სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებლები გუბაზ სანიკიძის რედაქტირებულ ვიდეოს (ბმული 1, 2) კონტექსტის გარეშე აქვეყნებენ. გავრცელებული ვიდეო ქმნის წარმოდგენას, თითქოს, გუბაზ სანიკიძე ქართველ ხალხს მონობისა და უპირობო მორჩილებისკენ მოუწოდებს, რაზეც მას გადაცემის წამყვანიც ეთანხმება. რეალურად, ინტერვიუში გუბაზ სანიკიძე „მონობასა“ და უპირობო მორჩილებას იმ ადამიანებს მიაწერს, ვისაც, მისი შეფასებით, უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის მხარდამჭერი და შემგუებლური პოზიცია აქვთ.
ინტერნეტსივრცეში გავრცელებული ვიდეო 2023 წლის 23 ოქტომბერს, „ტელეკომპანია პირველის“ ეთერში გასული გადაცემის ფრაგმენტებისგან შედგება, სადაც ეკა მიშველაძის „საჯარო პოლიტიკაში“ სტუმრობისას გუბაზ სანიკიძე საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შესახებ საუბრობს. გავრცელებულ ვიდეოში სამ სხვადასხვა თემაზე საუბრისას, გადაცემის წამყვანისა და რესპონდენტის კადრები ისეა ამოჭრილი და შეერთებული, რომ მნახველს მცდარი წარმოდგენა ექმნება.
გავრცელებული ვიდეოს პირველი ფრაგმენტი (0:02 წუთამდე) გადაცემის იმ მონაკვეთს ეკუთვნის, სადაც გუბაზ სანიკიძე ჟურნალისტის კითხვას, „გლობალური ომის პარტიის“, ომში ჩართვასა და „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში საგარეო მიმართულებით მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ, პასუხობს და ქართველ ხალხს მიმართავს (იხილეთ გადაცემის სრული ჩანაწერი 15:03-დან): „ძვირფასო ქართველებო, დაუსვით თქვენს თავს [კითხვა]. მე პასუხი გაცემული მაქვს და ახლა არ გეტყვით. დიდი ხანია, პასუხი მაქვს გაცემული. თქვენს თავში, თუ რამე დაგვრჩა საერთოდ და მიზეზ-შედეგობრიობას ვაკავშირებთ, გამეცით პასუხი. რუსეთმა რომ დაბომბოს უკრაინა საქართველოს ტერიტორიიდან, აფხაზეთის ტერიტორიიდან და უკრაინელებმა რომ უპასუხონ იქიდან, არის ეს ომის შემოსვლა, თუ - არა?!“.
Facebook-მომხმარებლების მიერ გავრცელებული ვიდეოს მეორე ფრაგმენტი (0:03-დან 0:05 წუთამდე) გადაცემის იმ მონაკვეთს ეკუთვნის, სადაც გუბაზ სანიკიძე, მისი თქმით, საქართველოში „რუსეთუმე“ მოქალაქეებს მიმართავს (იხილეთ გადაცემის სრული ჩანაწერი 15:51-დან). „თქვენი პრეტენზიები, რუსეთუმეების პრეტენზიები უკრაინასთან ხომ ერთადერთია, როგორ გაბედა და წინააღმდეგობა როგორ გაუწია?! როგორ გაბედა უკრაინელმა ხალხმა?! აგე, ჩვენი მაგალითი, კაცო, რა ჯობია მონობას, გადაკუზვას რა ჯობია. არც ომია, არაფერი არ არის, დაპყრობილი რომ ხარ, ომი რაღაში არის საჭირო?!“, - განაცხადა მან.
რაც შეეხება გავრცელებული ვიდეოს დარჩენილ მონაკვეთს, სადაც გადაცემის წამყვანი გუბაზ სანიკიძის მოსაზრებას ეთანხმება (0:05-დან 0:07 წუთამდე), ინტერვიუს იმ მონაკვეთიდანაა ამოჭრილი, სადაც ეკა მიშველაძე გუბაზ სანიკიძის ნათქვამს, „რუსული დეზინფორმაცია ყვავის საქართველოში“, ეთანხმება (იხილეთ გადაცემის სრული ჩანაწერი 27:43-დან) და არა მის მოსაზრებას მონობის შესახებ.
ამრიგად, Facebook-მომხმარებლების მიერ გუბაზ სანიკიძისა და ეკა მიშველაძის ვიდეო მანიპულაციურად, კონტექსტის გარეშე ვრცელდება. მსგავსი შინაარსის პოსტები ე.წ „რუსული კანონის“ მოწინააღმდეგე ადამიანების დისკრედიტაციას ისახავს მიზნად.
--------------------------------------------------------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.