეჭდილი („აქსის თაუერსის“ მიმდებარე ტერიტორია“).
წყარო: „მთავარი არხი“
წყარო: Ezz Gaber
ზემოთ ნახსენების გარდა, კიდევ უამრავი ფოტო/ვიდეო მასალა მოიპოვება, სადაც მსვლელობის მონაწილეთა რაოდენობა კარგად ჩანს (ბმული 1; 2; 3; 4).
ამდენად, INFO 9-ის მიერ გავრცელებული ფოტოსურათი მანიპულაციურია და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.
-------------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.