სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება მტკიცება (1,2,3,4,5), რომ გერმანიის პარლამენტის მიერ მიღებული კანონპროექტით, ბავშვთა პორნოგრაფიის ფლობის დეკრიმინალიზება მოხდა. კანონპროექტთან დაკავშირებით, ინფორმაციას კონტექსტის გარეშე სამთავრობო მედიებიც TV Imedi და NewsHub ავრცელებენ. რეალურად, გერმანიის პარლამენტის გადაწყვეტილება არ გულისხმობს ბავშვთა პორნოგრაფიის დეკრიმინალიზებას. ცვლილებები შეეხება მხოლოდ მინიმალურ სადამსჯელო ღონისძიებებს, რაც კანონის მოქნილობის გაზრდასა და პორნოგრაფიული შინაარსის მქონე მასალის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერების მიზნით მოხდა.

15 მაისს გერმანიის პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ფედერალური მთავრობის მიერ წარდგენილი კანონპროექტის სახელწოდებით „ბავშვთა პორნოგრაფიის გავრცელება, შეძენა და ფლობა“ შესწორებული ვერსია მიიღო. კანონპროექტი ბუნდესრატში დამტკიცებას არ საჭიროებს. ფედერალური მთავრობის მიერ წარდგენილი შესწორების თანახმად, ბავშვთა პორნოგრაფიის ფლობა და შეძენა მომავალში ისჯება მინიმუმ სამი თვით, ხოლო მისი გავრცელება მინიმუმ ექვსი თვის თავისუფლების აღკვეთით. შესაბამისად, სისხლის სამართლის კოდექსის 184 „ბ“ ნაწილით რეგულირებული შემთხვევები ბავშვთა პორნოგრაფიული მასალების ფლობასა და გავრცელებაზე კლასიფიცირდება, როგორც სისხლისსამართლებრივი გადაცდომა და არა როგორც დანაშაული. გერმანიის სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, დანაშაული გულისხმობს უკანონო ქმედებებს, რომლებიც ერთი წლის ვადით თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს. სისხლისსამართლებრივი გადაცდომა ასევე უკანონო ქმედებას აღნიშნავს, თუმცა ერთ წელზე ნაკლები დროით თავისუფლების აღკვეთით ან ჯარიმით ისჯება.

რაც შეეხება თავად შესწორებებს, აღსანიშნავია, რომ ახალი კანონპროექტის მიხედვით, ცვლილება არ ეხება მაქსიმალურ სადამსჯელო ღონისძიებებს. შესაბამისად, პირი ან პირები (ჯგუფური მოქმედების შემთხვევაში) დანაშაულის აღმოჩენისას კვლავ დაისჯებიან კანონის მიერ გათვალისწინებული მკაცრი ზომებით. გერმანიამ ჯერ კიდევ 2021 წელს ბავშვთა პორნოგრაფიის გავრცელებისთვის სასჯელი 1-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთით გაზარდა. 2021 წლამდე დანაშაულში მსჯავრდებულებს სამ თვიდან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდათ.

გერმანიის ბუნდესტაგის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ვკითხულობთ, რომ გერმანიის მთავრობას კანონში ცვლილებებისკენ მინიმალური სასჯელის პრაქტიკაში პრობლემურობამ უბიძგა, რასაც მხარი გერმანიის ფედერალური მხარეების იუსტიციის მინისტრების კონფერენციამაც დაუჭირა. მაგალითად, 2021 წელს მიღებული კანონით, თუ პირი, მათ შორის მშობელი ან მასწავლებელი არა საკუთარი ინტერესის გამო, არამედ ბავშვთა პორნოგრაფიის შემდგომი გავრცელების ან საჯარო წვდომის შეჩერების მიზნით აგზავნის მასალას (მაგალითად, WhatsApp-ში), მასაც ეკისრება ერთწლიანი პატიმრობა.

ამავდროულად, ფედერალური მთავრობის განცხადებით, აუცილებელია ბავშვთა პორნოგრაფიის ფლობასა და შეძენასთან დაკავშირებით მინიმალური სასჯელის პროპორციული დიზაინის არსებობა, რადგან არც თუ ისე იშვიათად არსებობს პირის მფლობელობაში პორნოგრაფიული მასალების უნებლიეთ მოხვედრის მაგალითებიც. მათ შემთხვევაშიც აქამდე დგებოდა მინიმალური სასჯელი, კერძოდ, ერთწლიანი პატიმრობა.

გარდა ამისა, კანონპროექტის მიხედვით, როგორც აღინიშნა, მინიმალური დანაშაულის შემთხვევა კლასიფიცირდება სისხლისსამართლლებრივ გადაცდომად, რაც მთავრობის თქმით, ეფექტური საშუალებაა, რათა მოქნილად და ეფექტურად წარიმართოს სასამართლო პროცესები. განსაკუთრებით მაშინ, თუ საქმე ეხებათ ახალგაზრდებს, რომლებიც ხშირად გაუთვითცნობიერებლად, ყოველგვარი სექსუალური მისწრაფებების გარეშე, მოზარდის განვითარების სტადიისთვის დამახასიათებელი ნიშნების გამო, როგორებიცაა: გულუბრყვილობა, ცნობისმოყვარეობა, თავგადასავლების წყურვილი ან შთაბეჭდილების მოხდენის სურვილი“ ავრცელებენ ან ფლობენ მსგავსი შინაარსის მასალებს.

ამავდროულად, სოციალურ ქსელში ამტკიცებენ, რომ საქმე გვაქვს დეკრიმინალიზაციასთან. აღსანიშნავია, რომ დეკრიმინალიზაცია არის პროცესი, რომლის მეშვეობითაც კანონმდებელი ხსნის სისხლის სამართლის სანქციებს. ეს ნიშნავს, რომ ქმედება უკანონოა, მაგრამ პირის ქმედება ან საერთოდ არ ისჯება, ან ამოქმედდება მხოლოდ ჯარიმა. კანონში ახალი შესწორების მიხედვით, ბავშვის პორნოგრაფიის ფლობა კვლავ ისჯება პატიმრობით, შესაბამისად, მტკიცება, რომ მისი დეკრიმინალიზება მოხდა, მცდარია.

ამდენად, მტკიცება, რომ გერმანიაში კანონში განხორციელებული ცვლილებები ბავშვთა პორნოგრაფიის ფლობის დეკრიმინალიზებას გულისხმობს, მცდარია.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.